Facebook Twitter
#ბს-898(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. თ-ე

მოპასუხე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 18 მაისს თ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილებისა და „თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმოებაში იყო სამართალდარღვევის საქმე თ. თ-ის მიმართ, რაზეც გაიცა შესაბამისი მითითება #00317, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით თ. თ-ე ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის მხრიდან #56-ში შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი მიშენების გამო, დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით. აღნიშნული დადგენილება, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2016 წლის 17 თებერვლის #230 დადგენილებით კი დაკმაყოფილდა აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებული მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულის შემდგომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაიცა მითითება #001499, რომლითაც მოსარჩელეს დაევალა მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის სამსახურისთვის წარდგენა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც შენობა-ნაგებობები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის განთავსებული მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #...). მიუხედავად კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის #001499 დადგენილების საფუძველზე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და ამასთან, დაევალა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1- 866 ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანება „თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა თ. თ-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ 2016 წლის 1 ნოემბერს მიღებული #001499 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით, 2016 წლის 30 ნოემბერს წარდგენილი #425206/15 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში („სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილების ბათილად ცნობა) თ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #56, დაზუსტებული ფართობი - 115.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ. თ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მომართვა #..., დამოწმების თარიღი: 12/09/2016, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; ნასყიდობის ხელშეკრულება #1-1090, დამოწმების თარიღი: 28/04/1998, ნოტარიუსი ლ. გ-ი.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ. თ-ის მიმართ 2016 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მითითება #001499, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) განხორციელდა უნებართვო მიშენება და საფეხურების მოწყობა, ასევე უნებართვო მიშენების ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო მიწაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 ივლისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი #001499 თ. თ-ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება #001499 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც თ. თ-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (შენობა ლიტ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებულია ფართი და მოწყობილია საფეხურები, ასევე განხორციელებულია მიშენება, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, თ. თ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა ლიტ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართის და მოწყობილი საფეხურების, განხორციელებული მიშენების, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟი. აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია - „ჩავიბარე თ. თ-ე 09/XI-2016წ.”
ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, თ. თ-ის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს #425206/15 ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. თ-ემ 2016 წლის 26 დეკემბერს #449592/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვდა საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას მისი და მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჩივრის წარუდგენლობის გამო. განცხადებას თან ერთვოდა კ.ს. „...ის“ მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული #16-22/22 ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ ადვოკატ ნ. ბ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეცა კუთვნილი შვებულება 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე. თ. თ-ის ადვოკატმა ნ. ბ-ემ 2016 წლის 12 დეკემბერს #437256/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვდა 2016 წლის 13 დეკემბერს თ. თ-ის საჩივართან დაკავშირებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის გადადებას, რადგან ნ. ბ-ე 2016 წლის 2 დეკემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, არ იმყოფებოდა თბილისში და ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას, ამასთან თ. თ-ე არ არის იურისტი და ვერ შეძლებდა წარმომადგენლის გარეშე თავისი პოზიციის დაცვას. განცხადებას თან ერთვოდა 2016 წლის 16 აგვისტოს კ.ს. „...ის“ მიერ გაცემული ორდერი #16/3690, რომლითაც ადვოკატ ნ. ბ-ეს ევალება განახორციელოს თ. თ-ის ინტერესების დაცვა ქალაქ თბილისის მერიაში, არქიტექტურის სამსახურში, ორდერის მოქმედების ვადა - უვადო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანებით განუხილველად დარჩა თ. თ-ის 2016 წლის 30 ნოემბრის #425206/15 ადმინისტრაციული საჩივარი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის - დ. მ-ის 2017 წლის 29 მარტის #02 ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #52-ში საკადასტრო კოდით: #... მოქალაქე თ. თ-ის მიერ ლიტერ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართი, მას შემდეგ რაც შპს „...ის“ მიერ მოხდა საზღვრების კორექტირება აღარ სცდება საკადასტრო საზღვრებს და არ გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. დასკვნაში განმარტებულია, რომ ცდომილება ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ აზომვით ნახაზსა და შპს „...ის“ მიერ შესრულებულ ნახაზებს შორის გამოწვეულია საამზომელო ინსტრუმენტებით, ხოლო აღნიშნული დაშვებულია საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების დანართი #1, მე-2 მუხლის, მესამე პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ცდომილება ასევე დასაშვებია 1:500 მასშტაბით აზომვების დროს, რითაც მოხდა აღნიშნული აზომვები, მაგრამ ცდომილების მინიმუმდე დაყვანისათვის საკადასტრო აზომვების ჩატარება უნდა მოხდეს 1:100 მასშტაბით, რაც მოითხოვს საამზომველო ინსტრუმენტებით 24 საათიან სადამკვირვებლო რეჟიმს.
განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილება და „თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ამავე მუხლის „ი” ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენდა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნებოდა სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 ნაწილზე, რომლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლოს აღნიშვნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ. თ-ის მიმართ 2016 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მითითება #001499, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) განხორციელდა უნებართვო მიშენება და საფეხურების მოწყობა, ასევე უნებართვო მიშენების ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო მიწაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ. თ-ის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი #001499, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტოსარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობანაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც თ. თ-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (შენობა ლიტ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებულია ფართი და მოწყობილია საფეხურები, ასევე განხორციელებულია მიშენება, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, თ. თ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა ლიტ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართის და მოწყობილი საფეხურების, განხორციელებული მიშენების, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟი. აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია - „ჩავიბარე თ. თ-ე 09/XI-2016წ.“.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ამავე კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
საქალაქო სასამართლომ განმეორებით აღნიშნა, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დაადგენილება, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული თ. თ-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანებით თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კი ირკვევა, რომ თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილება) გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში გასაჩივრებულიყო. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებდა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
საქალაქო სასამართლომ კვლავ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება #001499 მიღებულ იქნა 2016 წლის 1 ნოემბერს. ამასთან, აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია - „ჩავიბარე თ. თ-ე 09/XI2016წ.“ (საგულისხმოა ის გარემოება, რომ დადგენილების ჩაბარების თარიღს სადავოდ მიიჩნევდა მოსარჩელე მხარე), გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანებით თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მოქალაქე თ. თ-ეს ჩაჰბარდა 2016 წლის 9 ნოემბერს, ადმინისტრაციული საჩივარი კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა 2016 წლის 30 ნოემბერს, შესაბამისად გასული იყო გასაჩივრების 15-დღიანი ვადა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თ. თ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული თ. თ-ის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს #449592/12 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, სადაც იგი ითხოვდა საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას მისი და მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჩივრის წარუდგენლობის გამო, რამეთუ მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა იმას, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, აღნიშნული კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის გაშვებული ვადის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება მაღალი ხარისხით წარმოეშობოდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო; ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანება „თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დავალებოდა თ. თ-ის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ 2016 წლის 1 ნოემბერს მიღებული #001499 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით, 2016 წლის 30 ნოემბერს წარდგენილი #425206/15 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა კანონით დადგენილი წესით.
რაც შეეხება თ. თ-ის სარჩელს, რომლითაც იგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ დადგენილებაზე არსებითად არ ჰქონდა ნამსჯელი, არამედ თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმეზე გამოსაკვლევი და შესაფასებელი იყო რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა გააჩნდა თ. თ-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საკითხის არსებითად მსჯელობისათვის, საქმის განხილვის ეტაპზე სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, არსებითად ემსჯელა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილების კანონშესაბამისობაზე, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში თ. თ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძვლად მხარე უთითებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 26 დეკემბერს თ. თ-ის მიერ წარდგენილ კ.ს „...ის“ #16-22/22 ბრძანებას, საიდანაც ირკვევა, რომ ადვოკატ ნ. ბ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეცა კუთვნილი შვებულება 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე. ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულება და მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი ვერ გახდებოდა გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველი, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 30 ნოემბერს #425206/15 ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა თავად თ. თ-ემ, შესაბამისად, ფაქტი, რომ ადვოკატი ნ. ბ-ე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა შვებულებაში, მოსარჩელეს არ ათავისუფლებდა კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამის ვადაში გასაჩივრების ვალდებულებისგან.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. გარდა იმისა, რომ ადვოკატის შვებულებაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილების ჩაბარებიდან - 9 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე მხარეს 11 დღე ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივრის წარსადგენად. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. თ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა #56, დაზუსტებული ფართობი - 115.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #..., საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ. თ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მომართვა #202476/17, დამოწმების თარიღი: 12/09/2016, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; ნასყიდობის ხელშეკრულება #1-1090, დამოწმების თარიღი: 28/04/1998, ნოტარიუსი ლ. გ-ი.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ. თ-ის მიმართ 2016 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მითითება #001499, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) განხორციელდა უნებართვო მიშენება და საფეხურების მოწყობა, ასევე უნებართვო მიშენების ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო მიწაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 ივლისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი #001499 თ. თ-ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება #001499 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც თ. თ-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (შენობა ლიტ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებულია ფართი და მოწყობილია საფეხურები, ასევე განხორციელებულია მიშენება, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, თ. თ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა ლიტ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართის და მოწყობილი საფეხურების, განხორციელებული მიშენების, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟი. აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია - „ჩავიბარე თ. თ-ე 09/XI-2016წ.“
ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, თ. თ-ის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს #425206/15 ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. თ-ემ 2016 წლის 26 დეკემბერს #449592/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვდა საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას მისი და მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჩივრის წარუდგენლობის გამო. განცხადებას თან ერთვოდა კ.ს. „...ის“ მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული #16-22/22 ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ ადვოკატ ნ. ბ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეცა კუთვნილი შვებულება 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე. თ. თ-ის ადვოკატმა ნ. ბ-ემ 2016 წლის 12 დეკემბერს #437256/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვდა 2016 წლის 13 დეკემბერს თ. თ-ის საჩივართან დაკავშირებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის გადადებას, რადგან ნ. ბ-ე 2016 წლის 2 დეკემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, არ იმყოფებოდა თბილისში და ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას, ამასთან თ. თ-ე არ არის იურისტი და ვერ შეძლებდა წარმომადგენლის გარეშე თავისი პოზიციის დაცვას. განცხადებას თან ერთვოდა 2016 წლის 16 აგვისტოს კ.ს. „...ის“ მიერ გაცემული ორდერი #16/3690, რომლითაც ადვოკატ ნ. ბ-ეს ევალება განახორციელოს თ. თ-ის ინტერესების დაცვა ქალაქ თბილისის მერიაში, არქიტექტურის სამსახურში, ორდერის მოქმედების ვადა - უვადო.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანებით განუხილველად დარჩა თ. თ-ის 2016 წლის 30 ნოემბრის #425206/15 ადმინისტრაციული საჩივარი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის - დ. მ-ის 2017 წლის 29 მარტის #02 ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ....ის ქუჩა #52-ში საკადასტრო კოდით: #... მოქალაქე თ. თ-ის მიერ ლიტერ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართი, მას შემდეგ რაც შპს „...ის“ მიერ მოხდა საზღვრების კორექტირება აღარ სცდება საკადასტრო საზღვრებს და არ გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. დასკვნაში განმარტებულია, რომ ცდომილება ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ აზომვით ნახაზსა და შპს „...ის“ მიერ შესრულებულ ნახაზებს შორის გამოწვეულია საამზომელო ინსტრუმენტებით, ხოლო აღნიშნული დაშვებულია საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების დანართი #1, მე-2 მუხლის, მესამე პუნქტის მიხედვით, აღნიშნული ცდომილება ასევე დასაშვებია 1:500 მასშტაბით აზომვების დროს, რითაც მოხდა აღნიშნული აზომვები, მაგრამ ცდომილების მინიმუმდე დაყვანისათვის საკადასტრო აზომვების ჩატარება უნდა მოხდეს 1:100 მასშტაბით, რაც მოითხოვს საამზომველო ინსტრუმენტებით 24 საათიან სადამკვირვებლო რეჟიმს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, საშიში ქიმიური ნივთიერება/ნაერთი, სახიფათო ნარჩენი ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ამავე მუხლის „ი” ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნებოდა სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 ნაწილზე, რომლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. ამავე კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თ. თ-ის მიმართ 2016 წლის 31 მაისს შედგენილი იქნა მითითება #001499, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) განხორციელდა უნებართვო მიშენება და საფეხურების მოწყობა, ასევე უნებართვო მიშენების ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო მიწაზე. დარღვევის გამოსწორების მიზნით მას დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ან მითითების შედგენის მომენტამდე არსებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ. თ-ის მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 1 ივლისს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი #001499, რომლითაც დადგინდა, რომ თ. თ-ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტოსარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობანაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს საქმეში არსებულ დოკუმენტზე, კერძოდ, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც თ. თ-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის (შენობა ლიტ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებულია ფართი და მოწყობილია საფეხურები, ასევე განხორციელებულია მიშენება, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, თ. თ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა #56-ში (საკადასტრო კოდი: #...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (შენობა ლიტ. „ა“-ს მარცხენა მხარეს მიშენებული ფართის და მოწყობილი საფეხურების, განხორციელებული მიშენების, რომლის ნაწილი სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე) დემონტაჟი. აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია - „ჩავიბარე თ. თ-ე 09/XI-2016წ.“.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე #001499 დადგენილება მიღებულ იქნა 2016 წლის 1 ნოემბერს. ამასთან, აღნიშნულ დადგენილებაზე მიწერილია - „ჩავიბარე თ. თ-ე 09/XI2016წ.“, გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანებით კი თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სადავო დადგენილება მოქალაქე თ. თ-ეს ჩაჰბარდა 2016 წლის 9 ნოემბერს, ადმინისტრაციული საჩივარი კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა 2016 წლის 30 ნოემბერს, შესაბამისად, მის მიერ დარღვეულ იქნა გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 15-დღიანი ვადა.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თ. თ-ემ 2016 წლის 26 დეკემბერს #449592/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა მისი და მისი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე 2016 წლის 30 ნოემბრამდე საჩივრის წარუდგენლობის გამო. განცხადებას თან ერთვოდა კ.ს. „...ის“ მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემული #16-22/22 ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ ადვოკატ ნ. ბ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეცა კუთვნილი შვებულება 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე. თ. თ-ის ადვოკატმა - ნ. ბ-ემ 2016 წლის 12 დეკემბერს #437256/12 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა 2016 წლის 13 დეკემბერს თ. თ-ის საჩივართან დაკავშირებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომის გადადება, რადგან ნ. ბ-ე 2016 წლის 2 დეკემბრიდან 2016 წლის 22 დეკემბრამდე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, არ იმყოფებოდა თბილისში და იგი ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას. ამასთან, თ. თ-ე არ არის იურისტი და ამდენად, იგი ვერ შეძლებდა წარმომადგენლის გარეშე თავისი პოზიციის დაცვას. განცხადებას თან ერთვოდა 2016 წლის 16 აგვისტოს კ.ს. „...ის“ მიერ გაცემული ორდერი #16/3690, რომლითაც ადვოკატ ნ. ბ-ეს ევალება განახორციელოს თ. თ-ის ინტერესების დაცვა ქალაქ თბილისის მერიაში, არქიტექტურის სამსახურში, ორდერის მოქმედების ვადა - უვადო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მერიის მიერ გასაჩივრებისათვის განკუთვნილი ვადის აღდგენის შესაძლებლობის გამოუყენებლობის საკითხი წარმოადგენს, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაიზიარა გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრების ვადის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი, დაინტერესებული მხარის მიერ გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობაზე, კერძოდ, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაშვებული ვადა უნდა აღადგინოს, თუ მისი გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის უფლებამოსილება განეკუთვნება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვადის აღდგენისა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება, უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა მხარისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებულ უფლების დაცვის ერთ-ერთ სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს. ადმინისტრაციულ სამართალში ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტის არსებობა არა მხოლოდ პირთა უფლების შელახვის აღმოფხვრასა და საჭიროების შემთხვევაში პირისათვის უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის უზრუნველყოფას, არამედ უშუალოდ ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურ კონტროლსაც ემსახურება. ამასთან, ერთჯერადი გასაჩივრების წესის გამოყენება მეტწილად ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით პირთათვის მინიჭებული სასარჩელო უფლებამოსილების რეალიზების, კონკრეტულად კი, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მნიშვნელობაზე, რაც ზრდის ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის საკითხის მართებული, ყოველმხრივი და საფუძვლიანი გადაწყვეტის საჭიროებას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გაშვებული ვადის აღდგენაზე მსჯელობისას სრულყოფილად გამოიკვლიოს დაუძლეველ ძალასა თუ სხვა საპატიო მიზეზთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორედ მათი ურთიერთშეჯერებით მიიღოს დასაბუთებული და მყარად არგუმენტირებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით. ამასთან, ვადის აღდგენის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოთა აქტიური მონაწილეობის საჭიროება არ ათავისუფლებს საჩივრის ავტორებს განცხადებასთან ერთად გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის დამადასტურებელი ყველა საჭირო მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებისაგან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ვადის აღდგენის თაობაზე წარდგენილი განცხადება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საჩივარს, ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებას, მიზანშეწონილობის ფარგლებშიც იმსჯელოს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოხსენებულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც გასაჩივრების ვადის აღდგენა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, იგი ვალდებულია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება შესაბამის გარემოებებსა თუ სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით დაასაბუთოს, ხოლო ფაქტობრივი დასაბუთება სწორედ გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევა-შეფასებას დააფუძნოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ კ.ს. „...ის“ მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გაცემულ #16-22/22 ბრძანებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ადვოკატ ნ. ბ-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეცა კუთვნილი შვებულება 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევებს სპეციფიკური და კომპლექსური სამართლებრივი ასპექტები ახასიათებს, რომელიც საგრძნობლად ართულებს პირის მიერ საკუთარი პოზიციის აღნიშნულ ასპექტთა ცოდნის გარეშე დაცვას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც დავის სპეციფიკიდან, აგრეთვე, საქმის მასალებში ასახულ მტკიცებულებებში თ. თ-ისა და მისი წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიციებიდანაც ნათლად იკვეთება, რომ მოსარჩელე წარმომადგენლის მომსახურებით სწორედ სამართლებრივი ნორმების არცოდნის გამო სარგებლობდა. ამასთან, ხაზგასასმელ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისათვის კანონდებლობით განსაზღვრული ვადის გაშვება არა უშუალოდ საჩივრის ავტორის, არამედ სწორედ მისი წარმომადგენლის მდგომარეობის გამო განხორციელდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე ქალაქ თბილისის მერიის მსჯელობის საგნად არ ქცეულა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობები, არ შეფასებულა საქმეზე წარდგენილი შვებულების ცნობის შინაარსი. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიას არ შეუფასებია ზემოხსენებულ ცნობაში დაფიქსირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რეალურობა, ამასთან, ასეთი დოკუმენტის შესაბამის მტკიცებულებად მიჩნევის შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ მოუთხოვია კონკრეტული ფაქტის დადასტურებისათვის საჭირო, უშუალოდ მისთვის მისაღები სხვა მტკიცებულებები, რომელთა წარდგენის გზითაც მხარეს შესაძლებლობა მიეცემოდა, ობიექტურად დაედასტურებინა მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამავდროულად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განცხადების განხილვის ეტაპზე არ ყოფილა გამოკვლეული მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ხარისხი, ის, თუ რამდენად გამორიცხავდა ამგვარი მდგომარეობა წარმომადგენლის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის დროულად წარდგენის შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოსცა, რაც წარმოშობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება-განჩინებით დამდგარ შედეგზე, რომლითაც ქალაქ თბილისის მერიას დაევალა თ. თ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რამდენადაც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადის აღდგენა სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოთა დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, სასამართლოს არ გააჩნია პროცესუალურ-სამართლებრივი უფლებამოსილება, შეიჭრას ადმინისტრაციულ ორგანოთა ექსკლუზიურ კომპეტენციაში და თავად აღადგინოს მხარის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისათვის გაშვებული ვადა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ქალაქ თბილისის მერიისათვის თ. თ-ის მიერ წარდგენილ საჩივარზე არსებითად მსჯელობის დავალდებულებას, რამდენადაც დავის ამგვარი მოწესრიგებით ფაქტობრივად წყდება მოსარჩელისათვის ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის საკითხიც, რაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სასამართლოს მიერ განხორციელებაზე და შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეჭრაზე მიუთითებს.
ამდენად, ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს თ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევა-შეფასების საჭიროების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანება და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ. თ-ის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს წარდგენილი #425206/15 ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილებასთან მიმართებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
რაც შეეხება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქალაქ თბილისის მერიას ჯერ კიდევ არ უმსჯელია წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანობაზე მისი განუხილველად დატოვების გამო, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული მდგომარეობით საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თ. თ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებული მოცემულობით იმსჯელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილების პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, აგრეთვე, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა მიმართებით კანონშესაბამისობის საკითხზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისათვის, არ არსებობს ზემოაღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში თ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. თ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თ. თ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება – 100 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და


გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის #1-866 ბრძანება თ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე;
5. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ. თ-ის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს წარდგენილი #425206/15 ადმინისტრაციული საჩივრის დასაშვებობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 1 ნოემბრის #001499 დადგენილებასთან მიმართებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
6. დანარჩენ ნაწილში თ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას თ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი