№ბს-1461(კ-18) 21 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი
პაატა ქათამაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 31 ივლისს ხ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისთვის მის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ დავის დასრულებამდე არაელექტრონული ფორმით დროებითი პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს დროებითი განჩინებით ხ. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განჩინება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავის დასრულებამდე ხ. ჯ-ას მიმართ პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს დროებითი განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და დროებითი განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით ხ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (12.1 მუხლი). ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ჯ-ამ 2017 წლის 20 ივნისს №110467 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. პალატის მითითებით, საქმეზე დადგენილია და აღნიშნულს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ განსახილველ შემთხვევაში ხ. ჯ-ას მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს. მოპასუხის 2017 წლის 4 ივლისის №... წერილით ხ. ჯ-ას განემარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), ხოლო გამონაკლისებს ადგენდა ასევე მითითებული მუხლი. ამდენად, ხ. ჯ-ას განემარტა, რომ დადგენილი გამონაკლისების არარსებობის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ხ. ჯ-ა ითხოვდა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემულ იქნეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა 2014 წლის 30 დეკემბერს, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით, რაც უდავოდ მაღალი და ლეგიტიმური ინტერესი, საჯარო მიზანია მოსარჩელის ინტერესთან/მიზანთან შედარებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტზე და მის დისპოზიციაში არსებულ ტერმინ „შეიძლებასთან“ მიმართებით მოიხმო საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება (მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე #3/1/659), რომლის თანახმად, კანონმდებლის მიერ „შეიძლებას“ სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს. კასატორის განმარტებით, სწორედ ამ გამონაკლისის შესასრულებლად დაუშვა კანონმდებელმა კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირადობის მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურებიდან იმ ნაწილის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებოდნენ გაეცათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, თუმცა ეს სამსახურები კანონმდებელმა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილებით არ შეზღუდა, არამედ ამ სამსახურებისთვისაც დაუშვა გამონაკლისი ობიექტური გარემოებების არსებობისას 6 თვის ვადით პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ სავალდებულოდ დადგენილად მიიჩნია მხოლოდ, რომ უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები გასცემენ ელექტრონულ პირადობის მოწმობას, ხოლო ობიექტური გარემოებებისას 6 თვით ვადით არაელექტრონულს, თითქოს კანონმდებელი საერთოდ არ ითვალისწინებს არალექტრონული პირადობის მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემას. თუმცა სასამართლო განმარტებას არ აკეთებს რატომ უნდა მოიაზრებოდეს ტერმინში „პირადობის მოწმობა“ მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს მე-13 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, არასწორია განმარტება და, შესაბამისად, დასკვნები იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის #98 ბრძანების 25-ე მუხლის შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის დარღვევით გამოცემული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას, აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე, თავისთავად, იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე.
კასატორის მითითებით, სასამართლოებმა ასევე არასწორი შეფასება მისცეს იმ უდავო ფაქტს, რომ კანონით აკრძალული არ არის მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობები, რომლითაც სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც ნამდვილად არ განეკუთვნებიან ზემოხსენებული ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულ პირებს. აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელისადმი მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევას, როგორც მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე, ასევე ბრძანების 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებთან მიმართებით.
კასატორის განმარტებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების გათვალისწინებით, კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს, რომლის შესასრულებლადაც იქნა ის გამოცემული. კასატორის მითითებით, ფაქტია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ კანონის შესრულების მიზნით გამოცემული როგორც #118, ასევე #98 ბრძანებები ეწინააღდმდეგება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის დანაწესს პირადობის არაელექტრონული მოწმობის 18 წლამდე 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით სააგენტოს მიერ ე.წ. არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით გაცემასა და შეცვლაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის მოსარჩელის სახელზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის დავალება.
დადგენილია, რომ ხ. ჯ-ამ 2017 წლის 20 ივნისს №... განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 4 ივლისის №... წერილით ხ. ჯ-ას განემარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა), ხოლო გამონაკლისებს ადგენდა ასევე მითითებული მუხლი. ამდენად, ხ. ჯ-ას განემარტა, რომ დადგენილი გამონაკლისების არარსებობის პირობებში, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის #98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.
ამასთან, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
საკასაციო სასამართო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის #98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობასა და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც ცხადია გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ხ. ჯ-ა ითხოვდა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემულ იქნეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა 2014 წლის 30 დეკემბერს, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით, რაც უდავოდ მაღალი და ლეგიტიმური ინტერესი, საჯარო მიზანია მოსარჩელის ინტერესთან/მიზანთან შედარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხ. ჯ-ას საკასაციო საჩივარზე 19.12.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხ. ჯ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. ხ. ჯ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.12.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე