Facebook Twitter
საქმე №ბს-1437(კ-18) 16 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „… (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „…ამ“ 2017 წლის 30 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით სს „…ას“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით №3/29-17 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „…ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „…ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „…ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 26 აგვისტოს №... და №... წერილებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და რუსთავის რეგიონალურ არქივს და გამოითხოვა ინფორმაცია და სათანადო დოკუმენტაცია ქ. მარნეულში, სს „…ზე“ რიცხული ქონების აღრიცხვის შესახებ. საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 12 სექტემბრის №15/39678 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ სს „…ას“ 1992-2007 წლების დოკუმენტაცია რუსთავის არქივში დაცული არ იყო, რის გამოც არ ჰქონდათ სს „…ას“ სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 სექტემბრის №10/46658 წერილით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ განსახილველი კორესპონდენცია არ შეიცავდა არქივში მოსაძიებელი დოკუმენტების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული მონაცემებით ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრი ვერ ახერხებდა მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიებას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის დაზუსტებული მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, სააგენტოს 2016 წლის 10 ოქტომბრის №10/52304 წერილით ქონების რეგისტრაციის სამსახურს გადაეგზავნა არქივში დაცული დოკუმენტაცია. შედეგად სს „…ას“ მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება სარეგისტრაციო ობიექტზე არ დასტურდებოდა და ამიტომ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, საჯარო რეესტრი აღარ წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს განეხორციელებინა მიწის ნაკვეთზე სს „...ას“ საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაცია მხოლოდ მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რაც წარმოადგენდა უარის თქმის საფუძველს სარეგისტრაციო წარმოებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი და მხარეთა მიერ ვერ იქნა მოძიებული პრივატიზების აქტი, რომლითაც სადავო ქონება მიეკუთვნებოდა „…ას“, საქმეში წარმოდგენილი პრივატიზების პროცესის ამსახველი სხვა მტკიცებულებები მაინც ადასტურებდნენ საწარმოს უფლებას აღნიშნულ ქონებაზე. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული არგუმენტაცია მოკლებულია შესაბამის სამართლებრივ საფუძველებს, რადგან განსახილველ საქმეში არ დასტურდებოდა კონკრეტული სადავო უძრავი ქონების სს „…ას“ ბალანსზე არსებობის ფაქტიც კი და იმ შემთხვევაშიც თუ სადავო ქონება იქნებოდა საწარმოს ბალანსზე, აღნიშნული მაინც არ წარმოშობდა საწარმოს საკუთრების უფლებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პრივატიზებულ აქციებს გარკვეული ღირებულება გააჩნდა ვერ დადასტურდება თუ რას მოიცავდა ეს ღირებულება (რა ქონებას მოიცავდა საწარმოს კაპიტალი). ამდენად, სააპელაციო სასამართლოსთვის საკმარისი იყო აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება მიეჩნია საწარმოს კაპიტალში რიცხულ ქონებად. თუმცა კასატორის მოსაზრებით, საწარმოს კაპიტალში სადავო უძრავი ქონების, მით უფრო მიწის ნაკვეთის არსებობა არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით, რაც სასამართლოს ვერ შეუქმნიდა უტყუარად იმ გარემოების დადგენის საფუძველს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სს „…ას“ საკუთრებას, რადგან განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი შესაბამისი დოკუმენტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
დადგენილია, რომ სს „…ამ“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, ქ. მარნეულში, …ის ქუჩა N...-ში მდებარე 2,1 ჰექტარი მიწის ნაკვეთსა და მასზედ არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და წარადგინა სარეგისტრაციო დოკუმენტები. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საკმარის მტკიცებულებებად არ მიიჩნია და მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა ქონებაზე საკუთრების უფლებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს, შემოწმდეს სს „…ამ“ მარეგისტრირებელ ორგანოს საკუთრების რეგისტრაციის მიზნით წარუდგინა თუ არა ისეთი დოკუმენტები, რომლებიც ითვლებოდა საკუთრების უფლების წარმოშობისათვის საკმარისად, ანუ, აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენდა თუ არა საკმარისს ქონების პრივატიზებულად მიჩნევისათვის. ასევე, კომპანიამ საკუთრების უფლება მოიპოვა თუ არა 1997-1999 წლებში სახელმწიფოს მიერ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 100% აქციების რეალიზაციის შედეგად, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგინდეს რეალიზებული აქციები მოიცავდა თუ არა იმ უძრავ ქონებას, რომლის რეგისტრაციაზეც სადავო აქტით უარი ეთქვა სს „…ას“.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისთვის სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი და მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს განცხადება უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ასევე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს ქონებაზე საკუთრების წარმოშობას. მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი რეგისტრაციის განხორციელებისთვის მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, თუკი წარდგენილით არ დასტურდება უფლების წარმოშობა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სს „...ას“ მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებენ საზოგადოების მიერ კონკრეტულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას, რაც თავის მხრივ, აღნიშნული უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს. ასევე მართებულად იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ითხოვს უფლების რეგისტრაციას უფლების დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას.
საქმეზე დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
...ის ...ო ...ის 1993 წლის 2 სექტემბრის ბრძანებით დადგინდა, რომ საწარმო მიეკუთვნება იმ საწარმოთა რიცხვს, რომელიც ექვემდებარება პრივატიზაციას სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ფორმით. ამავე ბრძანებით შეიქმნა პრივატიზაციის სამუშაო კომისია და განისაზღვრნენ კომისიის წევრები;
საქართველოს რესპუბლიკის სახ. ქონების მართვის სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების 1994 წლის 27 ივლისის N7 ბრძანებით დამტკიცდა ...ის ...ო ...ის პრივატიზების სამუშაო კომისიის მიერ წარდგენილი: საწარმოს პრივატიზების გეგმა; საწარმოს ქონების შეფასების აქტი; ს/საზოგადოების წესდება. ბრძანებით დადგინდა, რომ ...ის …ო ...ის ბაზაზე დაფუძნდეს ს/საზოგადოება „…ა“; ...ის …ო ...ის 1993 წლის 7 სექტემბრის პრივატიზაციის ტიპობრივ გეგმაში მიეთითა: საწარმოს საწესდებო კაპიტალი -59775,84 ათ. მანეთი; საწარმოს ტერიტორიის მიწის ფართი შეადგენს 2,1 ჰა, საწარმოო კორპუსი შეადგენს 5,4 ათ.კვ.მ (N15. მონაცემები);
...ის ...ო ...ის 1993 წლის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და სხვა) ღირებულების შეფასების აქტის თანახმად, შეფასდა საწარმოს უძრავი ქონება - შენობა-ნაგებობები და სხვა;
საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს 1994 წლის 12 იანვრის წერილით ...ის ...ო ...ას ეცნობა, რომ სამინისტროს მიერ დამუშავებული და წარდგენილი იქნა ქონების მართვის სამინისტროში მრეწველობის სამინისტროს მართვის სფეროს დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისა და ორგანიზაციების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა, სადაც ...ის ...ო ...ა ჩართულია 1994 წლის პირველ ნახევარში მცირე პრივატიზების წესით ფორმირებაში;
1995 წლის 22 თებერვალს რ-ის მთ. არქიტექტორის მიერ ...ის ...ო ...ის დირექციაზე გაიცა ცნობა, რომ ქალაქ მარნეულის განაშენიანებაში ...ის მიერ დაკავებული ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 2,1 ჰექტარს. ცნობა გაიცა მარნეულის საკრებულოს სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიულ განყოფილებაში წარსადგენად;
მარნეულის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 20 თებერვლის დადგენილებით, განხორცილდა სს „…ას“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. ამავე დადგენილებაში აღინიშნა, რომ საწესდებო კაპიტალი 87 390 აშშ დოლარის აქციები სახელმწიფო საკუთრებაშია;
მინისტრის პირველი მოადგილის 1997 წლის 13 ნოემბრის წერილით სს „…ას“ ეცნობა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სს „…ა“ დაექვემდებარა ხელახალ რეგისტრაციას სასამართლოში, რაც გარდა სხვა ცვლილებისა, ითვალისწინებს საწესდებო კაპიტალის შეფასებას დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციის გამოშვებას. წერილით დადასტურებულია, რომ სს „…ას“ აქციების 91,49% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში;
მინისტრის პირველი მოადგილის 1999 წლის 01 დეკემბრის N06-1044/79 წერილით სს „…ას“ ეცნობა, რომ სს „…ას“ საწესდებო კაპიტალის აქციების 100% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო საკუთრებაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ“ დებულება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოების, იმ სამეცნიერო-საწარმოო და საწარმოო გაერთიანებების, აგრეთვე მათი სტრუქტურული ქვეგანაყოფების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის წესს, რომელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არ შეესაბამება საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნული დებულების მე-6 პუნქტით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო დოკუმენტებს განიხილავს წარმოდგენიდან - 10 დღიან ვადაში პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სააქციო საზოგადოების წესდებას, ქონების შეფასების აქტს და პრივატიზაციის გეგმას. აღნიშნული დოკუმენტების ამ დებულებასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ორკვირიან ვადაში შეაქვს მათში აუცილებელი ცვლილებანი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენს გადაწყვეტილებას მისი გარდაქმნის შესახებ სააქციო საზოგადოებად“. მე-7 პუნქტის შესაბამისად, „იმ საწარმოთა სიებს, რომლებიც პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ამ დებულების შესაბამისად ექვემდებარებიან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში დასამტკიცებლად, რის შესახებაც ეცნობება შესაბამის სამინისტროს ან უწყებას. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრთა კაბინეტი ორი კვირის ვადაში არ იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას საპრივატიზაციო ობიექტის პრივატიზაციის შეჩერების შესახებ, პრივატიზაციის გეგმა ითვლება დამტკიცებულად და საწარმო ექვემდებარება პრივატიზაციას“. ამასთან, მე-13 პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა არის მისი აქციების ემისიის პროსპექტი“. ხოლო მე-10 პუნქტით „სააქციო საზოგადოებების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოო ქვეგანაყოფის პასივები და აქტივები მიიღება სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდება გარდაქმნილი საწარმოს უფლებების და მოვალეობების მემკვიდრე“.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი და მხარეთა მიერ ვერ იქნა მოძიებული პრივატიზების აქტი, რომლითაც სადავო ქონება - 2,1 ჰა მიწის ნაკვეთი მიეკუთვნებოდა სს „…ას“, საქმეში წარმოდგენილი პრივატიზების პროცესის ამსახველი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს საწარმოს უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს მასზედ, რომ დაწყებულ პრივატიზების პროცესს ჰქონდა ლოგიკური დასასრული და სააქციო საზოგადოების რეგისტრაციით დასრულდა პრივატიზაციის პროცესი. დოკუმენტის მოუძიებლობა, მისი დაკარგვა, ვერ გახდება საკუთრების უფლების ჩამორთმევის, ან მისი იურიდიულ გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი. პრივატიზების განხორციელებულად მიჩნევის დასტურია ისიც, რომ სადავო ქონებას დღემდე მოსარჩელე ფლობს, როგორც საკუთარს. სახელმწიფოს მიერ განხორციელდა საზოგადოების აქციათა 100%-ის რეალიზაცია, რომლის ღირებულებაც შეადგენდა
87 390 აშშ დოლარს. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიც ვერ განმარტავს რა განსაზღვრავდა აქციათა ფასს, რა ახდენდა გავლენას მათი ღირებულების ფორმირებაზე, რის საფუძველზე იქნა შეფასებული აქციები აღნიშნული ოდენობით, თუკი საზოგადოების კაპიტალი არ მოიცავდა საპრივატიზებო დოკუმენტებში ჩამოთვლილ უძრავ-მოძრავ ქონებას. ასევე, აქციების შეძენა შპს „ბაზალტ ინდასტრის“ მიერ ლოგიკურად მეტყველებს იმაზე, რომ აქციების ღირებულება გამომდინარეობდა შპს „...ას“ კუთვნილი ქონების ღირებულებიდან და შესაბამისად, ქონების მის საკუთრებაში არსებობიდან.
ამგვარად, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს საკმარის საფუძველს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, რამდენადაც მათ საფუძველზე დგინდება კონკრეტულ უძრავ ქონებაზე სს „...ას“ საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცების ტვირთის განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. სხირტლაძე