Facebook Twitter
№ბს-1360(2კს-19) 19 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - 1. ნ. კ-ე
2. ზ. ყ-ი

მოსარჩელე - ტ. კ-ი

მოპასუხეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით) - ლ. კ-ი; ლო. კ-ი

დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება





ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 5 ივლისს ტ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის დადგენილების №000731 და ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 16 ივნისს გამოწერილი №4-5 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა მოითხოვა.
2016 წლის 29 აგვისტოს ტ. კ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ საბოლოოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №000731 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ივლისის №1-1354 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ტ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. კ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. კ-ი და ლო. კ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. კ-ე და ზ. ყ-ი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ს/კ ... ამონაწერით ირკვეოდა, რომ 2016 წლის 10 ივნისიდან აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეები იყვნენ ლ. და ლო. კ-ები, რომლებსაც 2016 წლის 7 ივნისს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცათ აღნიშნული ქონება, ხოლო შემდეგ მათ 2019 წლის 4 თებერვალს მითითებული უძრავი ქონება მიყიდეს ნ. კ-ეს; ასევე აპელანტის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვეოდა, რომ უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით ...) 2019 წლის 7 თებერვალს დარეგისტრირდა ზ. ყ-ის სახელზე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენდა ნ. კ-ის და ზ. ყ-ის ინტერესზე, რადგან ადმინისტრაციული საქმის №3ბ/2598-17 სააპელაციო წარმოების მომენტისთვის ისინი წარმოადგენდნენ, იმ უძრავი ქონების მესაკუთრეებს, რომელთა თაობაზეც მიმდინარეობდა დავა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ნ. კ-ემ და ზ. ყ-მა.
კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმიდან ამორიცხვა იმ მოტივით, რომ წარმოადგენდნენ სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენებს და მათ კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს არ უნდა შეეხებოდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ჩაება ისინი საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ის და ზ. ყ-ის კერძო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება -დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ისა და ზ. ყ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო მეორეს მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №000731 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ივლისის №1-1354 ბრძანების ბათილად ცნობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.01.2016წ. №000731 დადგენილებით ტ. კ-ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის შესახვევი №1-ში (ს/კ ...), ქ. თბილისში, ...ის ქუჩის II ჩიხი №18-ში (ს/კ ...) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის და დაევალა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის შესახვევი №1-ში (ს/კ ...), ქ. თბილისში, ...ის ქუჩის II ჩიხი №18-ში (ს/კ ...) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებართვოდ აშენებული (განთავსებული) სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ 2019 წლის 4 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №12 (საკადასტრო კოდით ...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...) 2019 წლის 4 თებერვალს დარეგისტრირდა ნ. კ-ის სახელზე. 2019 წლის 4 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩის II ჩიხი, №18 (საკადასტრო კოდით ...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...) 2019 წლის 4 თებერვალს დარეგისტრირდა ასევე ნ. კ-ის სახელზე, ხოლო 2019 წლის 4 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩის II ჩიხი, №18 (საკადასტრო კოდით ...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...) 2019 წლის 4 თებერვალს დარეგისტრირდა ზ. ყ-ის სახელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორები - ნ. კ-ე და ზ. ყ-ი მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეებს წარმოადგენენ, ვინაიდან, დავის საგანი ამჟამად მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე შესაძლო დემონტაჟის საკითხს შეეხება, შესაბამისად, მათ ამ დავის ფარგლებში აქვთ საკუთარი კანონით დაცული სამართლებრივი ინტერესები.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ტერმინი „სამართალურთიერთობა“ არ უნდა იქნეს ფორმალურად განმარტებული. სამართალურთიერთობაში მონაწილეობასთან ერთად მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს კანონით დაცული უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესებისადმი რეალური შემხებლობის არსებობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში ნ. კ-ე და ზ. ყ-ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირებს წარმოადგენენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის გამოც ნ. კ-ისა და ზ. ყ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ისა და ზ. ყ-ი კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ქ. ცინცაძე


მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე


ნ. სხირტლაძე