Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-179(კ-20) 29 აპრილი, 2020 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ნაწილის) ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:

ა. მ-მა 2018 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის N EL077527 ოქმის ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე N28254 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 25 აგვისტოს N EL077527 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 8 ოქტომბრის N28254 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში; ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის N 7093/2/2018 გადაწყვეტილება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორების მითითებით, სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 - მე-7 მუხლების შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. კასატორებმა აღნიშნეს, რომ უდავოდ დადგენილია ა. მ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. მას საქართველოს საბაჟო საზღვარზე განზრახ, მალულად გადმოჰქონდა 3000 ლარამდე ღირებულების უაქციზო საქონელი, რომელიც განთავსებული იყო მის კუთვნილ ავტომობილში. მის მიერ ჩადენილი გადაცდომა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების, აქციზური საქონლის მიმოქცევის სფეროში დამყარებული სამართლებრივი სტაბილურობის წინააღმდეგ, ანალოგიური სამართალდარღვევების მასშტაბმა მიაღწია ქვეყნისათვის არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი პრევენციის მიზნით აუცილებელია კანონით დადგენილი უმკაცრესი სახდელის გამოყენება.
კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ა. მ-ი საქართვლოს საზღვარზე არ გადაადგილდებოდა პირველად, სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე მას საქართველოს საბაჟო საზღვარზე უფიქსირდება არაერთგზის (73) შესვა/გასვლა, შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები, თუმცა მიუხედავად ამისა, მის მიერ დარღვევა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მოთხოვნები, შესაბამისად, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნება გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. ამდენად, კასატორები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული სანქციის ზომა თანაბარზომიერია ჩადენილ სამართალდარღვევასთან მიმართებაში და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
აღნიშნული ნორმით დადგენილი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის სამი სახის ღონისძიება შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მოიცავს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული პასუხისმგებლობის ზომის შერჩევას. საგადასახადო პასუხისმგებლობა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება და საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს საჯარო და კერძო ინტერესთა შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით. „ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-1332-1317(კ-11)).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის - „წითელი ხიდის“ უფლებამოსილმა პირმა ა. მ-ის მიმართ 2018 წლის 25 დეკემბერს შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის N EL077527 ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის მოსარჩელე დაჯარიმდა 1 000 (ათასი) ლარით, ჩამოერთვა 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და სატრანსპორტო საშუალება, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და ითხოვა სანქციის შემსუბუქება. სანქციის შეფარდებისას ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში უნდა მიეღო აღნიშნული გარემოება. ასევე საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტი, არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას ყველაზე მკაცრი სანქციის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე, ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ქ. ცინცაძე