#ბს-1507(კ-18) 23 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ც. ლ-ა ( გ. ლ -ას უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 11 ნოემბერს გ. ლ -ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, კერძოდ, მის მიერ 2006 წლის 10 ივლისს გარდაცვლილი ა. ა -ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. მოსარჩელის მითითებით, მან მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპ #..., ბ. #..., საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ დამატებით წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა მისი საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე (სანოტარო წესით შედგენილი სამკვიდრო მოწმობა და ა. ა -ის გარდაცვალების მოწმობა). მოსარჩელის მითითებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონოა, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, არ არსებობს სამკვიდრო მოწმობის გაცემის საჭიროება. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნოტარიუსიც უარს ამბობს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 29 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (19.02.2016წ. სხდომის ოქმი) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... , კორპუსი #..., ბინა #..., გ. ლ -ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. ლ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ლ -ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ყოფილი თბილისი, ... , კორპუსი #..., ბინა #... -ზე (საცხოვრებელი ფართი - ... „ა“,...კვ.მ.; საერთო ფართი - .... „ა“,...კვ.მ.) 1993 წლის 24 აგვისტოს დამოწმებული #3/2674 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხულია ა. ა -ის საკუთრების უფლება.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 1996 წლის 2 ივლისის ანდერძის საფუძველზე, ა. ა -მა მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლიც, მდებარე: თბილისი,..., ..., სახლი#..., ბინა#,,,, უანდერძა ო. დ ლ-ას.
ა. ა -ი გარდაიცვალა 2006 წლის 10 ივლისს, ბელორუსიის რესპუბლიკაში, ლოგოისკის რაიონში, ქ. მინსკში. 2008 წლის 20 ნოემბერს, ბელორუსიის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში, ასევე გარდაიცვალა ა. ა -ის მემკვიდრე - ო. დ ლ-ა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ლ-ას მეუღლემ - ე. ლ-ამ და შვილმა - ვ. ლ-ამ გ. ლ -ას სასარგებლოდ უარი განაცხადეს საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებაზე, მდებარე: თბილისი, ..., ..., სახლი #..., ბინა #... გ. ლ -ა არის გარდაცვლილი ო. ლ-ას ძმა.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, გ. ლ -ას (დაბადებული:...წლის 18 …, პირადი #...) მიერ ა. ა -ის (გარდაცვლილი: 2006 წლის 10 ივლისს, გარდაცვალების მოწმობა: ..) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს გ. ლ -ას წარმომადგენელმა - ლ. კ-ემ #... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა გ. ლ -ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ყოფილი ..., კორპუსი #..., ბინა #..., მემკვიდრეობის საფუძველზე. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გარდაცვალების მოწმობა; სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება; ცნობა-დახასიათება.
2015 წლის 24 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #... გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას თან არ ერთვოდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის #509 დადგენილებით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, მოთხოვნილ იქნა მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დანართი მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, 2015 წლის 25 სექტემბერს, მარეგისტრირებელ ორგანოში განმცხადებელმა წარადგინა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 სექტემბერს მიღებული იქნა #...-... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #...გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, კონკრეტულად, განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის წარდგენა.
2015 წლის 6 ოქტომბერს გ. ლ-ას წარმომადგენელმა #...ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 29 სექტემბრის #...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მემკვიდრეობის საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... , კორპუსი #..., ბინა #..., გ. ლ -ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით გ. ლ -ას უარი ეთქვა 6 ოქტომბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაიზიარა მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია და განმარტა, რომ რეგისტრაციის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა სამკვიდრო მოწმობა, რომელიც წარმოადგენდა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... , კორპუსი #..., ბინა #... და არა - სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც მითითებული არ იყო გ. ლ -ას მემკვიდრეობის ფარგლები. ამასთან, საკითხის განმხილველმა ორგანომ იმსჯელა „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2015 წლის 2 ნოემბრის #... გადაწყვეტილების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში არ წარდგენილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ აქტიც კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
სასამართლომ მიუთითა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლომ მიუთითა ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა (მესაკუთრე) სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს 2015 წლის 21 სექტემბერს წარედგინა გ. ლ-ას #... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მან უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ყოფილი ..., კორპუსი #..., ბინა #..., მემკვიდრეობის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარდგენილ იქნა სოხუმისა და გაგრა გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება (საქმე #2/192-14).
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია, უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 21-ე მუხლში განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე გ. ლ -ას განცხადებაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 29 სექტემბრის #...გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. სასამართლოს აღნიშვნით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის წარდგენა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის არსი და სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო - მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება (საქმე #2/192-14) წარმოშობდა თუ არა სადავო უძრავ ქონებაზე გ. ლ -ას საკუთრების უფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე, როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა, მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი, ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონი არ განსაზღვრავს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის კონკრეტულ ჩამონათვალს, შესაბამისად, „რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობის არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
სასამართლომ განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარდგენილი სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ - გ. ლ -ას (დაბადებული: ... წლის ... …, პირადი #...) მიერ ა. ა -ის (გარდაცვლილი: 2006 წლის 10 ივლისს, გარდაცვალების მოწმობა: …) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება გ. ლ-ასათვის გადასაცემ სამკვიდრო ქონებას არ აკონკრეტებდა და არც გ. ლ-ას მემკვიდრეობის ფარგლებს აზუსტებდა - გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა მხოლოდ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი გ. ლ -ას მიერ ა. ა -ის მემკვიდრეობის მიღების თაობაზე, რაც, მასთან ერთად, სხვა მემკვიდრის არსებობის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 1996 წლის 2 ივლისს ა. ა -ის მიერ შედგენილ ანდერძზე, რომლის მიხედვით, მან, მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლიც, მდებარე: თბილისი,..., ..., სახლი#..., ბინა#,,,, უანდერძა მოსარჩელე გ. ლ -ას ძმას - ო. ლ-ას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება სადავო ქონების ო. ლ-ასგან გ. ლ-აზე მემკვიდრეობით გადასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
სასამართლომ დაასკვნა, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მოსარჩელეს არ გააჩნდა ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან სარეგისტრაციო სახით წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არ ადგენდა გ. ლ-ას მემკვიდრეობის ფარგლებს, არ განსაზღვრავდა მემკვიდრეობით გადაცემული ქონების მახასიათებლებს, ხოლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამორიცხავდა ამ უძრავ ქონებასთან მიმართებით სხვა დაინტერესებული პირის (მემკვიდრის) არსებობას. შესაბამისად, მემკვიდრეობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ... , კორპუსი #..., ბინა #... - ის გ. ლ -ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის წარდგენის პირობებში, რომელიც სადავო ქონების მოსარჩელისათვის მემკვიდრეობით გადაცემას დაადასტურებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად სამკვიდრო მოწმობის წარდგენის ვალდებულების თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, ხოლო თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, მარეგისტრირებელი ორგანო, ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მოსარჩელის მხრიდან არ აღმოფხვრილა შეჩერების საფუძვლად არსებული ხარვეზი, კერძოდ, არ წარდგენილა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ნოემბრის #... გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყო კანონის მოთხოვნებთან.
ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშრებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე კოდექსის 185-ე მუხლსა და 201-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ -ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით გარდაცვლილი გ. ლ-ას ნაცვლად საქმეში ჩაება მისი უფლებამონაცვლე ც. ლ-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით გ. ლ -ას (უფლებამონაცვლე - ც. ლ-ა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანი იყო საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და იმ სამართლებრივი რეგულაციების შეფასება, რომელიც უფლების რეგისტრაციის წინაპირობებს ქმნიდა.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ა. ა -ის მეუღლისა და შვილის მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე მოსარჩელის სასარგებლოდ გაცხადებული უარი, მოსარჩელეს წარმოუშობდა უფლებას იმ ქონებაზე, რომელიც უარის არარსებობის პირობებში მიეკუთვნებოდა გარდაცვლილის ცოლ-შვილს. ამგვარი უარი გავლენას ვერ მოახდენდა სხვა პირის - ო. ლ-ას სამკვიდრო ქონებაზე. ანდერძის თანახმად კი, სადავო ქონება ანდერძის საფუძველზე გადაეცა ო. ლ-ას.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მოსარჩელეს არ გააჩნდა ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან სარეგისტრაციო სახით წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არ ადგენდა გ. ლ -ას მემკვიდრეობის ფარგლებს, არ განსაზღვრავდა მემკვიდრეობით გადაცემული ქონების მახასიათებლებს, ხოლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამორიცხავდა ამ უძრავ ქონებასთან მიმართებით სხვა დაინტერესებული პირის (მემკვიდრე) არსებობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მემკვიდრეობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ... , კორპუსი #..., ბინა #...-ის გ. ლ -ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის წარდგენის პირობებში, რომელიც სადავო ქონების მოსარჩელისათვის მემკვიდრეობით გადაცემას დაადასტურებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად სამკვიდრო მოწმობის წარდგენის ვალდებულების თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ნოემბრის #... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყო კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ლ-ამ (გ. ლ-ას უფლებამონაცვლე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - ც. ლ-ა (გ. ლ-ას უფლებამონაცვლე) მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლზე, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 316-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილ იქნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დაუკავშირა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სამკვიდრო მოწმობის არსებობას. კასატორისთვის გაუგებარია, რატომ არის იმპერატიულად სამკვიდრო მოწმობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე უპირატესი.
კასატორის მითითებით, ა. ა-ის საკუთრებაში არსებული სადავო ბინა მის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა. ამასთან, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება გ. ლ -ას სადავო უძრავ ქონებაზე პრეტენზიის გამოთქმის უფლებას ანიჭებდა. სხვა მემკვიდრეების არსებობასთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ა. ა-ის დანაშთ ქონებაზე არც სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსისათვის და არც სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრისთვის დღემდე არავის არ მიუმართავს.
კასატორის განმარტებით, მრავალი წლის განმავლობაში გ. ლ -ა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში და ფაქტობრივად ფლობდა მას. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ქ. თბილისში, ყოფილი ..., კორპუსი #..., ბინა #...-ზე (საცხოვრებელი ფართი - ... „ა“, ...კვ.მ; საერთო ფართი - ... „ა“, ... კვ.მ.) 1993 წლის 24 აგვისტოს დამოწმებული #3/2674 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხულია ა. ა -ის საკუთრების უფლება.
საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 1996 წლის 2 ივლისის ანდერძის საფუძველზე, ა. ა -მა მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლიც, მდებარე: თბილისი ,..., ..., სახლი#..., ბინა#,,,, უანდერძა ო. დ ლ-ას.
ა. ა -ი გარდაიცვალა 2006 წლის 10 ივლისს, ბელორუსიის რესპუბლიკაში, ლოგოისკის რაიონში, ქ. მინსკში. 2008 წლის 20 ნოემბერს, ბელორუსიის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში, ასევე გარდაიცვალა ა. ა -ის მემკვიდრე - ო. დ ლ-ა.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ო. ლ-ას მეუღლემ - ე. ლ-ამ და შვილმა - ვ. ლ-ამ გ. ლ -ას სასარგებლოდ უარი განაცხადეს საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებაზე, მდებარე: თბილისი, ..., ..., სახლი #..., ბინა #...გ. ლ -ა არის გარდაცვლილი ო. ლ-ას ძმა.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ, გ. ლ -ას (დაბადებული: ... წლის ... …, პირადი #...) მიერ ა. ა -ის (გარდაცვლილი: 2006 წლის 10 ივლისს, გარდაცვალების მოწმობა: ..) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი.
დადგენილია, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს გ. ლ -ას წარმომადგენელმა - ლ. კ-ემ #... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა გ. ლ -ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ყოფილი ..., კორპუსი #..., ბინა #..., მემკვიდრეობის საფუძველზე. განცხადებას თან ერთვოდა: წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გარდაცვალების მოწმობა; სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება; ცნობა-დახასიათება.
2015 წლის 24 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #... გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას თან არ ერთვოდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის #509 დადგენილებით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, მოთხოვნილ იქნა მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დანართი მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, 2015 წლის 25 სექტემბერს, მარეგისტრირებელ ორგანოში განმცხადებელმა წარადგინა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 29 სექტემბერს მიღებული იქნა #...-... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ #...გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისათვის წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, კონკრეტულად, განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის წარდგენა.
2015 წლის 6 ოქტომბერს გ. ლ-ას წარმომადგენელმა #... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 29 სექტემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მემკვიდრეობის საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... , კორპუსი #..., ბინა #..., გ. ლ -ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ #... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის #...გადაწყვეტილებით, გ. ლ -ას უარი ეთქვა 6 ოქტომბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაიზიარა მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიცია და განმარტა, რომ რეგისტრაციის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა სამკვიდრო მოწმობა, რომელიც წარმოადგენდა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... , კორპუსი #..., ბინა #... და არა - სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც მითითებული არ იყო გ. ლ -ას მემკვიდრეობის ფარგლები. ამასთან, საკითხის განმხილველმა ორგანომ იმსჯელა „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ 2015 წლის 2 ნოემბრის #... გადაწყვეტილების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში არ წარდგენილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ აქტიც კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიმოიხილოს და განმარტოს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული საკუთრების უფლების ნორმატიული შინაარსი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი), რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივ უფლებათა განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საშუალებას კი, თავის მხრივ, ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, თავისუფალი შეთანხმებების აღსრულებისათვის სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად. ხსენებული დანაწესი უზრუნველყოფს საკუთრების უფლების კვალიფიციურ დაცვას, ამასთან, მუხლი სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებს ფართო დისკრეციას, ჩაერიონ ამ უფლებაში: უშვებს პირის საკუთრების ჩამორთმევას „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ და მეორე პუნქტი უფლებამოსილს ხდის სახელმწიფოს, დაადგინოს „თავისი შეხედულებისამებრ აუცილებელი კანონმდებლობა“ გადასახადებთან და სხვა შემოწირულობასა თუ სახდელებთან დაკავშირებით (იხ. სპამპინატო იტალიის წინააღმდეგ (Spampinato v. Italy), No. 23123/04, განჩინება 29.3.07.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში ასახული პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს საკუთრების უფლების დასაცავად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, „ფიზიკურ პირებსა თუ კომპანიებს შორის სამართალწარმოების შემცველ საქმეებთან მიმართებითაც კი“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ (Sovtransavto Holding v. Ukraine), No. 48553/99, 25.9.02. 54-ე პარაგრაფი). ეს კი კონკრეტულად იმას გულისხმობს, რომ „სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურები, რომლებიც სთავაზობს აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს და, შესაბამისად, შესაძლებელს ხდის ეროვნული სასამართლოებისთვისა და ტრიბუნალებისთვის, კერძო პირებს შორის ნებისმიერ დავაზე აწარმოონ სამართალწარმოება ეფექტიანად და სამართლიანად“ (სოვტრანსავტო ჰოლდინგი უკრაინის წინააღმდეგ (Sovtransavto Holding v. Ukraine), No. 48553/99, 25.9.02. 96-ე პარაგრაფი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სადავოდ აქვს გამხდარი მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა გ. ლ -ას სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარდგენილი კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი. საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ განმცხადებელს უნდა წარედგინა სამკვიდრო მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა მის უფლებას კონკრეტულ უძრავ ქონებაზე. განმცხადებლის - გ. ლ -ას მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც დადგენილი იყო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ გ. ლ -ამ მიიღო ა. ა -ის მემკვიდრეობა. ეს უკანასკნელი მტკიცებულება მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციის მიზნებისათვის არ მიიჩნია საკმარის საფუძვლად.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კონკრეტულ ქონებაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არსებითია შეფასდეს რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და ის სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც უფლების რეგისტრაციის წინაპირობებს ქმნის. ამასთან, დაუშვებელია საკუთრების უფლების რეგისტრაცია არაჯეროვანი გამოკვლევის საფუძველზე, ზედაპირულად, იმგვარად, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის სრულყოფილი შესწავლის მიმართ არსებული ვალდებულების სათანადოდ განუხორციელებლობამ ხელი შეუწყოს სხვა პირთა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შელახვის რისკების წარმოშობას. თუმცა საკითხის ჯეროვან კვლევასთან დაკავშირებული ზემოხსენებული ვალდებულებით საჯარო რეესტრის აღჭურვა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმგვარი ფუნქციის დაკისრებას, რომელიც სცდება არა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის დაკისრებულ ვალდებულებათა ფარგლებს, არამედ წარმოშობს სამართლებრივ წინააღმდეგობას თავად აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს შექმნისა და არსებობის მიზნებთან. კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის არსებობა საკუთრების უფლების უკეთესი დაცვის ფაქტობრივ-სამართლებრივი გარანტიების შექმნის მიზანს უკავშირდება. ამდენად, დაუშვებელია, რეესტრი აღიჭურვოს მისთვის შეუთავსებელი ფუნქციით, რომელიც არა თუ ხელს შეუწყობს საკუთრების უფლების დაცვითი გარანტიების ჩამოყალიბებას, არამედ გაართულებს და მეტწილად შეუძლებელსაც გახდის უფლების რეგისტრაციის პროცესს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ დავასთან მიმართებით, სწორედ ამგვარ შეუთავსებელ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემაფერხებელ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მემკვიდრეთა ძიების ვალდებულების ფაქტობრივი დაკისრება. საკუთრების უფლების მემკვიდრეობით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახორციელებს არა მემკვიდრეთა სრულად მოძიების თუ მათი არსებობის გამორიცხვის, არამედ მისთვის საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო მემკვიდრის მოძიების, აგრეთვე, ამგვარ მემკვიდრეთა არსებობის გამორიცხვის ხანგრძლივი პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხებს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, გამოიწვევს უძრავ ქონებაზე რეალური მესაკუთრის საკუთრების უფლების წარმოშობის დაყოვნებას და შექმნის მესაკუთრეთა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შელახვის წინაპირობებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმა კანონიერად იქნა მიჩნეული, რამდენადაც სარეგისტრაციოდ წარდგენილი სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით არ გამოირიცხებოდა სხვა მემკვიდრეთა შესაძლო არსებობა. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გაიზიარეს ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება, რომ მოსარჩელეს მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების მოწმობა უნდა წარედგინა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც საკუთრების მოწმობის არსებობა და არც მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია არ გამორიცხავს შესაძლო მემკვიდრეების მომავალში (უფლების რეგისტრაციის შემდგომ) გამოჩენასა და მათ მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამომავლო დავის წამოწყებას, რაც ცხადყოფს იმას, რომ საკუთრების მოწმობის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია, სხვა უფლებადამდგენ დოკუმენტებთან მიმართებით, არ უზრუნველყოფს მესაკუთრეთა ინტერესების უმჯობეს დაცვას, საკუთრების უფლების დაცვის მიმართ არსებულ იმ სამართლებრივ უსაფრთხოებას, რომელიც საკუთრების უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციით ვერ მიიღწეოდა. თუმცა ამგვარი დაშვება არ უნდა იქცეს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლად, რამდენადაც მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისას კანონმდებლობა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალებს ამგვარი მემკვიდრეების ძიებას, არამედ თავად განმცხადებელსაც კი არ აკისრებს ვალდებულებას, დაადასტუროს სხვა შესაძლო მემკვიდრეთა არარსებობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია განმცხადებლის მხრიდან წარდგენილი უფლებადამდგენი დოკუმენტი, ამდენად, უფლების რეგისტრაცია არ ხდება დამოკიდებული პოტენციურ მემკვიდრეთა არსებობა-არარსებობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე, მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარდგენილი სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, სახელდობრ - გ. ლ -ას (დაბადებული: ... წლის ... …, პირადი #...) მიერ ა. ა -ის (გარდაცვლილი: 2006 წლის 10 ივლისს, გარდაცვალების მოწმობა: …) მემკვიდრეობის მიღების ფაქტი. ამასთან, დადგენილია, რომ 1996 წლის 2 ივლისის ანდერძის საფუძველზე, ა. ა -მა მთელი თავისი ქონება, მათ შორის სახლიც, მდებარე: ქ. თბილისი,..., ..., სახლი#..., ბინა#,,,, უანდერძა ო. დ ლ-ას. საგულისხმოა ისიც, რომ ო. ლ-ას მეუღლემ - ე. ლ-ამ და შვილმა - ვ. ლ-ამ გ. ლ -ას სასარგებლოდ უარი განაცხადეს საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებაზე, მდებარე: თბილისი, ..., ..., სახლი #..., ბინა #...გ. ლ -ა არის გარდაცვლილი ო. ლ-ას ძმა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ცალსახა მითითებას სადავო უძრავ ქონებაზე, თუმცა ზემოხსენებულ გარემოებათა კუმულაციური შეფასება, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ გ. ლ -ა გარდაცვალებამდე საკუთარ ოჯახთან ერთად ფლობდა სადავო უძრავ ქონებას და აღნიშნულ ქონებაზე, განსახილველ მომენტამდე, არავის პრეტენზია არ განუცხადებია, ცხადყოფს იმას, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი, გ. ლ -ას მიერ მიღებული ა. ა -ის მემკვიდრეობა მოიცავს სადავო უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ყოფილი ..., სახლი#..., ბინა#...
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, ა. ა -ის მეუღლისა და შვილის მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე მოსარჩელის სასარგებლოდ გაცხადებული უარი გავლენას ვერ მოახდენდა სხვა პირის - ო. ლ-ას სამკვიდრო ქონებაზე. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიუთითებს, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული არა ა. ა -ის მეუღლისა და შვილის, არამედ ო. ლ-ას მეუღლის - ე. ლ-ასა და შვილის - ვ. ლ-ას მიერ გ. ლ -ას სასარგებლოდ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლების დათმობა. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, არსებით მნიშვნელობას არ იძენს არც ა. ა -ის კანონისმიერი მემკვიდრეების მიერ ქონების მიღება-მიუღებლობის, არც ო. ლ-ას მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი, არც ის, მოიპოვება თუ არა ო. ლ-ასაგან გ. ლ -აზე მემკვიდრეობის, მათ შორის, სადავო უძრავი ქონების გადასვლის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საკითხის არსებითი შეფასებისათვის განმსაზღვრელია სწორედ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დამდგენი სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა, რომლითაც დადასტურებულ იქნა ა. ა -ის მემკვიდრეობის გ. ლ -ას მიერ მიღება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღებას გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი ფუნქცია. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებაზე (საქმეზე #ას-146-140-2012), სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლით განსაზღვრული დანაწესის თანახმად, საკუთრების უფლება ჩნდება კანონის საფუძველზე. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. შესაბამისად, მემკვიდრეს წარმოეშობა მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკივიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.“ შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სამკვიდრო ქონების მიღებას, წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმომშობ, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების სარეგისტრაციო დოკუმენტს, რომელიც დამატებით არ საჭიროებს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაცემას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს სადავო ქონებასთან დაკავშირებით სხვა შესაძლო მემკვიდრეთა თუ სხვა დაინტერესებულ პირთა მხრიდან პრეტენზიის განუცხადებლობის ფაქტს. კერძოდ, ა. ა -ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით არც ნოტარიუსისათვის და სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მოთხოვნით არც საჯარო რეესტრისთვის დღემდე არავის არ მიუმართავს, მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში გ. ლ -ა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში და ფაქტობრივად ფლობდა მას. ხსენებული ფაქტობრივი ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიმართ არსებულ მოსარჩელის განსაკუთრებულ ინტერესს, რომელიც მოპასუხის მიერ ხელყოფილ იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის არასწორი შეფასებითა და შესაძლო მემკვიდრეთა გამოჩენის მიმართ არსებული ეჭვით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რამდენადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო დოკუმენტად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განეხორციელებინა. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა დამატებით სამკვიდრო მოწმობის წარდგენის საჭიროებაზე მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის #... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (19.02.2016წ. სხდომის ოქმი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ნოემბრის #...გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 29 სექტემბრის #... გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ყოფილი ..., კორპუსი #..., ბინა #..., კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 ნოემბრის #...გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (19.02.2016წ. სხდომის ოქმი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ნოემბრის #...გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 29 სექტემბრის #...გადაწყვეტილება;
5. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ყოფილი ...1, კორპუსი #..., ბინა #..., კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;
6. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ც. ლ-ას (გ. ლ -ას უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ დაეკისროს საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი