Facebook Twitter
ბს-1456 (კ-18) 28 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...იმ“ 06.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს „...ისთვის“ ჯარიმის დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 24.09.2015წ. №011-4496 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.10.2015წ. №38061 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურეობის დეპარტამენტის 15.10.2015წ. №SM568134(094-222) საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, აგრეთვე სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.12.2015წ. №48216 და 28.12.2015წ. №50469 ბრძანებების ბათილად ცნობა, №12118/2/16 და №12117/2/16 საჩივრებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.06.2016წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.01.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ კანონმდებლობა არ შეიცავდა დანაწესს საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების მიღების შემდეგ საგადასახადო ჯარიმის დარიცხვის აკრძალვის თაობაზე, შპს „...ის“ მიერ მითითებული „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა, არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოს მიერ ჯარიმის დარიცხვაზე. სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პროცენტის, საურავის და პირგასამტეხლოს გამოთვლის და დარიცხვის წესზე და აღნიშნა, რომ საურავის დარიცხვა იწყება გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან და თუ საგადასახადო კოდექსით სხვა გამონაკლისი წესი არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის მანამ, სანამ არ მოხდება საგადასახადო ვალდებულების შესრულება. საგადასახადო კოდექსი ადგენს არა მხოლოდ სამართალდარღვევის სახეებს, არამედ განსაზღვრავს თითოეულის შემთხვევაში რა ოდენობის ჯარიმა უნდა დაეკისროს მხარეს. სასამართლოს მითითებით ჯარიმის გამოანგარიშება არ ხდება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და მისი ოდენობის გაზრდა არ ხდება ყოველდღიურად, არამედ სამართალდარღვევის გამოვლენის შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას განისაზღვრება კანონით დადგენილი ოდენობის ფულადი ჯარიმა და ამ დროიდან იწყება მისი გადახდის ვადის დენაც. შპს „...ის“ მიერ მითითებული ნორმის მიზანია შეჩერდეს იმგვარი პროცენტის, პირსგასამტეხლოს და საურავის დარიცხვა, რომელიც არ არის ფიქსირებული და პერიოდულად იზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონში მითითებულ საურავი არ მოიცავს ჯარიმას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და ის არ შეიძლება გაიგივებული იქნას საგადასახადო ჯარიმასთან. ვინაიდან ერთმანეთისაგან განსხვავებულია პირგასამტეხლოს და საურავის წარმოშობის საფუძვლები, გაანგარიშების მეთოდები და მიზნები, მათი გაიგივება საგადასახადო ჯარიმასთან დაუშვებლად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი აჩერებს სწორედ ისეთი თანხების დარიცხვას, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან, გაანგარიშდება დღეების, კვირების თუ დროის სხვა მონაკვეთის გამოყენებით, მათი დარიცხვა გრძელდება დროთა განმავლობაში და შესაბამისად, დროსთან ერთად იზრდება მათი ოდენობაც. მსგავსი შინაარსის მატარებელია პროცენტი, პირგასამტეხლო და საურავი, მათ შორის, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავი. ამასთანავე, ვინაიდან კანონმდებლის მიზანს არ წარმოდგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მოვალის გათავისუფლება საგადასახადო ჯარიმისაგან და აღნიშნულის დარიცხვის შეჩერება, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო, რომ კონკრეტული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „...ის“ მიმართ გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც განსხვავებით პროცენტის, პირგასამტეხლოს და საურავისგან, ფიქსირებულ თანხას შეადგენს და მისი დარიცხვა გარკვეული პერიოდულობით არ ხდება.
განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, გათვალისწინებული არ იქნა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა, რაც გულისხმობს აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ ჯარიმის დარიცხვის აკრძალვას. მითითებულ ნორმაში პირდაპირ არ არის მითითებული საგადასახადო ჯარიმა, თუმცა ვინაიდან ჯარიმა პირგასამტეხლოს სახეა, აღნიშნული ნორმა მოიაზრებს ჯარიმის დარიცხვის აკრძალვასაც. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საურავის, პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის განსხვავებულ ხასიათზე. სამოქალაქო პირგასამტეხლოს დარიცხვა შესაძლებელია განსაზღვრული სახით ერთჯერადად, შესაძლებელია ასევე პირგასამტეხლო დაკავშირებული იყოს დროის დინებასთან. ასევე საგადასახადო ჯარიმა დასაშვებია განსაზღვრული იყოს აბსოლუტური სახით ან პროცენტული თანხით. ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სააპელაციო პალატის განჩინება შეიცავს დეტალურ მსჯელობას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესთან დაკავშირებით, აგრეთვე პროცენტის, პირგასამტეხლოს და საურავის დარიცხვის განსხვავებულ წესზე, რითიც ისინი განსხვევდებიან საგადასახადო ჯარიმისგან. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უსწორობის დამადასტურებელ არგუმენტირებულ მოსაზრებებს. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსზე, რომელიც ადგენს პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდის შეჩერების მოთხოვნაზე იმ დავალიანების მიმართ, რომელიც წარმოიშვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე. ამასთანავე, მითითებული ნორმით დაუშვებელ მოქმედებათა ჩამონათვალი ამომწურავია და იგი არ შეიცავს საგადასახადო ჯარიმის დარიცხვის შეჩერების მოთხოვნას. მითითითებული განჩინების გამოტანის შემდეგ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის თანხის დარიცხვის შესაძლებლობას ადასტურებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის დანაწესი, რომლითაც განსაზღვრულია კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა, მათ შორის მითითებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების მიღების თარიღის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების დაფარვის ვალდებულების თაობაზე (II რიგი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებებზე ზოგადი მითითება ადასტურებს ძირითად დავალიანებასთან ერთად მასზე დარიცხული ჯარიმის დაფარვის ვალდებულებასაც, რომელიც ვერ წარმოიშობა უკეთუ ჯარიმა არ დაირიცხება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე მასზედ, რომ შპს „...ის“ მიმართ კრედიტორის სს „თ...ის“ მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაკოტრების მოთხოვნით და არა საწარმოს რეაბილიტაციის მოთხოვნით, რომლის დასრულების შედეგია საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება სამეწარმეო რეესტრში („გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხ.). აღნიშნული დანაწესი ადასტურებს კასატორის მოსაზრების უსაფუძვლობას, ვინაიდან კასატორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში უგულებელყოფილი იქნება კრედიტორის (საგადასახადო ორგანოს) ინტერესები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი