Facebook Twitter
საქმე №ბს-595-595 (2კ-18) 17 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
(მოსამართლეები) მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ზ. პ-ე (მოსარჩელე), ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია (ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე) (სარჩელზე მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2017წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. პ-ემ 07.04.2017წ. სარჩელი აღძრა ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში მოპასუხე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.03.2017წ. №41210 ბრძანების ბათილად ცნობა, გამგებლის ... თანამდებობაზე აღდგენა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება განთავისუფლებიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბაღდათის გამგებლის ... თანამდებობაზე დაინიშნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 31.12.2014წ. №41-395 ბრძანებით. მის თანამდებობრივი სარგოს 875 ლარი შეადგენდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.03.2017წ. №41-210 ბრძანებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 06.03.2017წ. პერიოდიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96-ე მუხლის საფუძველზე შტატების შემცირების მოტივით, რაც მიაჩნია უკანონოდ, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას. პირიქით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017წ. №15 დადგენილებით 10 ერთეულით გაიზარდა გამგეობაში რეორგანიზაციამდე არსებული 100 შტატი და გახდა 110 შტატი. აღნიშნული გარემოება არ ქმნიდა მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველს, ვინაიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 96.2 მუხლი იმ შემთხვევაში უშვებს მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესაძლებლობას, თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. ვინაიდან შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია, არსებობს სზაკ-ის 6011 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5 მუხლის თანახმად მისი თანამდებობაზე აღდგენის საფუძველი. გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე ჩართო ადმინისტრაციულ წარმოებაში, რასაც ითვალისწინებს სზაკ-ის 95.2 და 98-ე მუხლების მოთხოვნები. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს სზაკ-ის 53.4 მუხლით გათვალისწინებულ დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული ატესტაციის შედეგები, ან რატომ არ განხორციელდა სხვა თანამდებობის შემოთავაზება. ამასთან, მოსარჩელე 23.01.2017წ. გაფრთხილდა სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, გაფრთხილების 1 თვიანი ვადა გავიდა 24.02.2017წ., ხოლო განთავისუფლების შესახებ აქტი გამოიცა 10.03.2017წ., რის გამოც გაფრთხილება ძალადაკარგულად, ხოლო შრომითი ურთიერთობა გაგრძელებულად უნდა ჩათვლილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.3 მუხლის შესაბამისად. არასწორია აგრეთვე მოსარჩელის განთავისუფლება წინა თარიღით, კერძოდ, 10.03.2017წ. ბრძანებით მოსარჩელე განთავისუფლდა 2017 წლის 06 მარტიდან, რაც არღვევს სზაკ-ის 5.1 მუხლით გათვალისწინებულ კანონიერების პრინციპს. მოსარჩელე აღნიშნავს აგრეთვე, რომ უვადოდ აქვს დადგენილი მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 05.07.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის - გამგებლის ... თანამდებობის შემცირებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირებით, რასაც საკანონმდებლო ცვლილება დაედო საფუძვლად. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციას არ ჰქონია მოჩვენებითი ხასიათი და არ დადასტურდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. აღნიშნულის გამო არ არსებობდა აგრეთვე სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. პ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 05.07.2017წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 10.03.2017წ. №41210 ბრძანება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მუშაობდა გამგებლის ... თანამდებობაზე, რომლის სარგო განსაზღვრული იყო 875 ლარით. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017წ. №15 დადგენილებით დამტკიცდა გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა, შტატების ოდენობა განისაზღვრა 110 ერთეულით, ამავე დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს 17.10.2014წ. №133 დადგენილება, რომლითაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განსაზღვრული იყო 100 საშტატო ერთეული. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017წ. №15 დადგენილებით გაუქმდა გამგებლის ... თანამდებობა და შეიქმნა ახალი პოზიცია ახალი სახელწოდებითა და სხვა ფუნქციონალური დატვირთვით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სწორად დაადგინა, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების დანაწესზე, საკონსტიტუციო სასამართლოს №2/2-389, 26.10.2007წ. გადაწყვეტილებაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციია 30.1 მუხლზე, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებზე და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.2 მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამდენად, იმისათვის, რომ რეორგანიზაციის თანმხლები შტატების შემცირების საფუძვლით მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა ჩაითვალოს კანონშესაბამისად, ერთდროულად უნდა ჰქონდეს ადგილი დაწესებულების (ორგანიზაციის) რეორგანიზაციას და შტატების შემცირებას. შტატების შემცირების არარსებობა კი გამორიცხავს ამ საფუძვლით გამოცემული ინდივიდუალური აქტის კანონშესაბამისობას. აღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად არსებობდა მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. რეორგანიზაციის შემდეგ დამტკიცებული საშტატო ნუსხით კვლავ გათვალისწინებული იყო გამგებლის ... თანამდებობა, რომელსაც შეეცვალა სახელწოდება და ნაცვლად სახელწოდებისა - გამგებლის ... ტექნიკურ საკითხებში, თანამდებობის სახელწოდება ჩამოყალიბდა, როგორც გამგებლის ... გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში. საკასაციო სასამართლოს 08.07.2015წ. ბს-449-442 (კ-15) განჩინებაზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017წ. №15 დადგენილებით გამგებლის ... თანამდებობა შევიდა ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში (ცვლილებამდე კონკრეტულ სამსახურში გათვალისწინებული არ იყო), თუმცა მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩა, ამასთანავე, გარდა სახელწოდების დაზუსტებისა რაიმე სახის განსხვავებული უფლებამოვალეობების შესრულება მოხელეს არ დავალებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება რეორგანიზაციის შედეგად გამგებლის ... საშტატო ერთეულის შემცირების/გაუქმების შესახებ, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96.2 მუხლის წინაპირობა - დაწესებულების რეორგანიზაციისას შტატების შემცირება, რაც გამორიცხავდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ზ. პ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ ექვემდებარებოდა სასამართლოს კონტროლს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა საჯარო დაწესებულების კომპეტენციას განეკუთვნება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობა საკმარისია მოსარჩელის უფლებებში აღდგენისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. პ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში - ზ. პ-ემ.
კასატორი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, დღეს მოქმედი კანონი, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტისათვის და, ამავე დროს, არასწორად განმარტა კანონი.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 05.07.2017წ. გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით, იურიდიულად გამართული და დასაბუთებულია, რის გამოც არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 05.07.2017წ. გადაწყვეტილების გაუქმება. გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დროს არ დარღვეულა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
კასატორი ზ. პ-ე ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის და მისი გასაჩივრების დროს მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ძველი რედაქცია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ძველი რედაქციით, რომლის 127.5 მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულ მოხელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი იმის მიუხედავად შესაძლებელია თუ არა მისი სამსახურში აღდგენა. აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს ამ საკითხებთან მიმართებაში საჯარო დაწესებულების კომპეტენციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2018წ. განჩინებით ზ. პ-ის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. პ-ე ტექნიკურ საკითხებში ბაღდათის გამგებლის ... თანამდებობაზე დაინიშნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 31.12.2014წ. №41-395 ბრძანებით, 2015 წლის 01 იანვრიდან სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 875 ლარით. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.10.2014წ. №133 დადგენილებით გამგეობის საშტატო ნუსხა განისაზღვრა 100 საშტატო ერთეულით და მასში გათვალისწინებული იყო გამგებლის ... ერთი საშტატო ერთეული.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 23.01.2017წ. №41 39 ბრძანების დანართით (ტ.1.ს.ფ.18-19) დგინდება, რომ ზ. პ-ე გაფრთხილებული იქნა სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. საქმეში დაცული დანართით არ ირკვევა გაფრთხილების გაცნობის კონკრეტული დრო. ზ. პ-ე აღნიშნავს, რომ იგი გაფრთხილებას 24.01.2017წ. გაეცნო.

ზ. პ-ე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10.03.2017წ. №41 210 ბრძანებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 06.03.2017წ. პერიოდიდან. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54.1 მუხლის „ა.დ“ და „ე.ე“ ქვეპუნქტები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.1 და 109.1 მუხლები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017წ. №6 დადგენილებით დამტკიცებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ 8.5 მუხლი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017წ. №15 დადგენილებით დამტკიცებული ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა.
სადავო ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017წ. №15 დადგენილების თანახმად, გამგეობაში რეორგანიზაციამდე არსებული 100 შტატი 10 ერთეულით გაიზარდა და რეორგანიზაციის შემდეგ შტატების რაოდენობა გახდა 110. ამასთან, ამავე დადგენილების თანახმად ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხით კვლავ განისაზღვრა გამგებლის ... თანამდებობა, დაზუსტდა თანამდებობის სახელწოდება და მას ეწოდა გამგებლის ... გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში. საკასაციო პალატა აგრეთვე აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებული საშტატო ნუსხების თანახმად გამგებლის ... თანამდებობა იყო უფროსი საჯარო თანამდებობა (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 26.02.16წ. #10 და 28.02.17წ. #15 დადგენილებები).
სადავო ბრძანების გამოცემის კანონიერებას არ ადასტურებს ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული, სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.1 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.2017წ. #15 დადგენილებით მოხდა შტატების გაზრდა. ამდენად, რეორგანიზაციის ფაქტი თავისთავად არ ქმნის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განთავისუფლდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ... შტატი არსებითად უცვლელად იქნა დატოვებული, მისი შტატის შემცირება არ მომხდარა, ხოლო შტატის მხოლოდ სახელის ან დაქვემდებარების ცვლილება არ ქმნიდა განთავისუფლებისათვის საკმარის საფუძველს (სუსგ 31.01.2019წ. #ბს-667-667 (2კ-18)).
საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შესაძლოა მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციონალური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად პირის მიერ სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და ა.შ. რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ძირითად უფლებათა წრე (მდგომარეობას არ ცვლის ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება); მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.17წ. #15 დადგენილებით გამგებლის ... თანამდებობის ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შესვლის მიუხედავად (ცვლილებამდე ... თანამდებობა არ იყო გათვალისწინებული კონკრეტულ სამსახურში) მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად გამგებლის ...ათვის განსხვავებული ფუნქციების განსაზღვრა, აღნიშნული თანამდებობისათვის განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების წამოყენება, აგრეთვე ახალი საშტატო ნუსხით გამგებლის ...ათვის დაკისრებული ფუნქციის ზ. პ-ის მიერ შესრულების შეუძლებლობა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებელის ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ ახალი საშტატო ნუსხით გამგებლის ...თვის დადგინდა განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქციები, არ არის დასაბუთებული. საქმის მასალებით დადასტურებულია რეორგანიზაციის შედეგად შტატების 10 ერთეულით ზრდა და მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის კვლავ არსებობა, ხოლო მოპასუხე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არც სადავო აქტში და არც საქმის განხილვის განმავლობაში არ მოუყვანია ... ერთეულის ფუნქციონალური ცვალებადობის დამადასტურებელი არგუმენტაცია. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა გამგებლის ... ფუნქციონალური უფლება-მოვალეობები. მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.02.17წ. დადგენილებით დამტკიცებული ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული გამგებლის ... (გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში) თანამდებობის ფუნქციონალური უფლება-მოვალეობების აღწერა. ამდენად, არ დასტურდება ... თანამდებობის გაუქმება, ფუნქციონალური უფლება-მოვალეობების ცვლილება. მუშაკის პროფესიული ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან ობიექტური მონაცემებით უნდა დასაბუთდეს, დავის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი. შტატების ოდენობის გაზრდის გათვალისწინებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები არ იწვევს უცილობლად მუშაკის სამსახურიდან დათხოვნას, გათავისუფლების გარდა შესაძლებელია განისაზღვროს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა, დაქვეითება, ალტერნატიული სამსახურის შეთავაზება.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას, რომელიც მოიცავს ინდივიდის არა მხოლოდ სამუშაოს არჩევის, არამედ ასევე ამ სამუშაოს განხორციელების, შენარჩუნებისა და დათმობის უფლებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.02.1997წ., #2/4-24, 26.10.07წ. #2/4-24 გადაწყვეტილებები). ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 6.1 მუხლის, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად სახელმწიფოს ვალდებულებას შეადგენს შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა. სახელმწიფოს მიერ ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნით განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთის მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორეს მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულო ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად (სზაკ-ის მე-5 მუხ.). ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებები ყოველმხრივ, ობიოექტურად უნდა გამოეკვლია, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა სზაკ-ის 601 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავისი ბუნებით გამგეობა ერთდროულად არის თვითმმართველობის და ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უნდა ხელმძღვანელობდეს როგორც თვითმმართველობის განხორციელებისათვის, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დადგენილი პრინციპებით, ორივე შემთხვევაში კანონიერების პრინციპის დაცვა გადაუდებელ იმპერატივთა რიგს განეკუთვნება. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მუშაობის ორგანიზაცია და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ხოლო აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები უნდა გამომდინარეობდეს ნორმატიული აქტებიდან და მიღებულ იქნეს მათ აღსასრულებლად. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა აღნიშნული პრინციპის შესაბამისად.
რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ დამტკიცებულ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის და გამგეობის დებულებების თანახმად გამგეობის თანამდებობის პირები არიან: გამგებელი, გამგებლის მოადგილე და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მათ შორის მითითებული არ არის გამგებლის ...,სარჩელზე მოპასუხეს არ დაუსაბუთებია გამგებლის ...ათვის იმგვარი ფუნქციის განსაზღვრა, რაც უპირობოდ შექმნიდა გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში გამგებლის ... თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველს. არ დასტურდება გამგებლის ... მიერ ფუნქციის შესრულების გამგებლის/მერის პერსონაზე დამოკიდებულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ №3/5/626, 17.10.2017წ. გადაწყვეტილება, §39), არ დასტურდება ... მიერ პოლიტიკური მიმდინარეობის კურსის წარმართვა, მის მიერ სახელისუფლებო ფუნქციების შესრულება (№3/5/626, 17.10.2017წ. გადაწყვეტილება, §49).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართებულია გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 04.12.17წ. #44 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 27.03.17წ. #21 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება და დამტკიცდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება). კასატორი - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ვერ ასაბუთებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების უსწორობას, საკასაციო საჩივარში მოყვანილი ზოგადი მოსაზრებები გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. სასკ-ის 32.1 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო სასკ-ის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აქტის კანონიერება უნდა დადგინდეს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობით, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნების დანარჩენ ნაწილს, კერძოდ, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ნაწილში დავა უნდა გადაწყდეს დავის განხილვის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის, 01.07.17წ. ძალაში შესული „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.15წ. კანონის საფუძველზე. დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს მიერ ნორმატიული აქტის უკუძალის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 24.1 მუხლის დანაწესის დარღვევის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის მოქმედება როგორც წესი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა კანონის იურიდიულ ძალაში შესვლის შემდგომ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით (24.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში კანონს ამგვარი (ნამდვილი) უკუძალა არ გააჩნია, მოცემულ შემთხვევაში ახალი კანონი ზემოქმედებს კანონის მიღებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე, კანონი ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან (ნორმის გადაუდებელი მოქმედება). მოცემულ შემთხვევაში ნორმა ეხება აწმყოში მიმდინარე და ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამართლებრივ ურთიერთობებს და ფაქტებს (სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება), სახელდობრ ამ თვალსაზრისით არის შესაძლებელი საუბარი განსახილველ შემთხვევაში უკუქცევით ძალაზე (კანონის ე.წ. არანამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალის მინიჭება კანონისთვის), რომელიც საჯარო სამართალში დასაშვებია (სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონმდებლობის სფეროს გარდა)). კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან უფლება-მოვალეობებზე ზემოქმედება მისი საყოველთაობის გამოვლენაა და არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო აქტში მისი მოქმედების წესის აღნიშვნაზე. ახალი კანონი ვრცელდება არა მხოლოდ მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, არამედ აგრეთვე მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ მიმდინარე სამართალურთიერთობაზე, ახალი კანონი ზემოქმედებს უფლება-მოვალეობებზე მისი ძალაში შესვლის თარიღიდან. ამდენად, ადგილი არ აქვს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო ურთიერთობების გადაწყვეტას არასათანადო ნორმის საფუძველზე, თუმცა დავის ობიექტური გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს ნორმის სწორ განმარტებას.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ზ. პ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ ექვემდებარებოდა სასამართლოს კონტროლს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა საჯარო დაწესებულების კომპეტენციას განეკუთვნება, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობა საკმარისია მოსარჩელის უფლებებში აღდგენისათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. პ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხსენებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში ითვალისწინებდა მოხელის დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობდა აღდგენაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის დებულებებს შეიცავს ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამასთანავე, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევებს (თანამდებობის არარსებობის ან ამ თანამდებობის სხვა პირის მიერ დაკავების გამო). იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო საჯარო დაწესებულებამ უნდა მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და მას ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო და კომპენსაცია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
მოხელის სამსახურში აღდგენის საკითხზე სასამართლო კომპეტენციის არარსებობის შესახებ სააპელაციო პალატის მოსაზრება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ #376-376 (2კ-18), 11.12.2018წ.; #ბს-234-234(2კ-18), 27.09.2018წ.). სასამართლოს წინაშე დასმული საკითხის სასამართლოსადმი არაქვემდებარეობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ემყარება პროცესუალურ კანონმდებლობას, სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობის არარსებობა იწვევს სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას და არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სსკ-ის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატვით, შეწყვეტს საქმის წარმოებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მუშაკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის საკითხი არ განეკუთვნება ადმინისტრაციის ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა რიგს, საწინააღმდეგო პირის უფლებებში აღდგენაზე სასამართლო კონტროლის გამორიცხვას უთანაბრდება. სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ზ. პ-ის სამსახურში აღდგენის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია მისი თანამდებობის ვაკანტურობის ან ამავე დაწესებულებაში ტოლფასი თანამდებობის არსებობის საკითხი, რის შემდეგაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118.3 მუხლის შესაბამისად გადაეწყვიტა ზ. პ-ის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი (სუსგ #376-376 (2კ-18), 11.12.2018წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საკითხის ერთი სასამართლოწარმოების ფარგლებში გადაწყვეტა, რათა დასაქმებულს უფლებებში აღდგენის მიზნით არ მოუწიოს კანონით გათვალისწინებული სამი სხვადასხვა საშუალებიდან (პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, კომპენსაცია) სასამართლოსადმი რამოდენიმეჯერ მიმართვა თითოეული მათგანის მოსაპოვებად. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების სასამართლო წესით ბათილად ცნობის შემდგომ საჯარო სამსახურის მიერ აღდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა მოხელეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს, რადგანაც მან უფლების აღდგენის მიზნით ხელახლა უნდა მიმართოს სასამართლოს, ამცირებს მართლმსაჯულების ეფექტურობას. ამდენად, სასამართლო საქმის განხილვისას ვალდებულია გამოიკვლიოს პირის უფლებებში აღდგენის ყველა შესაძლებლობა, რათა დაადგინოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ილუზორულს ხდის მოსარჩელის უფლების აღდგენას, სააპელაციო პალატა შემოიფარგლა ადმინისტრაციის უფლებებზე მითითებით და არ იქონია მსჯელობა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესაძლებლობაზე.
ადმინისტრაციული სამართალწარმოებით გათვალისწინებული უფლების დროებით დაცვის სამართლებრივი საშუალებების (სასკ-ის 29-ე, 31-ე მუხ.) გამოყენების შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უცილობლად იწვევს მოხელის დაუყოვნებლივ თანამდებობაზე აღდგენას, რამდენადაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამორიცხავს თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნას. ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ხსენებული საპროცესო საშუალებების გამოყენება არ მომხდარა, არ გამორიცხავდა სააპელაციო პალატის ვალდებულებას შეესწავლა მოსარჩელის ... თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ გათავისუფლებამდე ზ. პ-ის მიერ დაკავებული ... თანამდებობაზე სხვა პირი არ არის დანიშნული, მოსარჩელე ექვემდებარება აღდგენას. იმ შემთხვევაში თუ ... თანამდებობა დაკავებულია სხვა მოხელის მიერ და მისი დანიშვნის კანონიერება არ არის სადავო, ზ. პ-ე ექვემდებარება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, ვინაიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტი კანონსაწინააღმდეგოა, რაც ქმნის სამსახურში აღდგენის სამართლებრივ საფუძველს. სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მტკიცებულებათა გამოთხოვისა და შესწავლის გზით, უნდა გააანალიზოს ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა, ფუნქციონალური დატვირთვა, დაადგინოს დაწესებულებაში მსგავსი დატვირთვისა და ფუნქციონალური მახასიათებლების მქონე თანამდებობის არსებობა, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობა. გათავისუფლების პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, შტატების შემცირების გარეშე რეორგანიზაცია შესაძლოა გამხარიყო სამუშაოზე გადაყვანის საფუძველი (43-ე მუხ.). რეორგანიზაციის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოირიცხება მოხელის გადაყვანა სხვა, მათ შორის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ თანამდებობაზე, თუნდაც რანგით უფრო დაბალზე, რაზეც მოსარჩელე სასარჩელო განცხადების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე არ იყო წინააღმდეგი. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საჯარო-შრომითი ურთიერთობის ამ მიმართებით გარდაქმნის შესაძლებლობაზე. ვინაიდან საქმეზე არ იყო გამოკვლეული სამსახურში აღდგენის ყველა შესაძლებლობა, დაუსაბუთებელია აგრეთვე განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების და შეფასების შესაძლებლობას, იგი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. სსკ-ის 377.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას ზ. პ-ის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხზე ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არსებობს სსსკ-ის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2017წ. გადაწყვეტილება ზ. პ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2017წ. გადაწყვეტილება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ვ. როინიშვილი