Facebook Twitter
ბს-780-780 (კ-18) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…მა“ 29.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 06.07.2016წ. №QN1413524 გადაწყვეტილების მე-2 დანართის მე-10 პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 06.07.2016წ. №QN1413524 გადაწყვეტილების მე-2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს „…ს“ დაევალა თხრილის ზომის მიუხედავად, …ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა. არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც შპს „…ს“ დაევალა ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარის მოწყობა ასფალტის ნიშნულის არსებული ბორდიურის ნიშნულზე მიყვანით, წყლის მოცილების გათვალისწინებით, არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭირობის შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით.
გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, მიუთითებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის” მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობებს და შეზღუდვებს და ადგენს, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით მართებულად გამოიცა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 06.07.2016წ. №QN1413524 გადაწყვეტილება, მათ შორის, კანონიერია ამავე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით დადგენილი პირობა, რომლის თანახმად შპს „…ს“ დაევალა თხრილის ზომის მიუხედავად, …ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა ნიშნულის არსებული ბორდიურის ნიშნულზე მიყვანით, წყლის მოცილების გათვალისწინებით, არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭირობის შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. შპს „…ი“ არ ეთანხმება ახალი ასფალტის საფარის მოწყობას ტროტუარის მთლიან ფართზე და ითხოვს ახალი ასფალტის საფარის მოწყობის დავალებას მხოლოდ თხრილის ნაწილში. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს ასფლატის საფარის დარჩენილი ნაწილის დაზიანებასაც, რაც ზიანის მომტანი იქნება მუნიციპალიტეტის და მოსახლეობისთვის. გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილი გამოიცა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვით, რის გამოც არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „…ის“ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 06.07.2016წ. №QN1413524 გადაწყვეტილების მე-2 დანართის მე-10 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლის თანახმად შპს „…ს“ დაევალა თხრილის ზომის მიუხედავად, …ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ასფალტის ნიშნულის არსებული ბორდიურის ნიშნულზე მიყვანით, წყლის მოცილების გათვალისწინებით, არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც შპს „…ს“ დაევალა თხრილის ზომის მიუხედავად, …ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო და საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა შპს „…ის“ მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 06.07.2016წ. №QN1413524 გადაწყვეტილების მე-2 დანართის მე-10 პუნქტის ბათილად ცნობის მართებულობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „…ს“ დაევალა თხრილის ზომის მიუხედავად, …ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას თხრილის ზომის მიუხედავად, …ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის დავალების კანონშეუსაბამობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.12.2014წ. №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის” მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი ადგენს ტროტუარის აღდგენის ვალდებულებას თხრილის ფარგლებში. დდაგენილების აღნიშნულ მოთხოვნას ეწინააღმდეგება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 06.07.2016წ. №QN1413524 გადაწყვეტილების მე-2 დანართის მე-10 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც შპს „…ს“ დაევალა თხრილის ზომის მიუხედავად ….ის ქუჩაზე ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა. ადმინისტრაციული აქტით დაწესებული პირობა ზიანს აყენებს შპს „…ის“ კანონიერ უფლებს და ინტერესს, ამასთანავე, არ შეიცავს დამატებითი შეზღუდვის დაწესების დასაბუთებას. კასატორი ვერ ასაბუთებს მუნიციპალიტეტის და მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას. ზოგადი მითითება კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს აქტის დასაბუთების ვალდებულებისგან, დასაბუთება უნდა იყოს კონკრეტული და ემყარებოდეს საქმის გარემოებებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. არ დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების ნორმათა დაცვით, რაც მართებულად გახდა მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ დასტურდება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოსაზრებების მართებულობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2018წ. გაჩინება;
3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/ნ 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, კერძოდ, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/ნ 205296375) მიერ 31.05.2018წ. №01375 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს/ნ 205296375) მიერ 07.06.2018წ. N№01436 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 150 ლარიდან - 60 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი