საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-38(კ-20) 23 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ბ-ი
მოპასუხე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2019წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ბ-მა 02.10.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა „ვ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.08.2018წ. N... ბრძანების ბათილად ცნობა; ,,ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ,,ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 31.07.2018წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელე ვ. ბ-ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო ... ლარი) აღდგენის შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის მოსარჩელე ვ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 08.05.2018წ. N... ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტში გამოცხადდა რეორგანიზაცია, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისაა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 07.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი საშტატო ნუსხა, რის საფუძველზეც, 08.08.2018წ. N... ბრძანებით იგი გათავისუფლდა დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე დაითხოვა სამსახურიდან, რომ არ გამოიკვლია, არსებობდა თუ არა იმავე ან სხვა უწყებაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო თავად სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად (რაც დროში წინ უსწრებდა დეპარტამენტში განხორციელებულ რეორგანიზაციას), უწყებაში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც იმავე უფლებამოსილებით არის აღჭურვილი, რომელსაც ვ. ბ-ი გათავისუფლებამდე ასრულებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2019წ. გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის N... გადაწყვეტილება ,,ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 31 ივლისის N... გადაწყვეტილება ,,ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“; დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ვ. ბ-ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო ... ლარი) აღდგენის შესახებ; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ვ. ბ-ისთვის სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს 18.03.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2019წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც ქმნის გადაწყვეტილების მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის N... და 2018 წლის 31 ივლისის N... გადაწყვეტილებების კანონიერება ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან აღნიშნული აქტებით შეიზღუდა მოსარჩელის შრომითი უფლება. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს, ასევე ხელს არ შეუშლის პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პალატამ უნდა იმსჯელოს, სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა ტოლფას თანამდებობებს გათავისუფლებამდე ვ. ბ-ის მიერ დაკავებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა და ახლადშექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, შესაბამისად, გააჩნდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს ახლადშექმნილ თანამდებობაზე ვ. ბ-ის გადაყვანის ვალდებულება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ რეორგანიზაციის ფაქტი. გათავისუფლება დასაშვებია რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამასთანავე, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლებამოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე. ამასთან, სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (სუსგ 08.12.2015წ., საქმე Nბს-449-442(კ-15)).
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით. ვ. ბ-ი 2017 წლის 13 იანვრიდან დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ის ...ის (...ის მიმართულებით) თანამდებობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 30.06.2017წ. N... ბრძანებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად. ამავე დეპარტამენტის 29.01.2018წ. N... ბრძანებით, ვ. ბ-ის თანამდებობა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ის ...ი, გარდაიქმნა დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობად. ვ. ბ-ს თანამდებობრივი სარგო განესაზღვრა თვეში ... ლარის ოდენობით.
პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 13.01.2017წ. N... ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება. აღნიშნული დებულების მე-11 მუხლი განსაზღვრავს ...ის სამსახურის ძირითად ამოცანებს, მათ შორის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“, ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამსახურის უფლებამოსილებებში შედიოდა დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა, ასევე, დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა, დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 29.01.2018წ. N... ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 02.04.2018წ. ... ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ...ის სამსახურის ...ის სამსახურში განსაზღვრული იყო პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სულ ერთი საშტატო ერთეული, რომლის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა ... ლარს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 08.05.2018წ. გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია თანამდებობათა შემცირებით. აღნიშნულ ბრძანებას იმავე დღეს გაეცნო მოსარჩელე ვ. ბ-ი. 04.07.2018წ. ვ. ბ-ს წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 07.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, დანართის შესაბამისად. რეორგანიზაციის შედეგად, საშტატო ნუსხა არ ითვალისწინებდა ...ის სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს, ამასთან, სამსახურის გაუქმებით, მის ბაზაზე შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეული (ქვედანაყოფი) - ...ის სამსახური ასევე არ ითვალისწინებდა მოსარჩელის საშტატო ერთეულს.
სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ქცეულა ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 30.07.2018წ. N... დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის, ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ...ის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანად განისაზღვრა სამინისტროში ...ა, ასევე, სამინისტროში ...ი უზრუნველყოფის შექმნა, ...ა. ამასთან, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ...წ. N... ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშტატო ნუსხის შესაბამისად, ერთ-ერთ დეპარტამენტად ჩამოყალიბდა ...ის დეპარტამენტი, სადაც შეიქმნა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული, თანამდებობრივ სარგოდ კი განისაზღვრა ანაზღაურება თვეში ... ლარის ოდენობით.
პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 02.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დებულება. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მიხედვით, დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: სამინისტროს ...ის უზრუნველყოფა, სამინისტროს ...ა, საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ...თ უზრუნველყოფა, ასევე მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვ. ბ-ის მიერ დაკავებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა მინისტრის ბრძანებით გამოყოფილ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან და შეუერთდა უშუალოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კერძოდ გახდა ახლადშექმნილი ...ის დეპარტამენტის საშტატო ერთეული, თუმცა თანამდებობას იერარქიული საფეხური, ძირითად უფლებამოსილებათა წრე, შრომის ანაზღაურება და თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული მოთხოვნები უცვლელად დარჩა. ამდენად, ვ. ბ-ის მიერ დაკავებული შტატი არსებითად იქნა შენარჩუნებული, იგი არ გაუქმებულა, მხოლოდ იქნა გადატანილი საქვეუწყებო დაწესებულებიდან უშუალოდ სამინისტროს შემადგენლობაში.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 02.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლადშექმნილ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტს დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დაევალა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართაც, ვინაიდან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. შესაბამისად, აპელანტთა პოზიცია, რომ ახლადშექმნილი თანამდებობა განსხვავდება ვ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობისაგან შესასრულებელ ფუნქციათა თვალსაზრისით, პალატამ არ გაიზიარა, დაუსაბუთებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,პროფესიულ საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებულ წესზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს, ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები. ამასთან, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა სხვა საჯარო დაწესებულებაში მობილობის ეტაპზე საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას -დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საშტატო ერთეული, რომელსაც ვ. ბ-ი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა, იმ დაწესებულების დაქვემდებარებაში, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად წარმოადგენს საჯარო მმართველობის ერთ სფეროს. ამასთან, ვინაიდან ახლადშექმნილი ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის განსაზღვრული სამართლებრივი მოვალეობები ვრცელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზეც, ასევე იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ახლადშექმნილი თანამდებობა იყო ვაკანტური, მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი დასაქმებაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ სამინისტროში ...ის დეპარტამენტი შეიქმნა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ...წ. №... ბრძანებით, ხოლო ვ. ბ-ის მობილობაზე უარის თქმის წერილები თარიღდება 2018 წლის 16 ივლისით და 31 ივლისით, ვერ იქნება მიჩნეული ვ. ბ-ის მობილობაზე უარის თქმის კანონიერების დამადასტურებელ გარემოებად. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ვ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციური მნიშვნელობა საჯარო დაწესებულებისათვის და განმარტა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნული თანამდებობის გაუქმება განპირობებულ იქნა ამ შტატის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში გადატანის დაგეგმვის მოტივით. დებულების შესაბამისად, მითითებულ შტატს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შესასრულებელი სამუშაოს შესრულებაც დაეკისრებოდა. ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შესაბამისი თანამდებობის გაუქმება არ იყო განპირობებული იმ მოტივით, რომ მსგავსი ფუნქციის მქონე საშტატო ერთეული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღარ ესაჭიროებოდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უდავოდ ცნობილი იყო ივლისიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვ. ბ-ის მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელება არ დაიწყებოდა. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა დამტკიცებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 07.08.2018წ. N... ბრძანებით, ხოლო ვ. ბ-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.2018წ. N... ბრძანებით, ამდენად, ვ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, ...წ. უკვე შექმნილი იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრუქტურაში ვ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის იდენტური საშტატო ერთეული, რომელიც იყო ვაკანტური და ადმინისტრაციულ ორგანოს ვ. ბ-ის გათავისუფლებამდე შეეძლო განეხილა აღნიშნულ თანამდებობაზე მისი გადაყვანის საკითხი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N2617- 01 გადაწყვეტილებები ,,ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე მართებულად დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსარჩელე ვ. ბ-ის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, განთავისუფლების დღიდან მისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენამდე, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ვ. ბ-ის სარჩელი.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.03.2019წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... წერილები, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მობილობის პროცესში „ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში". საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
კასატორის მოსაზრებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს დასკვნა, ზემოაღნიშნული წერილების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევისა და მათი ბათილობის თაობაზე. კასატორი მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ითვალისწინებს მობილობის პროცესს, რომელიც უფრო დეტალურად მოწესრიგებულია „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით. კანონის აღნიშნული მუხლითა და „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას და არა ვალდებულებას, რომ შტატების შემცირებისას, შესაბამისი მოხელე მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში, მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს რეორგანიზაცია, იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში ახორციელებს ე.წ. შიდა მობილობას, ხოლო ასეთი მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ჩართულობით იწყება ე.წ. გარე მობილობა საჯარო სამსახურის სისტემაში. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 30.07.2018წ. N... დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შედის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (ე.წ. სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტები), სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (ამ შემთხვევაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო). შესაბამისად, დეპარტამენტმა შიდა მობილობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმართა არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ სამინისტროს სისტემას, რომელიც შედგება ზემოაღნიშნული უწყებებისაგან, თუმცა როგორც მოსარჩელის, ისე სასამართლოს ყურადღების საგანი გახდა მხოლოდ სამინისტროს წერილები და დასაბუთება. რატომ არ იქნა მიჩნეული სხვა ანალოგიური სტატუსისა და შინაარსის წერილები განხილვის საგნად, სასამართლოს დასაბუთებული არ აქვს. „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52.2 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 12.6 მუხლის შესაბამისად, მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამასთან, როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, ისე „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილება არსად მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული თანხმობა, თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (განსხვავებით, სხვა რეგულაციებისა, სადაც ამის შესახებ კანონი პირდაპირ აკეთებს მითითებას). აღნიშნული ვერც იქნებოდა კანონმდებლის მიზანი, რადგან საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული დამოუკიდებლობის მახასიათებლის გათვალისწინებით, კანონმდებელი ვერ დაავალდებულებს სხვა საჯარო დაწესებულებას, დაასაქმოს პირი შესაბამისი სურვილის გარეშე. ფაქტობრივად, მობილობა, როგორც ხელახალი დასაქმების მექანიზმი, აძლევს საჯარო დაწესებულებებს შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, დაასაქმონ პირი ვაკანტურ თანამდებობაზე, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს ვალდებულებას, მათ შორის, არც უარის თქმის დასაბუთების ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოირიცხება 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... წერილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის შესაძლებლობა. წერილები ზაკ-ით გათვალისწინებული შიდაორგანიზაციული დოკუმენტებია, რომლებითაც არ წარმოიშობა სამართლებრივი შედეგი, ისინი მხოლოდ აქტის გამოცემის საფუძველს ქმნიან (ისევე, როგორც სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა არ არის აქტი. აქტი არის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება). მოსარჩელის მიმართ შედეგი წარმოშვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებამ და არა საჯარო სამსახურის სისტემაში ჩართული უწყებების წერილებმა, მობილობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, სამინისტროს 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... წერილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებად მიჩნევის შესახებ, არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სამინისტროს ქმედებები შეესაბამება რეორგანიზაციის გზამკვლევით გათვალისწინებულ მეთოდოლოგიურ მითითებებს, რომლებსაც სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო აძლევს უწყებებს აღნიშნული პროცესების განხორციელების დროს. ამასთანავე, კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, სამინისტრომ კითხვით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს. 19.07.2019წ. წერილში ბიურომ დააფიქსირა შემდეგი პოზიცია: „ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულება, მიუხედავად მის დაწესებულებაში არსებული ვაკანტური პოზიციისა, უფლებამოსილია და არა ვალდებული, განაცხადოს თანხმობა ან განაცხადოს უარი მობილობით მოხელის სამსახურში მიღებაზე. უფრო მეტიც, საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობის ისეთი საკითხები, როგორიცაა კონკურსის გამოცხადება, კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა თუ საჯარო სამსახურში პირის მიღებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, წარმოადგენს დაწესებულების პრეროგატივას. გარდა ამისა, საჯარო დაწესებულების უარი შემცირებული მოხელის მობილობით მიღებაზე, აუცილებელ დასაბუთებას არ საჭიროებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ორგანიზაციული მოწყობის საკითხების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საჯარო დაწესებულების უპირობო უფლებაა და მისი ამ უფლებით სარგებლობა ან სარგებლობაზე უარის თქმა არ შეიძლება გახდეს დავის საგანი“.
კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტრო იმაზე განსხვავებულ მდგომარეობაშია ჩაყენებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ვიდრე ამას კანონი და საჯარო უწყებების საქმიანობა ითვალისწინებს. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 25.1 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება, წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელ დაწესებულებას. შესაბამისად, დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, განეხორციელებინა რეორგანიზაცია და ამ მიზნით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ 08.05.2018წ. გამოსცა N... ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მნიშვნელოვანია, რამდენადაც „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 104-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 5.2 მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირებას ახდენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი (მოცემულ შემთხვევაში - დეპარტამენტის თავმჯდომარე). კასატორის მოსაზრებით, ხაზი უნდა გაესვას აღნიშნული განკერძოების საკითხს, სამინისტროსა და დეპარტამენტს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო უწყებებს შორის აღრევა ლაიტმოტივად სდევს განსახილველი დავის თაობაზე სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, ეწინააღმდეგება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონს და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. სიმართლეს არ შეესაბამება სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ ფუნქცია, რომლითაც მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული იყო დატვირთული, დეპარტამენტიდან გადავიდა სამინისტროში. მინისტრის 13.01.2017წ. N... ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ...ის სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენდა დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა, ასევე დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა, დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა. ამდენად, ცალსახაა, რომ ვ. ბ-ს სამსახურებრივი ფუნქციები დაკისრებული ჰქონდა მხოლოდ დეპარტამენტის ფარგლებში, ხოლო მინისტრის 02.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დებულების მეორე მუხლის შესაბამისად, ამ დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: სამინისტროს ...ის უზრუნველყოფა, სამინისტროს ...ა, საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ...თ უზრუნველყოფა. ამდენად, სამინისტროს ამ დეპარტამენტის ფუნქციები არ ვრცელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე. დეპარტამენტიდან სამინისტროში არავითარ ფუნქციის გადასვლას და სტრუქტურული ერთეულის დაქვემდებარების შეცვლას ადგილი არ ჰქონია. დაუსაბუთებულია და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მოსარჩელე სამსახურიდან რეორგანიზაციის გამო გათავისუფლდა იმ პირობებში, როდესაც მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა სხვა დაწესებულების დაქვემდებარებაში, ამასთან, თითქოს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება რეალურად განხორციელდა არა დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.2018წ. N... ბრძანებით, არამედ სამინისტროს მიერ მის დანიშვნაზე უარის თქმით.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრის 02.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცებული „სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დებულების“ მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლადშექმნილ დეპარტამენტს, დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დაევალა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართაც, ვინაიდან ეს დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მსჯელობა სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია. ზემოაღნიშნული დებულების მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დეპარტამენტს, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მხრიდან სპეციალურად ევალება რაიმე სხვა უფლებამოსილების განხორციელება სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი დავალების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ბ-ისათვის მობილობაზე უარის თქმის კანონიერების დამადასტურებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული სამინისტროში ...ის დეპარტამენტის შექმნა მინისტრის ...წ. ბრძანებით, იმ პირობებში, როდესაც ვ. ბ-ის მობილობაზე უარის თქმის შესახებ წერილები თარიღდება 2018 წლის 16, 31 ივლისით, ამასთან, ვ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება განპირობებულია იმ მოტივით, რომ იგეგმებოდა აღნიშნული შტატის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში გადატანა და არა იმ გარემოებით, რომ მსგავსი ფუნქციის მქონე საშტატო ერთეული საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღარ ესაჭიროებოდა. კასატორის განმარტებით, ფუნქციის გაუქმება საჯარო დაწესებულებისათვის შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ დაწესებულება აღნიშნულის ე.წ. "აუთსორინგს" გეგმავს. გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ სამინისტროში ...ის დეპარტამენტი შეიქმნა ...წ., ხოლო ვ. ბ-ის მობილობაზე უარის თქმის შესახებ წერილები თარიღდება 2018 წლის 16 ივლისით და 2018 წლის 31 ივლისით, ანუ მანამდე, ვიდრე ეს დეპარტამენტი შეიქმნებოდა. შესაბამისად, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სამინისტრო ვალდებული იყო, დაესაქმებინა ვ. ბ-ი იმ თანამდებობაზე, რომელიც არ არსებობდა და აღნიშნულზე უარი უნდა ჩაითვალოს მისი გათავისუფლების საფუძვლად. სამართლებრივად წარმოუდგენელია, დეპარტამენტი, რომელიც მომავალში შეიქმნა, წინა პერიოდში წარმოშობდეს არარსებულ თანამდებობზე დასაქმების ვალდებულებას.
კასატორის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად, ცალსახაა, რომ თუ არ დადგინდა მოხელის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და შესაბამისად, არ მოხდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, ვერ მოხდება მოხელის თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. მითითებული კანონის 118.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნულისა, აღდგენის ვალდებულება ეხება იმავე საჯარო დაწესებულებას, საიდანაც გათავისუფლდა პირი და მხოლოდ ტოლფასი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ხდება საჯარო სამსახურის სისტემის ჩართვა (ისიც ნებაყოფლობით, შესაბამისი ორგანოების თანხმობის შემთხვევაში). იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია დეპარტამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით და გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველი გახდა დეპარტამენტის რეორგანიზაცია, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დავალდებულება და განაცდურის ანაზღაურების დაკისრება სხვა საჯარო დაწესებულებისათვის არის აბსოლუტური ნონსენსი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოხელის ფინანსური უზრუნველყოფა სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში ვერ იარსებებს, რადგან ეს პირი არ ყოფილა სამინისტროს თანამშრომელი.
კასატორის განმარტებით, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ 08.05.2018წ. N... ბრძანება გამოცემულ იქნა არა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, არამედ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი (მოცემულ შემთხვევაში - დეპარტამენტის თავმჯდომარე, რამდენადაც იგი წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 25.1 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებელ დაწესებულებას, რომელიც დამოუკიდებლად საქმიანობს ორგანიზაციული მოწყობის საკითხებში). ამასთან, საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის 5.2 მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. დეპარტამენტის ხელმძღვანელს წარმოადგენს დეპარტამენტის თავმჯდომარე და არა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 02.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დებულების“ მეორე მუხლის მიხედვით, ამ დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: „სამინისტროს, მათ შორის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა, სამინისტროს ...ა, საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ...თ უზრუნველყოფა“. სასამართლომ მოახდინა უკვე ძალაში შესული ნორმატიული აქტის ტექსტის შეცვლა და ფაქტობრივად განახორციელა ნორმათშემოქმედებითი საქმიანობა, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 02.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დებულების“ მეორე მუხლის მიხედვით, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) სამინისტროს ...ის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში ...ა; გ) სამინისტროში ...ა, ...ა; დ) სამინისტროს ...ის უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში ...ის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ვ) სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ...ის შექმნა; ზ) სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ...ის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; თ) საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სათანადო ...ით უზრუნველყოფა; ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ...ში მონაწილეობა; კ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. წარმოდგენილ უფლებამოსილებებში არსად არის მითითებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული ინტერპრეტაცია ეჭვს ბადებს სასამართლოს მიუკერძოებლობაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2020წ. განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და სსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე, დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ვ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.08.2018წ. N... ბრძანების ბათილად ცნობა; ,,ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ვ. ბ-ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე (თანამდებობრივი სარგო ... ლარი) აღდგენის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ვ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
პალატა აღნიშნავს, რომ „ვ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.08.2018წ. N... ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, მხოლოდ სამინისტროს მიმართ არსებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამდენად, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს მხოლოდ 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, სამინისტროსათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის დავალებისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნების ნაწილში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სისწორე.
დადგენილია, რომ ვ. ბ-ი 2017 წლის 13 იანვრიდან დანიშნული იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ის ...ის (...ის მიმართულებით) თანამდებობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 13.01.2017წ. N... ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების 11.2 მუხლის „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ...ის სამსახურის ძირითად ამოცანებში შედიოდა დეპარტამენტის ...ით უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 30.06.2017წ. N... ბრძანებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობა 2017 წლის პირველი ივლისიდან გარდაიქმნა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობებად. ამავე დეპარტამენტის 29.01.2018წ. N... ბრძანებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის ...ის ...ის თანამდებობა, რომელიც დაკავებული ჰქონდა ვ. ბ-ს, გარდაიქმნა ამავე დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობად. ვ. ბ-ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში ... ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 29.01.2018წ. N... ბრძანებით, დანართის შესაბამისად დამტკიცდა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა“. აღნიშნული ბრძანების დანართში, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულად მითითებული იყო ...ის სამსახური, რომელიც ითვალისწინებდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულს (თანამდებობრივი სარგო - ... ლარი). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 02.04.2018წ. ... ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 29.01.2018წ. N... ბრძანებაში და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრა დანართის შესაბამისად. აღნიშნულ დანართში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულად მითითებული იყო ...ის სამსახური, რომელიც პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის ითვალისწინებდა ერთ საშტატო ერთეულს (თანამდებობრივი სარგო - ... ლარი).
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის 08.05.2018წ. N... ბრძანებით საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოცხადდა რეორგანიზაცია და დადგინდა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ მიღებული იქნებოდა დეპარტამენტის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა, აგრეთვე განხორციელდებოდა დეპარტამენტის შტატების გადაადგილება ან/და შემცირება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 09.07.2018წ. N7051-2-01 წერილით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ეცნობა, რომ „საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.05.2018წ. N... ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული რეორგანიზაციის პირობებში, დაგეგმილია დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა და დეპარტამენტის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის მიღება, დეპარტამენტის შტატების შემცირება, დეპარტამენტის არავაკანტური შტატების გადაადგილება, შესაბამისი თანამდებობების ფუნქციების, იერარქიული რანგებისა და კატეგორიების შეცვლა.
წერილში მითითებულია, რომ დეპარტამენტის ახალი საშტატო ნუსხის პროექტი აღარ ითვალისწინებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს - საავტომობილო გზების ...ისა და ...ის სამსახურებს. აღნიშნული სამსახურების გაუქმებით, მათ ბაზაზე იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული (ქვედანაყოფი) - ...ის სამსახური. აღნიშნულის გათვალისწინებით, წერილში მითითებულ იქნა, რომ საავტომობილო გზების ...ისა და ...ის სამსახურებში შტატების შემცირების, შესაბამისი თანამდებობების იერარქიული რანგის/კატეგორიის ცვლილების გათვალისწინებით, აღნიშნულ სამსახურებში დასაქმებული მოხელეები, მათ შორის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ვ. ბ-ი განისაზღვრნენ გასათავისუფლებელ მოხელეთა სიაში. დეპარტამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 12.1 მუხლის შესაბამისად, მოხელე, მისი თანხმობით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში, მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, კომპეტენციის გათვალისწინებით. დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში ზემოაღნიშნულ პირთა კომპეტენციის, თანამდებობის იერარქიული რანგისა და კატეგორიების გათვალისწინებით, არ არის გათვალისწინებული მათი თანამდებობის ტოლფასი ან/და დაბალი თანამდებობა. ამდენად, დღის წესრიგში დგას ზემოაღნიშნულ პირთა შიდა მობილობის საკითხი.
09.07.2018წ. N7051-2-01 წერილის პასუხად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. N... გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეცნობა, რომ სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დაასაქმოს წერილში მითითებული მოხელეები.
ანალოგიური შინაარსის 30.07.2018წ. N..., N..., N..., N... და N... წერილების პასუხად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 31.07.2018წ. N... გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეცნობა, რომ სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დაასაქმოს წერილში მითითებული მოხელეები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.08.2018წ. N... ბრძანებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 2018 წლის 8 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საშტატო ერთეული, რომელსაც ვ. ბ-ი იკავებდა, არ გაუქმებულა და იმავე ფუნქციით განაგრძო არსებობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ამასთან, ახლადშექმნილი ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის დაკისრებული მოვალეობები ვრცელდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზეც. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო პერიოდში, ორივე უწყებაში პარალელურად მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროცესი, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოსარჩელისათვის დაკისრებული ფუნქციების შემცველი შტატის უცვლელად გადატანის მიზნის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ისე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება, რეორგანიზაციის ჩატარებამდეც ითვალისწინებდა ...ის უზრუნველყოფას, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით (რეორგანიზაციამდე მოქმედი, საქართველოს მთავრობის 27.12.2016წ. N... დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - ადმინისტრაციული დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად მიჩნეული იყო სამინისტროს ...ის უზრუნველყოფა. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 13.01.2017წ. N... ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების 11.2 მუხლის „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის - ...ის სამსახურის ძირითად ამოცანებში შედიოდა დეპარტამენტის ...ით უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა; დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა). ამდენად, უდავოა, რომ სამინისტროში, ...ის ამოცანა არსებობდა სამინისტროს ახალი დებულების დამტკიცებამდე და ახალი სტრუქტურული ერთეულის - ...ის დეპარტამენტის ჩამოყალიბებამდე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული, ამყარებს იმ დასკვნის მართებულობას, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მოსარჩელის შტატის გაუქმების მიზანი არ ყოფილა შესაბამის შტატში შემავალი ფუნქციების გადატანა სამინისტროში, ამასთანავე, საფუძვლიანია კასატორის მოსაზრება, რომ ახლადშექმნილ დეპარტამენტს, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება ვერ დაევალებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართაც, ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა, ხოლო მინისტრის 02.08.2018წ. N... ბრძანებით დამტკიცებული „სამინისტროს ...ის დეპარტამენტის დებულების“ მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დეპარტამენტს, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მხრიდან სპეციალურად ევალება რაიმე სხვა უფლებამოსილების განხორციელება სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია შრომის თავისუფლება, რაც მოიცავს არა მხოლოდ სამუშაოს არჩევისა და განხორციელების, არამედ შენარჩუნების უფლებასაც. შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, არაერთი საერთაშორისო აქტით განისაზღვრა სახელმწიფოების მხრიდან შესაბამისი ქმედითი მექანიზმების შექმნის ვალდებულება (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, ევროპის სოციალური ქარტია).
საქართველოში 2017 წლის პირველი ივლისიდან სრულად ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. ახალი კანონი, რომლის მიზნადაც განისაზღვრა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალი პროექტის შემუშავება განაპირობა საჯარო სამსახურის გამართულად ფუნქციონირებისა და ეფექტიანობის გაძლიერების აუცილებლობამ. ახალი სამართლებრივი მიდგომებისა და ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ახალი კანონის მიღება, მოქმედ კანონში ცვლილების შეტანის ნაცვლად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნა, პროფესიული საჯარო მოხელის უფლების დაცვის სამართლიანი მექანიზმის შექმნა, მისი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების დეტალურად ჩამოყალიბება. ამასთან, კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შინაარსი და მიზანი. რეორგანიზაციის პროცესში პროფესიული საჯარო მოხელის ინტერესების დაცვის მიზნით, გათვალისწინებულ იქნა მობილობის ინსტიტუტი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია (კანონი 102.1 მუხლი). ამასთან, რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, წარმოშობს მობილობის საფუძველს, კერძოდ, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით (კანონის 52.1 მუხლი). მითითებული კანონის 52-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, ხოლო 110.1 მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოხელის გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოხელის მობილობა (კანონის 110.1 მუხლი).
2017 წლის პირველი ივლისიდან ასევე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, რომელიც მობილობის მიზნად მიიჩნევს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფას, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნებას. აღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 12.1 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. 12.2 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ბიუროს აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, სადავო პერიოდში მოქმედი „წესის“ მე-12 მუხლი, შიდა მობილობის წესით პროფესიული საჯარო მოხელის გადაყვანის შესაძლებლობას ადგენდა როგორც უშუალოდ გასათავისუფლებელი საჯარო მოხელის დამსაქმებელ საჯარო დაწესებულებაში, ისე შესაბამისი საჯარო დაწესებულების სისტემაში (21.05.2020წ. განხორციელებული ცვლილების შემდეგ, მითითებული „წესის“ ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული 12.3 მუხლი ადგენს საჯარო დაწესებულების ვალდებულებას, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განახორციელოს იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას - სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით). ამდენად, სადავო პერიოდში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენდა მოსარჩელის შიდა მობილობის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ვინაიდან რეორგანიზაცია შტატების შემცირებით განხორციელდა მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესით დასაქმების საკითხზე მსჯელობის აუცილებლობას წარმოშობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და შერწყმა, რასაც თან ახლავს შტატების შემცირება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიზნებისათვის, საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაცია გულისხმობს დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში შტატების შემცირება, რაც წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიკაციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთ ღონისძიებას. ამასთან, საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული გაუქმდება. „..საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.." (სუსგ 19.09.2017წ. Nბს-388-385(კ-17)).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის დაკისრებული ფუნქციების შემცველი შტატის შემცირების პირობებში განხორციელებული მობილობის პროცედურის კანონიერება. საჯარო დაწესებულებაში შტატის შემცირება შეიძლება უკავშირდებოდეს შესაბამისი ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულის საჭიროების არარსებობას, რის თაობაზეც, მოცემულ შემთხვევაში, მიუთითებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით შედგენილი განმარტებითი ბარათი. აღნიშნული განმარტებითი ბარათის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი პროექტების დროული დაგეგმარებისა და საგზაო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, უნდა გაერთიანდეს საავტომობილო გზების ...ის სამსახური და ...ის სამსახური. შედეგად, უნდა ჩამოყალიბდეს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახური. ამავე განმარტებითი ბარათის მიხედვით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტის ძველი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სპეციალისტები ასრულებდნენ ...ის სპეციალისტების ფუნქციას (...) და აღნიშნული წარმოადგენს დეპარტამენტის დამხმარე ამოცანას, გაუქმდა შესაბამისი შტატები და დამხმარე ამოცანათა შესასრულებლად იგეგმება ...ის 1 სპეციალისტის (...) აყვანა.
საკასაციო სასამართლო ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა მიერ 28.06.2018წ. შედგენილი N1 წინადადების ოქმის შინაარსს, რომელიც ასახავს რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. ოქმში მითითებულია, რომ საავტომობილო გზების ...ის სამსახურისა და ...ის სამსახურის გაუქმების შედეგად, აღნიშნული სამსახურების ბაზაზე, მიზანშეწონილია ახალი სტრუქტურული ერთეულის - ...ის სამსახურის შექმნა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სამი სტრუქტურული ქვედანაყოფი. ამასთან, ...ის სამსახურის შემდეგი ამოცანები: ა) დეპარტამენტის ...ით უზრუნველყოფა; ბ) დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა, უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს დეპარტამენტის არა ძირითად, არამედ დამხმარე ამოცანებს. ამასთან, შესაბამის ამოცანათა შესრულების უზრუნველსაყოფად, სამომავლოდ შესყიდულ უნდა იქნეს მომსახურება ან/და დამხმარე ამოცანათა შესრულება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მეშვეობით. ამავე პირთა ჯგუფის მიერ 04.07.2018წ. შედგენილი N2 წინადადების ოქმის მიხედვით, უქმდება ...ის სამსახური და შესაბამისად, ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. ვ. ბ-ის ფუნქცია იყო დეპარტამენტის დებულებით ...ის სამსახურისათვის განსაზღვრული შემდეგი ამოცანების შესრულება: ა) დეპარტამენტის ...თ უზრუნველყოფა; ბ) დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა; გ) დეპარტამენტის ...ის უზრუნველყოფა. აღნიშნული ამოცანები გაუქმდა, ამდენად, აღარ არსებობს მათი შესრულების მიზნით, შესაბამისი ფუნქციის განმახორციელებელი მოხელის დეპარტამენტის საშტატო ნუსხაში განსაზღვრის საჭიროება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულების მართვის მოდელი უნდა იყოს მოქნილი და პასუხობდეს დაწესებულების წინაშე მდგარ ამოცანებს. სწორედ ამ მიზნით, დაწესებულებას ეძლევა შესაძლებლობა, შექმნას იმ ტიპის სისტემა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მის წინაშე მდგომ გამოწვევებზე რეაგირებას. ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაციიდან გამომდინარეობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, დაიგეგმა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის - ...ის სამსახურისათვის დაკისრებული იმ ფუნქციების სრულად გაუქმება, რომლის შესრულებაც კონკრეტულ შტატზე უწევდა მოსარჩელეს, ამდენად, დაიგეგმა შტატის სრულად გაუქმება, მასში შემავალი ფუნქციების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადატანის გარეშე. რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა ჩათვალეს, რომ ...ის სპეციალისტების (...) ფუნქციის არსებობა დეპარტამენტისათვის ატარებდა დამხმარე ხასიათის, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ამ ფუნქციების მქონე შტატები და დამხმარე ამოცანათა შესასრულებლად სამომავლოდ უნდა დაიგეგმოს შესაბამისი მომსახურების შესყიდვა ან/და შესაბამისი დამხმარე ამოცანის შესრულება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მეშვეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ერთმნიშვნელოვნად განაპირობა ამ შტატის სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში გადატანის დაგეგმვამ და საშტატო ერთეული, რომელსაც ვ. ბ-ი იკავებდა, რეალურად არ გაუქმებულა.
სასამართლოში საქმის განხილვისას დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მობილობის წესით მოსარჩელის დასაქმებაზე უარის მიზეზად, ერთი მხრივ, ასახელებს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტასთან მიმართებაში მისი ვალდებულების არარსებობას, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ მოსარჩელის შესაბამისი ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეული სამინისტროში შეიქმნა მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ, შესაბამისად, სამინისტრო არარსებული ვაკანსიის პირობებში ვერ იმსჯელებდა მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმებაზე (სამინისტროს ახალი დებულების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა მოსარჩელისათვის 31.07.2018წ. წერილით მობილობაზე უარის თქმიდან მეორე დღე - 2018 წლის პირველი აგვისტო).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მობილობის ინსტიტუტის შემოღება, საჯარო სამსახურის უწყვეტობის, სტაბილურობისა და საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრის შენარჩუნების მიზანს ემსახურება. მობილობამ უნდა უზრუნველყოს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა ხელახალი დასაქმება. მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად, საჯარო დაწესებულება იყენებს შიდა მობილობის მექანიზმს, კერძოდ, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესში შემცირებულ თანამდებობაზე დასაქმებულ მოხელეს საჯარო დაწესებულება ჯერ სთავაზობს იმავე საჯარო დაწესებულებაში არსებულ ტოლფას თანამდებობას, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, იწყება გარე მობილობასთან დაკავშირებული პროცედურა - შემცირებას დაქვემდებარებული პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელიც დადგენილ ვადაში ელექტრონულად მოიძიებს ინფორმაციას სხვა საჯარო დაწესებულებებში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობების შესახებ. მოხელის რეზერვში ჩარიცხვა უნდა მოხდეს მხოლოდ მობილობის პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემდგომ. ამდენად, მობილობა უნდა განხორციელდეს არა ფორმალურად, არამედ კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით, საჯარო სამსახურის უწყვეტობის, სტაბილურობისა და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნების გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის შემადგენელ ნაწილს, სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სამინისტრო წარმოადგენდა შიდა მობილობის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და აღნიშნული წარმოშობდა მის ვალდებულებას, დასაქმების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის მიზეზი სათანადოდ დაესაბუთებინა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასაბუთების ვალდებულებას არ გამორიცხავს კასატორის მითითება მობილობის საკითხის განხილვის მომენტისათვის შესაბამისი ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულის არარსებობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ კანონმდებლობაში („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესში“) არ არის პირდაპირი მითითება, მობილობის წესით დასაქმებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული დოკუმენტის სამართლებრივი ბუნების შესახებ, გამოირიცხება მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი ბუნება უნდა შეფასდეს ზაკ-ში მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმარტებიდან გამომდინარე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებულმა ღონისძიებამ უშუალო სამართლებრივი შედეგი უნდა წარმოშვას. აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც სადავო პერიოდში სამინისტრო შიდა მობილობის ფარგლებში წყვეტდა მოსარჩელის ხელახალი დასაქმების საკითხს, მას, როგორც შიდა მობილობის განმახორციელებელ საჯარო სუბიექტს, გააჩნდა ერთიანი სისტემის ფარგლებში მოხელის დასაქმების შეუძლებლობის მიზეზის სათანადოდ დასაბუთების ვალდებულება, აღნიშნული კი გამორიცხავს გასაჩივრებული 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... წერილებით მოსარჩელისათვის უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობის შეუძლებლობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული წერილების გამოცემით შეიცვალა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა - რეორგანიზაციისა და შტატის შემცირების პირობებში, მოსარჩელე ხელახლა ვერ დასაქმდა შიდა მობილობის წესით საჯარო დაწესებულების სისტემის ფარგლებში, მობილობის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტამ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად წარმოშვა შედეგი მოსარჩელესთან მიმართებაში. დაინტერესებული პირი ინფორმირებულია საკითხის იმგვარი გადაწყვეტის თაობაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, შეიძლებოდა დამდგარიყო მისთვის სასურველი შედეგი. ამდენად, გასაჩივრებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... წერილები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, შესაბამისად, არსებობს ვ. ბ-ის ნაწილში მათი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შიდა მობილობის წესით პირის დასაქმების შესაძლებლობის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესებით, რამდენადაც მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა პასუხობდეს აქტის გამოცემისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღების სავალდებულოობა და ადმინისტრაციული წარმოების პრინციპების დაცვა, საჯარო მმართველობის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების წინაპირობას წარმოადგენს. ადმინისტრაციული წარმოება, როგორც საჯარო მმართველობის განხორციელების საშუალება, უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვას. საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში მნიშნელოვანია, დაცულ იქნეს სამართლებრივი დოკუმენტების მაღალი სტანდარტი, რამდენადაც აღნიშნული გავლენას ახდენს სახელმწიფოსადმი მოქალაქის ნდობის ჩამოყალიბებაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, იმგვარად დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელი გახდეს მისი კანონიერების შემოწმება. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (ზაკ-ის 96.2 მუხლი).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. ამასთან, როგორც მოქმედი დებულების, ისე სადავო პერიოდის საქართველოს მთავრობის 27.12.2016წ. N... დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო ამავე მე-3 მუხლის თანახმად, სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 27.12.2016წ. N... დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების” 7.1 მუხლის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას. ამდენად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის პრინციპია ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის, ასევე სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამინისტროსადმი დაქვემდებარება. მინისტრი სათავეში უდგას მასში შემავალი ორგანოების სისტემას და წარმართავს მათ საქმიანობას. სისტემის ერთიანობის პრინციპის ფარგლებში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ექვემდებარება ერთ ცენტრს - სამინისტროს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი სუბიექტების მიმართ მინისტრის უფლებამოსილებები შეზღუდულია (სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ავტონომიურობის გათვალისწინებით, შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულების პრეროგატივას წარმოადგენს ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტა), თუმცა სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები მოქმედებენ კოორდინირებულად - სამინისტროსთან თავიანი საქმიანობის შეთანხმებით. ამასთან, სამინისტრო პასუხისმგებელია შესაბამის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო პერიოდში საჯარო დაწესებულებაში მობილობის საკითხის წარმოშობის შემდეგ, პირველ რიგში, შესაბამისი დაწესებულების სისტემის შიგნით ტოლფასი თანამდებობის არსებობა/არარსებობის საკითხის გამოკვლევის ვალდებულება, ადასტურებდა ერთიან სისტემაში არსებულ დაწესებულებათა ურთიერთპასუხისმგებლობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. ამ პირობებში, შესაძლებლობის ფარგლებში, შიდა მობილობის წესის ეფექტურად გამოყენება უზრუნველყოფდა შესაბამისი სისტემისათვის საერთო მიზნების განხორციელებას - საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრის შენარჩუნებას და საჯარო სამსახურის სტაბილურობას. ამდენად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, როგორც მის დაქვემდებარებაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, პროფესიული საჯარო მოხელის უფლების დაცვისათვის შექმნილი სამართლიანი მექანიზმის - მობილობის წესის გამოყენების პირობებში, წარმოეშვა მომეტებული პასუხისმგებლობა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევით და სათანადო დასაბუთებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასა და გამოცემასთან დაკავშირებული წესების ერთობლიობაა. წარმოების სრულყოფილად ჩატარება კი, განაპირობებს შესაბამისი აქტის დასაბუთებულობას. წერილობით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც იგი გამოიცა. დასაბუთების ვალდებულება არსებობს მაშინაც, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ, ზაკ-ის 53.4 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მითითებულ უნდა იქნეს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამასთან, 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, თუ როგორ განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მობილობის საკითხის გადაწყვეტა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, იგი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს მობილობაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. „..ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია..”(სუს 29.07.2014წ. Nბს-69-67(კ-14) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამინისტროს ახალი დებულება, რომელიც ახალ სტრუქტურულ ერთეულად ითვალისწინებს მოსარჩელის ფუნქციებთან შესაბამისობაში არსებულ ...ის დეპარტამენტს, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 30.07.2018წ. N... დადგენილებით. ამავე თარიღით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა N... წერილით მიმართა სამინისტროს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ სამინისტროს უწყებაში ხელახლა მოიძია შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობები, მოითხოვა წერილში მითითებული პირების მიმართ მობილობის საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. 31.07.2018წ. N... გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეცნობა, რომ სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დაასაქმოს წერილში მითითებული მოხელეები, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს - 2018 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 30.07.2018წ. N... დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს ახალი დებულება. ამდენად, მართალია, მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმებაზე უარის შესახებ 31.07.2018წ. აქტის გამოცემის თარიღი წინ უსწრებს სამინისტროს ახალი დებულების ძალაში შესვლის თარიღს (...წ.), თუმცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვალდებულება, დაესაბუთებინა მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, წარმოიშვა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსარჩელისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაკისრებული ფუნქციების მსგავსი ან იდენტური შინაარსის ფუნქციების მქონე ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას სამინისტრომ დაადასტურა ახლადშექმნილ ...ის დეპარტამენტში მოსარჩელესთან შესაბამისობაში არსებული პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის ვაკანტურობა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, შიდა მობილობის ფარგლებში მოსარჩელის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა სათანადო დასაბუთების გარეშე, მიუთითებს სამინისტროს მხრიდან მობილობის წესის ეფექტურად გამოყენებასთან მიმართებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამორიცხვას და „საჯაროს სამსახურის შესახებ“ კანონში მობილობის ინსტიტუტის დამკვიდრების მიზნის უგულებელყოფას. დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, პროფესიული საჯარო მოხელის ინტერესების დაცვის მიზნით, მხოლოდ სათანადო დასაბუთებით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად უნდა გამოირიცხოს საჯარო სამსახურში კადრის შენარჩუნების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... გადაწყვეტილებები, ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე. აქტები არ შეიცავენ მითითებას მათი გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, შესაბამისად, არსებობს ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებლობა: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... გადაწყვეტილებები, ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვ. ბ-თან დაკავშირებით უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურში დანიშვნისას საჯარო მოხელეს წარმოეშობა თანამდებობრივი სარგოს გარანტირებულად მიღების გონივრული მოლოდინი. ამასთან, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც დადასტურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, მოხელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (კანონის 118.3, 118.4 მუხლები). თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს. ამდენად, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მოხელის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოლოდინი უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ იმ ორგანოს, რომელმაც იგი თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლა. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაშია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.08.2018წ. N... ბრძანება (არ გასაჩივრებულა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული ბრძანების ძალაში დატოვების ნაწილში), თუმცა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაყენებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ, რომელმაც მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მოსარჩელის მობილობის წესით დანიშვნის საკითხზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მობილობის წესით დანიშვნაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, იმავდროულად არ ნიშნავს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მობილობასთან დაკავშირებული პროცედურის დასრულების შემდგომ, პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, რომელშიც შტატის შემცირების გამო მოხელის დარჩენა შეუძლებელია. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მობილობაზე უარის შესახებ შესაბამისი დაწესებულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში ვერ მოექცევა ის თანმდევი შედეგები, რომლებიც თან ახლავს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა უშუალოდ მობილობის წესით დანიშვნის საკითხის გადამწყვეტ ორგანოში დასაქმებულ პირს, ამდენად, მისი უფლების დარღვევის შესაძლებლობა უშუალოდ ამ ორგანოს მხრიდან, შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმაში. მობილობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების შესაძლო უკანონობას, თანმდევი შედეგის სახით ვერ დაუკავშირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით გათვალისწინებული პირის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობა. მობილობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამინისტრომ შეიძლება იმსჯელოს არა მოსარჩელის თანამდებობის აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების, არამედ მისი შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე, რამდენადაც, მობილობა, თავისი არსით, ხელახალი დასაქმების მექანიზმია და გულისხმობს პირის იმავე ან სხვა დაწესებულებაში არსებულ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას, კონკურსით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენას და მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას უკავშირდება. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შიდა მობილობის წესით დასაქმებაზე უარის თქმის უკანონობის დადასტურება, ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებით გამოწვეული უარყოფითი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს საჯარო მოხელის უფლებას, მოითხოვოს კონსტიტუციით გარანტირებული, სახელმწიფო ორგანოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2019წ. განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
ასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. N... და 31.07.2018წ. N... გადაწყვეტილებები ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
5. დანარჩენ ნაწილში ვ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე