საქმე №ბს-1523(2კ-18) 26 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოპასუხე); 2. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ა“ (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...ამ“ 2016 წლის 24 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს №… ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს №... ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ძირითად საფუძვლად მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ: სალიცენზიო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიცენზია გაიცეს იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელსაც აქვს ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება. დღეისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ გასცემს მსგავსი ტიპის ლიცენზიებს. ის, რომ სადავო ლიცენზია 1999 წელს გაცემული იყო სამინისტროს მხრიდან, ვერ ჩაითვლება იმის წინა პირობად, რომ მისი აღიარება დღეისათვის სამინისტროს კომპეტენციაა. ლიცენზიის პირველადი სახით აღიარება, ანუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „...ას“ შორის ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის აღდგენა სამინისტროს მიერ შეუძლებელია, რადგან: ლიცენზიის ამ კონკრეტულ სახეობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს; სამინისტროს დღეისათვის არ აქვს კომპეტენცია, რომ ლიცენზიასთან დაკავშირებულ საქმიანობაში იყოს მხარე, რომელიც აღიარებს, გასცემს ან გააუქმებს ლიცენზიას. კასატორების მოსაზრებით ასევე გაურკვეველია იურიდიული ინტერესი და სამართლებრივი რეგულაცია, კერძოდ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, გაურკვეველი და სრულიად დაუსაბუთებელია რა სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იარსებოს დღეისათვის ამ საქმიანობამ, რომელსაც არ/ვერ შეეხება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგან საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები არ არსებობს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართლებრივი ნორმების იმგვარად გამოყენება და განმარტება, როგორც ეს სადავო გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული განაპირობებს მსგავსი ტიპის საქმეებზე არასწორი პრაქტიკის დამკვიდრებას. ამასთან, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს განმარტებული და გამოყენებული სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. სადავო საკითხი, ლიცენზიის მიზნობრიობის, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საჭიროებს სამართლის ნორმის სწორად გამოყენებასა და განმარტებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განიმარტოს განხორციელებული ცვლილება ავალდებულებდა თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ყველა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ასევე გასათვალისწინებელია, დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილების აღსრულება რამდენადაა შესაძლებელი, ან/და რომელი სამართლებრივი რეჟიმის ფარგლებში შეიძლება გაგრძელდეს ურთიერთობა ლიცენზიის მფლობელსა და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის. იმ პირობებში, როცა კანონით უკვე აღარ არის გათვალისწინებული კონკრეტული სარგებლობის ლიცენზია და ამავე კანონით რეგულირდება, რომ მხოლოდ იმ სარგებლობის ლიცენზიებს გაუგრძელდათ ვადა, რომელთა სახეობებიც მხოლოდ ამ კანონითაა გათვალისწინებული, რამდენად წარმოადგენს აუცილებელ პირობასა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების ვალდებულებას - შესაბამისი „დასაბუთებით“, რაც ასეთ შემთხვევებში იქნება მხოლოდ ისევ და ისევ ახალი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება. ამ შემთხვევაში არსებითან მნიშვნელოვანი ის კი არაა ფორმალურად და მატერიალური თვალსაზრისით ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემულ გადაწყვეტილებაში დასაბუთებად ახალი კანონი მიეთითება თუ არა, არამედ ის, თუ რა გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოს იმ სახეობის ლიცენზიასთან მიმართებაში, რომელიც კანონით აღარ არსებობს, როგორ უნდა გაგრძელდეს შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობები ასეთ შემთხვევებში. გასათვალისწინებელია, სახელმწიფოს მხრიდან იმ კონტროლის მექანიზმის არსებობაც, რომლითაც ის შეძლებს დაარეგულიროს არსებული სამართალურთიერთობები ან/და ის სამართალურთიერთობები, რომლებსაც დღეს მოქმედი კანონი აღარ ითვალისწინებს. თუ საქმე გვაქვს იმ პრეცენდენტთან, როცა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს აქვთ განჭვრეტადობის პრობლემა, ვერ აკმაყოფილებენ კანონის ხარისხის მოთხოვნებსა და მაღალ სტანდარტს, მაშინ, სწორი პრაქტიკისა და მსგავს საქმეებზე სწორი პრეცენდენტის დამკვიდრების მიზნით, მნიშვნელოვანია სწორი განმარტება და შეფასება მიეცეს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებს. შესაბამისად, კასატორების მოსაზრებით არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობები.
კასატორები ფიქრობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და შეფასებული შემდეგი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის სამმართველოს მიერ შპს „...აზე“, 1999 წლის 24 ნოემბრიდან 2024 წლის 24 ნოემბრამდე გაცემულ იქნა საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს N... ლიცენზია. განსაზღვრულ იქნა წყალსარგებლობის პირობები და შპს „...ას“ განესაზღვრა მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ტბაზე საერთო წყალსარგებლობა აღიარებული იქნებოდა ნებადართულად და შეუზღუდავად. როგორც წესი, ლიცენზიის არსებობა თავისთავად გულისხმობს პარალელურად შესაბამისი ვალდებულებების არსებობას, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, კერძოდ: შპს „...ამ“ აიღო ზემოაღნიშნული ვალდებულებები ... ტბის ობიექტთან დაკავშირებით. თუმცა დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს ნორმა, რომლის საფუძველზეც ის განახორციელებს შესაბამის საქმიანობას და შესაბამისად, აღარ არსებობს არც ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებები. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი 2005 წელს განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე აღარ ითვალისწინებს საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიას. ამდენად, მნიშვნელოვანია შეფასდეს და განიმარტოს ლიცენზიის მიზნობრიობა და დანიშნულება. ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. იმისათვის, რომ აღნიშნული საქმიანობა მოექცეს გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში და სახელმწიფოს ჰქონდეს მაქსიმალური კონტროლის საშუალება, რათა არ იქნეს დარღვეული საქმიანობის მიზნობრიობა, ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონი აწესებს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რის განსახორციელებლადაც პირს ესაჭიროება ლიცენზიის მოპოვება სახელმწიფოს მხრიდან და ბუნებრივი რესურსით სარგებლობის უფლების მიღება.
მოცემულ სადავო სამართალურთიერთობაში დასადგენია თუ რომელი სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებშია შესაძლებელი არსებობდეს შპს „...ის“ ლიცენზია, რომელიც უკავშირდებოდა წყლის ამოღების გარეშე, საკურორტო და სპორტული მიზნით ... ტბის წყლით სპეციალურ სარგებლობას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა. ხოლო, ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე იმ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაცემული ლიცენზია ან ნებართვა, რომელიც ამ კანონით რეგულირდება, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს კანონის საფუძველზე აღარ აქვთ შესაძლებლობა ჰქონდეთ სამართლებრივი ურთიერთობა შპს „...ასთან“, ვინაიდან აღარ არსებობს ლიცენზიის აღნიშნული სახეობა და აღარ არსებობს ამ ლიცენზიის ფარგლებში არსებული ვალდებულებები. შესაბამისად, 2005 წლიდან არ არსებობს საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის მარეგულირებელი ნორმები. არსებული რედაქციით, კანონის ძალაში შევლის დღიდან, არავინაა უფლებამოსილი მოითხოვოს იმ სახეობის ლიცენზიის აღება, რასაც აღარ ითვალისწინებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამავე კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებიდან, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მხოლოდ ის ლიცენზია, რომელ სახეობებსაც ითვალისწინებს აღნიშნული კანონი. როგორც ლიცენზიის აღება, ასევე სალიცენზიო პირობების, ვალდებულების შესრულება, წარმოადგენს სპეციფიკურ და თავისებურ პროცესს, როგორც ლიცენზიატის, ისე მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან, შესაბამისად, შეუძლებელია და არამიზნობრივია ყველა საქმიანობა რეგულირდებოდეს ლიცენზიით. ახალი კანონით სახელმწიფომ გაითვალისწინა იმ ლიცენზიათა სახეობები, რომლებიც მისთვის საზოგადოებრივი და სახელმწფებრივი ინტერესების გათვალისწინებით იყო პრიორიტეტული და ხელს უწყობდა ბუნებრივი რესურსის ოპტიმალურ და რაციონალურ გამოყენებას. ვინაიდან, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, აღარ ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის სარგებლობაში არსებული ლიცენზიის სახეობას, აღნიშნულმა ლიცენზიამ კანონში განხორციელებული ცვლილებით დაკარგა იურიდიული ძალა და ლიცენზიის მფლობელიც აღარ იბოჭება სალიცენზიო პირობების შესრულების ვალდებულებებით. რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად, ბუნდოვანია იურიდიული ინტერესის არსებობის დასაბუთებულობა, კერძოდ: კასატორებისთვის გაურკვეველია რა სამართლებრივ რეგულაციას უნდა დაექვემდებაროს საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობა, რომელზეც ვერ გავრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი აღიარების შემთხვევაში რომელი ადმინისტრაციული ორგანო რა მექანიზმით შეძლებს მის გაკონტროლებას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს კანონმდებლობის საფუძველზე აღარ გააჩნიათ სამართლებრივი შესაძლებლობა იმყოფებოდნენ რაიმე ურთიერთობაში მოწინააღმდეგე მხარესთან.
კასატორების მოსაზრებით ასევე ბუნდოვანია სააპელაციო სასამართლოს მიერ განმარტება და დამოკიდებულება კანონიერ ინტერესთან დაკავშირებით, კერძოდ: ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებებთან მიმართებით, რომელიც დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს (ლიცენზიის მფლობელს აღარ გააჩნია). ასევე გაუგებარია საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და აღიარებითი სარჩელის აღძვრის სამართლებრივი საფუძველი, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი და განმარტებული მოსარჩელის კანონიერი ინტერესი სამართალურთიერთობის არსებობის დადგენის ფაქტის მიმართ. აღნიშნული ინტერესი, მხოლოდ აღებული ვალდებულებების შესრულების მითითებით იქნა დასაბუთებული. ამგვარად, კასატორების მოსაზრებით საკასაციო სასამართლოს მიერ ასევე მნიშვნელოვანია განიმარტოს დაინტერესებული მხარის კანონიერი ინტერესის ფარგლები და მოცულობა, შეიძლება კი, რომ ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობების შესრულების ვალდებულებები ჩაითვალოს ლიცენზიის მფლობელის კანონიერ ინტერესად.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფას „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დღეისათვის დადგენილი სამართლებრივი რეგულაციები, კერძოდ: სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა გაზიარებული შპს „...ის“ პოზიცია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონთან ურთიერთმიმართებაში, რომ სწორედ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონია წყარო - წყალთან, როგორც ბუნებრივი რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული არასწორი მიდგომა და განმარტებაა ამ ორ კანონთან მიმართებაში, რადგან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულია ზოგადი წესი, თუ რომელ კონკრეტულ რესურსზე ესაჭიროება ლიცენზია პირს, ხოლო შემდგომ ამისა, სპეციალური ნორმებით, შესაბამისი მიზნობრიობის გათვალისწინებით, მათ შორის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით უკვე დეტალურად რეგულირდება სამართლებრივი ურთიერთობები სახელმწიფოსა და კონკრეტულ სუბიექტს შორის. ამგვარად, არსებობს რესურსებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რომელიც ზოგადად მოიცავს რესურსების ათვისებასთან, დაცვასა და მიზნობრივად სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ხოლო კონკრეტული რესურსის მოპოვების, ან სარგებლობის ლიცენზიის არსებობა უკვე სხვა სამართლებრივ ფარგლებში წესრიგდება, კერძოდ: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ლიცენზიის არსებობა/არარსებობა დამოკიდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებზე. ფაქტი, რომ შპს „...აზე“ 1999 წელს გაცემული ლიცენზია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზეა გაცემული, დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს ამ ურთიერთობის ავტომატურად არსებობის სამართლებრივ საფუძველს ან/და მავალდებულებელ გარემოებას, რომ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები, მარეგულირებელი ნორმის არარსებობის პირობებში, იმყოფებოდნენ აღნიშნულ სამართლებრივ რეჟიმში შპს „...ასთან“. არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზიის გაცემა შეუძლებელია. ამასთან, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი, დღეისათვის უკვე მიუთითებს წყალსარგებლობის ზოგად ხასიათსა და წესზე, თუმცა არა იმ მიზნითა და დანიშნულებით, რომლითაც წყალსარგებლობის უფლება 1999 წელს მიენიჭა შპს „...ას“.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: წყალსარგებლობა არის წყლის რესურსების გამოყენება სასმელი, საყოფაცხოვრებო-კომუნალური, სამრეწველო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, სამეცნიერო, კულტურული, რეკრეაციული, ბალნეოლოგიური, სპორტის, ტურიზმის და სხვა მიზნებისთვის ტექნიკური საშუალებებით ან უამისოდ. ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით: წყალმოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შპს „...ას“, წყალმოსარგებლის სტატუსი გაუჩნდა კონკრეტული ლიცენზიის მიღების შედეგად, შესაბამისად, მხოლოდ ლიცენზიის არსებობის ფარგლებში იქცა ... ტბა წყალმოსარგებლედ, დღეისათვის შპს „...ა“ არ არის და ვერ იქნება წყალმოსარგებლე იმავე ლიცენზიის ფარგლებში, რადგან ლიცენზიის სახე, რომლითაც მან მიიღო უფლება სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელების მიზნით აღარ არსებობს. შესაბამისად, აღარ არსებობს მისი, როგორც წყალმოსარგებლის უფლება და ამასთანავე, ვალდებულებებიც. ამასთან, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წყალსარგებლობა ხორციელდება საერთო და სპეციალური წყალსარგებლობის ფორმით. ამავე კანონის 32-ე და 33-ე მუხლებში მითითებულია სამართლებრივი მოწესრიგება თითოეული ფორმის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, შპს „...ას“ სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს N... ლიცენზიით მოწესრიგებული ურთიერთობა, თავისი მიზნობრიობიდან, ეკონომიკური სარგებლის მიღებიდან გამომდინარე, ვერ მოექცევა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო წყალსარგებლობის დეფინიციაში, რაც გულისხმობს, რომ საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური) სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე. საერთო წყალსარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს უმარტივესი ნაგებობებითა და მოწყობილობებით (გუბურა, მიწისქვეშა წყლების შახტური ჭა და სხვა), რომლებიც განლაგებულია ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე. საერთო წყალსარგებლობა უფასოა. საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება ლიცენზიის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონებით მოწესრიგებული საკითხები შემხებლობაში ვერ იქნება სადავო საკითხთან, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ბუნებრივი რესურსის ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტულ საქმიანობებზე შესაბამისი სარგებლობის/საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს, ხოლო „წყლის შესახებ“ კანონი აწესრიგებს სოციალური, არასამრეწველო/არაკომერციული მიზნით წყალსარგებლობის წესსა და პირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონში განხორციელებულმა ცვლილებამ თავისთავად განაპირობა სადავო სამართალურთიერთობის არარსებობა, კანონისმიერი ჩანაწერით ავტომატურად ჩაითვალა, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს შპს „...აზე“ სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს N... ლიცენზიით გათვალისწინებული არანაირი უფლება და ვალდებულებები. ამასთან, სახელმწიფოს აღარ გააჩნია, არანაირი კონტროლის მექანიზმი და სამართლებრივი საფუძველი კონკრეტულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიიღოს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება. შესაბამისად, გაუგებარი და დაუსაბუთებელია, რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა მიეკუთვნოს შესაბამისი ვადით, ... ტბის წყლით სარგებლობის უფლება შპს „...ას“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი აღძრულია სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს მიერ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის 2000 წლის 27 სექტემბერს, 24 წლის ვადით გაცემული სერია სს №... ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება. აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის კანონისმიერი საფუძველი იყო „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. მოსარჩელის მიერ მოპოვებული 2000 წლის 27 ნოემბრის სერია სს N... ლიცენზია წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ აღმჭურველი ხასიათის პირობადადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დამატებითი განსაზღვრებების დადგენით დაიშვება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ამ აქტის გამოცემის კანონისმიერი პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დამატებითი განსაზღვრებების დადგენით, კერძოდ, ძალაში შესვლის ან მოქმედების შეწყვეტის წინაპირობებით (პირობადადებული, მოდიფიცირებული აქტი), რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შედეგის დადგომას უკავშირებს გარკვეული პირობების შესრულებას, მოსალოდნელი მოვლენის დადგომას. 2000 წლის 27 ნოემბრის N... ლიცენზია ითვალისწინებს, რომ შპს „...ამ“ საქმიანობა უნდა განახორციელოს: 1. ... ტბის წყლის რესურსებით სარგებლობა (წყლის ამოღების გარეშე) საკურორტო-სარეკრეაციო-სპორტული მიზნით; 2. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში პასუხისმგებელია „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებაზე; 3. გარემოსდაცვით და ეკოპოლიტიკის ორგანოებთან ერთად ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ტბაზე, ასევე მის წყალდაცვით ზოლში. 4. ტბის საერთო წყალსარგებლობის ან მისი შეზღუდვის პირობების შემუშავება და შეთანხმება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ტბაზე საერთო წყალსარგებლობა აღიარებული იქნება ნებადართულად და შეუზღუდავად. ამავე ლიცენზიით შპს „ლ…ას“ დაუდგინდა შემდეგი ვალდებულება: ისარგებლოს წყლის ობიექტებით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის და ფარგლებში; უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად; არ დაუშვას სხვა წყალმოსარგებლეთა უფლებების დარღვევა და სამეურნეო თუ ბუნებრივი ობიექტებისათვის ზიანის მიყენება; თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, წყალმოსარგებლე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი კანონით დადგენილი წესით; წესრიგში იქონიოს ტექნიკა და ტექნიკური მოწყობილობანი, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე, გააუმჯობესოს მათი საექსპლუატაციო ხარისხი; წარუდგინოს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიანი საინფორმაციო სახელმწიფო ფონდების ნებისმიერი ინფორმაცია წყალსარგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დაუბრკოლებლად დაუშვას სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები თავის აღჭურვილობაზე, ნაგებობებსა და მოწყობილობებზე. მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საკონტროლო ორგანოებს ან მათ წარმომადგენლებს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; განუხრელად დაიცვას საქმიანობის უსაფრთხოების წესები; წყალმოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების სხვა მოთხოვნებიც.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2000 წლის 27 ნოემბრის N... ლიცენზიის დამატებითი განსაზღვრებები არ ეწინააღმდეგება იმ ნორმატიული აქტის მიზნებს, რომლის საფუძველზეც ის გამოიცა. აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ითვალისწინებს შპს „...ისთვის“ განსაზღვრულ უფლებებს და ვალდებულებებს, 2005 წლის ახალი რეგულაციების მიღების შემდგომ, მოსარჩელეზე გაცემული ლიცენზიის იურიდიული ძალმოსილების საკითხი ეჭვქვეშ არ დამდგარა ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2016 წლამდე. უფრო მეტიც, კომპანია სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების თანდასწრებითა და კონტროლით, ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა კონკრეტულ საქმიანობას; სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეთა შორის დგებოდა სამუშაოს შესრულების შესახებ აქტები; დასტურდება ლიცენზიის ფარგლებში მხარეთა შორის ხშირი კომუნიკაცია, რაც უტყუარად ადასტურებს მხარეთა შორის საკურორტო (წლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს №... ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. ამდენად, 2000 წლის 27 ნოემბრის №... ლიცენზია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად ან ძალადაკარგულად არ ყოფილა ცნობილი, იგი არც ახალი კანონით გაუქმებულა. საგულისხმოა ასევე, რომ 2005 წელს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისას „წყლის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლით (წყალსარგებლობის ლიცენზია) გათვალისწინებული ნორმის შინაარსი არ შეცვლილა და 2000 წლის 27 ნოემბრის ლიცენზიის გაცემისას მოქმედი რედაქციით არსებობდა 2013 წლის 25 მარტის №494 კანონით განხორციელებულ ცვლილებამდე. შესაბამისად, ლიცენზიით თავდაპირველად დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა წლების მანძილზე იყო უცვლელი და მასზე გავლენა არ მოუხდენია 2005 წელს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. ამასთან, სახელმწიფოს წყალსარგებლობის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება აღარ გააჩნია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 25 მარტის №494 კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე. თუმცა, ამავე კანონის პირველი მუხლის 46-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლს (ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები) დაემატა „ჰ.ე“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ცვლილებით საქართველოს მთავრობას 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა მოემზადებინა და საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლითაც აღდგებოდა წყალსარგებლობის სფეროში შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების აღების ვალდებულება. აღნიშნული ადასტურებს, რომ წყლის რესურების მართვის სფეროში უფლებააღმჭურველი აქტების გაცემის უფლებამოსილება შეჩერებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის მიღებამდე და ამ ეტაპზე წყალსარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილების არარსებობა კეთილსინდისიერი მმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება გახდეს კანონით დადგენილი წესითა და კონკრეტული ვადით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.
საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის 2000 წლის 27 სექტემბრის სერია სს №... ლიცენზიის - აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმალური ან სამართლებრივი კანონიერება. ასევე სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი, რომ სადავო ლიცენზია, როგორც უფლება აღმჭურველი აქტი, გაუქმებულია ან ასეთი გაუქმება მოხდა კომპანიის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევით ან კომპანიის მხრიდან ლიცენზიაზე უარის თქმის საფუძველზე კანონით დადგენილი წესით. გარდა იმისა, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს სადავო საკითხთან მიმართებაში ხაზგასმით მიუთითებს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი აქტის ძალმოსილების საკითხის დადგენა. ადმინისტრაციული სამართალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იურიდიული ძალის დაკარგვის წინაპირობად მიიჩნევს მის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას. განსახილველ შემთხვევაში არც ერთი დასახელებული წინაპირობა არ არსებობს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით და ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, არ არსებობს კასატორების მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობა, რომლის თანახმად, სასამართლოს უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობაზე. ასევე, კასატორების მიერ მითითებული გარემოება, რომ კანონი აღარ ითვალისწინებს იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, არ შეიძლება გახდეს პირისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის საფუძველი. საკასაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი გახდეს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი თუ კასატორები დაასაბუთებდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას. აღნიშნული გარემოებების დაუდასტურებლობის პირობებში კი, დაცვის ღირსია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების აქტისა და მოქმედებების კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი აქტით გათვალისწინებული ურთიერთობის და მოქმედების გაუქმებისაგან. ამდენად, არსებობს შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოხატული კანონიერი ნება 24 წლის მანძილზე მოსარჩელის შესაბამისი უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვის შესახებ, რომლის კანონით დადგენილი წესით შეცვლა, გაუქმება ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ დასტურდება. ამგვარად, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებულია რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით და კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან დასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოსარჩელის უფლების დაცვის გარემოებების არსებობა. ამასთან, მოსარჩელის მიმართ ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს და სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებაზე უარით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არათანაზომიერია და ვერ გადაწონის ის ინტერესი, რომელზეც კასატორები მიუთითებენ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე