#ბს-1604(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 9 სექტემბერს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში სახურავის გადახურვისა და მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის (GPV ..., GPV ...) მიზნით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა SPA ... ელექტრონული ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „...ი“. მან 2014 წლის 7 ივლისს, შემსყიდველ ორგანიზაციასთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #523/06 ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულებას ხელი შეუშალა დამოუკიდებელმა მიზეზებმა. კერძოდ, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ცალკეულ შემთხვევებში არ კონკრეტდებოდა შესასრულებელი სამუშაოების სხვადასხვა ელემენტები - სამუშაოების შესრულების ადგილი, სამუშაოების მოცულობა და ა.შ. ვალდებულების შესრულებას ასევე აფერხებდა უამინდობა. მიუხედავად მითითებული გარემოებებისა, შემსყიდველმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რის გამოც სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შპს „...ის“ მხრიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება. კონკრეტულად, მხარეთა შორის შედგა შეთანხმება მათ შორის გაფორმებული 2014 წლის 7 ივლისის #523106 ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე. სასამართლო აქტი ოფიციალურად გადაეგზავნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც. აღნიშნულის მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2015 წლის 10 აგვისტოს განკარგულებით შპს „...ი“ დაარეგისტრირა შავ სიაში.
ამდენად, მოსარჩელემ შპს „...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს #654 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს #654 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს #654 განკარგულების მოქმედება სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს #654 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან სატენდერო დოკუმენტაციის, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების, ასევე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარდა, მის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან/და შეუსრულებლობის ფაქტის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველ დავაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #523/06 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „...ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები, მოცულობის მიუხედავად, მისაღები აღმოჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამის დასტურად, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისათვის გადახდილი იქნა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მათ შორის ხელშეკრულება შეწყდა არა ცალმხრივად, არამედ შეთანხმებით. შესაბამისად, დარჩენილ მომსახურებასთან მიმართებაში, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია, ვალდებულება არ აქვთ. პალატის მითითებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო განჩინებით დადგენილი არ არის მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც ერთ-ერთ საფუძველად არის მიჩნეული პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად მხარეთა მორიგებისა, 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #523/06 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი (ხელშეკრულები საერთო ღირებულების 76%) შეუსრულებელი იყო, შესაბამისად, მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. აქედან გამომდინარე, არსებობდა შპს „...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 10 აგვისტოს #654 განკარგულების კანონიერება, რომლითაც შპს „...ი“ 2015 წლის 11 აგვისტოს დარეგისტრირდა შავ სიაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
აღნიშნული წესის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო. მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მხარეთა შეთანხმებით - სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და შპს „...მა“ განაცხადეს თანხმობა, 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #523/06 ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტაზე; სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება შპს „...ისათვის” გადაეხადა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება 15 557 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში; სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უარი განაცხადა 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #523/06 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე.
მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ 2014 წლის 7 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #523/06 ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „...ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები, მოცულობის მიუხედავად, მისაღები აღმოჩნდა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა არა ცალმხრივად, არამედ შეთანხმებით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ან/და შეუსრულებლობის ფაქტის დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირებისათვის. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ სასამართლო განჩინებით დადგენილი არ არის მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. ამასთან, არც ადმინისტრაციული წესით და არც საქმის სასამართლო განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უდავოდ დადასტურებული ვერ იქნა შპს „...ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობის მთავარი დანიშნულება - განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი, მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებების დაცვას. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მხარეებმა - შპს „...მა“ და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ შორის წამოჭრილი დავა დაასრულეს ურთიერთშეთახმებით, კერძოდ, მორიგებით, აღარ არსებობდა შპს „...ის“ შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 22.05.2018წ. #01532 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს/კ 204428510) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ს/კ 204428510) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.05.2018წ. #01532 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი