საქმე №ბს-1028(კ-19) 05 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე;
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) (მოპასუხე);
მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ა (მოსარჩელე);
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-ამ 2016 წლის 23 მარტს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მესამე პირის - ქ. ფოთის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა თ. გ-ას დროებითი მისამართის შეცვლის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის N147 ბრძანებისა და 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა. ამასთანავე, მოპასუხისათვის თ. გ-ას დროებითი მისამართის შეცვლის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის N147 ბრძანება მოსარჩელის ნაწილში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში თ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და თ. გ-ამ.
თ. გ-ამ 2018 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოსარჩელის მიერ გაღებული ექსპერტიზის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩნებით თ. გ-ას უარი ეთქვა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რაც მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის №147 ბრძანება თ. გ-ას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მონაცემთა ბაზაში თ. გ-ას დროებითი მისამართის შეცვლის შესახებ; ამასთან, დაკმაყოფილდა თ. გ-ას კერძო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება და თ. გ-ას შუამდგომლობა ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გაღებული ხარჯი - 200 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებეულებებიდან. სასამართლომ არ შეაფასა, თუ რატომ შეიძლება თავშესაფრის არმქონე დევნილ ოჯახს არ ჰქონოდა ნება, სახელმწიფოსაგან უსასყიდლოდ მიეღო საკუთრებაში ახალაშენებული, კომფორტული საცხოვრებელი, განთავსებული ქვეყნის ერთ-ერთ ეკონომიკურად აქტიურ ქალაქში. ქ. ფოთში დევნილი ოჯახების განსახლება იყო უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი. ამ ოჯახთა სიაში მოხვდა მოსარჩელის ოჯახიც, რომელსაც გადაეცა საცხოვრებელი და შემდგომში, სარჩელის შეტანამდე, მას უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. კასატორის მოსაზრებით, თ. გ-ას დამოკიდებულება შეცვალა დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცედურების მარეგულირებელ ნორმაში განხორციელებულმა ცვლილებამ. სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დადგენილი იყო, რომ ქ. თბილისში ახალი საცხოვრებლები არ აშენდებოდა და თბილისში დაურეგისტრირებელი დევნილი ოჯახები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებოდნენ მხოლოდ თბილისს გარეთ. ამ პერიოდისათვის მოსარჩელისათვის ფოთში ახალაშენებული საცხოვრებლის მიღება სასურველი იყო. 2012 წლიდან შეიცვალა ამ საკითხისადმი მიდგომა და სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დევნილთათვის ახალი საცხოვრებლები აშენდებოდა თბილისშიც. შესაბამისად, მოსარჩელეს გაუჩნდა სურვილი, რომ საცხოვრებელი მიეღო თბილისში.
თ. გ-ასა და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის 2011 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელე, სადავო ბრძანების გამოცემის პერიოდში, თანახმა იყო განსახლებულიყო ქ. ფოთში. შესაბამისად, სამინისტრომ განახორციელა მისთვის კანონმდებლობით პირდაპირ დაკისრებული ვალდებულება და უკვე ახალი ფაქტობრივი საცხოვრებლის მიხედვით მოახდინა მოსარჩელის ოჯახის დამისამართება. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტის ბათილობას ან მასზე გაკეთებული ხელმოწერის გაყალბებას. ამასთანავე, 2012 წელს მოსარჩელემ შესაბამის უწყებას მიმართა სადავო საცხოვრებელ ფართში არსებული ხარვეზის შესახებ. თავის მხრივ, სამუშაოს შემსრულებლმა კომპანია - შპს "...იმ" გააფორმა აქტი მასზედ, რომ აღნიშნული პრობლემა იქნებოდა აღმოფხვრილი. იქიდან გამოდინარე, რომ მითითებულ მისამართზე ბდებარე ბინის გასაღები ჩაბარებული ჰქონდა მოსარჩელეს, მხოლოდ მას შეიძლება სცოდნოდა ბინაში შიდა სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ განიხილა ანალოგიური დავა, სადაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის N147 ბრძანებისა და 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა. სამივე ინსტანციამ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტები და მტკიცებულებები და არ დააკმაყოფილა სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 16 სექტემბრიდან თ. გ-ას ოჯახი რეგისტრირებულია ქ. ფოთში, ...ის ქ., "...ი", კორპ. N...ა, ბინა N3-ში. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განცხადებით, აღნიშნული დამისამართება განხორციელდა სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის 2011 წლის 13 ოქტომბრის N147 ბრძანებისა და 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ლ. ღ-ემ ჩააბარა, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი ოჯახის წარმომადგენელმა თ. გ-ამ ჩაიბარა ქ. ფოთში, ...ის ქუჩა №2, კორპუსი №..."ბ", ბინა №3, მატერიალური ფასეულობები და შესრულებული სამუშაოები. მოსარჩელის განმარტებით, მას სადავო ბინის ჩაბარებაზე თანხმობა არ გამოუთქვამს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობას, რომ სადავო აქტების თანახმად, თ. გ-ამ ჩაიბარა ქ. ფოთში, ...ის ქ. №2, კორპუსი №...ბ, ბინა №3, თუმცა მისი რეგისტრირება განხორციელდა ქ. ფოთში, ...ის ქუჩა №2, კორპ. N...ა-ში, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 14 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის დედანი მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ფოთის მერიის განმარტებით, ზემოხსენებულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ ქ. ფოთის მერიის წარმომადგენელ შ. კ-ას არ ჰქონდა უფლებამოსილება ხელი მოეწერა დევნილებისათვის გადასაცემი ბინების მიღება-ჩაბარების აქტზე. კასატორის მიერ დასახელებულ შპს "...ის" მიერ 2012 წელს გაფორმებულ აქტთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის N005413417 დასკვნის თანახმად, ხსენებულ აქტზე არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ განხორციელებულია არა თ. გ-ას, არამედ სხვა პირის მიერ. საქმის მასალებით აგრეთვე დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად არ დაუფლებია სადავო ბინას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელის დამისამართებას არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
კასატორის მიერ დასახელებულ ანალოგიურ დავასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დავა შეიცავდა მსგავს და არა იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, განსხვავებული იყო საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამდენად, არ დასტურდება გასაჩივრებული განჩინების ერთიან სასამართლო პრაქტიკასთან წინააღმდეგობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე