Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

Nბს-118(კ-20) 18 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2019წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

24.07.2018წ. დ. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 15.05.2018წ. №04-00-ი/19843 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 26.06.2018წ. №04/36817 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, 2018 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელე დ. ლ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2018 წლის 1 აპრილიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება დ. ლ-ას სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტში, სხვადასხვა პოზიციაზე. 2004 წლიდან არის პარლამენტის ... კომისიის აპარატის თანამშრომელი. როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე მეორე ჯგუფის ინვალიდი, თადარიგის ოფიცერი, იღებდა შესაბამის სახელმწიფო კომპენსაციას 366 ლარის ოდენობით, თუმცა 2018 წლის პირველი აპრილიდან შეუწყდა აღნიშნული კომპენსაცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრში წარდგენილი განცხადების პასუხად, 15.05.2018წ. წერილით ეცნობა, რომ მას კომპენსაცია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. აღნიშნული გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელმაც 26.06.2018წ. გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრის 15.05.2018წ. გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.2019წ. გადაწყვეტილებით დ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2019წ. გადაწყვეტილებით დ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 15.05.2018წ. №04-00-ი/19843 წერილობითი მიმართვა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 26.06.2018წ. №04/36817 წერილობითი მიმართვა; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. ლ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის თაობაზე, 2018 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე დ. ლ-ასათვის 2018 წლის 1 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2005 წლის 23 მაისიდან დ. ლ-ას მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი.

საქართველოს პარლამეტის აპარატის უფროსის 23.07.2018წ. N7611/2-1 ცნობის შესაბამისად, დ. ლ-ა 2004 წლის 10 აგვისტოდან არის ... კომისიის აპარატის თანამშრომელი.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 16.03.2018წ. N138/1 ბრძანებით განისაზღვრა, რომ დ. ლ-ა უნდა დანიშნულიყო ... კომისიის აპარატში ახალი ვადით და გაფორმებოდა შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 17 მარტიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

16.03.2018წ. საქართველოს პარლამეტის აპარატსა და დ. ლ-ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 17 მარტიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

დ. ლ-ას სახელმწიფო კომპენსაციის მიღება შეუწყდა 2018 წლის 1 აპრილიდან, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.

დ. ლ-ამ 23.04.2018წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა მოითხოვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 15.05.2018წ. N04-00-ი/19843 წერილობითი მიმართვით დ. ლ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მისი შრომითი საქმიანობა საქართველოს პარლამენტში ითვლებოდა საჯარო საქმიანობის განხორციელებად.

დ. ლ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 15.05.2018წ. წერილობით მიმართვას და შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა
მოითხოვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 26.06.2018წ. N04/36817 წერილობითი მიმართვით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ 28.05.2018წ. N5557/3-96 წერილით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. წერილში აღნიშნულია, რომ დროებითი კომისიის მოწვეულ სპეციალისტზე ვერ გავრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოყენებული ნორმა, რომელიც დ. ლ-ასთვის კომპენსაციის გაცემის შეჩერებას დაედო საფუძვლად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ დასაბუთებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს 2018 წლის 1 აპრილიდან აპელანტისთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის კანონშესაბამისობის დადგენა, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუკავშირა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის ამოქმედებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებულ ნორმაში ცვლილების განხორციელებამდე არსებული ჩანაწერის მიხედვით, საჯარო საქმიანობა განიხილებოდა, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნეოდა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო საქმიანობის განმარტების ცვლილება განაპირობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის ამოქმედებამ და ამ კანონის შესაბამისად ცნებების რეგულირებამ, კერძოდ, მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით საჯარო საქმიანობად მიჩნეულ იქნა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში საქმიანობა. ამავდროულად, ცვლილებამდე მოქმედ ნორმაში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები მოქმედ ნორმაში მოიცვა საჯარო სამსახურმა. გარდა ამისა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს სახელმწიფო სამსახურისა და საჯარო სამსახურის ცნებათა განმარტებას და როგორც ცვლილებამდელი, ისე მოქმედი ნორმა გამოიყენება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან ერთობლიობაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოქმედმა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონმა ახლებურად დაარეგულირა კანონით განსაზღვრული ურთიერთობები და შემოგვთავაზა განსხვავებული ცნებები. კანონის მეორე მუხლით განისაზღვრა კანონის მოქმედების სფერო - ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით სახელმწიფო სამსახური განმარტებულია, როგორც საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. ამავე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურე არის პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის მოადგილე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე; ბ) საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე.

სასამართლოს განმარტებით, მითითებულ ნორმათა ერთობლივი განმარტება ცხადყოფს, რომ საჯარო სამსახურში საქმიანობად არ მიიჩნევა საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატებში საქმიანობა. ამასთან, იმავე კანონით ზუსტად არ არის რეგლამენტირებული, თუ კონკრეტულად რომელ პირებს მოიაზრებს კანონმდებელი სახელმწიფო მოსამსახურეებად, ვინაიდან მხოლოდ ზოგადი შინაარსით არის განსაზღვრული ამგვარი პირების კომპეტენცია. იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო მოსამსახურედ კანონმდებელი არ მოიაზრებს საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს, ადასტურებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსიც, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურეზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 51-ე მუხლი, 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-4 პუნქტები, 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლები, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული დებულება, ერთი მხრივ, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე არ ავრცელებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედებას, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ ამგვარი სტატუსის მქონე პირები სახელმწიფო მოსამსახურეებს არ წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია აგრეთვე იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი, რომელიც მიუთითებს, რომ საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, რაც ნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას და საჯარო საქმიანობის გარკვეული ნაწილი ექვემდებარება შრომის კანონმდებლობით მოწესრიგებას.

სასამართლოს განმარტებით, შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლები სახელმწიფო მოსამსახურეებად, ამაზე პასუხს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შინაარსი იმ თვალსაზრისითაც იძლევა, რომ სახელმწიფო მოსამსახურე არის პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის მოადგილე.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (ძალადაკარგულია საქართველოს პარლამენტის 12.06.2018წ. N3875 რეგლამენტით) 71-ე მუხლის შესაბამისად, სხვა დროებითი კომისია არის პარლამენტის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. რეგლამენტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დროებითი კომისია შესაძლებელია შეიქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით. რეგლამენტის 277-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის აპარატის უფროსი მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებთან აფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებებს.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირი პარლამენტის დროებითი კომისიის თანამშრომელი ხდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურს, დროებითი კომისიის წევრის საქმიანობა ვერ იქნება განხილული საჯარო საქმიანობად, იგი მხოლოდ ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებულ საქმიანობას წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი (მოსარჩელე) დასაქმებულია საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატების თანამშრომლის პოზიციაზე ვადიანი, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მის საქმიანობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება, იგი უშუალოდ არ ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, მისი საქმიანობა ვერ იქნება განხილული საჯარო საქმიანობად. სახელმწიფო კომპენსაციის გაცემისა და შეწყვეტის საფუძვლების შემოწმებისას განმსაზღვრელია არა პირის დასაქმების ადგილი, არამედ საქმიანობის სახე. სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დ. ლ-ას 2005 წლის 23 მაისიდან აქვს მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და იგი 2018 წლის პირველ აპრილამდე იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას. მოპასუხის განმარტებით, 2018 წლის პირველ აპრილს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის შეწყვეტა გამოიწვია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლითაც მითითებულ იქნა, რომ საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნულ მუხლში ტერმინი - „სახელმწიფო სამსახური“ მითითებულ იქნა და სახელმწიფო სამსახურში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის საჯარო საქმიანობად განმარტება თავდაპირველად განხორციელდა 23.03.2017წ. N502 საქართველოს კანონით. მითითებულ ცვლილებამდე კი, საჯარო საქმიანობა განიმარტებოდა, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელიც ძალადაკარგულია 2017 წლის პირველი ივლისიდან, ადგენდა, რომ საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში (პირველი მუხლის პირველი პუნქტი). ამავე კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული იყო, რომ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი, გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატებისა. ამასთან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობად მიიჩნევდა საჯარო სამსახურში შრომით ანაზღაურებად საქმიანობას, ხოლო საჯარო სამსახური იმ დროისთვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, ასევე მოიცავდა სახელმწიფო დაწესებულებებს, თუმცაღა 1997 წლის კანონითაც პარლამენტის დროებითი კომისიის წევრის საქმიანობა არ მიიჩნეოდა საჯარო საქმიანობად.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოქმედი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით სახელმწიფო სამსახურის ტერმინების შემოღება იმის ხაზგასმას ისახავდა მიზნად, რომ სახელმწიფო მოსამსახურეები, რომლებიც მათი განსაკუთრებული საქმიანობიდან, სტატუსიდან გამომდინარე სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციების ქვეშ ექცევიან, არ იქნენ იმავდროულად საჯარო მოსამსახურეებად განხილული და მათზე არ გავრცელდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედება. ამდენად, სახელმწიფო სამსახურის ცნების შემოღება, პირველ ყოვლისა, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებების დაცვას, მათი სამართლებრივი სტატუსის გარანტირებასა და გამოსაყენებელი კანონმდებლობის ზუსტად განსაზღვრას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობად ვერ იქნება განხილული პარლამენტის დროებით კომისიაში საქმიანობა, რადგან კომისიის წევრი დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულებით, იგი არ ეწევა არჩევით ან დანიშვნით საქმიანობას, არ ატარებს სახელმწიფო მოსამსახურის სტატუსს და მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი საქმიანობს სახელმწიფო ორგანოში - პარლამენტში, არ ქმნის მისი საქმიანობის სახელმწიფო სამსახურად მიჩნევის საფუძველს, როგორც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის, ისე სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისთვის. დროებითი კომისიის წევრის სამართლებრივ სტატუსზე გავლენა არ მოუხდენია (მისი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა არ განხორციელებულა) 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედებულ კანონს. ამდენად, მიუხედავად საკანონმდებლო აქტებში ტერმინთა ცვლილებისა, რომლითაც გაიმიჯნა სახელმწიფო და საჯარო სამსახური, როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ისე დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დ. ლ-ას საქმიანობა ვერ იქნება განხილული საჯარო საქმიანობად. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, დ. ლ-ასთან მიმართებით 2005 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემიდან შეწყვეტამდე, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ ცვლილებას, რაც სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. დაუსაბუთებელია მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის 2018 წლის პირველი აპრილიდან შეწყვეტა.


სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-33-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან დ. ლ-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად, საფუძვლიანია მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების დავალების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2019წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, ვინაიდან საქმე მნიშვნელოვანია სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს მიერ სათანადოდ არ არის შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, საქმეზე სასამართლოს დასკვნები ყოველგვარ საფუძვლებს მოკლებულია.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის განმარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა, კერძოდ, პარლამენტის დროებით კომისიაში საქმიანობა, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობად, ვინაიდან სახელმწიფო ორგანოში-პარლამენტში კომისიის წევრად საქმიანობა ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით და მოსარჩელე დ. ლ-ა არ ეწევა არჩევით ან დანიშვნად საქმიანობას, რაც გამორიცხავს მის სახელმწიფო მოსამსახურედ მიჩნევის შესაძლებლობას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, დაფინანსების წყაროდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას და მასში შრომითი საქმიანობა წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობას.

კასატორი მიუთითებს, რომ საჯარო საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ჩაითვლება თუ არა იგი საჯარო სამსახურად და რა ფორმით ხორციელდება შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში განხორციელებული საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის "ა", "გ" ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შედეგად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ უნდა დაკმაყოფილდეს დ. ლ-ას სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 15.05.2018წ. №04-00-ი/19843 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 26.06.2018წ. №04/36817 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, 2018 წლის 1 აპრილიდან დ. ლ-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენის თაობაზე და დ. ლ-ასთვის, 2018 წლის 1 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება.

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2004 წლის 10 აგვისტოდან არის საქართველოს პარლამენტის ... კომისიის აპარატის თანამშრომელი, ამასთანავე, 2005 წლის 23 მაისიდან მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დ. ლ-ას, როგორც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის სუბიექტს, დანიშნული ჰქონდა შესაბამისი კომპენსაცია.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 16.03.2018წ. N138/1 ბრძანებით დ. ლ-ა ახალი ვადით დაინიშნა ... კომისიის აპარატში. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 16.03.2018წ. საქართველოს პარლამეტის აპარატსა და დ. ლ-ას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2018 წლის 17 მარტიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

2018 წლის პირველი აპრილიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის 6.2 მუხლისა და 31.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დ. ლ-ას საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღება. 23.04.2018წ. დ. ლ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა მოითხოვა. ცენტრის 15.05.2018წ. N04-00-ი/19843 წერილით დ. ლ-ას ეცნობა, რომ ვინაიდან იგი საქმიანობას ახორციელებს საჯარო დაწესებულებაში და მისი შრომის ანაზღაურების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზეა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების შეზღუდვის საფუძველი.

თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 15.05.2018წ. N04-00-ი/19843 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ლ-ამ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სააგენტოს დირექტორის 26.06.2018წ. N04/36817 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დავით ლ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააგენტოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილია იმ პირთა წრე, რომლებზეც არ ვრცელდება კანონის მოქმედება და მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არ ითვლება საჯარო მოსამსახურედ (შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ ექცევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედების სფეროში), „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო საქმიანობად მიჩნეულია სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, ხოლო საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატში მომუშავე პირი საქმიანობას ახორციელებს საჯარო დაწესებულებაში და მისი შრომის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში პირის მიერ განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა წარმოადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ და ამავე კანონის მიზნებისათვის დადგენილ საჯარო საქმიანობას, რის გამოც, ამ საქმიანობის პერიოდში, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის 5.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, ხოლო 5.2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს.
მითითებული კანონის 6.2 მუხლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის 31.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მიზნებისათვის, პარლამენტის დროებით კომისიაში საქმიანობა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობად და სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმათა განმარტებებს, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საჯარო საქმიანობად მიჩნეულ უნდა იქნეს სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში 27.10.2015წ. ცვლილების განხორციელებამდე, საჯარო საქმიანობად მიიჩნეოდა საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომლის ამოქმედების თარიღად საბოლოოდ განისაზღვრა 2017 წლის პირველი ივლისი. აღნიშნული კანონის მიღებით წარმოიშვა მასში ახლებურად ჩამოყალიბებული ტერმინების შინაარსის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა სხვა კანონებში, მათ შორის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ასახულ ტერმინებთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში 27.10.2015წ. განხორციელებული ცვლილება (ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის პროექტთან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა). 27.10.2015წ. ცვლილების განხორციელების შემდეგ, ზემოაღნიშნული კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოყალიბებული საჯარო საქმიანობის ახალი განმარტება მოიცავს „სახელმწიფო სამსახურისა“ და „საჯარო სამსახურის“ ცნებებს, თუმცა კანონი არ შეიცავს დამოუკიდებლად „სახელმწიფო სამსახურისა“ და „საჯარო სამსახურის“ ცნებათა განმარტებებს, ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის პრინციპიდან გამომდინარე, მითითებული ცნებების განმარტება უნდა მოხდეს სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ნორმებთან ერთობლიობაში. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება საკითხზე: უნდა ჩაითვალოს თუ არა პარლამენტის დროებით კომისიაში საქმიანობა საჯარო საქმიანობად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე დროებით კომისიაში დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და არ ეწევა საქმიანობას არჩევით ან დანიშვნად თანამდებობაზე, შესაბამისად, უნდა გამოიწვიოს თუ არა პარლამენტის დროებით კომისიაში მოსარჩელის საქმიანობამ მისთვის დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურად მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის პირველი მოადგილე/მოადგილე; ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს ასევე იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, მათ შორის, კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე; საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე (4.1 მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, თუმცა საჯარო სამსახურად არ მიიჩნევა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოსამსახურეების მიერ განხორციელებული საქმიანობა, ვინაიდან მათი მხრიდან უფლებამოსილების განხორციელება დაკავშირებული არ არის ვიწრო გაგებით საჯარო მმართველობის განხორციელებასთან. ეს პირები საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებენ სახელმწიფო სამსახურის ფარგლებში და არა საჯარო სამსახურის ფარგლებში. საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის ნაწილი, რომელიც გვხვდება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. ამასთანავე, საჯარო სამსახურს წარმოადგენს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების აპარატებში საქმიანობა და არა დეპუტატის, მინისტრისა და მისი მოადგილის, მოსამართლის საქმიანობა.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელობის მქონეა არა პირის დასაქმების ადგილი, არამედ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის სახე, რამდენადაც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე საქმიანობს სახელმწიფო ორგანოში - პარლამენტში, არ ქმნის მისი საქმიანობის საჯარო საქმიანობად მიჩნევის საფუძველს, როგორც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის, ისე სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზნებისთვის. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, საჯარო სამსახურში საქმიანობად არ მიიჩნევა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატებში საქმიანობა. ამასთანავე, კანონი, ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების თანამშრომლებზე გამორიცხავს ამ კანონის მოქმედებას, ხოლო მეორე მხრივ, ადასტურებს, რომ ამგვარი სტატუსის მქონე პირები სახელმწიფო მოსამსახურეებს არ წარმოადგენენ (სახელმწიფო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და მისი სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, ასევე ამ პირის მოადგილე).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატის თანამშრომლის პოზიციაზე, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ამდენად, მის საქმიანობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება. ამასთანავე, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობად ვერ შეფასდება მისი საქმიანობა პარლამენტის დროებით კომისიაში, რამდენადაც იგი დასაქმებულია შრომითი ხელშეკრულებით, უშუალოდ არ ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, არ უკავია სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა, რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელის საქმიანობა ვერ იქნება განხილული საჯარო საქმიანობად. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (ძალადაკარგულია საქართველოს პარლამენტის 12.06.2018წ. N3875 რეგლამენტით) გათვალისწინებული პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა უკავშირდებოდა პარლამენტის აპარატის უფროს მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურს, მასში დასაქმებული დროებითი კომისიის წევრის საქმიანობა ვერ იქნებოდა მიჩნეული საჯარო საქმიანობად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ დ. ლ-ასთან მიმართებაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ ცვლილებას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის 2005 წლიდან დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების დავალების შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე