საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-22(კ-20) 8 აპრილი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „...ი“(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხე - ა(ა)იპ ,,...ს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისია
მესამე პირი - შპს ,,...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „...მა“ 2017 წლის 3 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ა(ა)იპ ,,...ს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიმართ და მოითხოვა ა(ა)იპ ,,...ს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N6 სხდომის ოქმისა და შპს ,,...ის“ მიერ წარდგენილ ... საჩივართან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე, ა(ა)იპ ,,...ს“ მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიისათვის შპს ,,...ის“ მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი 28 740 ლარის უკან დაბრუნების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ,,...ს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის N6 სხდომის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება შპს ,,...ის“ მიერ წარდგენილ ... საჩივართან დაკავშირებით; შპს ,,...ს“ უკან დაუბრუნდა მის მიერ საგარანტიო თანხის სახით გადახდილი 28 740 (ოცდარვა ათას შვიდას ორმოცი) ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.
კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ საგადასახადო დავალიანების საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის შეფასებები და საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ცნობილი იყო შპს „...ის“ არაღიარებული საგადასახადო დავალიანების შესახებ მიმდინარე დავის არსებობის თაობაზე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული მოტივით მოეხდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
კასატორმა ასევე არასწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობის ფაქტს ამოწმებს მხოლოდ ფორმალურად და მას არ გააჩნია დავალიანების ტიპისა და მისი წარმოშობის მართლზომიერების კვლევის შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის უზრუნველყოფილია საგადასახადო დავალიანების საკითხის სრულყოფილად შემოწმების შესაძლებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...ის“ ელექტრონული ტენდერიდან დისკვალიფიკაციისა და მისთვის საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის კანონიერება.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცების ვალდებულება განსაზღვრულია ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცდა სადავო პერიოდში მოქმედი „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (ძალადაკარგულია 2017 წლის 19 ივლისიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით).
საკასაციო პალატა მიუთითებს დასახელებული „წესის“ მე-13 მუხლზე, რომელიც არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების პირობებს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, მათ შორის, მითითებული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით. საკვალიფიკაციო მონაცემები კი მოწმდება იმავე წესის მე-12 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელიც არეგულირებს სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევა/შეფასების საკითხებს, წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტის წინადადების ფასი ფასდება წინადადებების მიღების დასრულებისთანავე, ტექნიკური დოკუმენტაცია ფასდება შერჩევა/შეფასების ეტაპზე, ხოლო საკვალიფიკაციო მონაცემები ფასდება გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპზე. ამრიგად, საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასება ხდება გარკვეული პროცედურული თანმიმდევრობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა(ა)იპ ,,...ს“ მიერ გამოცხადდა ქ. თბილისის 2017-2018 წლების საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ქ. თბილისში, ...ე ...ში ...ის შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისათვის ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე ...). სატენდერო დოკუმენტაციით საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენდა ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არარსებობა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრა პირობა, რომ ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტს უნდა წარედგინა გადამხდელის ელექტრონული გვერდის საშუალებით მომზადებული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი, რომელიც უნდა აღებულიყო ტენდერში ,,წინადადების მიღება დაწყებულია“ ეტაპის დაწყების შემდგომ.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ,,...ს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „...ი“, რომელსაც სატენდერო კომისიამ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-12 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, განუსაზღვრა სისტემაში განთავსების დღიდან 3 (სამი) სამუშაო დღე საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარსადგენად; ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,...ს“ განემარტა, რომ განსაზღვრული ვადის განმავლობაში საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობა გამოიწვევდა დისკვალიფიკაციას ამავე წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „...მა“ სატენდერო კომისიას წარუდგინა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის ცნობა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 11 მაისის მდგომარეობით კომპანიას ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 121962.33 ლარი. დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 294679.75 ლარს. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ საგადასახადო დავალიანება არ არის აღიარებული, თუ გადასახადის/გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა არ არის გასული.
ა(ა)იპ ,,...ს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2017 წლის 17 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით (ოქმი N6) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „...ი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ელექტრონული ტენდერიდან (აუქციონის გარეშე ...) იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, შპს „...მა“ ვერ დაადასტურა საკვალიფიკაციო მოთხოვნა - სახელმწიფოს წინაშე დავალიანების არარსებობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დასტურდება, რომ საწარმოს სახელმწიფოს წინაშე ერიცხებოდა არააღიარებული საგადასახადო დავალიანება, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციით ერთ-ერთ საკვალიფიკაციო მოთხოვნად იმპერატიულად იყო განსაზღვრული ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არარსებობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად კი, საგადასახადო დავალიანება წარმოადგენს შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებას.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ არააღიარებული საგადასახადო დავალიანება შეუძლებელია განხილულ იქნეს სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობად. საკასაციო პალატა განმარტავს, მართალია, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია აღიარებული საგადასახადო დავალიანების ცნება, რომელიც გულისხმობს უდავო, კანონიერ ძალაში შესული დარიცხვის არსებობას, მაგრამ საგადასახადო კანონმდებლობით დავალიანების გამიჯვნა აღიარებულ და არააღიარებულ კატეგორიებად ეფუძნება კონკრეტულ მიზნებს. მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობა განსხვავებულად აწესრიგებს აღიარებული და არააღიარებული საგადასახადო დავალიანების მქონე სუბიექტების მიმართ დავალიანების იძულებით გადახდევინების ღონისძიებების კონკრეტული სახის გამოყენებას. ამასთანავე, არააღიარებული საგადასახადო დავალიანების მიმართაც არის შესაძლებელი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ცალკეული სახის გამოყენება. ამდენად, მოცემული განსხვავება საგადასახადო მიზნებისთვის შეიძლება ატარებდეს გადამწყვეტ ხასიათს, თუმცა არასაგადასახადო მიზნებისათვის - სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში საგადასახადო დავალიანების ცნება ერთიანია და არარელევანტურია მისი გამიჯვნა. მით უფრო, რომ პრეტენდენტის მიერ ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის სატენდერო პირობად განსაზღვრა განპირობებულია ტენდერში გამარჯვებული პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების მიზნით. პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან დავის დასრულების შემდგომ დავალიანების დარიცხვის კანონიერად მიჩნევის პირობებში, შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას ტენდერში ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას. ამდენად, დავალიანების არარსებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნად განსაზღვრა ემსახურება ამგვარი რისკისგან დაზღვევასა და ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ, ჯეროვნად და დროულად შესრულების უზრუნველყოფას. ხოლო კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობისას, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს დავალიანების ტიპი და მისი წარმოშობის მართლზომიერება.
ამასთან, საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, შემსყიდველი ორგანიზაცია ადგენს რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, დაინტერესებულ პირს უნდა მიაწოდოს სატენდერო განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები და სატენდერო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რათა პრეტენდენტი იყოს ინფორმირებული სატენდერო პირობებისა და იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ, რომელსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. მეორე მხრივ კი, ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილი წარდგენა წარმოადგენს დაინტერესებული პირის ვალდებულებას და პროცედურული უფლების რეალიზაციის საშუალებას, რომლის გამოყენების ხარისხზეც არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებები და დასკვნები. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურაში ამ უფლების არასათანადო რეალიზაცია იწვევს მონაწილის სანქცირებას - დისკვალიფიკაციას.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის შპს ,,...ს“ ერიცხებოდა არააღიარებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, კანონიერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „...ის“ ტენდერიდან დისკვალიფიკაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის საფუძვლით. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული ტენდერი მიმდინარეობდა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურის მიხედვით და შპს „...მა“ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ დაადასტურა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა, შპს „...ის“ დისკვალიფიკაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს სადავო აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბათილობის საფუძველი.
რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერში გარანტიის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ კასატორის პრეტენზიას, დადგენილია, რომ ა(ა)იპ ,,...ს“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (აუქციონის გარეშე ...) შპს ,,...მა“ გადაიხადა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ელექტრონული გარანტიის თანხა 28 740 ლარის ოდენობით (ს.ფ. 197). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს პრეტენდენტისათვის ელექტრონული გარანტიის დაბრუნების შესაძლებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე. განსახილველ შემთხვევაში, შპს „...ი“ დისკვალიფიცირებულ იქნა ელექტრონული ტენდერიდან, მითითებული „წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამდენად, დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების პირობებში, არ არსებობს ელექტრონული გარანტიის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო საგარანტიო თანხის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სატენდერო წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს როგორც სატენდერო განცხადებას, რომელშიც მითითებულია ელექტრონული გარანტიის ოდენობა, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციას, ხოლო მე-3 პუნქტი განსაზღვრავს წინადადების წარდგენის შესაძლებლობას მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. შესაბამისად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს სატენდერო პირობების გაცნობით აქვს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციის სიზუსტე, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნამდვილობა და ის რისკები, რამაც შესაძლოა განაპირობოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია და შესაბამისად, ელექტრონული გარანტიის სახით გაწეული ხარჯის დაკარგვა, თუკი ტენდერის მონაწილე ვერ უზრუნველყოფს სატენდერო კომისიისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი დოკუმენტაციის წარდგენას. ამდენად, სწორედ პრეტენდენტი წარმოადგენს საგარანტიო თანხის დაკარგვის რისკის მატარებელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - შპს „...ს" (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 12 თებერვლის №9057410989 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე