№ბს-1406(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 30 ივნისს ი. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 თებერვალს ჯ. კ-სა და იპოთეკარ ზ. ბ-ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ზ. ბ-ის უძრავი ქონება 19,75 კვ.მ ფართი, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №23, ს/კ ... . შემდგომში აღნიშნული უძრავი ქონება გადავიდა ი. ჩ-ას საკუთრებაში, შესაბამისად, ვალდებულებაც გადაჰყვა უძრავ ქონებას. ვინაიდან, ზ. ბ-ემ ჯ. კ-ს ვერ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, კრედიტორი იყო ჯ. კ-ი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 23100 აშშ დოლარსა და 126,72 ლარს.
გადაწყვეტილების შესრულების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 14 ნოემბრის NA14083297-004/001 წინადადებაში მითითებული იყო, რომ ვალდებულების საკუთარი ნებით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა ი. ჩ-ას უძრავი ქონების იძულებითი წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დანიშნა აუქციონი, აუქციონზე რეალიზაციისათვის გატანილ იქნა იპოთეკით დატვირთული ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23, 19.75 კვ.მ, მაგრამ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 18 მარტის №1047 ბრძანებით შეწყდა აუქციონი იმ მოტივით, რომ თითქოს აღსასრულებლად მიქცეული იყო არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული, არამედ სხვა ფართი. შემდგომ დაინიშნა მეორე აუქციონი, რომელიც შეწყდა დაუსაბუთებლად, იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებლის მიერ ვებგვერდზე არასწორად იქნა მითითებული სარეალიზაციო ქონების ფოტოსურათი. აღნიშნულის შემდგომ ისევ თავიდან ჩატარადა სადავო ქონებაზე აუქციონი, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, მოხდა არა იპოთეკით დატვირთული 19,75 კვ.მ ფართის, არამედ სხვა 20.45 კვ.მ ფართის რეალიზაცია, რასაც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს, ვინაიდან, მის საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23-ში შედგებოდა ორი ოთახისგან, ერთი ოთახის ფართი იყო - 19.75 კვ.მ., ხოლო მეორე ოთახის - 20.45 კვ.მ. იპოთეკით დატვირთული იყო 19,75 კვ.მ ოთახი, თუმცა აღმასრულებელმა აუქციონზე გაიტანა სხვა ფართი და მოახდინა მისი იძულებითი წესით რეალიზება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 10 ივნისს ჩატარებული აუქციონისა და მის საფუძველზე 2015 წლის 16 ივნისს გამოცემული A14083297-022/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ - ზ. ბ-ე, ჯ. კ-ი და მ. ვ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით ი. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 3 ნოემბერს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ ამოიწერა №141208370 სააღსრულებო ფურცელი. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, ნოტარიუსის მიერ ამოწერილი სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, მოვალეების - ზ. ბ-ისა და ი. ჩ-ას მიმართ 2014 წლის 14 ნოემბერს გამოსცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 07 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინა მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინა აღმასრულებელთან. ასევე მოვალე გაფრთხილებულ იქნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, რომ შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი, სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად აღარ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის და მდგომარეობის შესახებ მხარეს შეეძლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე განემარტა, რომ აღსრულებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე სრული ინფორმაცია შეეძლო მიეღო საქმის მწარმოებელი აღმასრულებლისაგან.
სააპელაციო პალატის მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-78-ე მუხლებით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 14 ნოემბრის აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2014 წლის 17 ნოემბერს ჩაბარდა პირადად ზ. ბ-ეს, ხოლო 2014 წლის 18 ნოემბერს ჩაბარდა ი. ჩ-ას რძალს - ოჯახის წევრს - ი. კ-ს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 ივნისის A14083297-022/001 განკარგულებით მოვალე ი. ჩ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23, სართული №1, ფართი - 19.75 კვ.მ, ს/კ ..., შემძენი 2015 წლის 10 ივნისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მ. ვ-ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 33 600 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის ჯ. კ-ის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ იძულებით აუქციონზე გაიყიდა არა იპოთეკით დატვირთული, არამედ სხვა ქონება და მიუთითა, რომ ი. ჩ-ას სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23, სართული №1, ფართი - 19.75 კვ.მ, ს/კ ... . პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 8 აპრილის ოქმის მიხედვით, აღმასრულებელი გამოცხადდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №23-ში, რათა განეხორციელებინა უზრუნველყოფის საგნის იდენტიფიცირება. კრედიტორის მითითებით, უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა პირველ სართულზე განთავსებული ფართი შენობის წინა ფასადზე, ორ ოთახად, რომელსაც აქვს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი. ფართი გაერთიანებულია იპოთეკით დაუტვირთავ ფართთან, აღნიშნული ფართიდან არის ჩასასვლელი სარდაფში. სარდაფი და მიერთებული ფართი არ წარმოადგენს იპოთეკის საგანს. მთლიანობაში უზრუნველყოფის საგანი არის 20.45 კვ.მ. პროცესს ესწრებოდა ი. ჩ-ას წარმომადგენელი ლ. კ-ე, რომელსაც ოქმზე მითითებული აქვს შენიშვნა, რომ კრედიტორის მიერ მითითებულ ფართს არ ეთანხმება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ი. ჩ-ას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ იძულებით აუქციონზე გაიყიდა არა იპოთეკით დატვირთული, არამედ სხვა ქონება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კი აღმასრულებელის მოქმედების კანონიერება დაასაბუთა შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით. საპირისპიროს მტკიცება ვერ შეძლო აპელანტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წლის 10 ივნისს ჩატარებული აუქციონი და მის საფუძველზე 2015 წლის 16 ივნისს გამოცემული A14083297-022/001 განკარგულება მიღებულია კანონით დადგენილ მოთხოვნათა ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა გამოყენებულ კანონს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და ხელშეუხებელია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველი ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. კასატორის განმარტებით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არამართებულად წაართვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და არ ცნო უკანონოდ ის ფაქტი, რომ აღმასრულების მიერ მოხდა არა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია, არამედ სხვა ქონების, რომლის ფართიც იყო იპოთეკით დატვირთულ ფართზე უფრო მეტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის საფუძველზე უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან შესრულების გაჭიანურება იპოთეკარს ანიჭებს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას, იპოთეკით დატვირთული უძრავის ნივთის საფუძველზე. აღნიშნულ მუხლშიც მითითებულია, რომ კრედიტორს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება აქვს იპოთეკით დატვირთული ქონებიდან. კასატორისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ კანონიერად მოვალის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების და არა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. კასატორის მოსაზრებით, აღსრულების მიერ ჩატარებული აუქციონი ეწინააღმდეგება როგორც სამოქალაქო კოდექსს, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 10 ივნისს ჩატარებული აუქციონი და მის საფუძველზე 2015 წლის 16 ივნისს გამოცემული A14083297-022/001 განკარგულება. აღნიშნული სადავო აქტების ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ იძულებით აუქციონზე გაიყიდა არა იპოთეკით დატვირთული, არამედ სხვა ქონება.
დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ნოემბერს ნოტარიუს ე. შ-ის მიერ ამოიწერა №141208370 სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 ივნისის A14083297-022/001 განკარგულებით მოვალე ი. ჩ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23, სართული №1, ფართი - 19.75 კვ.მ, ს/კ ..., შემძენი 2015 წლის 10 ივნისს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა მ. ვ-ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 33 600 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის - ჯ. კ-ის სასარგებლოდ.
ი. ჩ-ას სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23, სართული №1, ფართი - 19.75 კვ.მ, ს/კ ... . ასევე დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 8 აპრილის ოქმის მიხედვით, აღმასრულებელი გამოცხადდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №23-ში, რათა განეხორციელებინა უზრუნველყოფის საგნის იდენტიფიცირება. კრედიტორის მითითებით, უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა პირველ სართულზე განთავსებული ფართი შენობის წინა ფასადზე, ორ ოთახად, რომელსაც აქვს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი. ფართი გაერთიანებულია იპოთეკით დაუტვირთავ ფართთან, აღნიშნული ფართიდან არის ჩასასვლელი სარდაფში. სარდაფი და მიერთებული ფართი არ წარმოადგენს იპოთეკის საგანს. მთლიანობაში უზრუნველყოფის საგანი არის 20.45 კვ.მ. პროცესს ესწრებოდა ი. ჩ-ას წარმომადგენელი ლ. კ-ე, რომელსაც ოქმზე მითითებული აქვს შენიშვნა, რომ კრედიტორის მიერ მითითებულ ფართს არ ეთანხმება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 8 აპრილს განხორციელებული აღმასრულებლის მოქმედება, რა დროსაც განხორციელდა უზრუნველყოფის საგნის იდენტიფიცირება, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ ი. ჩ-ას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ იძულებით აუქციონზე გაიყიდა არა იპოთეკით დატვირთული, არამედ სხვა ქონება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კი აღმასრულებელის მოქმედების კანონიერება დაასაბუთა შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, საპირისპიროს მტკიცება კი ვერ შეძლო მოსარჩელემ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია განხორცილდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარზე ლ. კ-ეს 14.12.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. კ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება;
3. ლ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. ჩ-ას საკასაციო საჩივარზე 14.12.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი