საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-159(კ-20) 18 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2019წ. განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
07.02.2017წ. ე. უ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 11.01.2017წ. №140 ბრძანების ბათილად ცნობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.05.2017წ. MOD01700003735 ბრძანების ბათილად ცნობა; ე. უ-ის აღდგენა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2017 წლის 11 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ე. უ-ის მიმართ განხორციელებული სისტემური და განგრძობადი ხასიათის დევნა-შევიწროების ანუ დისკრიმინაციის ფაქტის (პროფესიული, საქმიანი, დამამცირებელი მოპყრობის) დადგენა; საქართველოს მთავრობის №241 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ე. უ-ის იარაღით დაჯილდოების დავალება, საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ე. უ-ის სასარგებლოდ 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში უკანონოდ დაქვითული თანხის - … ლარის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2019წ. გადაწყვეტილებით ე. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2019წ. განჩინებით ე. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2019წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 01.11.2016წ. გამოსცა MOD 4 16 00000968 ბრძანება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პირთა კვალიფიკაციის შეფასების თაობაზე. ბრძანების თანახმად, სამოქალაქო პირთა შეფასება გასაუბრების გზით უნდა განეხორციელებინა კომისიას/ქვეკომისიას, მაღალი, საშუალო ან დაბალი კვალიფიკაციის დონის მიხედვით. კომისიის/ქვეკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაფორმებულიყო ოქმის სახით.
კვალიფიკაციის შეფასებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ე. უ-ესთან ჩატარდა გასაუბრება, რომლის აუდიო/ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა. ე. უ-ის სამუშაო გამოცდილებამ შეადგინა: ზოგადი - 37 წელი, შეიარაღებულ ძალებში - 9 წელი და თანამდებობის შესაბამისი სპეციალობით - 7 წელი. გასაუბრების შედეგად, ე. უ-ის კვალიფიკაციის დონე შეფასდა „საშუალოდ“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 22.02.2017წ. MOD 7 17 00172654 წერილით ე. უ-ეს გაეგზავნა მის მიმართ შედგენილი შეფასების ოქმის ასლი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 19.12.2016წ. MOD 9 16 00001089 ბრძანებით დამტკიცდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების შტატები, მათ შორის, ბრძანების N2 დანართით დამტკიცდა საერთო საჯარისო ცენტრის შტატი N... ბრძანება ამოქმედდა გამოცემის მომენტიდან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 19.12.2016წ. MOD 9 16 00001089 ბრძანების N2 დანართის მიხედვით, საერთო საჯარისო ცენტრში (შტატი N...) სამოქალაქო პირის შტატი განსაზღვრული იყო 56 ერთეულით, მათ შორის, … კურსზე 6 საშტატო ერთეულით იყო განსაზღვრული უფროსი სპეციალისტის (სამოქალაქო პირის) თანამდებობა.
04.01.2017წ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის მიზნით. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია არ შეეხებოდათ ისეთ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც დანიშნულნი იყვნენ: 1. ქალბატონები, 3 წლამდე ასაკის ბავშვით; 2. ორსული ქალბატონები (დასაბუთებული შესაბამისი ცნობით); 3. ქალბატონები, რომლებიც იმყოფებოდნენ დეკრეტულ შვებულებაში; 4. დაჭრილ-დასახიჩრებული მოსამსახურეები; 5. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი და დედმამიშვილი); 6. უცხოეთში მივლინებაში მყოფი თანამშრომლები; 7. სამკურნალო შვებულებაში მყოფი პირები (ბიულეტინის მოქმედების ვადის გათვალისწინებით).
ამავე გადაწყვეტილებით, გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დაევალათ 2017 წლის 6 იანვრამდე J-… პირადი შემადგენლობის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენა, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ დასახელებული გამონაკლისების გათვალისწინებით. J-… პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება და 2017 წლის 10 იანვრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანის ბრძანების პროექტების მომზადება, რომელთა ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 11 იანვარი.
06.01.2017წ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ, ამავე შტაბის J-… პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს აცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობაში, ასევე დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში გასაუქმებელი სამოქალაქო თანამდებობების ჩამონათვალი, მათზე დანიშნული სამოქალაქო პირების მითითებით (დანართი N1), ასევე ყველა ვაკანტური სამოქალაქო თანამდებობის ჩამონათვალი, საშტატო კატეგორიისა და შტატის ნომრის მითითებით (დანართი N2).
N1 დანართის მიხედვით, გასაუქმებელ თანამდებობათა ჩამონათვალში შედიოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“, შტატი N...), რომელზეც დანიშნული იყო ე. შ. უ-ე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11.01.2017წ. MOD 0 17 00000026 ბრძანებით ცვლილება შევიდა „წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფების შტატების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.12.2016წ. MOD 9 16 00001089 ბრძანებაში და ბრძანების N1-N9 დანართები ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციებით. მითითებული ბრძანება ძალაში შევიდა გამოცემის დღიდან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11.01.2017წ. MOD 0 17 00000026 ბრძანების N2 დანართით დგინდება, რომ საერთო საჯარისო ცენტრში (შტატი N...) სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 27 ერთეულით, მათ შორის, … კურსზე უფროსი სპეციალისტის (სამოქალაქო პირი) თანამდებობა განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 11.01.2017წ. N140 ბრძანებით, J-… პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 09.01.2017წ. MOD 9 17 00020861 წერილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11.02.2017წ. MOD 0 17 00000026 ბრძანების საფუძველზე, ე. შ. უ-ე გათავისუფლდა საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტის (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“, შტატი N...) თანამდებობიდან და 2017 წლის 11 იანვრიდან გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
20.01.2017წ. და 22.02.2017წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ე. უ-ეს აცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში განხორციელებული რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გამო, 11.01.2017წ. გაუქმდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. შედეგად, ე. უ-ე ოთხი თვის ვადით გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და მისი დასაქმების საკითხი დარჩა დაკმაყოფილების გარეშე, შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო.
ე. უ-ემ 27.01.2017წ. და 27.02.2017წ. მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა 10.12.2016წ. ჩატარებული გასაუბრების ოქმი, რომელშიც ასახული იქნებოდა მის მიმართ დასმული შეკითხვები, გამოთქმულ აზრთა შინაარსი და „საშუალო“ შეფასების მიღების მიზეზი. ე. უ-ის განმარტებით, გასაუბრებაზე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ იგი ორი სახელმძღვანელოს ავტორია და შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 07.03.2017წ. MOD 0 17 00215398 წერილით ე. უ-ეს ეცნობა, რომ მინისტრის 01.11.2016წ. MOD 4 16 00000968 ბრძანებით გათვალისწინებული გასაუბრების ჩაწერა არ განხორციელებულა, ამასთან, შეფასებასთან დაკავშირებული ოქმი მას გაეგზავნა სამინისტროს 22.02.2017წ. MOD 7 17 00172654 წერილით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.05.2017წ. MOD 0 17 00003735 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო … კურსის ყოფილი უფროსი სპეციალისტი (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“, შტატი N...) ე. შ. უ-ე ... წლის ... ...დან გათავისუფლდა სამსახურიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის 16.05.2017წ. MOD 5 17 00453083 ცნობის თანახმად, … კურსის ყოფილი უფროსი სპეციალისტი, სამოქალაქო პირი ე. შ. უ-ე ატარებდა ლექციებს … კურსზე, ... დაცვაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23.05.2017წ. MOD 8 17 00479303 წერილით ე. უ-ეს ეცნობა, რომ 11.01.2017წ. განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის 6 (ექვსი) უფროსი სპეციალისტის შტატიდან გაუქმდა 4 (ოთხი) უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული კურსი ძირითადად ითვალისწინებდა … პერსონალის მომზადება/გადამზადებას, დარჩენილი 2 (ორი) უფროსი სპეციალისტიდან ერთზე დანიშნულია ...ს მონაწილე (...), რომელსაც ... აქვს ... (თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რეორგანიზაცია/შტატების შემცირება არ შეეხოთ დაჭრილ-დაშავებულ მოსამსახურეებს და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს), ხოლო მეორე უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა აღნიშნული კურსის/სკოლის ყოფილი უფროსი, რომელსაც აშშ-ს არმიის ... სკოლაში დამთავრებული აქვს ... კაპიტნის საკარიერო კურსი, ... კვალიფიკაციით.
ამავე წერილით ე. უ-ეს დამატებით ეცნობა, რომ … კურსზე დანიშნულია სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება (...ი დაცვა), მინიჭებული აქვს ... გვარეობის სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის კოდი - ... და ინსტრუქტორის კოდი - ..., შესაბამისად, კურსით გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით, იგი ატარებს ლექციებს ... დაცვაში.
საერთო საჯარისო ცენტრის ... ახორციელებდა საგანმანათლებლო პროგრამებს კურსების მეშვეობით, რომელთა შორისაც იყო … კურსი. აღნიშნული კურსი შეიარაღებული ძალებისათვის ამზადებდა სამხედრო მოსამსახურეებს, … სპეციალობით. კურსებზე ისწავლებოდა პროგრამით განსაზღვრული … საგანი, რომლის სალექციო კურსი მოიცავდა 38 საათს (აქედან: … უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი - 26 საათს, ხოლო … ათეულის მეთაურის კურსი - 12 საათს). საგანს ასწავლიდა … სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნული ე. უ-ე. სასწავლო წლის განმავლობაში მცირე საათობრივმა დატვირთვამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია აღნიშნული შტატის გაუქმების საკითხში, თუმცა განათლების სარდლობის ხელმძღვანელობამ არ გამორიცხა (2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით) … დარგის განვითარების შემთხვევაში, სამომავლოდ მოწვეული ყოფილიყო შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტი, საათობრივი ანაზღაურების პრინციპით.
13.07.2017წ. მდგომარეობით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.05.2017წ. N3735 ბრძანების გამოცემის დროისათვის კურსი შეიარაღებული ძალებისთვის ამზადებდა მხოლოდ … მიმართულების სპეციალისტებს, მათ შორის, … უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამით, … ათეულის მეთაურის მომზადების პროგრამით და …ის მომზადების პროგრამით.
2014 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 იანვრამდე, … ...ში მიმდინარე კურსებზე … დაცვის თემატიკაში მეცადინეობებს ატარებდა ე. უ-ე. აღნიშნული თემატიკის საათობრივი დატვირთვის სიმცირის გამო (54 საათი), … თემატიკაში მეცადინეობის ჩასატარებლად საჭიროდ არ ჩაითვალა სხვა ინსტრუქტორების არსებობა.
2017 წლის 11 იანვრის შემდეგ, საერთო საჯარისო ცენტრის … კურსებზე განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საგანში - „…“ ჩატარდა 100 საათი.
2017 წლის 15-22 მარტის მდგომარეობით, ... კურსი არ მიმდინარეობდა, თუმცა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის …ის პროგრამა ითვალისწინებდა კურსს … დასახელებით.
… თემატიკის მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობდა პარტნიორი ქვეყნების მიერ შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის საქართველოსთვის/საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც, კურსის ჩამოყალიბებისას დაიგეგმა ორი განსხვავებული მიმართულების სპეციალისტების მომზადება: 1) … დაცვის სპეციალისტების და 2) … სპეციალისტების. გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო პერსონალის მომზადება განხორციელდა პარტნიორი ქვეყნების მიერ, საერთო საჯარისო ცენტრში … თემატიკა 2016 წლის ივნისის თვიდან გათვალისწინებულ იქნა … კურსზე. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში … მომზადებაში ჩატარდა 1872 საათი.
ე. უ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება (განმცხადებელი მიუთითებდა, რომ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ შეცდომაში შეიყვანა იურიდიული დეპარტამენტი: 2017 წლის 11 და 12 იანვარს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, 12 იანვარს ხელმძღვანელის დავალებით იმყოფებოდა …ში განთავსებულ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დოქტრინების განვითარების ცენტრში, გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად. იქ შეიტყო 2017 წლის 11 იანვრის ბრძანებით მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე). წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ე. უ-ე 2017 წლის 11 და 12 იანვარს არ მუშაობდა, ლექციები ან მეცადინეობები არ ჩაუტარებია და მითითებულ დღეებში სამსახურში გამოცხადება იყო მისი ინიციატივა, რაც უკავშირდებოდა საორგანიზაციო საკითხების გადაჭრის მცდელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიკითხნენ კონკრეტული პირები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია ე. უ-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დადგინდა დისციპლინური გადაცდომის ან/და დანაშაულის ნიშნები. აღნიშნულის შესახებ ე. უ-ეს ეცნობა 15.09.2017წ.
2014, 2015, 2016 წლებში, ... ...ში, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე, … ათეულის მეთაურის კურსზე და …ის ძირითად კურსზე ინსტრუქტორების მიერ ჩატარებულმა სასწავლო საათების რაოდენობამ ჯამში შეადგინა 3386 საკონტაქტო საათი. 2016 წლის ივნისამდე აღნიშნული კურსების სასწავლო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული … თემატიკის ჩატარება. 2016 წლის ივნისის თვიდან … ...ას არსებულ კურსებზე დაემატა … თემატიკა.
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის ინსტრუქტორად მუშაობის პერიოდში, 2016 წლის განმავლობაში ე. უ-ემ ჩაატარა 38 (ოცდათვრამეტი) საათი, ლექცია … თემაზე. ვინაიდან 2016 სასწავლო წლის განმავლობაში მისი საათობრივი დატვირთვა იყო საკმაოდ მცირე, კურსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ე. უ-ე დამხმარე ინსტრუქტორად გამწესდა საველე პრაქტიკულ მეცადინეობებზე. ე. უ-ე არ ატარებდა მეცადინეობებს … მომზადებაში, დაკავებული იყო ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებით. მისმა ყოფნამ პოლიგონზე შეადგინა 18 (თვრამეტი) სამუშაო დღე - 144 (ას ორმოცდაოთხი) საათი. ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება გულისხმობდა ინსტრუქტორის დამხმარის მიერ მეცადინეობის მსვლელობის პროცესში სწავლების ხელმძღვანელის დავალებების შესრულებას, კერძოდ, დამხმარე საშუალებებით მეცადინეობების ხელმძღვანელისათვის დახმარების გაწევას კლასის მოწყობაში, თვალსაჩინოების წარდგენას აუდიტორიის წინაშე და სხვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ არ გაზარდა საათების რაოდენობა … იარაღისაგან დაცვის საგანში, ვინაიდან მიიჩნია, რომ სასწავლო პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, … სპეციალისტების მომზადებისათვის სასაწავლო პროგრამით გათვალისწინებული 38 საათი საკმარისი იყო ფუნქციონალური მოვალეობების შესაბამისი კომპეტენციის მისაღებად. ამასთან, მიჩნეულ იქნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების … იარაღისაგან დაცვის შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, დაიწყებოდა სპეციალისტების მომზადება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის 19.03.2018წ. MOD 8 18 00270925 წერილით ე. უ-ეს განემარტა, რომ მისი საველე მეცადინეობებზე „დამხმარე ინსტრუქტორად“ დანიშვნა არ ეწინააღმდეგებოდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან საველე პრაქტიკულ მეცადინეობას ატარებდა … ...ის (კურსის) ინსტრუქტორთა განყოფილება, რომლის შემადგენლობაშიც იყო ე. უ-ე. ამასთან, იმას, თუ რა საგანი უნდა ჩაეტარებინა „… კურსის უფროს სპეციალისტს“, განსაზღვრავდა კურსის უფროსი, „უფროსი სპეციალისტის“ ცოდნიდან და სპეციალობებიდან გამომდინარე.
საქართველოს თავდაცვის სისტემაში სამოქალაქო თანამდებობაზე ე. უ-ის მუშაობის პერიოდში (...), ასევე, 2018 წლის 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დამხმარე ინსტრუქტორის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა არ არსებობდა, იგი იქმნებოდა საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კონკრეტული დავალების შესასრულებლად.
სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით დგინდება, რომ ჯარებში სწავლების მიზნით, ე. შ. უ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აჩუქა საავტორო წიგნი, სახელწოდებით „...“. აღნიშნული წიგნი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 23.03.2012წ. N186 ბრძანებით შემოღებულ იქნა დამხმარე სახელმძღვანელოდ, კოდით - ... .
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 11.03.2014წ. MOD 3 14 00000176 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფებში ... წლის ... ...დან ... ...ის ჩათვლით ჩატარდა ...“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.
საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 21.09.2015წ. N750 ბრძანებით დაიბეჭდა და შეიარაღებულ ძალებში გადანაწილდა ე. უ-ის წიგნი - „...“. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან არ დაფიქსირდა განმარტებების მოთხოვნა წიგნთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ დადგა პრეზენტაციის ჩატარების აუცილებლობის საკითხი. ამასთან, მითითებულ სახელმძღვანელოზე პრეზენტაცია ჩატარებული იყო სამხედრო ოფიცრებისათვის და წვრთნებისა და განათლების სარდლობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია იმავე საკითხზე განმეორებით პრეზენტაციის ჩატარება. გარდა ამისა, ვინაიდან სახელმძღვანელო - „...“ მოიცავდა პირველი სახელმძღვანელოს მსგავსი შინაარსის თემატიკას, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული პრეზენტაციის ჩატარება. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები არ ითვალისწინებდა სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით პრეზენტაციის ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემის ვალდებულებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 31.07.2018წ. MOD 4 18 00759929 წერილით ე. უ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 11.03.2014წ. MOD 3 14 00000176 ბრძანების გარდა, სხვა სახის ბრძანება პრეზენტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით არ გამოცემულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 15.12.2017წ. MOD 1 17 01205894 წერილით ე. უ-ეს ეცნობა, რომ სამინისტროს მოსამსახურეების წახალისების საკითხები რეგულირდება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.12.2017წ. N54 ბრძანების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტით. მითითებული აქტები არ ითვალისწინებდა პირის ფინანსურ წახალისებას რაიმე სახელმძღვანელოს შექმნისა და დამუშავებისათვის. ამასთან, სამინისტროში ვერ იქნა მოძიებული სამართლებრივი აქტები, კონკრეტული პირებისათვის მითითებული საფუძვლით წახალისების შესახებ.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან 2009 წლამდე სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი გაუგრძელდა 289 სამხედრო მოსამსახურეს.
14.05.2009წ. სხდომაზე (ოქმი N11) სახმელეთო ჯარების საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის მუდმივმოქმედმა სამანდატო კომისიამ გადაწყვიტა შუამდგომლობის აღძვრა ზემდგომი ხელმძღვანელობის წინაშე, 2009 წლის 24 თებერვლიდან, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ე. უ-ის დათხოვნის მიზნით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, სატელეფონო საუბრის დროს ე. უ-ის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ შესაბამისი პირები. ჩატარებული შემოწმების შედეგად, დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ გამოიკვეთა, შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 19.11.2018წ. MOD 9 18 01172122 წერილით ე. უ-ეს ეცნობა, რომ გ. მ-ესთან მიმართებაში შეწყდა სამსახურებრივი შემოწმება, რის შესახებაც მას ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის 09.11.2018წ. MOD 3 18 01139781 წერილით. ამასთან, რ. ფ-ესთან დაკავშირებით მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის საკმარისი სამსახურებრივი შემოწმების დასაწყებად.
ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის მე- 4 განყოფილებაში 14.09.2018წ. დაიწყო გამოძიება N004140918011 სისხლის სამართლის საქმეზე, ე. უ-ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე (სსკ-ის 151.1 მუხლი).
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 18.10.2018წ. MOD 8 18 01053907 წერილით ე. უ-ეს ეცნობა, რომ სატელეფონო საუბრის დროს გ. მ-ის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, მასალები შემოწმდა როგორც შსს ...ის სამმართველოში, ისე თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. შედეგად, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო, გამოძიება არ დაწყებულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული შესაბამისი საბინაო კომისიის ოქმების თანახმად, 1991 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში საცხოვრებელი ბინა გადაეცა 994 პირს.
საქართველოს თავდაცვის სისტემაში ე.წ. „...ი“ ... ცენტრის -„…ის“ ტრანსფორმაციის ფარგლებში, გაუქმდა ...ის ყველა საშტატო ერთეული, მათ შორის, ,,, ...ის ინსტრუქტორთა განყოფილების … უფროსი ინსტრუქტორის შტატი (საშტატო კატეგორია „მაიორი“) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.05.2016წ. N477 ბრძანებით, სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, მის ბაზაზე ჩამოყალიბდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 14.07.2016წ. MOD 4 16 00004306 ბრძანებით, ე. უ-ე, მისივე თანხმობით დაინიშნა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის ინსტრუქტორად (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“, შტატი N...).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.12.2016წ. N1089 ბრძანებით კვლავ გაუქმდა მანამდე არსებული ყველა საშტატო ერთეული და დამტკიცდა ახალი შტატი, მათ შორის, საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტი (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“). შესაბამისად, შტატისთვის სახელის შეცვლა არ განხორციელებულა.
2016 წლის აგვისტოში ე. უ-ის ხელფასის ცვლილება განპირობებული იყო მისივე თანხმობით, … „…ის“ … უფროსი ინსტრუქტორის“ თანამდებობიდან გადაადგილებით საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის ინსტრუქტორის თანამდებობაზე. მითითებულ თანამდებობებზე სარგოები განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: ინსტრუქტორი - 732.00 ლარი, უფროსი ინსტრუქტორი - 1156.00 ლარი, უფროსი სპეციალისტი - 1104.00 ლარი.
უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობაზე მუშაობისას ე. უ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1156 ლარს, ხოლო პროცენტული დანამატი - 346,80 ლარს, სულ დარიცხული - 1502,80 ლარს. ამასთან, მისი უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობისას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1104 ლარს, პროცენტული დანამატი - 331,20 ლარს და შესავსები თანხის ზღვარი - 67,60 ლარს, სულ დარიცხული - 1502,80 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96.2 მუხლზე, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე კანონის 97.1 მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო 97.3 მუხლის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში თანამდებობის რაოდენობრივად შემცირებას, რომელიც დაკავებული ჰქონდა ე. უ-ეს - 6 საშტატო ერთეულიდან დარჩა 2 საშტატო ერთეული, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას შტატების შემცირებით და მოსარჩელე ექვემდებარებოდა კადრების განკარგულებაში გადაყვანას. სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დარჩენილი ორი შტატიდან ერთზე დაინიშნა ...მონაწილე (...), რომელსაც ... აქვს ..., ხოლო მეორე „უფროსი სპეციალისტის“ თანამდებობაზე დაინიშნა აღნიშნული კურსის/სკოლის ყოფილი უფროსი (აშშ-ს არმიის … სკოლის კურსდამთავრებული, … კაპიტნის საკარიერო კურსი, …ის კვალიფიკაციით). მეორე შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა, რომ … კურსი ძირითადად ახდენდა … პერსონალის მომზადება/გადამზადებას, ხოლო სასწავლო კურსზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს გააჩნდა შესაბამისი განათლება, ასევე მას მინიჭებული ჰქონდა … გვარეობის სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის კოდი - … და ინსტრუქტორის კოდი - …, კურსით გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით, იგი ატარებდა ლექციებს …ში.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა ე. უ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობა, სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სასარჩელო მოთხოვნები - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 11.01.2017წ. №140 და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.05.2017წ. MOD 0 17 00003735 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა, ე. უ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლები საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენასა და განაცდურს ცალსახად უკავშირებს დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ე. უ-ის იარაღით დაჯილდოების დავალების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ განმარტა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N241 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, წახალისების აღნიშნული ფორმა წარმოადგენს უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას, სავალდებულოა, რომ პირს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდეს შეტანილი კონკრეტულ სფეროში. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა განსაკუთრებული დამსახურებისათვის უნდა წაეხალისებინა იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მით უფრო, როდესაც ასეთი მოთხოვნა უშუალოდ ადმინისტრაციულ ორგანოში მისი მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში უკანონოდ დაქვითული თანხის - … ლარის ანაზღაურების დავალების თაობაზე, 2016 წლის აგვისტოში ხელფასის ცვლილება განპირობებული იყო ე. უ-ის თანამდებობრივი გადაადგილებით, …ის - „…ის“ … უფროსი ინსტრუქტორის“ თანამდებობიდან, საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის ინსტრუქტორის თანამდებობაზე, მისივე თანხმობით. მითითებულ თანამდებობებზე სარგოები განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: ინსტრუქტორი - 732.00 ლარი, უფროსი ინსტრუქტორი - 1156.00 ლარი, უფროსი სპეციალისტი - 1104.00 ლარი. ე. უ-ის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობაზე მუშაობისას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1156 ლარს, პროცენტული დანამატი - 346,80 ლარს, სულ დარიცხული - 1502,80 ლარს. ამასთან, მისი უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობისას თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1104 ლარს, პროცენტული დანამატი - 331,20 ლარს და შესავსები თანხის ზღვარი - 67,60 ლარს, სულ დარიცხული -1502,80 ლარს. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, ე. უ-ემ კონკრეტულ პერიოდში მიიღო იმ საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, რომელზეც იყო დანიშნული.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ე. უ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, პირველმა ინსტანციამ ამომწურავად შეაფასა დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებული როგორც შიდასაკანონმდებლო, ისე საერთაშორისო ნორმები და დაადგინა, რომ აპელანტ ე. უ-ის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.12.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. უ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 04.08.2016წ. N2/5/595 გადაწყვეტილებაში (საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მიუთითა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით პირი დაცულია საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის, პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას, არ იქნეს ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ, საამისოდ კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე. კასატორი ასევე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება, არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითი გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღებაზე. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს სრული მოცულობით, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილი ორი საშტატო ერთეულიდან ერთ-ერთზე დაინიშნა კურსის/სკოლის ყოფილი უფროსი, რომელსაც აშშ–ის არმიის … სკოლაში დამთავრებული აქვს … კაპიტნის საკარიერო კურსი, … კვალიფიკაციით, ამასთან, … კურსზე დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს გააჩნია შესაბამისი განათლება (...ი დაცვა), მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდი, იგი ატარებდა ლექციებს ... დაცვაში. რეალურად, სადავოა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შემდეგ თანამდებობაზე დანიშნულ პირთაგან არც ერთი არ კითხულობს ლექციებს ... დაცვაში, აღნიშნული საგნის წასაკითხად მიწვეულია სხვა პირი (მ-ე), რომელიც მუშაობს სხვა პოზიციაზე და იმის გამო, რომ გავლილი აქვს სამდღიანი გადამზადების კურსი ... დაცვაში, შეთავსებით კითხულობს ამ საგანს. აღნიშნულ პირს არ აქვს უმაღლესი განათლება … საგანში, თუნდაც ბაკალავრის დონეზე, რაც „განათლების შესახებ კანონის“ უხეში დარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო ამ ფაქტობრივი გარემოების უზუსტობის თაობაზე, სასამართლომ მაინც უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ დარჩენილი ორი შტატიდან ერთ-ერთი - კურსის ყოფილი უფროსი კითხულობს … საგანს და არა მესამე პირი, რომელიც შეთავსებით ასრულებს ამ სამუშაოს და არ გააჩნია საკმარისი ცოდნა ამ სფეროში.
კასატორის მოსაზრებით, საბოლოოდ გაურკვევლად დარჩა, რა მიიჩნია უდავოდ დადგენილად სააპელაციო სასამართლომ: დარჩენილ ორ შტატზე დანიშნულ პირთაგან ერთ-ერთი (კურსის ყოფილი უფროსი) კითხულობს … საგანს თუ საგანს კითხულობს მესამე პირი, რომელიც დანიშნულ პირთა შორის არ არის (როგორც ეს სინამდვილეშია). ამ გარემოების დაზუსტება არსებითად მნიშვნელოვანი იყო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად.
კასატორის მოსაზრებით, რეორგანიზაციის ჩატარების შედეგად, … კურსზე შერჩეული უნდა ყოფილიყო ამ კურსზე მომუშავე 6 სპეციალისტიდან ორი პირი, ამასთან, ამ ორი სპეციალისტიდან ერთს მაინც უნდა ჰქონოდა ცოდნა … საგანში, თუმცა რეალურად, კურსზე დარჩენილი ორი სპეციალისტიდან არც ერთი არ ფლობს ცოდნას ამ საგანში და ადმინისტრაციულმა ორგანომ სხვა პირი მიიწვია საგნის წასაკითხად, ანუ ცალსახად, ე. უ-ის გათავისუფლების დღიდანვე არსებობდა … საგნის სპეციალისტის საჭიროება, რა დროსაც, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა, ვის შორის გაეკეთებინა არჩევანი: მიეწვია სხვა დარგის სპეციალისტი შეთავსებით, … საგნის წასაკითხად, თუ დაენიშნა (ან გაეგრძელებინა) ჯერ კიდევ კადრების განკარგულებაში მყოფ ე. უ-ესთან სამსახურებრივი ურთიერთობა, თუნდაც საათობრივი ანაზღაურებით, რისი შესაძლებლობაც არსებობდა, განათლების სარდლობის წერილის თანახმად. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ … კურსზე რეორგანიზაცია შეეხოთ … საგნის სპეციალისტებს და არ უნდა შეხებოდა … საგნის სპეციალისტს, ვინაიდან … საგნის სპეციალისტი რეორგანიზაციამდე იყო მხოლოდ ერთი ადამიანი - ე. უ-ე, რეორგანიზაციის შემდეგაც შენარჩუნდა ამ საგნის სწავლება და შესაბამისად, გათავისუფლება არ უნდა შეხებოდა ამ საგნის სპეციალისტს. უკიდურეს შემთხვევაში, თუ კადრების განკარგულებაში ე. უ-ის გადაყვანა აუცილებელი იყო, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ამოწურა შესაძლებლობანი, იმისათვის, რომ არ გაეთავისუფლებინა მუშაკი სამსახურიდან. სამინისტროს შეეძლო არ მიეწვია სხვა სპეციალისტი და საათობრივი ანაზღაურება შეეთავაზებინა ე. უ-ისათვის, რაც არ გააკეთა. აღნიშნული გარემოება ადასტურებს მის დევნა- შევიწროებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მიუღებელ ხელფასთან დაკავშირებითაც და მიუთითა, რომ 2016 წლის აგვისტოში ე. უ-ის ხელფასის ცვლილება გამოწვეული იყო მისი თანამდებობრივი გადაადგილებით, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სისტემაში ე.წ. „...ი ...ის - „…ის“ ტრანსფორმაციის“ ფარგლებში, 30.05.2016წ. N477 ბრძანებით, სხვა ქვედანაყოფებთან ერთად ჩამოყალიბდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი, სადაც გენშტაბის უფროსის 14.07.2016წ. MOD 41600004306 ბრძანებით ე. უ-ე დაინიშნა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის ინსტრუქტორად, თუმცა სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ ე. უ-ე ინსტრუქტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2016 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, ხოლო შემცირებულ ხელფასს იღებდა მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში. ამასთან, ინსტრუქტორის თანამდებობაზე ე. უ-ის გადაყვანა განხორციელდა მისი თანხმობით, რეორგანიზაციის ფარგლებში, ისე, რომ არ მომხდარა მისი გაფრთხილება ხელფასის ცვლილებასთან დაკავშირებით (2016წ. ე. უ-ეს ხელი მოწერილი ჰქონდა თავისი შტატის სახელწოდების ცვლილებაზე, კერძოდ, უფროსი ინსტრუქტორობიდან იგი გახდა ინსტრუქტორი, ბრძანებაში აღნიშნული არ ყოფილა ხელფასის ცვლილების შესახებ). აღნიშნული სახელფასო სხვაობა თავდაცვის სამინისტრომ აღმოფხვრა თავისივე ინიციატივით, ოქტომბრის თვიდან, ანუ ე. უ-ე ინსტრუქტორის თანამდებობაზე ყოფნისას იღებდა უფროსი ინსტრუქტორის ტოლფას სახელფასო სარგოს, თუმცა მას არ აუნაზღაურდა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დაკლებული თანხა - … ლარი. აღნიშნულ თანამდებობაზე ხელფასი უნდა შენარჩუნებულიყო იმავე ოდენობით, თუმცა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში უკანონოდ, დაუსაბუთებლად მოხდა ე. უ-ის ხელფასის შემცირება. სახელფასო დანაკლისმა ორ თვეში შეადგინა … ლარი (საქმეზე წარმოდგენილია საბანკო ამონაწერი განხორციელებული ჩარიცხვების შესახებ), ხოლო სექტემბრის თვიდან ჩვეულებრივ გაგრძელდა ხელფასის გადახდა თავდაპირველი ოდენობით. აღნიშნული თანხის დაკლება არის დაუსაბუთებელი, დარღვეულია ე. უ-ის, როგორც საჯარო მოხელის უფლება, მიიღოს თანამდებობის შესაბამისი კუთვნილი ანაზღაურება. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოსარჩელეს ხელფასის ცვლილება სადავოდ არ გაუხდია გათავისუფლებამდე, ამასთან, თითქოს ე. უ-ემ ზეპირსიტყვიერად განაცხადა, რომ თანახმა იყო მხოლოდ თანამდებობის შეცვლაზე და არა ხელფასზე. კასატორის განმარტებით, ხელფასთა შორის სხვაობის შესახებ მოთხოვნაზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, მხარემ ისარგებლა ამ ვადით და სასამართლომაც მიიღო წარმოებაში სასარჩელო მოთხოვნა. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ რაზე განაცხადა მოსარჩელემ თანხმობა (დაკავებული შტატის სახელწოდებაზე თუ ხელფასზე), აღნიშნულზე მტკიცების ტვირთი გადასული იყო მოპასუხე მხარეზე და სწორედ მას უნდა წარმოედგინა თანხმობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუმცა მოპასუხე მხარე აღნიშნულს ვერ წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი თანხმობა ე. უ-ეს არ გაუცია, მან თანხმობა განაცხადა რეორგანიზაციის შედეგად მისი საშტატო თანამდებობის სახელის შეცვლაზე, ფუნქცია-მოვალეობები უცვლელი იყო ამ შემთხვევაში და სახელფასო განაკვეთის ცვლილებაზე ბრძანებაში მითითებული არ ყოფილა. ამდენად, ე. უ-ე ინსტრუქტორის თანამდებობაზე ყოფნისას იღებდა უფროსი ინსტრუქტორის ტოლფას სახელფასო სარგოს, თუმცა მას არ აუნაზღაურდა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დაკლებული თანხა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ შეაფასა საქმის გარემოებები მოსარჩელის მიერ გაცხადებულ დისკრიმინაციისა და დევნა-შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ე. უ-ისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ...ის სამმართველოში მიმდინარე გამოძიების მასალების გამოთხოვის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილებაში მიუთითა, თითქოს საქმე შეწყვეტილია როგორც თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში, ისე პოლიციის შესაბამის განყოფილებაში. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 14.02.2019წ. საოქმო განჩინების გაუქმება და მოწმეების: ვ. მ-ის, დ. კ-ის, მ. ე-ის დაკითხვა, ასევე ...ის პოლიციიდან საქმის მასალების გამოთხოვა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოწმეებისაგან შესაძლებელი იყო ინფორმაციის მიღება, რატომ დამალა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა - მ-ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. აღნიშნული, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად დაადასტურებდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის - მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუქარას ე. უ-ის მიმართ, აღნიშნული ფაქტი დამალა სამინისტროს გენინსპექციის ხელმძღვანელობამ და საქმე შეწყდა, რაც დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დაადგინა საქმის გარემოებები და მოახდინა მათი არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.02.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. უ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ 31.10.1997წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი (კანონის 11.2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, 11.3 მუხლი). კანონის 96.2 მუხლში მითითებული იყო, რომ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა მოხელის გათავისუფლების საფუძველს, ხოლო როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა განთავისუფლებულიყო სამსახურიდან, ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. 97.1 მუხლის თანახმად კი, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
სადავო პერიოდში ასევე მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ. N583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი”, რომელიც ადგენდა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების თანამდებობიდან გათავისუფლების განსაკუთრებულ პროცედურას. მითითებული „წესის“ 13.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდებოდა შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანებოდა კადრების განკარგულებაში, სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას), ხოლო 13.3 მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ აღემატებოდა ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დანიშნულიყო შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილი/განთავისუფლებული იქნებოდა სამსახურიდან. 13.4 მუხლის თანახმად კი, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა ყოფილიყო ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენდა გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის შედეგად, შესაბამისი შტატის გაუქმების გამო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 11.01.2017წ. N140 ბრძანებით ე. შ. უ-ე გათავისუფლდა საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებით, ე. უ-ე 2017 წლის 11 იანვრიდან გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.05.2017წ. MOD 0 17 00003735 ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი ყოფილი უფროსი სპეციალისტი ე. შ. უ-ე ... წლის ... ...დან გათავისუფლდა სამსახურიდან.
მოსარჩელე სადავოდ ხდის აღნიშნულ ბრძანებებს და მიიჩნევს, რომ … კურსზე არსებული შტატების შემცირება არ უნდა შეხებოდა მას, როგორც … საგნის ერთადერთ სპეციალისტს, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემდეგაც შენარჩუნდა … საგნის სწავლება, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიყენა მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების თავიდან აცილების შესაძლებლობა და ჯერ კიდევ კადრების განკარგულებაში ყოფნის დროს არ შესთავაზა მას საათობრივი ანაზღაურების პრინციპით მუშაობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 11.01.2017წ. განხორციელებულ ცვლილებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.12.2016წ. MOD 9 16 00001089 ბრძანებით დამტკიცებულ „საერთო საჯარისო ცენტრის N... შტატში“ (დანართი N2) სამოქალაქო პირის შტატი განსაზღვრული იყო 56 ერთეულით, მათ შორის, 6 საშტატო ერთეულით იყო განსაზღვრული … კურსის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11.01.2017წ. MOD 0 17 00000026 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ 19.12.2016წ. MOD 9 16 00001089 ბრძანებაში და მისი N1-N9 დანართები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ბრძანების N2 დანართის მიხედვით, საერთო საჯარისო ცენტრის N... შტატზე, სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 27 ერთეულით, მათ შორის, … კურსზე უფროსი სპეციალისტის (სამოქალაქო პირის) თანამდებობა განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით. დადგენილია, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელების წინაპირობას წარმოადგენდა 04.01.2017წ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამართული სამუშაო შეხვედრა, საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დაევალათ საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენა, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ დასახელებული გამონაკლისების გათვალისწინებით (მათ შორის, გამონაკლისებს შორის დასახელდნენ დაჭრილ-დასახიჩრებული მოსამსახურეები, რომელთაც არ უნდა შეხებოდათ რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 22.11.2013წ. №298 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების” თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ახორციელებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას (დებულების 1.1 მუხლი). მითითებული დებულების მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური შტაბის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა. ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.12.2016წ. N90 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების” თანახმად, სარდლობის ამოცანებში შედის: პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების მომზადება/გადამზადება და ქვედანაყოფების შეფასება; საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერა (დებულების მეორე მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტები).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, მათი ამოცანებისა და მიზნების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული რესურსების რეალურად შეფასებით, შეუძლიათ თავად განსაზღვრონ ის პრიორიტეტები, რომლებითაც უზრუნველყოფილი იქნება ცალკეულ მიმართულებათა უკეთესად განვითარება. უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფებში საშტატო ნუსხის განახლებული ფორმით დამტკიცება სწორედ ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარეობდა. სტრუქტურის ოპტიმიზაციითა და დამტკიცებული საშტატო ერთეულებიდან ოპტიმალური ვარიანტების ამორჩევით, დაწესებულებას მიეცა შესაძლებლობა, პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებისა და მათი სწავლების მხარდაჭერის მიზნებიდან გამომდინარე, ხელახლა განესაზღვრა ცალკეულ მიმართულებათა წრე, სპეციალისტთა საჭირო რაოდენობით, რაც ასევე ხელს შეუწყობდა დაწესებულების მხრიდან არამიზნობრივი ხარჯის გაწევის თავიდან არიდებას.
საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის განხორციელებამდე, … დაცვის თემატიკის მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობდა პარტნიორი ქვეყნების მიერ შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან, კურსის ჩამოყალიბებისას დაგეგმილი იყო როგორც … დაცვის სპეციალისტების, ისე … სპეციალისტების მომზადება. აღნიშნულის მიუხედავად, საერთო საჯარისო ცენტრში ... დაცვის კურსი ცალკე არ ჩატარებულა, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ … დარგი საქართველოში სათანადოდ არ არის განვითარებული და ამ მიმართულებით საჭირო პერსონალის მომზადება უნდა განახორციელონ პარტნიორმა ქვეყნებმა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დაგეგმილ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის არსებული … კურსი ზოგადად მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას როგორც …, ისე … სპეციალობებით, თუმცა უდავოა, რომ ე. უ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 08.05.2017წ. N3735 ბრძანების გამოცემის დროისათვის კურსი შეიარაღებული ძალებისათვის ამზადებდა მხოლოდ ... მიმართულების სპეციალისტებს. … თემატიკა აღნიშნულ კურსზე 2016 წლის ივნისიდან იქნა გათვალისწინებული, როგორც ერთ-ერთი სასწავლო საგანი.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ხაზს უსვამს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების პირობებში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის სათანადო წინაპირობების არსებობას, კერძოდ, ვინაიდან … კურსი ძირითადად ითვალისწინებდა … პერსონალის მომზადება/გადამზადებას, კურსზე შტატების შემცირების შედეგად დარჩენილ ორ უფროს სპეციალისტთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მათი სპეციალობა - შტატზე დარჩენილი ორივე პირი წარმოადგენს სამხედრო ...ს (მათ შორის - ... მონაწილე, რომელსაც ... აქვს ... და მას ამ მიზეზითაც არ უნდა შეხებოდა შტატების შემცირება). ამდენად, აქცენტი გაკეთდა არა … სფეროში უკეთესი სპეციალისტის შერჩევაზე, არამედ, იმ მომენტისათვის ასეთი სპეციალისტის შტატში საჭიროების არარსებობაზე. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული … საგანის სალექციო კურსი, რომელსაც ასწავლიდა ე. უ-ე, სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავდა მცირე საათობრივ დატვირთვას (38 საათს), რამაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია … კურსის უფროსი სპეციალისტის შტატის გაუქმების საკითხზე.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ამომწურავად დაასაბუთა არსებული ობიექტური მიზეზები, რამაც რეალურად განაპირობა მოსარჩელის შტატის საჭიროების არარსებობა, მისი გაუქმების მომენტისათვის. სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაცია და მოსარჩელის შტატის შემცირება შესაბამისობაში იყო იმ დროს მოქმედ კანონმდებლობასთან და არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის განსაზღვრულ მიზნებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, … საგნის მცოდნე ერთადერთი სპეციალისტი გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, არ ჩამოყალიბებულა თანამდებობა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა მოსარჩელის სპეციალობასთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, ზოგადად, მოხელის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ემსახურება მოხელისთვის სხვა თანამდებობის შერჩევის მიზანს, თუმცა ახალი თანამდებობის შერჩევისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს დამსაქმებლის ინტერესებიც. უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სპეციალისტს … დაცვის სფეროში. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად, დამტკიცდა შტატი, რომელიც თავისი ფუნქციური დატვირთვით მოსარჩელის საქმიანობასთან იქნებოდა შესაბამისობაში. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა მოსარჩელის პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ხარისხის ხელახლა შეფასების საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ იმ გარემოებაზე მითითებას, რომ მისი შტატის გაუქმების მიუხედავად, … საგანი მაინც ისწავლება, საგნის სწავლებას ეთმობა მეტი დრო და საამისოდ დაწესებულებას მიწვეული ჰყავს სპეციალისტი საათობრივი ანაზღაურებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შტატის შემცირება არ ნიშნავს … კურსზე … საგნის სასწავლო პროგრამიდან ამოღებას, აღნიშნული მიუთითებს საგნის სწავლებასთან დაკავშირებული სტრატეგიის ცვლილებაზე, რაც არ გამორიცხავს დაწესებულების შესაძლებლობას, საგნის სწავლება უზრუნველყოს მიწვეული სპეციალისტის მეშვეობით, საათობრივი ანაზღაურების პრინციპით, ისე, რომ ამ მიზნით გათვალისწინებული არ იყოს საშტატო თანამდებობა. ამ ტიპის მომსახურება შეიძლება განხორციელდეს სახელშეკრულებო საწყისებზე. საგულისხმოა, რომ განათლების სარდლობის ხელმძღვანელობა თავადვე არ გამორიცხავს … დარგის განვითარების შემთხვევაში, სამომავლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის მიწვევას, საათობრივი ანაზღაურების პრინციპით, რასაც ადასტურებს საქმეში დაცული 13.07.2017წ. წერილი. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, სადაც განმარტა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ, … საგანში მომზადება მიმდინარეობს პერიოდული საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნების მხარდაჭერით. მოსარჩელის თანამდებობა გაუქმდა მუდმივი შტატის აუცილებლობის არარსებობით, ამჟამად კვლავ პრიორიტეტულია … სპეციალისტთა მომზადება, ხოლო სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე, სამომავლო გეგმები შესაძლოა ჩამოყალიბდეს განსხვავებულად.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად, 2017 წლის 11 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118.3 მუხლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. 118.4 მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამრიგად, საჯარო დაწესებულებაში მოხელის თანამდებობაზე აღდგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა, რომლითაც დასტურდება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების უკანონობა. ამასთანავე, მოხელისათვის განაცდურის ანაზღაურება დამოკიდებულია სამსახურში აღდგენაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია 11.01.2017წ. N140 და 08.05.2017წ. MOD 0 17 00003735 სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ არ არსებობს სამსახურში მოსარჩელის აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების საფუძვლები.
მოსარჩელე, სარჩელის საფუძველზე, ითხოვს მოხდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ე. უ-ის მიმართ განხორციელებული სისტემური და განგრძობადი ხასიათის დევნა-შევიწროების ანუ დისკრიმინაციის ფაქტის (პროფესიული, საქმიანი, დამამცირებელი მოპყრობის) აღიარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, მოპასუხე მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული, ამტკიცოს პირის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების არარსებობის ფაქტი, თუ მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებებს წარადგენს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, არ დასტურდება, რომ დამსაქმებელმა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რაიმე ნიშნით მოახდინა მოსარჩელის გამორჩევა. მოსარჩელის მოსაზრებები არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმისათვის, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება ჩაითვალოს შრომის უფლების დისკრიმინაციული მოტივით შეზღუდვად.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს მიერ … საგნის სწავლების მიზნით სხვა სპეციალისტის საათობრივი ანაზღაურებით მიწვევა ადასტურებს ე. უ-ის დევნა-შევიწროებას. საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ საერთო საჯარისო ცენტრის … კურსი, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მომენტისათვის ამზადებდა მხოლოდ ... მიმართულების სპეციალისტებს (რაც მოსარჩელის შტატის შემცირების მთავარი საფუძველი გახდა), ხოლო … საგნის სპეციალისტის საათობრივი ანაზღაურების პრინციპით მიწვევის საჭიროება გადაწყდა სამომავლოდ და აღნიშნული არ უკავშირდება მოსარჩელის სამინისტროში დასაქმების პერიოდს.
კასატორის მოსაზრებით, დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამოვლინებას ასევე წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, რომელიც შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის განხორციელებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის არაერთი წერილის შინაარსით (მათ შორის - 09.11.2018წ. MOD 3 18 01139781 და 19.11.2018წ. MOD 9 18 01172122 წერილებით) დასტურდება, რომ მოსარჩელის განცხადებებს, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მის მიმართ მუქარის განხორციელების თაობაზე, მოჰყვა სათანადო რეაგირება: რიგ შემთხვევებში, დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და გამოკითხნენ შესაბამისი პირები, ხოლო შემდგომში შეწყდა წარმოება, საკმარისი ფაქტების არარსებობის გამო. გარკვეულ შემთხვევებში, საერთოდ არ დაწყებულა სამსახურებრივი შემოწმება, განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არასაკმარისობის გამო. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 18.10.2018წ. MOD 8 18 01053907 წერილით დგინდება, რომ სატელეფონო საუბრის დროს მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, მასალები შემოწმდა როგორც შსს ...ის სამმართველოში, ისე თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება არ დაწყებულა.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის ინტერესის მქონე ზემოაღნიშნულ საკითხებზე შესაბამისმა ორგანოებმა არ მოახდინეს სათანადო რეაგირება. ის გარემოება, რომ მოსარჩელის მითითების მიუხედავად, არ გამოვლინდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები და გამოძიება არ დაიწყო, არ ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებას.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს მთავრობის N241 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ე. უ-ის იარაღით დაჯილდოების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N241 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესი“. აღნიშნული „წესის“ 2.1 მუხლის თანახმად, იარაღი ჯილდოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით გადაეცემა ფიზიკურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრეთვე, სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის, ან/და სპორტული მიღწევებისათვის. ამავე „წესის“ 3.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, სახელმწიფო ინსპექტორსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსებს - შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ, ასევე ფიზიკური პირის მიმართ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წახალისების ფორმით სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლის (ან ყოფილი თანამშრომლის) განსაკუთრებული დამსახურება სახელმწიფოს ან სამსახურის წინაშე. ამასთანავე, წახალისების ფორმით იარაღის ჯილდოდ გადაცემის ღონისძიების გამოყენება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულ „წესში“ მითითებულმა დაწესებულებებმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტონ ცალკეულ პირთა მიერ განხორციელებული ქმედებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და შემდგომ ჯილდოს გადაცემის შესაძლებლობა, რაც განეკუთვნება მათ უპირობო ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.
ამდენად, იმისათვის, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, უფლებამოსილი ორგანოს სათანადო შეფასების შედეგად უნდა იყოს დადგენილი მისი განსაკუთრებული დამსახურება, წვლილის შეტანა კონკრეტულ სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N241 დადგენილება, იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობად არ ადგენს დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენას, ამასთანავე, მოსარჩელესთან მიმართებაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იმსჯელა წახალისების ფორმით იარაღის ჯილდოდ გადაცემის შესაძლებლობაზე და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ უსაფუძვლოა ე. უ-ის მოთხოვნა, თავდაცვის სამინისტროსათვის მისი იარაღით დაჯილდოების დავალების თაობაზე.
რაც შეეხება მოთხოვნას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ე. უ-ის სასარგებლოდ, 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში უკანონოდ დაქვითული თანხის - ... ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოსარჩელის მუშაობის პერიოდში მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანება, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებული „სამოქალაქო თანამდებობის პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხის“ (დანართი N4) მიხედვით, ინსტრუქტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრებოდა 732 ლარით, ხოლო უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1104 ლარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემაში ე.წ. „...ის -„…ის“ ტრანსფორმაციის“ ფარგლებში, გაუქმდა …ის ყველა საშტატო ერთეული, მათ შორის, … უფროსი ინსტრუქტორის შტატი (საშტატო კატეგორია „მაიორი“) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.05.2016წ. N477 ბრძანებით, სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, მის ბაზაზე ჩამოყალიბდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 14.07.2016წ. MOD 4 16 00004306 ბრძანებით, ე. უ-ე, მისივე თანხმობით დაინიშნა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის … კურსის ინსტრუქტორად (საშტატო კატეგორია - „სამოქალაქო პირი“, შტატი N...).
საქმის მასალებით (მათ შორის: მოსარჩელისათვის 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით დარიცხული თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ამსახველი საბანკო ამონაწერით) დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საკადრო ცვლილებების განხორციელებამდე, ე. უ-ის, როგორც უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1156 ლარს, ხოლო თანამდებობრივი გადაადგილების შემდეგ, ინსტრუქტორის შტატში ყოფნისას, მისი თანამდებობრივი სარგო 2016 წლის აგვისტოს თვეში განისაზღვრა 732, 00 ლარით. ამასთან, 2016 წლის სექტემბრის თვიდან სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ე. უ-ე დანიშნული იყო უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, შესაბამისად, მას ერიცხებოდა უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო, რომლის ოდენობაც, ზემოაღნიშნული ბრძანებიდან გამომდინარე, შეადგენდა 1104 ლარს. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელემ კონკრეტულ პერიოდში მიიღო იმ საშტატო ერთეულისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, რომელზეც იყო დანიშნული. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში დარიცხული ხელფასის ოდენობის ცვლილება განპირობებული იყო მისი თანამდებობრივი გადაადგილებით.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მის მიმართ გამოცემული სამსახურებრივი გადაადგილების შესახებ ბრძანება არ შეიცავდა პირდაპირ მითითებას ხელფასის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით, იგი აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულად არ უნდა ჩათვლილიყო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ 14.07.2016წ. N4306 ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი 22.03.13წ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის თანახმად, სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე მოხელის გადაყვანა, აგრეთვე მისთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრება დასაშვები იყო მხოლოდ მოხელის თანხმობით. პალატის მოსაზრებით, თანხმობის აუცილებლობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სხვა თანამდებობაზე გადაყვანით შეიძლებოდა შეცვლილიყო შესასრულებელი სამუშაოსათვის დადგენილი პირობები და ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის თანხმობის არსებობა თანამდებობრივი გადაადგილების თაობაზე, შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, როგორც კონკრეტული თანამდებობის დასახელება, ისე მოსალოდნელი საქმიანობის შინაარსი და სამომავლოდ მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ 14.07.2016წ. N4306 ბრძანება, ამასთანავე, განსახილველი სარჩელის წარმოდგენამდე არ გამოუთქვამს პრეტენზია ინსტრუქტორის თანამდებობაზე გადაადგილებით განპირობებული, შემცირებული ოდენობით ხელფასის დარიცხვის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე