ბს-727-727 (კ-18) 27 ივნისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ჯ-ე
დავის საგანი – მიუღებელი პენსიის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2018წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
15.08.2016წ. თ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2014 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა თ. ჯ-ისათვის 2014 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ თ. ჯ-ე (დაბ. …წ.) 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, იმავდროულად იღებდა ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას, რომელიც შეუწყდა 2014 წლის 1 იანვრიდან. თ. ჯ-ემ 2016 წლის ივლისის თვეში განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებული იყო სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით და საკასაციო სასამართლოს №ბს-77-75(კ-15) 02.07.2015წ. განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე თ. ჯ-ე საქმიანობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ „დელტაში“, რის გამოც მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მისთვის პენსიის შეწყვეტა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. ადგილი არ აქვს პენსიის მოპოვების შემთხვევას, ვინაიდან თ. ჯ-ეს პენსიის მიღების უფლება მოპოვებული ჰქონდა, რაც მას არ დაუკარგავს, ის მოითხოვს უკანონოდ შეწყვეტილი პენსიის აღდგენას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ. ჯ-ის პენსიის შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია და მოსარჩელისათვის არ ჩაუბარებია, გარდა გასაჩივრებული სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილებისა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ჯ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად არსებობდა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2014 წლის 1 იანვრიდან თ. ჯ-ათვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.02.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ჯ-ეს 2014 წლის 1 იანვრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის მიღება იმ საფუძვლით, რომ იგი საქმიანობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს ,,დელტაში“, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ იყო სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება, სადაც დასაქმება არ უნდა მიჩნეულიყო საჯარო საქმიანობად. ვინაიდან თ. ჯ-ეს სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუწყდა ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო, მას სრულად უნდა ანაზღაურებოდა შეწყვეტილი პერიოდის პენსიის თანხა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა, კანონდარღვევით რომ არ მომხდარიყო მისი შეწყვეტა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებული იყო თ. ჯ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის ზიანის სახით 2014-2016წ.წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილშიც.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს სუს ბს-481-478(2კ-17) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ზიანის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. მოსარჩელეს 2014 წლის 1 იანვრიდან შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა, აღნიშნული პერიოდიდან მისთვის ცნობილი იყო პენსიის შეწყვეტის შესახებ, რაც მას სადავოდ არ გაუხდია 2016 წლამდე. თ. ჯ-ეს 2016 წლის ივლისის თვემდე არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსთვის პენსიის შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის და პენსიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. სზაკ-ის 177.2, 180-ე მუხლები ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რაც თ. ჯ-ეს არ განუხორციელებია 2016 წლამდე. აღნიშნულის გამო არ არსებობდა 2016 წლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე, რაც სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად შეადგენს სამ წელს და ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებლობის გარდა თ. ჯ-ის მოთხოვნა არის ხანდაზმულიც, რაც მართებულად გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორი თვლის, რომ დაუსაბუთებლია სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა. სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ არ არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თავდაცვის მინისტრის 15.08.2015წ. №25 ბრძანებით დამტკიცებული იქნა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ წესდება, რომლითაც არ არის გათვალისწინებული მისი სამეცნიერო ფუნქცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 09.02.2017წ. #04/8010 წერილით მიმართა „დელტას“ და 27.02.2017წ. #338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ მიჩნეული იქნა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რის გამოც თ. ჯ-ეს სწორად ეთქვა უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
საკასაციო სასამართლოს 07.02.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის თ. ჯ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. მითითებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2018წ. განჩინება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თ. ჯ-ის სასარგებლოდ 01.01.2014წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში განსხვავდებოდა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუს ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ. განჩინება), რაც სასკ-ის 34.3 მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი თ. ჯ-ის სასარგებლოდ 01.01.2014წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით არ დაკმაყოფილდეს თ. ჯ-ის სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ჯ-ე (დაბ. ...წ.) 2010 წლიდან მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ და იღებდა ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო თ. ჯ-ეს 2014 წლის 1 იანვრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა. თ. ჯ-ემ 2016 წლის ივლისის თვეში განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა. თ. ჯ-ის წარმომადგენლის ხ. ხ-ისადმი თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.08.2016წ. წერილით უარის თქმის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ თ. ჯ-ე მუშაობდა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტაში“, სადაც საქმიანობა ითვლებოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის თ. ჯ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან გადაწყვეტილების ამ ნაწილზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო სასამართლოს 07.02.2019წ. განჩინებით, რის გამოც საკასაციო პალატის შეფასების საგანია განჩინების კანონიერება მხოლოდ თ. ჯ-ის სასარგებლოდ 01.01.2014წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (5.3 მუხ., 17 მუხ.). იგივე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (4.3 მუხ., 9.1 „ბ“ ქვეპ.). პენიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ინიშნება.
2013 წლიდან პენსიის გაცემის საფუძველს არ ქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება წერილობით არ გამოცემულა. ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებები, რომლებიც მას ადმინისტრაციული კანონმდებლობით აქვს მინიჭებული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ან რეალაქტებით რეალიზდება. პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას სააგენტო ინდივიდუალურად ახორციელებდა თითოეული პენსიონერის მიმართ, ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“, რომელიც შიდა გამოყენების დოკუმენტაციას წარმოადგენს, სადაც ხდება თითოეული პირის მიმართ მიღებული წერილობითი ან ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, ბენეფიციარის დაინტერესების, წერილობითი მომართვის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად. პენსიის შეწყვეტის მომენტში მოქმედი სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 27.09.07წ. №02/64 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა-ცვლილებების გაფორმებისა და მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლი ითვალისწინებდა ამონაწერის, როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცემას დაინტერესებული მხარისათვის წერილობითი განაცხადის საფუძელზე („სამმართველოს ინფორმაცია“ ასევე დამტკიცდა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფლებამონაცვლის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.07წ. №190/ნ ბრძანების მე-2 მუხ.) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.09.14წ. №04-305/ო ბრძანებით).
საქმის გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ თ. ჯ-ემ იცოდა სამსახურის გამო მისთვის ასაკის პენსიის შეწყვეტის შესახებ, მას შეეძლო გადაემოწმებინა პირადი საპენსიო ანგარიში და შემდგომ მოეთხოვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეწყვეტილი პენსიის აღდგენა (პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეული იქნეს პენსიის შეჩერებად). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წერილობით ან ზეპირად. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თვლიდა საჯარო სამსახურის დაწყების გამო პენსიის შეწყვეტას მისი უფლების შეზღუდვად, მას უნდა მოეთხოვა აქტის წერილობითი გამოცემა და უნდა გაესაჩივრებინა აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს 2014 წლის იანვრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია, თ. ჯ-ეს პენსიის გაუცემლობა წლების განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია, მას არც ყოველთვიური სარგებლის გაუცემლობის სახით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს უმოქმედობა გაუსაჩივრებია, არ აღუძრავს შეცილებითი ან მიკუთვნებითი სარჩელი. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2014 წლის 01 იანვრიდან სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე თ. ჯ-ისათვის ცნობილი იყო შემდეგ პერიოდში ყოველთვიური პენსიის შეწყვეტის გაუცემლობის ფაქტი (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელე არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე). წლების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელისათვის უთუოდ ცნობილი იყო მისი შეწყვეტის შესახებ, აღნიშნულს თავად მოსარჩელეც ადასტურებს, რომელიც სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ პენსიის 2014 წელს შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.07.16წ. მიმართა. თვით ის ფაქტი, რომ თ. ჯ-ეს სადავოდ არ გაუხდია პენსიის შეწყვეტა ორწელიწადნახევრის განმავლობაში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვისას მოითხოვა პენსიის დანიშვნა და არა გასული პერიოდის საპენსიო თანხა (თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.08.16წ. წერილით დასტურდება, რომ 19.07.16წ. №57995, 20.07.16წ., №58577, №58582 განცხადებებით მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვდა საპენსიო პაკეტის დანიშვნას), ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ. ჯ-ემ იცოდა პენსიის შეწყვეტის შესახებ და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის პრეტენზია არ წარუდგენია სარჩელის აღძვრამდე (15.08.16წ.). მანამდე პენსიის შეწყვეტა თ. ჯ-ეს არ გაუსაჩივრებია როგორც უკანონო ადმინისტრაციული აქტი (სასკ-ის 22-ე მუხ.), როგორც ვირტუალური ადმინისტრაციული აქტი (სზკ-ის 177-ე მუხ.) ან როგორც უკანონო ქმედება (სასკ-ის 24-ე მუხ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. არ დასტურდება თ. ჯ-ის სასამართლოსადმი მიმართვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. არ დგინდება, რომ 2016 წლის ივლისის თვემდე თ. ჯ-ემ პენსიის შეწყვეტა ანუ მისი უფლებების ხელყოფა რაიმე ფორმით სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.
პენსიის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე საფუძვლით პენსიის დანიშვნა არ ნიშნავს პენსიის აღდგენას. პენსიის განახლება დასაშვებია პენსიის შეჩერების შემთხვევაში („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ე-16 მუხ.), შეჩერებული პენსიის განახლება მოხდება პენსიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით სასამართლომ ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ანალოგიურ ვითარებას აქვს ადგილი პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება პენსიის აღდგენის შესახებ არ არის დასაბუთებული, ვინაიდან პენსიის შეწყვეტის შემდეგ ხდება არა პენსიის განახლება, არამედ ხელახალი დანიშვნა, შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად. აღნიშნულს არ უარყოფს სუს 02.07.15წ. №ბს-77-75 (კ-15) გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განმარტებას დინამიური ხასიათი აქვს, ამასთანავე ახალ განმარტებას მნიშვნელობა აქვს სამომავლო ურთიერთობების გადაწყვეტისათვის, ის სასამართლოსთვის არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს (სუს 17.07.03წ., №3გ/ად-187-კ-02; 22.04.04წ., №ბს-1074-15-ა-03). პენსიის შეწყვეტა არის ერთჯერადი აქტი, მას არ აქვს განგრძობადი ხასიათი, პენსიის შეწყვეტისთანავე ის დასრულებულია, რის გამოც არ დგას სუს 02.07.15წ. №ბს-77-75 (კ-15) გადაწყვეტილების ამ ურთიერთობებზე გავრცელების საკითხი.
აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ პენსიის შეწყვეტაზე პრეტენზიის 2016 წლის ივლისის თვეში დასმით თ. ჯ-ემ მოიპოვა პენსიის მიღების უფლება სააგენტოსადმი მიმართვის მომდევნო (2016 წლის აგვისტო) თვიდან („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 14.2 მუხ.) და არა 2014 წლის 01 იანვრიდან. პენსიის შეწყვეტას თ. ჯ-ე დაეთანხმა, მას არ გაუსაჩივრებია პენსიის შეწყვეტა, რის გამოც 2014 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის სახით თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს 01.01.2014წ.-01.08.2016წ. პერიოდში მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლები. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება მითითებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუს #ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ., ბს-887-883 (კ-17) 15.03.2018წ. განჩინებები).
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს პასუხებს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობილ ნაწილში სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რაც მოცემულ შემთხვევაში გასული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას ხანდაზმულად არ მიიჩნევს. ზემოთმითითებული საფუძვლების გამო საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ჯ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 -ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2018წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა თ. ჯ-ის სარჩელი 01.01.2014წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. თ. ჯ-ის სარჩელი 01.01.2014წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი