საქმე Nბს-938(კ-18) 30 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: ი/მ ნ. ი-ე, გ. დ-ე და მ. დ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2016 წლის 25 მაისს სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - ნ. ი-ის, მ. დ-ისა და გ. დ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეების - ი/მ „ნ. ი-ის“ (ს/ნ ...), ფ/პ გ. დ-ის (პ/ნ ...) და ი/მ „მ. დ-ის“ (ს/ნ ...) ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ი/მ „ნ. ი-ის“, გ. დ-ის და მ. დ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; ი/მ „ნ. ი-ე“ (ს/ნ ...), გ. დ-ე (პ/ნ ...) და ი/მ „მ. დ-ე“ (პ/ნ ...) აღიარებულ იქნენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი/მ „ნ. ი-ემ“, გ. დ-ემ და ი/მ „მ. დ-ემ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ი/მ „ნ. ი-ის“, გ. დ-ის და ი/მ „მ. დ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი/მ „ნ. ი-ემ“, გ. დ-ემ და ი/მ „მ. დ-ემ“. კასატორებმა იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. ვინაიდან არ აკმაყოფილებენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ ცრუმაგიერობის დეფინიციის კრიტერიუმებს: 1. რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისგან არ უნდა გაირჩეოდეს; 2. ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა რამდენიმე ფაქტს: 1. ი/მ „ნ. ი-ემ“ მის საკუთრებაში არსებული რესტორანი 2014 წლის 3 აპრილს მიჰყიდა გ. დ-ეს, რაც სასამართლომ შეაფასა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით განხორციელებულ ოპერაციად. კასატორების პოზიციით, რეალურად ი/მ „ნ. ი-ემ“ ბანკიდან აიღო სესხი, ხოლო გ. დ-ე თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებში ჩაუდგა. ი/მ „ნ. ი-ემ“ ვეღარ შეძლო სესხის გადახდა და ვალის სანაცვლოდ გადაუფორმა გ. დ-ეს კუთვნილი ქონება. გ. დ-ემ ქონების გადაფორმების შემდეგ გააგრძელა ი/მ „ნ. ი-ის“ მიერ გამოტანილი სესხის გადახდა. სასამართლომ არ შეაფასა მოწმის, ლ. ც-ის ჩვენება, რომ გ. დ-ე იხდიდა სესხს რესტორნის ყიდვის შემდეგ. 2. ი/მ „ნ. ი-ემ“ სამართალდარღვევის ოქმი ჩაიბარა 2014 წლის 21 მაისს, შესაბამისად, წინასწარ ვერ ეცოდინებოდა სამართალდარღვევის ოქმის არსებობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ი/მ „ნ. ი-ის“, გ. დ-ისა და ი/მ „მ. დ-ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ „ნ. ი-ის“, გ. დ-ისა და ი/მ „მ. დ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება მოპასუხეთა შორის საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა, რაც იძლეოდა მათ შორის არსებული ურთიერთობის შეფასების შესაძლებლობას საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებულ ცრუმაგიერი მფლობელობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან. რამდენადაც, ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, როგორც წესი, არ უკავშირდება საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ, მის საკუთრებაში არსებული აქტივების ნებისმიერი, თუნდაც კანონით დადგენილი წესით განკარგვა, მას შემდეგ რაც შეიტყო საგადასახადო ორგანოს მიერ მისი საქმიანობის მოსალოდნელი შემოწმების შესახებ, უკვე წარმოშობს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენის საფუძველს (სუს. გ. საქმე №ბს-408-408(კ-18) 16.10.18წ. გადაწყვეტილება)
მოცემულ შემთხვევაში ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 17 მარტის N15474 ბრძანებისა და ასევე ი/მ „ნ. ი-ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 13 მარტის N14933 ბრძანების გადასახადის გადამხდელისათვის 2014 წლის 18 მარტს ჩაბარებისას, ი/მ „ნ. ი-ისათვის“ ცნობილი გახდა სავარაუდო საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რის შემდეგ მან ეტაპობრივად შესაძლო მოთხოვნებისგან თავის არიდების მიზნით მის სახელზე არსებული ფასიანი აქტივების იზოლაცია განახორციელა სხვა პირებზე, კერძოდ: 2014 წლის 3 აპრილსა და 2014 წლის 10 აპრილს გააფორმა „ნასყიდობის ხელშეკრულება“ მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ გ. დ-ესთან; ნათესაური კავშირის მქონე პირი - მ. დ-ე 2014 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ (მეწარმის იურიდიული მისამართია საქართველო, ქ. ბორჯომი, ... N1) და იმავე მისამართზე, რომელზეც კვების ობიექტი გააჩნდა ი/მ „ნ. ი-ეს“, იმავე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებით, რომლებზეც შესაძლოა გავრცელებულიყო სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიება განაგრძო „რესტორნის“ საქმიანობა. მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის ი/მ „ნ. ი-ისთვის“ 2014 წლის 18 მარტს ცნობილი გახდა მის მიერ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის ვალდებულებების შესრულების კონტროლის ღონისძიებების დაწყების შესახებ და გადასახადის გადამხდელს გააჩნდა მოლოდინი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების დაკისრების თაობაზე, რის შემდეგაც ეტაპობრივად განახორციელა მის საკუთრებაში არსებული აქტივების განკარგვა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან არიდებას ემსახურებოდა და მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებდა.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ „ნ. ი-ის“, გ. დ-ის და ი/მ „მ. დ-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - ი/მ „მ. დ-ეს“ (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 01.10.2018წ. საგადასახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე