Facebook Twitter
საქმე Nბს-1332(კს-19) 16 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისია
მოსარჩელე - მ. ქ-ა
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ქ-ამ 2018 წლის 11 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის N10/2 სხდომის ოქმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის N11 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის მოსარჩელის თანამდებობაზე წარდგენის დავალება.
2018 წლის 02 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპაუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიეთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის N10/2 სხდომის ოქმი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის N11 სხდომის ოქმი; მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მ. ქ-ას თანამდებობაზე წარდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულმა შემადგენლობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია. ამდენად, საჯარო დაწესებულებებაში აღარ არსებობს 2015 წლის 27 ოქტომბრამდე კანონით გათვალისწინებული მუდმივმოქმედი კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკუროს კომისიამ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს მუდმივმოქმედი კომისია. მერიის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება შესაბამისი კომისია. შესაძლებელია ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე კომისია. ამდენად, გაუგებარია, რომელი კომისია დაადგინა სააპელაციო პალატამ აპელანტის უფლებამონაცვლედ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწნებით, მიზანშეწონილია ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო კომისიის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 92-ე მუხლით. ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია დაადგინოს საქმის საპროცესო უფლებამონაცვლეობა. კერძოდ, სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, ასევე ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის კუთხით, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. ამდენად, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, უნდა გაირკვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურის-საატესტაციო კომისიის უფლებამონაცვლედ ქ. თბილისის მუნიციალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო კომისიის დადგენის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.
განსახილველ საქმეში დავის საგანს შეადგენს მ. ქ-ას შესაბამის თანამდებობებზე რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 28 ივნისის N10/2 სხდომის ოქმისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის N11 სხდომის ოქმის კანონიერება და მ. ქ-ას შესაბამის თანამდებობაზე წარდგენა. გასაჩივრებული აქტების მიღების დროისათვის აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის (ძალადაკარგულია 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონით) 361 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნებოდა შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის შექმნილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კონკურსის (ღია კონკურსი, დახურული კონკურსი ან შიდა კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი საკონკურსო კომისია. ამდენად, ის უფლებამოსილებების, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გააჩნდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეკისრება შესაბამის საკონკურსო კომისიას. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა.
ამასთანავე, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის უფლებამონაცვლედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქმეში უკვე მოწილეობს სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული არ არის განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და განახორციელოს სხვა საპროცესო უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურო კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის განჩინება.





ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე