საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-149(კ-20) 18 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მან მოითხოვა მოპასუხის 2018 წლის 18 ივლისის MES 7 18 00917967 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თ. გ-ას მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - …ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000-2004 წლებში იგი სწავლობდა შპს „…ის“ სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე; 2004 წლის 15 ივნისს ამავე უნივერსიტეტის საბჭოს მიერ მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი და გადაეცა დიპლომი. თ. გ-ამ განცხადებით მიმართა მოპასუხეს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში (…ში) 2000-2004 წლებში მიღებული განათლების აღიარების შესახებ მოთხოვნით, რაც მოპასუხის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. მოსარჩელის განმარტებით, მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და იგი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7 18 00917967 გადაწყვეტილება, საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. გ-ას მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - …ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „...-სა“ და ამერიკის შეერთებული შტატების ...ის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ...ის ფილიალი.
დიდუბის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს …ი.
… უნივერსიტეტის პრეზიდენტის ჰ. ჰ. ს-ის 2005 წლის 24 ივნისის წერილის თანახმად, ლიბერალური განათლების ამერიკული აკადემიის სამეურვეო საბჭომ ჩაატარა კენჭისყრა 2005 წლის ივნისის კრებაზე, რათა 2005 წლის 1 ივლისიდან აკრედიტაცია მინიჭებოდა თბილისში (საქართველო) … უნივერსიტეტს.
2000 წლის 17 მაისს აშშ …ის ადმინისტრატორსა და ნ. გ-ას (თ. გ-ას დედა) შორის დაიდო ხელშეკრულება.
ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო საბჭომ თ. გ-ას სახელზე გასცა დიპლომი, რომლის თანახმად, თ. გ-ამ გაიარა სწავლების კურსი და დააკმაყოფილა სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრის ხარისხისთვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის მოთხოვნები და მიენიჭა აღნიშნული ხარისხი ყველა თანდართულ უფლებასთან, პრივილეგიასა და იმუნიტეტთან ერთად, რაც დამოწმებული იქნა ბეჭდით, 2004 წლის 15 ივნისს.
2018 წლის 18 ივნისს თ. გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, განათლების მიღების აღიარების შესახებ. განმცხადებლის თქმით, მან განათლება მიიღო საქართველოში, კერძოდ, თბილისში.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 18 ივლისის MES 7 18 00917967 გადაწყვეტილებით, თ. გ-ას უარი ეთქვა …ში 2000-2004 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე, ვინაიდან ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული …ის მიერ 2000-2004 წლებში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია. კერძოდ, …ის სახელწოდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის მფლობელი სუბიექტი არ იძებნება. ამასთან, ვერ იქნა მოძიებული …ის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების, შესაბამისად, თ. გ-ასათვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების, ასევე, აღნიშნული პირის სწავლის (მათ შორის მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების) ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია.
სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1-ლი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, ამავე წესის მე-5 მუხლის პირველ, მესამე და მეხუთე პუნქტებს და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განათლების მიღების უფლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის კომპეტენციის სფეროში ექცეოდა ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების განათლების აღიარება, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილების (მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ Mürsel Eren v. Turkey) გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლითაც დადგინდა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, გააჩნდა თუ არა თ. გ-ას კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე ენდობოდა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანია პირის ნდობა უნივერსიტეტისადმი, რომელიც წლების მანძილზე ფუნქციონირებს და შეუფერხებლად წარმართავს სასწავლო პროცესს. მით უმეტეს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მესამე პირმა დაადასტურა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულებისადმი ნდობა გააჩნდა თავად უნივერსიტეტს, ვინაიდან აღნიშნული განკარგულებით უნივერსიტეტი მოქმედებდა საქართველოს განათლების სამინისტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში. უნივერსიტეტმა მხოლოდ 2005 წელს მიიღო მითითება საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების აუცილებლობის თაობაზე, რაც მყისიერად განახორციელა, სახელმწიფოს კი უნივერსიტეტის საქმიანობაში ლიცენზირების გამომრიცხავი ფაქტორები არ დაუდგენია, აღნიშნული ლიცენზია გაიცა დაუბრკოლებლად (იხ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, სტუდენტისათვის, რომელიც ენდობოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის კანონიერების პრინციპს, იმთავითვე ვერ იქნებოდა ცნობილი უნივერსიტეტის ფილიალის არალიცენზირებულობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს განათლების მიმღები პირის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურების შესაძლებლობას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა მოსარჩელის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მეორე ნაწილითა და 601 მუხლის მეხუთე ნაწილით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები. კერძოდ, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე 2000 წელს ჩაირიცხა შპს „…ში“, სამართლისა და დიპლომატიის საბაკალავრო პროგრამაზე, 2004 წელს კი დაასრულა აღნიშნული პროგრამა, მიენიჭა სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრიატის კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა ბაკალავრის დიპლომი.
კასატორის განმარტებით, ცენტრში დაცული უწყებრივი სალიცენზიო მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 20 იანვარს „…ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N0612020 ლიცენზია. ამ დროისათვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის თანახმად, აღნიშნული სუბიექტი ჩაითვალა ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. მოგვიანებით, ამ უკანასკნელს, სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2010 წლის 26 აგვისტოს N21/ს გადაწყვეტილებით, მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით იგი ჩაითვალა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, მოსარჩელისათვის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ პირს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება წარმოეშობა 2006 წლიდან.
ის სამართლებრივი გარემოება, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებულებას 2006 წლამდეც ესაჭიროებოდა ლიცენზია, გამომდინარეობს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტიდან. აღნიშნულის საჭიროება ასევე გამომდინარეობდა „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან და მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტიდან.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საბაკალავრო პროგრამა გავლილია არა რამდენიმე თვის ან წლის, არამედ სრულად არალიცენზირებულ დაწესებულებაში. მოსარჩელეს აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2004 წელს ისე, რომ დაწესებულებამ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია მოიპოვა მხოლოდ 2006 წლიდან.
კასატორი უარყოფს, რომ შპს „…ის“ მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება მხარდაჭერილი იყო სახელმწიფოს მხრიდან. მისი განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N397გ განკარგულებით მხოლოდ გადაწყდა …ის თბილისში შექმნა და იგი არ წარმოადგენდა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული განკარგულება ვერ შეცვლიდა ლიცენზიის არსს, მიზანსა და საჭიროებას და დაწესებულებას ვერ ექნებოდა მისი ნდობა, რადგან ამ უკანასკნელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ლიცენზიის არსებობისა და მხოლოდ მის საფუძველზე საქმიანობის სავალდებულოობის შესახებ.
ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოცემულ საქმეზე არ უნდა გამოეყენებინათ საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებასთან. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს მოსარჩელისთვის არ აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება, ამდენად არ შეუზღუდავს მისი უფლება მიიღოს განათლება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა კანონი, რომელიც აწესრიგებს კანონიერი ნდობის პრინციპიდან გამომდინარე საკითხებს, რადგან იგი წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, მოსარჩელის კანონიერ ნდობას ვერ ექნება დაცვითი ფუნქცია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არსებითად ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები. აღნიშნული ინტერესის დარღვევაზე მეტყველებს, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი. აქედან გამომდინარე, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად არ შეაფასა ლიცენზირების არსი და მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა.
ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული ადამიანის ძირითადი უფლება - თანასწორობის უფლება, რომელიც დარღვეულია იმის გამო, რომ ლიცენზირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისთვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა უფლებებს.
კასატორის მოსაზრებით, განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყევტილების მიღების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. აღნიშნულის არგუმენტად მითითებულია ის, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს ვერც შეფასდებოდა ამ ორ ინტერესს შორის ბალანსი, რადგან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება.
კასატორმა წარმოადგინა პრეტენზია (შედავება) ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა უმაღლესი განათლება, იმ პირობებში, როდესაც უგულებელყოფილ იქნა და არ შეფასდა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების არმქონე (ულიცენზიო) დაწესებულებაში პირის მიერ მიღებული განათლების საკითხი; ასევე სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს დადგენილად მოსარჩელისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი, მაშინ როდესაც, აღნიშნული განხორციელებული იყო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, რადგან მოცემულ შემთხვევაში დაწესებულებას არ ჰქონდა მოპოვებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზია.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმაში, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოებები ყოველმხრივ არ გამოიკვლია. ამ უკანასკნელის მოსაზრებით საქმე სრულყოფილად იქნა შესწავლილი, ხოლო სამართლებრივი შეფასებები გამომდინარეობენ საქართველოს კანონმდებლობიდან. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სწორად.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს, სსსკ-ს 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული იმისთვის, რათა შემოწმდეს რამდენად თანხვედრაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომასთან ქვედა ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სამართლებრივი განმარტებების მიხედვით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას. შესაბამისად, დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი (სუსგ, #ბს-1265(კ-19), 05/03/2020); #ბს-470(კ-19), 23/04/2019; #ბს-812(კ-18), 04/10/2018). განათლების სფეროში, სახელმწიფოს მხრიდან ზემოხსენებული პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინების ვალდებულება ასევე გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ Mürsel Eren v. Turkey). მითითებულ საქმეზე დადგინდა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და იგი თვითნებური იყო. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, იმ პირობებში, როდესაც დიპლომის გამცემი დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება არ მოდის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, გათვალისწინებული და შეფასებული უნდა იყოს კანონიერი ნდობის პრინციპის დაცულობა.
საკასაციო სასამართლო არ უარყოფს კასატორის მითითებას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მოპოვების გარდაუვალობის თაობაზე და ადასტურებს, რომ შპს „…ის“ რეგისტრაციის მომენტისთვის (1999 წლის 11 ოქტომბერი) მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების აუცილებლობას. თავის მხრივ, ლიცენზია წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ ნებართვას, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევდა უფლებას, განსაზღვრული პირობების დაცვით, განეხორციელებინა გარკვეული სახის საქმიანობა („სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონის მე-4 მუხლი 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი და იმავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტი). საკასაციო სასამართლო თვლის, სწორედ იმის გამო, რომ შპს-ს არ გააჩნდა ლიცენზია და სადავოა მის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება, წარმოიშობა მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობისა და მისი დაცვის საკითხების შეფასების საჭიროება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას მოსარჩელის მიმართ კანონიერ ნდობის პრინციპის დაცვის საჭიროების თაობაზე და განმარტავს, რომ კანონიერი ნდობა, როგორც სამართლებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ინსტიტუტი, მიზნად ისახავს იმ შესაძლო ზიანის თავიდან არიდებას, რომელსაც გამოიწვევს აღმჭურველი საქმიანობით წარმოშობილი შედეგების სტაბილურობის დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, ზიანი გამოიხატება იმაში, რომ განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების თანმდევ სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს პროფესიული მიზნებისათვის დიპლომის გამოყენების უფლების ჩამორთმევა, რაც გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ მოსარჩელეს არ გააჩნია კანონიერი ნდობის საფუძველი ან ეს ნდობა არ არის დაცვის ღირსი, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროებს დამოუკიდებელ შეფასებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის #397გ განკარგულებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი მიჩნეული უნდა იქნეს კანონიერი ნდობის წარმოშობის ერთ-ერთ განმაპირობებელ გარემოებად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განკარგულების შინაარსზე, სადაც სახელობით არის მოხსენიებული დიპლომის გამცემი დაწესებულება და შეიცავს პირდაპირ მითითებას განათლების სამინისტროს მხრიდან მეთოდური უზრუნველყოფის დავალების თაობაზე. შპს-ს რეგისტრაციის დროს მოქმედი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულება, ...“. იმავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, „სამთავრობო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა იმ მოვალეობათა შესრულებისას, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.“ „განათლების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ივლისის კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, „საქართველოს განათლების სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და განათლების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას“. შესაბამისად, მოსარჩელეს, ისევე როგორც ნებისმიერ პირს, წარმოეშობა ნდობა ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, რომლის მეთოდურ უზრუნველყოფასაც ახორციელებს უშუალოდ საგანმანათლებლო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველი დაწესებულება - განათლების სამინისტროს სახით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხედველობაშია მისაღები ასევე ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მოსარჩელისათვის დიპლომის გადაცემიდან (2004 წლის 15 ივნისი) მოკლე პერიოდში, კერძოდ, 2006 წლის 20 იანვარს, შპს „…მა“ საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია მოიპოვა, ისე, რომ მისთვის არ მომხდარა რაიმე სახის ხარვეზის დადგენა. აღნიშნული კი, ალბათობის მაღალი ხარისხით, მიუთითებს დადგენილ სტანდარტებთან სასწავლებლის შესაბამისობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საჯარო ინტერესის აღმატებულობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის კანონიერი ნდობა არ იმსახურებს დაცვას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ინტერესების დაბალანსებასთან მიმართებით კასატორის არგუმენტები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, რამდენადაც ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს, რომ საკითხის გადაწყვეტისას მას არ შეეძლო კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის შეფასება, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით არსებითად ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერ უფლებები (მაგ. თანასწორობის ძირითადი უფლება) ან ინტერესები. აღნიშნულ დასკვნამდე მისვლა კი შესაძლებელია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ თანაზომიერების პრინციპის გამოყენების, ინტერესთა შორის ბალანსის დადგენისა და კანონიერი ნდობის დაცვის საკითხების შეფასების გზით, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელის განცხადების შესწავლის პროცესში, არ განუხორციელებია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო და საჯარო ინტერესთა შორის ბალანსის დადგენასთან ერთად, კანონიერი ნდობის დაცვის საკითხის შეფასებისას ერთ-ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებაა ის დრო, რომელიც გავიდა სამართლებრივი შედეგის წარმოშობის შემდეგ (სუსგ #ბს-428-423(2კ-14), 03/02/2015 წ.; ასევე #ბს-367-363(კ-14), 20/01/2015 წ.). კანონიერი ნდობა დაკავშირებულია სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპთან, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში სამართლებრივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. პირმა უნდა იცოდეს თუ რას შეიძლება დაეყრდნოს იგი და რისი ნდობა უნდა ჰქონდეს. დიპლომი გაიცა 2004 წლის 15 ივნისს, ხოლო მოსარჩელეს განათლების აღიარებაზე უარი ეთქვა 2018 წლის 18 ივლისს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული ორგანო ფაქტობრივად აუქმებს 14 წლის წინათ წარმოშობილ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არსებულ სამართლებრივ შედეგს (აკადემიური ხარისხის მინიჭებას). დროის ასეთი მონაკვეთის განმავლობაში უწყვეტად არსებული სამართლებრივი შედეგების გაუქმება - განათლების აღიარებაზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში სამართლებრივი მშვიდობისა და სტაბილურობის პრინციპს, რაც გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ პირობებში, თუ სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება არსებითად დაარღვევდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც არსებობდა სამართლებრივი შედეგი და ის გარემოება, რომ არსებითად არ ირღვევა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები, უნდა იქცეს კანონიერი ნდობის დაცვის საფუძვლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არის დაუსაბუთებელი. როგორც აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული სამართლებრივი დასკვნებისა და განმარტებების მიხედვით (სუსგ #ბს-1144(კ-18), 16.01.2020 წ.; #ბს-1265(კ-19), 05/03/2020); #ბს-470(კ-19), 23/04/2019; #ბს-812(კ-18), 04/10/2018), ამ კატეგორიის საქმეების გადაწყვეტისთვის საკმარისი არაა მხოლოდ საქმიანობის კანონიერების (ლიცენზიის საჭიროების საკითხის) დადგენა, არამედ ასევე უნდა შეფასდეს დიპლომის გაცემის მიმართ პირის კანონიერი ნდობის არსებობა (მათ შორის მისი გამომრიცხველი გარემოებები) და ის თუ რამდენად არის აღნიშნული ნდობა დაცვის ღირსი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ნდობა დიპლომის გაცემის მიმართ, არ არსებობს მისი გამომრიცხველი გარემოებები და აღნიშნული ნდობა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 07.11.2019წ. #11431 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.11.2019წ. #11431 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე