Facebook Twitter
ბს-1312 (კ-18) 21 მარტი, 2019 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა 28.12.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20.11.2017წ. N1/312 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 27.11.2017წ. N1/349-03 წერილის ბათილად ცნობა; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გასაუბრების ხელახალი ჩატარებისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. ც-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2018წ. გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 511 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. მოცემულ შემთხვევაში კონკურსი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 25.09.2007წ. N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი დანაწესის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსში მონაწილე კანდიდატების აპლიკაციების შესწავლის, კანდიდატებთან გასაუბრების, მათი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით შეფასება გამოხატა ხმის მიცემით კონკრეტული კანდიდატების მიმართ, რის შედეგად ვ. გ-მა მიიღო 0 (ნული) ხმა, ხოლო ქ. ც-ემ 14(თოთხმეტი). მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა გასაუბრების მიმდინარეობისას მის მიმართ დასმული რომელი შეკითხვა იყო დისკრიმინაციული და რომელი არ ემსახურებოდა კვალიფიკაციის დონის შეფასებას. ასევე დაუსაბუთებელია ვ. გ-ის მითითება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20.11.2017წ. N1/312 გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც მოსარჩელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2018წ. განჩნებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2018წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება გასაუბრების ეტაპზე ერთი დღით ადრე დაბარების არაგონივრულ ვადად მიჩნევის შესახებ. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაუბრებაზე დაბარება გონივრული ვადით ადრე ემსახურება იმ მიზანს, რომ პირმა ობიექტურ გარემოებათა გათვალისწინებით შეძლოს კონკურსზე გამოცხადება, იგი არ ემსახურება აღნიშნულ ვადაში კვალიფიკაციის დონის ამაღლებას. მოცემულ შემთხვევაში ვ. გ-ის გასაუბრებაზე ერთი დღით ადრე დაბარება არ გამხდარა მისი კონკურსზე გამოცხადების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ვადის გონივრულობა დაცულია. გასაუბრების ვიდეოჩანაწერის მიხედვით საბჭოს წევრების მხრიდან მოსარჩელისადმი დასმული შეკითხვები მიზნად ისახავდა კონკურსანტის ლოგიკური აზროვნებისა და კვალიფიკაციის დონის განსაზღვრას და არა მის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა ვ. გ-ის შუამდგომლობა ქ. ც-ის გასაუბრების სხდომის ოქმის გამოთხოვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანი იყო ვ. გ-ის მიმართ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხის შესწავლა, ვინაიდან ხსენებული აქტის კანონიერების დადგენა გამორიცხავდა ქ. ც-ის მიმართ გამოცემული აქტის უკანონობას. ამდენად არ არსებობდა ვ. გ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. სადავო აქტები მიღებულია კოლეგიური ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსზე ვ. გ-ის მიმართ არ დარღვეულა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, არ დასტურდება მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. გ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20.11.2017წ. გადაწყვეტილება მიღებულია ფორმალური კენჭისყრის საფუძველზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში არ გამორიცხავას აქტის დასაბუთების საჭიროებას. მნიშვნელოვანია კონკურსის მონაწილემ იცოდეს თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიენიჭა უპირატესობა სხვა გამარჯვებულ კანდიდატს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი მიკერძოებულობის გამო სააპელაციო სასამართლომ შეამცირა ადმინისტრაციული მართლმსაჯულებისა და გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლები, რამაც სამართლიანი სასამართლოს უფლების ობიექტურად რეალიზების შესაძლებლობა შეზღუდა. კასატორმა აღნიშნა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმისა და შეფასების კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, კომისიას ექნებოდა შესაძლებლობა ერთგვაროვანი სტანდარტითა და სუბიექტივიზმის მაქსიმალური გამორიცხვით ობიექტურად შეეფასებინა თითოეული კანდიდატი, კერძოდ ყველა კანდიდატისათვის დაესვა თემატურად ერთგვაროვანი და ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისი შეკითხვები. მოცემულ შემთხვევაში კომისიის მიერ კასატორისა და გამარჯვებული კანდიდატისადმი არათანაბარი მიდგომა გამოიხატა თემატურად არაერთგვაროვანი კითხვების დასმაში, კერძოდ გამარჯვებული კანდიდატისთვის არ დაუსვამთ შეკითხვები ევროპული სამართლის პრაქტიკიდან, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან. ამდენად, დისკრიმინაციული ფაქტის ობიექტური შეფასება საჭიროებდა ორი სუბიექტის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორცილებული ქმედების შედარებით ანალიზს. ქ. ც-ის მიმართ გამოცემული აქტის კანონიერების შესაფასებლად, სასამართლოს უნდა გამოეთხოვა ქ. ც-ესთან ჩატარებული გასაუბრების სხდომის ოქმი. ასევე, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონმდებლობით დადგენილი 7 დღიანი ვადის დარღვევით 17.11.2017წ. საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა 20.11.2017წ. სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ, რაც ქმნის გასაჩივრებული აქტის გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.






ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოებმა შეკვეცეს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების და ადმინისტრაციული აქტების კანონიერების შესწავლის ეროვნული სტანდარტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 25.09.2007წ. N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის" 27.2 მუხლი. ორგანული კანონისა და საბჭოს რეგლამენტის თანახმად, გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რა დროსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკურსანტის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლო კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი. შეფასების ფართო ველის აღიარება იწვევს გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული სივრცის აღიარებას. კანდიდატების შეფასების სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში ეს ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს. კონვენციის მე-6 მუხლი არ გულისხმობს იმ დონის იურისდიქციის ხელმისაწვდომობას, რომელსაც შეუძლია სრულიად უგულებელყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21.07.11წ. გადაწყვეტილება საქმეზე, შპს "სიგმა რადიო-ტელევიზია" კვიპროსის წინააღმდეგ (Sigma RadioTelevision LTD v. Cyprus) §153; 20.10.15წ. გადაწყვეტილება საქმეზე "ფაზია ალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" (Fazia Ali v. the United Kingdom) §77). დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაში ჩარევით სასამართლო მთლიანად შეცვლიდა საბჭოს, გადაიქცეოდა მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილი იქნებოდა არა კანონით, არამედ სასამართლოს მიხედულებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 511 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ც-ის კანდიდატურა არჩეულ იქნა საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რაც შეესაბამება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 25.09.2007წ. N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით" დადგენილ დანაწესს. ზემოაღნიშნული რეგლამენტი განსაზღვრავს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ეტაპებს. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. კონკურსის გზით ხდება კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული ცოდნის დონის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასება და თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა. სწორედ კონკურსის პროცედურული წესების, სათანადო ფორმალური მოთხოვნების დაცვის, კონკურსანტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და გასაუბრების შედეგად ორგანო ადგენს კონკურსანტის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობას დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა ფაქტებისა და ნორმის სუბსუმფციის შედეგად მიიღოს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. საკონკურსო კომისიას გააჩნია ფართო დისკრეცია კვალიფიკაციის დადგენის მიზნით დაუსვას სხვადასხვა სირთულისა და შინაარსის კითხვები კონკურსანტს. საქმეში დაცული ვ. გ-ის ვიდეო/აუდიო ჩანაწერით დგინდება, რომ გასაუბრება ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმატში. კასატორს დაუსვეს არაერთი შეკითხვა სამართლის სხვადასხვა დარგიდან. რიგ შემთხვევებში დასმულ შეკითხვებზე პირდაპირი პასუხის არარსებობის დროს კასატორს შეეთავაზა საკუთარი აზრისა და პოზიციის დაფიქსირება. ამდენად, კასატორისათვის დასმული შეკითხვები ემსახურებოდა მისი ცოდნის, კვალიფიკაციის დონისა და ლოგიკური აზროვნების უნარის განსაზღვრას და არა მის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. შესაბამისად საფუძველს არის მოკლებული კასატორის მითითება კითხვების არაერთგვაროვნებასა და ქ. ც-ის გასაუბრების ოქმის გამოთხოვის აუცილებლობაზე, რამეთუ იგი ვერ უზრუნველყოფდა კასატორის მიმართ გამოცემული სადავო აქტის კანონიერების დადგენას. ამდენად, კასატორი გასაუბრებისა და პროფესიული მახასიათებლების გათვალისწინებით იქნა შეფასებული. "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 25.09.2007წ. N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით", კანდიდატის მიმართ დასმული შეკითხვები უნდა ემსახურებოდეს მისი კვალიფიკაციის შეფასებას. არ არის დასაბუთებული თუ რომელი შეკითხვა იყო მოცემულ წესთან შეუსაბამო და არ ემსახურებოდა მოსარჩელის კვალიფიკაციის შეფასებას. არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას არ ადასტურებს ის გარემოება, რომ კანდიდატებისათვის არ დაუსვამთ ერთიდაიგივე კითხვები. საკასაციო პალატა არ იზიარებს ვ. გ-ის მოსაზრებას, რომ შეკითხვები უნდა დასმულიყო მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების სფეროდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკურსის პროცედურის ჩამტარებელი რეგლამენტი არ შეიცავს ინსპექტორის კვალიფიკაციის განმსაზღვრელ საკითხთა წრეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორი არის სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, მისი ეფექტური საქმიანობა საჭიროებს სამართლებრივი განათლების მაღალ დონეს, ფართო ერუდიციას, რათა პრეტენდენტმა შეძლოს საკითხების სრულყოფილი გამოკვლევა და წინასწარი შემოწმების ჩატარება. მხოლოდ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან პირდაპირი კავშირის მქონე საკითხის დასმის მოთხოვნა არ პასუხობს დამოუკიდებელი ინსპექტორისადმი წაყენებულ მაღალ სტანდარტს. გასაუბრების ვიდეოჩანაწერის თანახმად, საბჭოს წევრებმა მოსარჩელეს დაუსვეს შეკითხვები სამართლის სხვადასხვა დარგებიდან, რიგ შემთხვევებში დასმულ შეკითხვებზე პირდაპირი პასუხის არარსებობის გამო მას შესთავაზეს თავისი პოზიციის დაფიქსირება, მსჯელობის განვითარება, შესაბამისად მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ გასაუბრების ჩატარება მიზნად ისახავდა კონკურსანტის ლოგიკური აზროვნებისა და მისი კვალიფიკაციის დონის განსაზღვრას და არა მის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. კვალიფიკაციის შემოწმება გულისხმობს პროფესიული უნარების გამოვლენასა და მათ შეფასებას, საკონკურსო პირობა კომპლექსური, ჰოლისტური (მთლიანობითი) ხასიათის იყო, კვალიფიკაციის მთლიანობაში შეფასება უშვებდა საბჭოს ფართო დისკრეციას, საბჭოს წევრების მიერ ისეთი შეკითხვების დასმას, რომლებზეც პასუხის გაცემა მოითხოვდა სათანადო დასაბუთებას, დასმული შეკითხვის ირგვლივ მსჯელობის განვითარებას, ნორმის განმარტებას, რომელიც უფრო მაღალი სააზროვნო დონის მაჩვენებელია, ვიდრე სწორი პასუხის დასახელება, აღწერა, ვინაიდან ავლენს პრეტენდენტის ანალიზის, სინთეზის, შეფასების უნარებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კენჭისყრის შედეგებს და აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ მიიღო საბჭოს წევრთა ვერცერთი ხმა, ასევე კენჭისყრის პროცესში არ დაფიქსირებულა საბჭოს რომელიმე წევრის განსხვავებული აზრი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის არჩევის საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი გულისხმობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფორმალური მხარის შემოწმებას და კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლების მქონე კანდიდატთა შერჩევას. კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატებთან გასაუბრებასა და რეგლამენტის 272 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებას. გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კასატორი სადავო აქტების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს 20.11.2017წ. სხდომის მოწვევის პროცედურული წესების დარღვევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკურსის სტადიებს არ აქვს ავტონომიური მნიშვნელობა. 16.11.2017წ. დასრულდა კანდიდატებთან გასაუბრება, 20.11.2017წ. გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრების მიერ თითოეული კანდიდატის შეფასება სწორედ გასაუბრების შედეგების მიხედვით ხმის მიცემით გამოიხატა. ამდენად, სხდომის უფრო გვიან გამართვა არ გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
სადავო აქტი არ შეიცავს კონკურში მონაწილე თითოეულ პრეტენდენტთან შედარებით კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის უპირატესობის დასაბუთებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის დასაბუთების საერთო იმპერატივი (სზაკ-ის 53-ე მუხ.), სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთებას სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში. საქმის მასალებით დასტურდება აქტის გამოცემის ფაქტობრივი წინამძღვრები (კანდიდატის მონაცემები), კანდიდატების პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების შეფასება განეკუთვნება ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრების დისკრეციის სფეროს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას(კომიის წევრის სუბიექტური შთაბეჭდილება, პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე, საერთო შედეგების შეფასება და სხვ.). საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსში მონაწილე კანდიდატების აპლიკაციების შესწავლის, კონკურსის გასაუბრების ეტაპზე კანდიდატებთან გასაუბრების, მათი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, შეფასება გამოხატა ხმის მიცემით. რეგლამენტის 272 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, გასაუბრების დასრულების შემდეგ ტარდება კენჭისყრა, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
სფეროს სფეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს მოწესრიგების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე. არარელევანტურია საკასაციო საჩივარში მითითება საკასაციო სასამართლოს 18.10.18წ. N362-362(კ-18) განჩინებაზე. ხსენებულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმის გამო, რომ არცერთი კანდიდატის, მათ შორის მოსარჩელის მიმართ არ იყო შედგენილი გასაუბრების ეტაპის ამსახველი ოქმი, შესაბამისად შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიმართ შეფასების საფუძვლის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში კონკურსი მიმდინარეობდა რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ ქ. ც-ის საკასაციო სასამართლოში მუშაობის პერიოდში სხვადასხვა დროს საბჭოს 4 წევრი მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. აღნიშნული არ ადასტურებს ამ წევრების მიერ ტენდენციურობის, არაობიექტურობის გამოჩენას, მოსარჩელის მიმართ თანასწორობის, თანამდებობის დაკავების თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლების, შრომის თავისუფლების დარღვევას. საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა საბჭოს წევრებისათვის კანდიდატის ობიექტურ შეფასებაში, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-8 მუხლის დანაწესის დარღვევას, პირადი ინტერესის მქონე თანამდებობის პირის მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, შესაბამისად არ არსებობდა საბჭოს წევრთა არც აცილებისა და არც თვითაცილების პირობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკონკურსო პროცედურას სპეციალური მოწესრიგება გააჩნია, ასეთ შემთხვევაში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს არა სზაკ-ის, არამედ რეგლამენტით გათვალისწინებული მოწესრიგება, უკანასკნელი არ შეიცავს ზემოაღნიშნული მოსაზრებებით საბჭოს წევრის აცილების ან თვითაცილების მოთხოვნას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის ვარაუდი ორგანოს თანამდებობის პირის მიკერძოების შესახებ არ ქმნის აცილების ობიექტურ საფუძველს. ამდენად უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება საბჭოს წევრების ტენდენციურობისა და არაობიექტურობის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაუბრება ჩატარდა 17 კანდიდატთან, კენჭისყრის შედეგების თანახმად ვ. გ-მა ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, საბჭოს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა ქ. ც-ის კანდიდატურას, რომელმაც მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა (14) და არჩეულ იქნა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მოსარჩელე არც უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატის შემდგომი კანდიდატია, საბჭოს ყველა წევრის მიერ ვ. გ-ი შეფასდა უარყოფითად. ამდენად, არ დასტურდება უფლების იმგვარი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (სზაკ-ის 601.2 მუხ.). მოსარჩელის მიერ დასახელებულ პირთა ხმების გაბათილების შემთხვევაშიც არ გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორი მოითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 27.11.17წ. N1349-03 წერილის ბათილად ცნობას, რომლითაც მას ეცნობა, რომ მისმა კანდიდატურამ ვერ დააგროვა თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ ხმათა საჭირო რაოდენობა, აგრეთვე კასატორი მოითხოვს ქ. ც-ის დამოუკიდებელ ინსპექტორად არჩევის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20.11.17წ. N1/312 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ქ. ც-ე დამოუკიდებელ ინსპექტორად იქნა არჩეული. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებზე, რაც დაუსაბუთებელს ხდის ქ. ც-ის მიმართ აღმჭურველი აქტის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20.11.17წ. N1/312 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას, ვინაიდან სახეზე არ არის აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის ისეთი პირობები, როგორიცაა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების არსებითი დარღვევა (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწ.), ისეთი დარღვევა რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწ.). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა თავად ვ. გ-ის მიმართ გამოცემული აქტის კანონიერების საკითხი, ხსენებული აქტის კანონიერების დადგენა იმთავითვე გამორიცხავდა ქ. ც-ის მიმართ გამოცემული აქტის უკანონობას. ამდენად, ქ. ც-ესთან გასაუბრების ოქმის გამოთხოვაზე უარი არ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების არამართლზომიერებას და არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია სადავო აქტების მიღებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა. მოთხოვნის დაკმაყოფილება უცილობლად არის დაკავშირებული მოსარჩელის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან, ამ აქტის ბათილად ცნობის გარეშე შეუძლებელია ქ. ც-ესთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსარჩელის დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით სახეზე არ არის დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბება, საბჭოს გადაწყვეტილება არ სცილდება კანონიერების და მიხედულების კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს, არ დასტურდება მოპასუხის მიერ თვითნებობის ჩადენა, არაობიექტურობა, შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, არ იკვეთება დისკრეციული უფლებამოსილების იმ მიზნის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება საბჭოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და





დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი