Facebook Twitter
საქმე №ბს-606(კ-19) 16 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. მ-მა 2018 წლის 10 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტისათვის მოსარჩელე ი. მ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების (საშემოსავლოს გათვალისწინებით) - 1372,05 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელე ი. მ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების (საშემოსავლოს გათვალისწინებით) – 1372,05 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ი. მ-მა სარჩელი თანხის მოთხოვნის შესახებ შეიტანა 2018 წლის 10 აპრილს, ამიტომ მასზე ვრცელდება ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელშიც ძველი სახელფასო დავალიანებები აღარ არის აღიარებული, შესაბამისად, აღნიშნულ უფლებაზე ვრცელდება საერთო ხანდაზმულობის ვადები.
კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლისა და 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის გათავისუფლდა მოსარჩელე სამსახურიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-1999-2000 წლების პერიოდის მიუღებელ ხელფასს, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას ვალის აღიარების ნაწილში, რადგან შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 19 მარტის წერილი არ არის აღიარება იმის თაობაზე, რომ სამინისტროს აქვს დავალიანება მის წინაშე. ასეთი შეუძლებელიცაა იმის გამო, რომ მოპასუხის სტრუქტურულ ერთეულს არ აქვს მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ვალის არსებობის აღიარების ნამდვილობის წინაპირობები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, „იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას“. მხარის მიერ აღიარებად მიჩნეული 2018 წლის 19 მარტის №640089 წერილით პირს მიეწოდება ინფორმაცია საჯარო ორგანოში მის შესახებ არსებულ კონკრეტულ ინფორმაციაზე და აღნიშნული არ უნდა განიმარტოს, როგორც ვალის აღიარება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად ვალის აღიარება არის ხელშეკრულება, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის კი აუცილებელია ნების გამოვლენა განხორციელდეს საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2014 წლის 13 მარტის №ბს-537-518(კ-13) გადაწყვეტილებაში. კერძოდ, სასამართლოს აზრით, „ცნობა ვერ იქნება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად მიჩნეული. ცნობა ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნის მომენტში, რაც თავისთავად დავას არ იწვევს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. ცნობა არ შეიცავს მითითებას ისეთ არსებით პირობებზე, როგორიცაა შესრულების ვადა, ცნობა საერთოდ არ შეიცავს ანაზღაურების დაპირებას“. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად უთითებს მოთხოვნის არსებობის აღიარებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა და მისი თავიდან დაწყება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პლატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება, რაც იმავე კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს ფაქტისა და ვალის აღიარება, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო ვალის აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული 2018 წლის 19 მარტის ცნობა არ არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, ადმინისტრაციული ორგანო არა მხოლოდ დავალიანების რაოდენობას ადასტურებს, არამედ გამოთქვამს მზადყოფნას ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული. აღნიშნულიდან გამომდინარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლით ვალდებულების კანონისმიერი აღიარების განსახილველ შემთხვევაზე გავრცელების დასაბუთებულობაზე მსჯელობა აღარ არის რელევანტური, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად დაადასტურა დავალიანების არსებობა და გამოთქვა მის ანაზღაურებაზე მზადყოფნა, რაც მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას ნიშნავს და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის უპირობო საფუძველია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი დაფინანსების არარსებობა არ გამორიცხავს სამინისტროს მხრიდან დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების (სუს. გ. საქმე №ბს-1455(კ-18) 20.06.2019წ.) არსებობის პირობებში კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. სხირტლაძე