Facebook Twitter
ბს-1184 (კ-18) 28 აპრილი, 2020წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ს-ამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილების, ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 31.08.2016წ. №02/127 ბრძანების ბათილად ცნობის და ლ. ს-ას საჩივრის არსებითი განხილვის დავალების მოთხოვნით.
ლ. ს-ამ სარჩელი აღძრა აგრეთვე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ ლ. ს-ას მიმართ ჯარიმაზე საურავის დარიცხვის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 21.06.2016წ. №215 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცემერის 06.10.2016წ. №02/139 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.08.2017წ. განჩინებით მითითებულ სარჩელებზე მიმდინარე საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ლ. ს-ას მიერ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოთხოვნილი იქნა: 1. „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ლ. ს-ას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016. №34 დადგენილების; 2. ამავე დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ლ. ს-ასთვის 3000 ლარის ოდენობით საურავის დაკისრების შესახებ 21.06.2016წ. №215 დადგენილების; 3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ. ს-ას ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცემერის 31.08.2016წ. №02/127 ბრძანების; 4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 21.06.2016წ. №215 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ. ს-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 06.10.2016წ. №02/139 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა ლ. ს-ას მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში 11.02.2016წ. №34 დადგენილების ძალადაკარგულად ცნობა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016. №34 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ლ. ს-ასთვის 3000 ლარის ოდენობით საურავის დაკისრების შესახებ 21.06.2016წ. №215 დადგენილება, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ. ს-ას ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის 31.08.2016წ. №02/127 ბრძანება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 21.06.2016წ. №215 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ. ს-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 06.10.2016წ. №02/139 ბრძანება, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ. ს-ას მიერ მშენებლობის ნებართვის გარეშე ნაწარმოები მშენებლობის დემონტაჟის დავალება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების ფუნდამენტურ პრინციპს, ვინაიდან ნაგებობის ნაწილი, რომლის დემონტაჟი დაევალა ლ. ს-ას, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ. ს-ას საკუთრების უფლება სადავოდ არ არის გამხდარი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს ლ. ს-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ნაგებობის დემონტაჟს. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილება კანონიერად იქნა მიჩნეული ლ. ს-ას 3000 ლარით დაჯარიმების ნაწილში, ვინაიდან უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ლ. ს-ამ შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აწარმოა მშენებლობა.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016. №34 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ლ. ს-ასთვის 3000 ლარის ოდენობით საურავის დაკისრების შესახებ 21.06.2016წ. №215 დადგენილების, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ. ს-ას ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცემერის 31.08.2016წ. №02/127 ბრძანების და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 21.06.2016წ. №215 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ. ს-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 06.10.2016წ. №02/139 ბრძანების კანონიერების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ადმინისტრაციული აქტის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილების ლ. ს-ასთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების საკითხი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული აქტის ადრესატისათვის ჩაბარების წესის დაუცველობის თაობაზე, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქ. ბათუმის მერიის მოსაზრება, რომ 11.02.2016წ. №34 დადგენილების თ. ყ-ისთვის ჩაბარებით დადგენილება ლ. ს-ასთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქმის გარემოებათა არასრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, აღწერს დავის ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილება ლ. ს-ას გაეგზავნა და 16.02.2016წ. ლ. ს-ას ოჯახის წევრს - ბიძაშვილს ჩაბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ქ. ბათუმის მერიის მიერ დაცული იქნა სსკ-ით დადგენილი გზავნილის გაგზავნის და ჩაბარების წესი, რის გამოც არასწორია სასამართლოს დასკვნა გზავნილის ჩაბარების წესის დაუცველობის საფუძვლით გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლოს მიერ მხარისთვის გაგზავნილი გზავნილის ოჯახის წევრისთვის ჩაბარების შეთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გზავნილი ჩაბარდა ადრესატს, აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა გზავნილის ჩაბარების წესის ქ. ბათუმის მერიის მიერ დარღვევის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად შეფასდა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილების ლ. ს-ასთვის კანონმდებლობით დადგენილი წესის დაუცველად ჩაბარების საკითხი. საქმის მასალებით არ დგინდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დადგენილების ლ. ს-ასთვის ჩაბარება. ქ. ბათუმის მერიის მიერ მიჩნეული იქნა, რომ გზავნილის თ. ყ-ისათვის ჩაბარება საკმარისი იყო ლ. ს-ასთვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისთვის, რაც არ გაიზიარა სააპელაციო საასამართლომ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს (სზაკ-ის 54.4 მუხ.). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ პირი, რომელსაც ჩაბარდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გზავნილი, იყო ლ. ს-ასთვის გაგზავნილი გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი. არ დასტურდება აგრეთვე, რომ თ. ყ-ე იყო ლ. ს-ასთან ერთად ერთ მისამართზე რეგისტრირებული პირი. ამასთანავე, საქმეში დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 21.06.2017წ. გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გზავნილის ჩაბარების დროისთვის (16.02.2016წ.) ლ. ს-ა არ იმყოფებოდა საქართველოში, იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ (ტ.1.ს.ფ. 220). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გზავნილი ვერ იქნება მიჩნეული სსკ-ის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ლ. ს-ასთვის ჩაბარებად.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს (სზაკ-ის 54.1 მუხ.). ამდენად, ვინაიდან არ დასტურდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 11.02.2016წ. №34 დადგენილების ლ. ს-ასთვის ჩაბარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი კანონის საფუძველზე, ხოლო მეორე მხრივ მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება (სუსგ 21.01.2020წ. საქმე №ბს-468-465 (კ-17)). განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მითითებულ ფუნქციათა შესრულება.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი