Facebook Twitter
№ბს-357(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 6 ნოემბერს ზ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1961 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ი. კ-ასთან. მისი მეუღლე - ი. კ-ა მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, სადაც 1993 წლის 18 სექტემბერს ბატალიონის შტაბის დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში. მიღებული ჭრილობების გამო 1993 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. 1993 წლის 26 ოქტომბრის №312204 გარდაცავლების სააქტო ჩანაწერში გარდაცავალების მიზეზად დადგენილია თრომბოემბოლია, რომელიც ჭურვის მოხვედრის გამო განვითარდა.
მოსარჩელემ 2017 წლის 18 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომლითაც მისი მეუღლის - ი. კ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა მოითხოვა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1783/02-03-14/04-01 გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 15 სექტემბრის №196-31 სხდომის ოქმის გადაწყვეტილებით ი. კ-ას არ დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №196-31 სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1783/02-03-14/04-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №196-31 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1783/02-03-14/04-01 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი.
სააპელაციო პალატის მითითებით, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული/გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული იქნა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ე.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე.ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში - დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.გ) გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი); ე.ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ე.ი) „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებუბული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი. კ-ას (დაბ. ...წ.) გარდაცვალების მიზეზი გახდა ფილტვის არტერიის ემბოლია. 1993 წლის 26 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ი. ს. კ-ა გარდაიცვალა 1993 წლის 24 ოქტომბერს თრომბოემბოლიით, ჭურვის მოხვედრის გამო. რაც ქმნის საკმარის საფუძველს იმ ვარაუდისათვის, რომ ი. კ-ას დაღუპვა გამოწვეულ იქნა სწორედ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისას მიღებული ჭრილობებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზ. კ-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისს გაცემული №1849/5/27 ცნობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული №2041 ცნობა, აფხაზეთის ინვალდობის სამხედრო დეპარტამენტის მიერ გაცემულ №73 ცნობა და საბრძოლო მოკვლევა ცალსახად ადასტურებს ი. ს. კ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტს, აღნიშნული გარემოებები ასევე დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებითაც. პალატის მითითებით, საყურადღებოა მოსარჩელის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საქართველოს მარჩენალ დაკარგულთა (ქვრივთა) რეგისტრირებული კავშირი „იმედის“ მიერ გაცემული მოწმობაც №658, რომლითაც დასტურდება, რომ ზ. შ. ქ-ა წარმოადგენს მარჩენალ დაკარგულ პირს (ქვრივს).
სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული კავშირი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების გაერთიანებას, ამდენად აღნიშნული გარემოებაც ადასტურებს ი. კ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს წარმოადგენენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები.
კასატორის მითითებით, „ომისა და სამხდერო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და მის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 ავგვისტოს №509 დადგენილების საფუძველზე, კანონმდებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს მიაკუთვნებს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აფხაზეთსა და შიდა ქართლში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით ი. ს. კ-ას შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება, ასევე წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის საფუძველზე კ-ა ი. ს. 1993 წლის 18 სექტემბერს ბატალიონის შტაბის დაბობმვის დროს ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში. გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის მე-8 საავადმყოფოში, სადაც 24 ოქტომბერს გარდაიცავლა მიღებული ჭრილობების შედეგად. ხოლო საქმეში არსებული შპს „...დან“ წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ი. კ-ე გარდაიცვალა აღნიშნულ კლინიკაში.
კასატორის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტები გამორიცხავენ ერთმანეთს. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესძლებლობას იმსჯელოს მაძიებლისათვის მოთხოვნილი სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ამასთან, კასატორის მითითებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის №37/ს ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხდერო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტუქცია, რომლის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისას ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია სხვა საბუთებთან ერთად სამსახურს წარუდგინოს ქორწინების მოწმობა და ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში; მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რაც მხარის მიერ სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის №196-31 სხდომის ოქმის და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის №1783/02-03-14/04-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებად მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები. ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 28 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ომში დაღუპული ოჯახის წევრის და მარჩენალდაკარგულის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ე.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) და საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის მითითებით სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; ე.ბ) მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი) და ცნობა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში, ბავშვების შემთხვევაში – ბავშვების დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი), მშობლის შემთხვევაში - დაღუპულის (გარდაცვლილის) დაბადების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.გ) გარდაცვალების მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი (დედანი და ასლი); ე.ე) თუ პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების და/ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.ვ) თუ გარდაცვლილი დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით – წარმოდგენილ უნდა იქნეს ჯილდოს მოწმობა (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ზ) გარდაცვლილის (დაღუპულის, უგზო-უკვლოდ დაკარგულის) ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები (დედანი და სათანადოდ დამოწმებული ასლი); ე.თ) მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; ე.ი) „ვეტერანების სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის“ ოქმი - ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისს გაცემული №1849/5/27 ცნობის თანახმად, ზ. კ-ას მეუღლე ი. ს. კ-ა 1992 წლის სექტემბრიდან 1993 წლის 24 ოქტომბრამდე იმყოფებოდა №05664 სამხედრო ნაწილის სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ ზ. კ-ას სახელზე გაცემული №2041 ცნობით დასტურება, რომ ი. ს. კ-ა 1992 წლის 24 ოქტომბერს მიღებულ იქნა სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში მსროლელად.
აფხაზეთის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული №73 ცნობის თანახმად, აფხაზეთიდან დევნილი ზ. კ-ა აღრიცხვაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის მეუღლე სარეგისტრაციო ნომრით №8262/3.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2014 წლის 4 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, რომლის თანახმად, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსმა თადარიგის მაიორმა ვ. ჯ-ამ, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის ოცმეთაურმა თადარიგის ზემდეგმა ვლადიმერ გელენიძემ და 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილემ თადარიგის უფროსმა ლეიტენანტმა რ. ქ-ამ დაადგინეს, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ი. ს. კ-ა მონაწილეობას იღებდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში მოხალისედ, სოფელ აჩადარაში, მდინარე გუმისთის მიდამოებში. ი. ს. კ-ა 1993 წლის 18 სექტემბერს ბატალიონის შტაბის დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევებით მძიმედ დაიჭრა მუცლის არეში და გადაყვანილ იქნა ქ. თბილისის მე-... საავადმყოფოში, სადაც 24 ოქტომბერს გარდაიცვალა მიღებული ჭრილობების შედეგად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 17 ოქტომბრის NMOD 6 18 01047984 წერილით დასტურდება, რომ №05664 სამხედრო წერტილი (ბატალიონი), რომელშიც ი. კ-ა მსახურობდა, შედიოდა 23-ე მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობაში. გარდა აღნიშნულისა, 2018 წლის 23 ოქტომბრის №01/975 წერილში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საინვენტარიზაციო №227 ცნობის გაცემის საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის მიუხედავად, არ უარყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ 2001 წლის 11 ივლისის №1849/5/27 ცნობის გაცემის ფაქტს, რომლის თანახმადაც, ი. კ-ა 1992 წლის სექტემბრიდან 1993 წლის 24 ოქტომბრამდე იმყოფებოდა №05664 სამხედრო სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული.
1993 წლის 26 ოქტომბრის №10210 გარდაცვალების აქტის ჩანაწერის შესაბამისად, ი. კ-ას (დაბ. ...წ.) გარდაცვლების მიზეზი გახდა ფილტვის არტერიის ემბოლია. 1993 წლის 26 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ი. ს. კ-ა გარდაიცვალა 1993 წლის 24 ოქტომბერს თრომბოემბოლიით, ჭურვის მოხვედრის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზ. კ-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ი. ს. კ-ას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი