Facebook Twitter
#ბს-1563(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 17 ნოემბერს ნ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 5 აგვისტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გაეგზავნა გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის #... გადაწყვეტილება მის სახელზე ... წელს გარდაბნის ...ის განყოფილების მიერ დარეგისტრირებული დაბადების აქტის #410 ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც მისთვის პირველად გახდა ცნობილი ის გარემოება, რომ მის შესახებ შესრულებული კანონიერი დაბადების აქტის ჩანაწერი ბათილად გამოცხადდა და ძალაში დარჩა ... წლის გარდაბნის რ-ნის ...ის ს/საბჭოს მიერ დარეგისტრირებული აქტის ჩანაწერი #41, რომელიც შეიცავდა ფაქტობრივად არასწორ მონაცემს მისი დაბადების წელთან და რიცხვთან დაკავშირებით.
მოსარჩელის აღნიშვნით, მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში იქნა გასაჩივრებული გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის #... გადაწყვეტილება და ... წლის გარდაბნის რ-ნის ...ის ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერი #41. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ...ის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული დაბადების აქტის #41 ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნა ქვემდებარეობით გადაეგზავნა გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომელმაც 2014 წლის 3 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით უარი უთხრა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიერ გასაჩივრებულ იქნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რომელმაც 2014 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2014 წლის 23 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს #... გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც გაუქმდა ნ. ნ-ის დაბადების შესახებ კანონიერი მონაცემები, მიღებულია საქმის სათანადო გამოკვლევის გარეშე და ლახავს მის კანონიერ მონაცემებს.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის #... გადაწყვეტილების, ნ. ნ-ის 2014 წლის 3 სექტემბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 23 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, ნ. ნ-ის სახელზე ... წლის ... ...ს გარდაბნის რაიონის ...ის ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებული #41 დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობაზე უარის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებისა და ნ. ნ-ის 2014 წლის 16 ოქტომბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ნ. ნ-ის საშუალო განათლების ატესტატი. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული ატესტატი გაცემულია ... წლის ... დეკემბერს … წელს დაბადებული ნ. კ. ნ-ის სახელზე და ადასტურებს, რომ ამ უკანასკნელმა გარდაბნის რაიონის ...ის საშუალო სკოლა … წელს დაამთავრა. სააპელაციო სასამართლომ დოკუმენტი არასარწმუნოდ მიიჩნია, ვინდაინ მასზე ხელს აწერს ნ. ნ-ის დედაც, რომელიც იმავე სკოლის პედაგოგი იყო.
საკასაციო სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს, რომ ატესტატში ასახული მონაცემების უზუსტობას მხოლოდ ის გარემოება ადასტურებდა, რომ მასზე ხელი მოსარჩელის დედამაც მოაწერა, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება სამსახურებრივად გააჩნდა, მით უმეტეს, რომ დოკუმენტს, რ. ა-ას (ნ-ის) გარდა, ხელს აწერდა ასევე სკოლის დირექტორი, მოადგილე სასწავლო დარგში და სამი სხვა პედაგოგი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ატესტატი დამოწმებული იყო შესაბამისი ბეჭდით და მინიჭებული ჰქონდა სარეგისტრაციო ნომერი.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ უნდა გამოეკვლია, რომელ წელს, რა ასაკში შევიდა ნ. ნ-ი სკოლაში. თუ შესაძლებელი იყო, სასამართლოს უნდა გამოეთხოვა მოსწავლის პირადი საქმე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დაბადების ჩანაწერის ბათილად ცნობით ნ. ნ-ს ზიანი არ ადგებოდა.
საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ნ. ნ-ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და სარგებლობდა 2008 წლის 21 მარტს გაცემული #... პასპორტით, რომელიც 2008 წლის 18 მარტს გაცემული #... პირადობის მოწმობას ემყარებოდა და მასში ნ. ნ-ის დაბადების თარიღად ... წელი იყო მითითებული. საკასაციო სასამართლო დაეთანხმა კასატორის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ნ. ნ-ს საზღვარგარეთ ყოფნისას და გადაადგილებისას, ასევე საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლო იყო, პრობლემები შექმნოდა, რაც ადასტურებდა მის უშუალო და კანონიერ ინტერესს სადავო ჩანაწერის აღდგენასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, საქმეში წარმოდგენილის გარდა, ხომ არ არსებობდა საქართველოში ნ. ნ-ის სახელზე გაცემული სხვა დოკუმენტებიც, მაგ. უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მართვის მოწმობა ან სხვა მსგავსი და რა მონაცემები იყო მოსარჩელის შესახებ მათში ასახული, რაც სასამართლოს გაუადვილებდა ნ. ნ-ის დაბადების თარიღის თაობაზე სწორი ინფორმაციის შეგროვებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე, სააპელაციო პალატის საოქმო განჩინებით, გარდაბნის რაიონის ...ის საშუალო სკოლიდან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ნ. კ. ნ-ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი …წწ). ასევე, იმავე საოქმო განჩინებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...დან გამოთხოვილ იქნა საკომლო წიგნის ჩანაწერები კ. ვ. ნ-ის და რ. ნ-ის ოჯახთან დაკავშირებით 1970 წლიდან 1980 წლის ჩათვლით, კომლის წევრთა დაბადების თარიღის მითითებით.
ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის #MES 7 18 00169094 წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ სკოლის მოსწავლეების პირადი საქმეების სამინისტროს არქივში დაცული არ არის. ასევე, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის 2018 წლის 16 აპრილის #MES 6 18 00420624 წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ მოქალაქე ნ. კ. ნ-ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი …წწ) სკოლაში არ იძებნება. ამასთან, წერილს თან ერთვის სოფელ ...ის საშუალო სკოლის განათლების ატესტატების გაცემის წიგნის დამოწმებული ასლი იმის დასადასტურებლად, რომ ნ. კ. ნ-ის სახელზე … სასწავლო წელს გაცემულია ატესტატი. თუმცა, მითითებული წიგნის მეორე გვერდიდან დგინდება, რომ ნ. კ. ნ-ზე გაცემულია დუბლიკატი, ამასთან, იმავე დოკუმენტში, სხვა მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ატესტატები მიიღეს და მითითებულია მათი დაბადების რიცხვი, თვე და წელი, ნ. ნ-ის გრაფაში ასეთი მონაცემები - მისი დაბადების თვე, რიცხვი და წელი საერთოდ არ არის მითითებული. ასევე, სხვა მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებთან დაკავშირებითაც მითითებულია, თუ რომელ მოსწავლეს სხვადასხვა საგნებში რა ნიშნები გამოჰყვათ, ნ. ნ-ის მიმართ ასეთი მონაცემებიც საერთოდ არ არის დაფიქსირებული.
სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 15 თებერვლის #15/29030 წერილი (მომართვა) სააპელაციო სასამართლოს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის (დოკუმენტში ასეა მითითებული) 1967-1970 წლების, ასევე 1971-1973 და 1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში კომლის უფროსად მითითებულია კ. ვ. ნ-ი, დაბადებული ... წელს. მისი კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ცოლი რ. ა. ნ-ი, დაბადებული ... წელს და 2. შვილი ნ. კ. ნ-ი, დაბადებული ... წელს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული 1967-1970, 1971-1973 და 1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები ცალსახად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ნ. კ. ნ-ი დაბადებულია არა ..., არამედ ... წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ... წელს დაბადებული მოსარჩელე მოხვედრილიყო დაბადებამდე არსებულ 1967-1970, 1971-1973 და 1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტა, რომ კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავო იყო, რომ ნ. ნ-ის დაბადების შესახებ არსებობდა ორი სრულიად განსხვავებული სააქტო ჩანაწერი, რაც უდავოდ ადასტურებდა, რომ ერთ-ერთი ჩანაწერი (სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ... წლის სააქტო ჩანაწერი) გაცემული იყო სწორედ დაინტერესებული პირების, სავარაუდოდ მოსარჩელის მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის, არასწორად მიწოდებული მონაცემის საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნ. ნ-ს ... წლის სააქტო ჩანაწერის მიმართ ვერ ექნება კანონიერი ნდობა, ვინაიდან იგი გაცემული იყო დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების შედეგად. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, თუნდაც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას იმ შემთხვევაში, თუ იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ დაბადების აქტის ორი ჩანაწერიდან გაუქმდებოდა აშკარად კანონიერი სააქტო ჩანაწერი და ძალაში დარჩებოდა მეორე უკანონო სააქტო ჩანაწერი მხოლოდ იმის გამო, რომ ის წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს და მოსარჩელეს კანონიერი ნდობა ჰქონდა მის მიმართ, ამ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა სახელმწიფო და თუნდაც საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას, ვინაიდან ასეთი რამ არ გამომდინარეობს არც საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და არც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კანონიერი ნდობის არარსებობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ კასატორის მშობლების მიერ არასწორი ინფორმაციის შესაბამისი ორგანოსათვის მიწოდება უკანონობას წარმოადგენდა, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რადგან ნ. ნ-ია დაინტერესებული მხარე და არა მისი მშობლები. თუკი უკანონო მოქმედებად სასამართლო ... წლის ჩანაწერის შედგენას მიიჩნევს, იგი შეადგინა ადმინისტრაციულმა ორგანომ და არა მისმა მშობლებმა. კასატორი განმარტავს, რომ იგი ... წელს დაიბადა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც უხვად არის წარმოდგენილი საქმეში.
კასატორი აღნიშნავს, რომ იმ ... წლის სააქტო ჩანაწერის უკანონობისა და ... წლის ჩანაწერის კანონიერების დადგენის შემთხვევაშიც კი, ... წლის ჩანაწერის გაუქმების უფლება მაინც არ ჰქონდა, რამდენადაც დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, ხოლო სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესს არ ადგება არანაირი ზიანი, რადგან დაბადების წელი, თვე და რიცხვი არის კონკრეტული პირის პირადი ინფორმაცია.
კასატორი მთავარ არგუმენტაციას ამყარებს აპოსტილით დამოწმებული დაბადების სააქტო ჩანაწერის ნამდვილობაზე, ზოგადი განათლების ატესტატის, მოწმეთა ჩვენების, დაბადების სააქტო ჩანაწერის (... წ.), ავტომობილის მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის და დღეს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტის მონაცემებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. და კ. ნ-ის ჩვენებებთან გაკეთებულ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიცემული ჩვენებების უსწორობას. ორივე მშობელმა მიუთითა ნ. ნ-ის დაბადების ერთსა და იმავე თარიღზე, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება.
კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ სასამართლომ ნ. ნ-ის სახელზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატი ისევ არადამაჯერებელ მტკიცებულებად ჩათვალა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ხანდაზმულობის გამო არ აღმოჩნდა მოსწავლის პირადი საქმე, სადაც ნ. ნ-ის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია იქნებოდა ასახული. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს ატესტატის უკანონობას, ამასთან, ვერ უთითებს, თუ რატომ უნდა იქნეს მიჩნეული ნ. ნ-ის სახელზე გაცემული სასკოლო ატესტატი არასათანადოდ.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მისცა სამართლებრივი შეფასება საქმეში მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ლეგალიზაციის და აპოსტილის სამმართველოს მიერ ნ. ნ-ის სახელზე გაცემული დაბადების მოწმობის შესაბამისობას გარდაბნის სამსახურში დაცულ მონაცემებთან. ფაქტობრივად, ნ. ნ-ს მისი დაბადების მონაცემების სისწორეს უდასტურებს შესაბამისი სამსახური, რაც ეცნობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს. ნ. ნ-ის სახელზე ... წელს გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე კასატორს მიღებული აქვს ატესტატი, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რითიც იგი დღესაც გადაადგილდება. კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მას სააქტო ჩანაწერის მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა.
ამასთან, კასატორი მიუთითებს გარდაბნის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ შესრულებული #41 სააქტო ჩანაწერის საფუძვლად მითითებული სამშობიარო ცნობის მოძიების შეუძლებლობაზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ცნობა შესაძლოა სიძველის გამო განადგურდა და ადმინისტრაციული ორგანო გათავისუფლებულია აქტის კანონიერების მტკიცების მოვალეობისაგან, არ უნდა იქნეს მიჩნეული საფუძვლიანად. აღნიშნული დოკუმენტის არსებობისა და შემდგომ მისი განადგურების ფაქტი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით.
კასატორი აგრეთვე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლო საკომლო წიგნის ჩანაწერებს დაეყრდნო, რომელიც გამოთხოვილ იქნა საქართველოს ეროვნული არქივიდან. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში ეროვნული არქივიდან წარდგენილია ორი ცნობა, ერთი სასამართლოს მიერ გამოთხოვილი და მეორე კასატორის მიერ წარდგენილი (სადაც ნ. ნ-ის დაბადების თარიღად აღნიშნულია ... წელი), რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებს შეიცავდა, კასატორისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლო მისი მშობლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რატომ ეყრდნობა გაურკვეველი წარმომავლობის საკომლო წიგნის ჩანაწერებს, რადგან დაბადების ფაქტის დადგენის დროს სასამართლო სწორედ მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა და არა დოკუმენტის მონაცემებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩანაწერების ნამდვილობა სადავოდ არის გამხდარი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების კანონიერების შემსწავლელი შესაბამისი ორგანო დღეს არ არსებობს. სასამართლოს კი არ მიუთითებია რომელიმე ნორმატიულ აქტზე, რომლითაც რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო ატარებდა ადმინისტრაციულ წარმოებას და ავსებდა საკომლო წიგნებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით საკომლო წიგნის ჩანაწერები არ ითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და ამიტომ, მისი უტყუარობის პრეზუმფციაც არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასააბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის #... გადაწყვეტილების, ნ. ნ-ის 2014 წლის 3 სექტემბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 23 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების, ნ. ნ-ის სახელზე ... წლის ... ...ს გარდაბნის რაიონის ...ის ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებული #41 დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობაზე უარის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის #...გადაწყვეტილებისა და ნ. ნ-ის 2014 წლის 16 ოქტომბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის #... გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ნ-ის (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრირებული იყო ორი დაბადების აქტის ჩანაწერი: 1) გარდაბნის რაიონის ...ის ს/საბჭოს ... წლის ... ...ის #41 აქტი და 2) გარდაბნის ...ის განყოფილების ... წლის ... ...ის #410 აქტი. ასევე დადგენილია, რომ ნ. ნ-ი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს სხვადასხვა დროს ფლობდა დაბადების თარიღით „...“ და დაბადების თარიღით „...“. ამასთან, 2008 წლიდან პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ფლობა დაფიქსირდა დაბადების თარიღზე „...“.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ... წლის ... ...ს გარდაბნის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ #41 დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს მოქმედებდა „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 21 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსი. მითითებული კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას აწარმოებდნენ: ქალაქებსა და რაიონებში - მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერი საქალაქო და სარაიონო ბიუროები, ხოლო სოფლად და დაბებში - მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოები. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაბადება რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს ერთი თვისა ბავშვის დაბადების დღიდან. იმავე მუხლში მითითებულია, რომ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხდებოდა მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის განცხადების საფუძველზე, ხოლო თუ ავადმყოფობის, სიკვდილისა თუ სხვა მიზეზის გამო მათ არ შეეძლოთ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენა, დაბადების რეგისტრაცია ხდებოდა ნათესავების ან სხვა ისეთი პირების განცხადებით, რომელთა მზრუნველობაშიც იმყოფებოდა ბავშვი. ბავშვის დაბადების ფაქტი ამავე მუხლის თანახმად, დადასტურებული უნდა ყოფილიყო ქალაქებში, დაბებში, სარაიონო ცენტრებში და იმ სასოფლო საბჭოებში, სადაც სამკურნალო პუნქტები იყო ექიმის მოწმობით, ხოლო სხვა ადგილებში - სასოფლო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის ან რწმუნებულის მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ... წლის ... ...ს გარდაბნის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულ #41 დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნული აქტი რეგისტრირებული იყო მისი რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1930 წლის 21 იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 120-ე და 130-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, 1975 წლის 8 დეკემბერს მოქმედი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის #133 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-20 მუხლის თანახმად, დაბადების აქტის რეგისტრაციისას წარდგენილი უნდა ყოფილიყო ცნობა სამშობიარო სახლიდან ან ექიმის ცნობა და მშობელთა ქორწინების მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში კი, ნ. ნ-ის მიმართ ... წლის ... ...ს რეგისტრირებული დაბადების აქტის #410 ჩანაწერში არაფერია აღნიშნული ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ეწინააღმდეგება მისი რეგისტრაციისას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, საგულისხმოა, რომ საკასაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე, სააპელაციო პალატის საოქმო განჩინებით, გარდაბნის რაიონის ...ის საშუალო სკოლიდან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ნ. კ. ნ-ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი …წწ). ასევე, იმავე საოქმო განჩინებით, გარდაბნის რაიონის სოფელ ...დან გამოთხოვილი იქნა საკომლო წიგნის ჩანაწერები კ. ვ. ნ-ის და რ. ნ-ის ოჯახთან დაკავშირებით 1970 წლიდან 1980 წლის ჩათვლით, კომლის წევრთა დაბადების თარიღის მითითებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის #MES 7 18 00169094 წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ სკოლის მოსწავლეების პირადი საქმეების სამინისტროს არქივში დაცული არ არის. ასევე, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის საჯარო სკოლის 2018 წლის 16 აპრილის #MES 6 18 00420624 წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ მოქალაქე ნ. კ. ნ-ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი …წწ) სკოლაში არ იძებნება. ამასთან, წერილს თან ერთვის სოფელ ...ის საშუალო სკოლის განათლების ატესტატების გაცემის წიგნის დამოწმებული ასლი იმის დასადასტურებლად, რომ ნ. კ. ნ-ის სახელზე …სასწავლო წელს გაცემულია ატესტატი. თუმცა, მითითებული წიგნის მეორე გვერდიდან დგინდება, რომ ნ. კ. ნ-ზე გაცემულია დუბლიკატი, ამასთან, იმავე დოკუმენტში, სხვა მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ატესტატები მიიღეს და მითითებულია მათი დაბადების რიცხვი, თვე და წელი, ნ. ნ-ის გრაფაში ასეთი მონაცემები - მისი დაბადების თვე, რიცხვი და წელი საერთოდ არ არის მითითებული. ასევე, სხვა მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებთან დაკავშირებითაც მითითებულია, თუ რომელ მოსწავლეს სხვადასხვა საგნებში რა ნიშნები გამოჰყვათ, ნ. ნ-ის მიმართ ასეთი მონაცემებიც საერთოდ არ არის დაფიქსირებული.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 15 თებერვლის #15/29030 წერილი (მომართვა) სააპელაციო სასამართლოს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის (დოკუმენტში ასეა მითითებული) 1967-1970 წლების, ასევე 1971-1973 და 1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში კომლის უფროსად მითითებულია კ. ვ. ნ-ი, დაბადებული ... წელს. მისი კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ცოლი რ. ა. ნ-ი, დაბადებული ... წელს და 2. შვილი ნ. კ. ნ-ი, დაბადებული ... წელს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მითითებული 1967-1970, 1971- 1973 და 1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები ცალსახად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ნ. კ. ნ-ი დაბადებულია არა …, არამედ - … წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია, რომ … წელს დაბადებული მოსარჩელე მოხვედრილიყო მის დაბადებამდე არსებულ 1967-1970, 1971-1973 და 1973-1975 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე დ. მ-ს 06.12.2018წ. #3 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. მ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. დ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე 06.12.2018წ. #3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი