Facebook Twitter
ბს-577-577(2კ-18) 07 თებერვალი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ლ-ემ 16.06.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 26.12.2014წ. დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 18.05.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ.ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 26.12.2014წ. დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 18.05.2015წ. ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.
კასატორმა სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემისას დაცულ იქნა შესაბამისი ნორმატიული პროცედურები. არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, სასამართლოს თავად შეეძლო გადაეწყვიტა დავა. არასწორია, რომ სამსახური ინფორმირებული იყო დარღვევის არსებობის შესახებ
კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 05.12.2014წ. გადაწყვეტილებით დასტურდება უნებართვო მშენებლობის ნ. ლ-ის მიერ განხორციელება. კასატორი თვლის, რომ არასწორია სასამართლოს მითითება ჯარიმის დაკისრების ხანდაზმულობის შესახებ, რადგან დადგენილების გამოცემის 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის მომენტს და არა სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებას. სამშენებლო სამართალდარღვევა დენადი ხასიათისაა, შესაბამისად, სანქციის დაკისრების ვადის ათვლა ხდება მისი გამოვლენის მომენტიდან. კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული წარმოების დაწყების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 18.05.2015წ. ბრძანებით თ. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, … N5-ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, N27 ბინაზე უნებართვოდ მიშენებული ფართი, თ. ბ-ის სივრცეში მოწყობილი პარაპეტის (კარნიზის) გარდა. ამდენად, დღეის მდგომარობით თ. ლ-ის აივანი ლეგალიზებულია და არ არსებობს მისი დემონტაჟის დავალების საფუძველი. ასევე ლეგალიზებულია თ. ბ-ის ბინაზე მოწყობილი მიშენება. სადავოა მხოლოდ მოსარჩელისა და მესამე პირის ბინებს შორის არსებული პარაპეტის (კარნიზის) მოწყობის კანონიერება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ლ-ე დაჯარიმდა როგორც აივნის, ასევე პარაპეტის მოწყობის გამო, დაევალა ორივე მათგანის დემონტაჟი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას ზედამხედველობის ორგანომ უნდა გაითვალისწინოს აივნის ლეგალიზებისა და მისი მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვის ფაქტი.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას ჯარიმის დაკისრების ხანდაზმულობის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2009 წელს სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის უკვე ცნობილი იყო მინაშენის არსებობის შესახებ. საქმეში დაცულია ქ. თბილისის მერიის შტამპით დამოწმებული თ. ბ-ის 20.11.2009წ. N12/85811-16 განცხადება, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს თ. ლ-ეს მიერ პარაპეტის მოწყობასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებს. აღნიშნულ წერილზე სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 04.12.2009წ. პასუხით თ. ბ-ს ეცნობა, რომ მინაშენის დემონტაჟი შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ აქიტექტურის სამსახურთან დემონტაჟის პროექტის შეთანხმების შემდეგ. პასუხს ხელს აწერს სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ამდენად, კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ საზედამხედველო ორგანოს 2009 წელს არ მიუღია ინფორმაცია მინაშენის მოწყობის შესახებ, არის დაუსაბუთებელი. ასევე დასტურდება, რომ 2009 წლიდან 2014 წლამდე სადავო მინაშენთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს რეაგირება არ მოუხდენია. კასატორი ქ. თბილისის მერია უთითებს, რომ 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის სავარაუდო სამართალდარღვევაზე ინფორმაციის მიღებიდან ათვლა არასწორია, რადგან ორგანომ შესაძლოა ვერ მოასწროს განცხადებაში აღწერილი გარემოებების გადამოწმება, თუმცა ვერ ასაბუთებს კონკრეტულ შემთხვევაში წლების განმავლობაში 2009 წელს წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებების გადამოწმების შეუძლებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადებაში მითითებულ სავარაუდო სამართალდარღვევაზე მხოლოდ რამდენიმე წლის მოგვიანებით რეაგირება არ აკმაყოფილებს გონივრულობის სტანდარტს, მით უფრო, რომ სამშენებლო ნორმების დაცვა ემსახურება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი სავარაუდო დარღვევის შესახებ ცნობების მიღებიდან განუსაზღვრელი დროით გადადოს სათანადო ღონისძიებების გატარება.
ასევე მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ჯარიმის დაკისრების ხანდაზმულობა არ გამორიცხავს დემონტაჟის შესაძლებლობას, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25.14 მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს განსაზღვრულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევის ჯარიმისაგან გათავისუფლებისას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინაშენის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი