#ბს-827(კ-19) 2 აპრილი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 10 აგვისტოს მ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 ივლისის #02/10430 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, #...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, იგი ოჯახთან ერთად 1991 წლის 22 იანვრიდან დღემდე ცხოვრობს ქ. რუსთავში, მე-... მ/რ #...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ საცხოვრებელ ფართზე 1998 წლის 21 მაისს გაიცა ბინაში შესახლების #492 ორდერი. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული ორდერი არ წარმოადგენდა პირველად დოკუმენტს, ვინაიდან მას ხსენებულ საცხოვრებელ ფართზე 1991 წლის 22 იანვარს ჰქონდა მოპოვებული სარგებლობის უფლება. 2017 წლის 23 მაისს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა #1662/02 განცხადება, რომლითაც მ. გ-ემ მოითხოვა ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, #... საცხოვრებელი ბინის პრივატიზება. 2017 წლის 11 ივლისის #02/10430 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ბინის პრივატიზაციაზე. მოსარჩელის მითითებით, საქმეში არსებული დოკუმენტები საფუძვლიანად არ შესწავლილა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თ. გ-ე და ნ. გ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეზე ვ. ს-ი ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 11 ივლისის #02/10430 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ხელახალი შესწავლის მიზნით, ადგილზე გასვლით და მეზობლების გამოკითხვით უნდა დაადგინოს ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, #...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები პირების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მონაწილეობით დაადგინოს, ხომ არავინ წარმოადგენს ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, #... საცხოვრებელი ბინაზე პრივატიზაციის უფლების მქონე პირს, გამოიკვლიოს ვ. ს-ის სადავო ბინაში ცხოვრების საფუძველი, კერძოდ, მან თვითნებურად დაიკავა დასახელებული საცხოვრებელი ფართი თუ მოსარჩელის თანხმობით ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში, გამოითხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ინფორმაცია ქ. რუსთავში, მე-... მ/რ-ში, #...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მ. გ-ის მითითებულ მისამართზე ჩაწერის (რეგისტრაციის) ფაქტის შესახებ, შეაფასოს, რა საფუძვლით მოხდა მისი ჩაწერა აღნიშნულ მისამართზე, გაითვალისწინოს აგრეთვე მ. გ-ის 1991 წლიდან 2016 წლის მაისამდე ცხოვრების ფაქტი და ის გარემოება, რომ დასახელებულ ბინაზე არც რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს და არც მესამე პირს პრეტენზია არ განუცხადებია, გამოიკვლიოს რა საფუძვლით მოხდა ზემოთ ხსენებულ საერთო საცხოვრებელში მდებარე სხვა საცხოვრებელი ბინების პრივატიზაცია, კერძოდ, როდის იყო გაცემული ბინის ორდერები 1997 წლამდე თუ მას შემდეგ, მოიძიოს ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ გაცემული ბინის ორდერით ბინის პრივატიზებას რუსთავის მუნიციპალიტეტში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასადგენია ნივთის ნამდვილი მესაკუთრე, კერძოდ, დღეის მდგომარეობით ვის ბალანსზე ირიცხება საცხოვრებელი ბინა, განხორციელდა თუ არა დასახელებული საცხოვრებელი ბინის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის გადაცემა და როდის, 1998 წლის 21 მაისის მდგომარეობით საპრივატიზაციო ობიექტი წარმოადგენდა თუ არა რუსთავის საწარმოო გაერთიანება „...ს“ ბალანსზე რიცხულ ქონებას. სასამართლოს მითითებით, უნდა შეფასდეს ის გარემოება, მოსარჩელის მხრიდან ქონების მრავალწლიანი და დღემდე განგრძობადი მფლობელობის ფაქტი ქმნის თუ არა საკმარის საფუძველს იმის სამტკიცებლად, რომ მ. გ-ე გვევლინება საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლედ. სასამართლოს განმარტებით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნებისთვის საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციის (შესაფასებელია #... ბინაში რეგისტრირებულ პირებთან მიმართებით) დამადასტურებელი დოკუმენტი, პირის მიერ ნივთზე განხორციელებული ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტთან ერთობლიობაში, ისეთივე შინაარსის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ურთიერთობის მონაწილე პირთათვის, როგორც, მაგალითად, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი ან სხვა სათანადო დოკუმენტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოება, მოსარჩელემ გაწყვიტა თუ არა სამუდამოდ კავშირი სარგებლობაში გადაცემულ ბინაზე, მაშინ როდესაც დღეის მდგომარეობით მოსარჩელის ოჯახის წევრები კვლავ ჩაწერილი არიან მითითებულ ბინაში, ხოლო მოწმეთა და მესამე პირთა განმარტებით, ვ. ს-ი მოსარჩელემ შეუშვა საცხოვრებლად მითითებულ ბინაში. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს იმის შესახებაც, თუ მოსარჩელე წლების განმავლობაში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ ბინაში და იქიდან მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაემგზავრა საზღვარგარეთ დროებითი მიზნით, ეს გარემოება რატომ არ წარმოადგენს სადავო ბინაში მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელ ფაქტს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მფლობელად მიიჩნევა არა მხოლოდ პირი, რომელიც ფაქტობრივად ბატონობს ნივთზე, არამედ ის პირიც, ვისაც აქვს უფლება განახორციელოს ფაქტობრივი მფლობელობა ნივთზე. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს ის გარემოება, მოსარჩელე ხომ არ ახორციელებს ნივთზე არაპირდაპირ მფლობელობას. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელ ბინას უწყვეტად ფლობდა მოსარჩელე 1991 წლიდან, ამასთან, დღეისთვის მოსარჩელის მიერ მისამართზე კომუნალური მომსახურებით სარგებლობა დადასტურებულია სს „...ას“, „ს...ისა“ და შპს „...ის“ მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მერიამ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყო მ. გ-ის განცხადების განხილვა/გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ წარადგინა მხოლოდ ბინის ორდერი, რაც ვერ იქნება განხილული, როგორც კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. „ჩაწერის ინსტიტუტთან“ დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ ის ნამდვილად მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის დროისათვის მ. გ-ე აღარ ცხოვრობდა მოცემულ ბინაში, რაც გამორიცხავდა ჩაწერის ინსტიტუტის გავრცელების შესაძლებლობას. კასატორის მითითებით, კანონით და სასამართლო პრაქტიკით გათვალისწინებული წესით, მ. გ-ეს სადავო ბინასთან მიმართებით პრივატიზებისთვის აუცილებელი ორი (სადავო ბინაში ცხოვრებისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა) პირობა არ უდასტურდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 23 მაისს მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, #...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის მოთხოვნით. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის ... ივლისის #02/10430 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორდერი (#492) გაცემულია 1998 წლის 21 მაისს, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებული მარეგულირებელი ურთიერთობა ვრცელდება 1997 წლის 25 ნოემბრამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედება) სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული საცხოვრებელი ბინის ორდერებზე. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის დაცული ააიპ ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ და საქართველოს ეროვნულ არქივებში, შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას 1998 წლის 21 მაისს გაცემული ორდერის საფუძველზე განეხორციელებინა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა (პრივატიზაცია).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ (დანართი #1) პირველი მუხლის შესაბამისად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
ამასთან, დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ პირის მიერ უძრავი ქონების სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არა მარტო ისეთი კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტებით, როგორიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, ანუ სამართლის ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც, თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ანუ ნორმის განმარტების შესაძლებლობას. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მ. გ-ე ოჯახთან ერთად 1991 წლის 22 იანვრიდან ჩაწერილია ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, #...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და სარგებლობს ამ ბინით. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მისამართზე კომუნალური მომსახურებით სარგებლობა დადასტურებულია სს „...ას“, „ს...ისა“ და შპს „...ის“ მიერ. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მიეცა მოცემულ გარემოებას. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის #ბს-180-177(კ-15) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „...„ჩაწერის ინსტიტუტის“ საფუძველზე 60-წლიანი რეგისტრაციის ფაქტი, მიჩნეულ უნდა იქნეს იმ „სხვა დოკუმენტად“, რომელიც მითითებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში...“. რაც შეეხება თავად 1998 წლის 21 მაისს გაცემულ ბინის ორდერს (#492), დადგენილი არ არის მისი სიყალბის ფაქტი. ამასთან, არ შეიძლება აღნიშნულის კანონიერება-უკანონობის მტკიცების ტვირთი დაეკისროს მოსარჩელეს.
ასევე გამოსარკვევია მესამე პირის - ვ. ს-ის სადავო ბინაში ცხოვრების საფუძველი, კერძოდ, მან თვითნებურად დაიკავა დასახელებული საცხოვრებელი ფართი თუ მოსარჩელის თანხმობით ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ის გარემოება, მოსარჩელემ გაწყვიტა თუ არა სამუდამოდ კავშირი მოცემულ ბინასთან, მაშინ როდესაც მოსარჩელის ოჯახის წევრები კვლავ ჩაწერილი არიან მითითებულ ბინაში, ხოლო მოწმეთა და მესამე პირთა განმარტებით, ვ. ს-ი მოსარჩელემ შეუშვა საცხოვრებლად მითითებულ ბინაში.
ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს, რამდენად ეხება მოცემული შემთხვევა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის 107-ე დადგენილების მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, პრივატიზაციას არ ექვემდებარება სამსახურებრივი დანიშნულების ბინა, აგრეთვე ბინა საერთო საცხოვრებელში. ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).
საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო საცხოვრებელი ფართი ირიცხებოდა ქარხნის ბალანსზე და მისი სარგებლობაში გადაცემა მოსარჩელეზე განხორციელდა ქარხნის დირექტორის მიერ. შესაბამისად, დაუდგენელია საპრივატიზაციო ობიექტი წარმოადგენს თუ არა სახელმწიფო ფონდის ბინას, დადებით შემთხვევაში, რა დროიდან. ამასთან, საყურადღებოა ორდერის გაცემის პერიოდში - 1998 წლის 21 მაისს ქ. რუსთავში, მე-... მ/რ, #...-ში მდებარე ბინა წარმოადგენდა თუ არა რუსთავის საწარმოო გაერთიანება „...ს“ ბალანსზე რიცხულ ქონებას და ჰქონდა თუ არა უფლებამოსილება ამ უკანასკნელს განეკარგა მის ბალანსზე რიცხული ქონება მოსარჩელისათვის სარგებლობაში გადაცემით და მოსარჩელე მუშაობდა თუ არა მითითებულ საწარმოში, როგორც ეს მითითებულია ბინის ორდერში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი