Facebook Twitter
ბს-242-242(2კ-18) 21 თებერვალი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2017წ. განჩინებაზე


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...მა“ 03.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.01.2016წ. NCB608228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.02.2016წ. N5003 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.04.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.01.2016წ. NCB608228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.02.2016წ. N5003 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.04.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2017წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 და 286-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 27.01.2016წ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა შპს „…ის“ ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ შპს-ს მხრიდან მყიდველის მოთხოვნის მიუხედავად, 4 ლარის ღირებულების პურზე არ იქნა გაცემული სასაქონლო ზედნადები. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, მოხდა თუ არა ზედნადების გამოწერა საქონლის მიწოდებისას. საგადასახადო მიზნებისათვის განმსაზღვრელია არა მხოლოდ ზედნადების არსებობა, არამედ მისი კანონით დადგენილ ვადაში ანუ საქონლის მიწოდებისას გამოწერა. კასატორმა აღნიშნა, რომ შემოწმება მოიცავს სხვადასხვა პროცედურას, შემოწმების დაწყება და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ერთმანეთის თანმხვედრი არ არის. კონკრეტულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელმა სასაქონლო ზედნადები გამოწერა შემოწმების დაწყების შემდგომ. Oracle -ის მონაცემებით გადამოწმება განხორციელდა 11:59 სთ.-ზე, ავტომობილი კი მოგვიანებით იქნა გაჩერებული, გადასახადის გადამხდელი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაბრუნდა რესტორანში, სადაც კიდევ ერთხელ გადაამოწმეს მონაცემები, თუმცა ზედნადების არსებობა კვლავ არ დაფიქსირდა. აღნიშნულ პროცედურებს დასჭირდა გარკვეული დრო, რის გამოც ოქმი შედგა 12:39 სთ.-ზე.
კასატორმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 და 286-ე მუხლებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N994 ბრძანების 72-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.01.2016წ. NCB608228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხვნათა დაცვით. კასატრომა აღნიშნა, რომ კონტროლის განმახორციელებელი ოფიცრის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ 27.01.2016წ. გადამოწმდა ავტომობილი, რომლითაც შპს „…ის“ წარმომადგენელმა - ქ. ო-მა განახორციელა რესტორანში 4 ლარის ღირებულების პურის მიწოდება ელექტრონული ზედნადების გარეშე. Oracle -ის მონაცემებით გადამოწმება განხორციელდა 11:59 სთ.-ზე, ავტომობილი კი მოგვიანებით იქნა გაჩერებული, გადასახადის გადამხდელი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაბრუნდა რესტორანში, სადაც კიდევ ერთხელ გადაამოწმეს მონაცემები, თუმცა ზედნადების არსებობა კვლავ არ დაფიქსირდა. აღნიშნულ პროცედურებს დასჭირდა გარკვეული დრო, რის გამოც ოქმი შედგა 12:39 სთ.-ზე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებით სადასახადო ორგანოს არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საგადასახადო ორგანოები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.01.2016წ. NCB608228 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დასტურდება, რომ შპს „…“ საგადასახადო კოდექსის 286.2 მუხლის შესაბამისად, 4 ლარის საქონლის სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისათვის დაჯარიმდა 5 000 ლარით. მონიტორინგის დეპარტამენტის კახეთის განყოფილების უფროსი ოფიცრის - თ. შ-ის მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ შპს „...ის“ წარმომადგენელმა - ქ. ო-მა განახორციელა რესტორანში 40 თეთრის ღირებულების 10 პურის მიწოდება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქმეში წარმოდგენილია 27.01.2016წ. 12:13 სთ.-ზე გაცემული სასაქონლო ზედნადები, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „…მა“ ე. ჯ-ს მიყიდა 50 თეთრის ღირებულების 10 პური. დაუსაბუთებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება, რომ ზემოხსენებული სასაქონლო ზედნადები შპს „…ის“ მიერ გაიცა მას შემდგე, რაც საგადასახადო მონიტორინგის წარმომდგენლებმა დაიწყეს საგადასახადო შემოწმება. სადავო სამართალღვევის ოქმი შედგენილია 12:39 სთ.-ზე. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩატარებულ პროცედურებს არ დასჭირდებოდა 26 წუთი, ამდენად, დასტურდება, რომ საგადასახადო წარმოების დაწყებისას და სადავო ოქმის გამოცემისას ზედნადები უკვე გამოწერილი იყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი