#ბს-1607(კ-18) 2 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 2 მარტს შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 10 ივნისს მოსარჩელესა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობით გადაცემის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმში, ...ის ... #...-ში მდებარე … კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. #...). მოსარჩელის მითითებით, აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილია პირსი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 10 ივნისის აღნაგობის ხელშეკრულებით მოპასუხე ქალაქ ბათუმის მერიამ თავადვე დაავალა შპს „...-ს“ აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე პირსისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მოსარჩელე მხარემ განახორციელა და ობიექტზე მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, დაიწყო მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამუშაოები. ხსენებული პროცესის ფარგლებში, 2014 წლის 10 თებერვალს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა. ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელეს მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდგომ, პროექტის შეთანხმების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების მიზნით, ქალაქ ბათუმის მერიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. 2016 წლის 1 თებერვლის #მ/146 ბრძანებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა პროექტის შეთანხმებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს, შესაბამისად, არსებობს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, მოსარჩელემ „არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 თებერვლის #მ/146 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2014 წლის 10 თებერვლისა და 2015 წლის 3 დეკემბრის განცხადებების საფუძველზე, წარდგენილი სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ ქალაქ ბათუმის მერის 2010 წლის 18 მაისის #220 ბრძანებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ...ში #... ...ზე არსებული ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. #...), პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი აღნაგობით გადაეცა შპს „...-ს“.
2010 წლის 10 ივნისს ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „...-ს“ შორის გაფორმდა თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ში #... ...ზე არსებული … კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა შპს „...-ს“, ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის გადახდისა და შესაბამისი პირობებისა და ვალდებულებების შესრულების პირობებით.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს „...-მა“ აღნაგობის უფლებით სარგებლობაში მიღებულ, ქ. ბათუმში, ...ის ... #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით დაიწყო მშენებლობის ნებართვის მოპოვების ღონისძიებები. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 2014 წლის 10 თებერვალს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა.
ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის #03/330 ბრძანებით, მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რის გამოც შპს „...-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის #3/330 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე #3-91/14) შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის #3/330 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილებაში მითითებული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „...-ის“ განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 17 ნოემბერს შპს „...-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე #3-91/14) შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით, შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და შესაბამისი ბრძანების გამოცემა მოითხოვა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2015 წლის 19 ნოემბრის #25/22095 წერილით შპს „...-ის“ წარმომადგენელს ეცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარედგინა მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების, მათ შორის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად შედგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში მდებარე ... მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობის თაობაზე. ამასთან, მას განემარტა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა ყოფილიყო როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ, რის გამოც შპს „...-ს“ 15 დღის ვადაში არქიტექტურული პროექტის 5 ეგზემპლარი უნდა წარედგინა.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს შპს „...-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას, წარადგინა სამშენებლო-არქიტექტურული პროექტი 5 ეგზემპლარად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში წარდგენილი პროექტის შეთანხმება მოითხოვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2015 წლის 7 დეკემბრის #4134/01 წერილით შპს „...-ის“ დირექტორს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 3 თვით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა 2015 წლის 9 დეკემბერს #4134/01 წერილით მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გადაუგზავნა შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი სამშენებლო-არქიტექტურული პროექტი და ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში მდებარე ... მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...), შპს „...-ის“ საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობის დასაშვებობის თაობაზე, ხელმეორედ წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა მოითხოვა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 13 იანვრის #2-11/199 წერილით (დასკვნა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში შპს „...-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მოწყობილი შენობა-ნაგებობის დაკანონება. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში შპს „...-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. #..., საერთო ფართობი - ... კვ.მ) და მასზე განთავსებული საზოგადოებრივი (გასართობი დანიშნულების) ობიექტი, რომლის ფართობია ... კვ.მ, მთლიანად მოქცეულია სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მკაცრი ზედამხედველობის ზოლში - პლაჟზე, რომელიც პერიოდულად განიცდის ზღვის წყლის აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. ამასთან, 2014 წლის 4 თებერვლის #2-11/595 დასკვნის შესახებ მითითებულ იქნა, რომ აღნიშნული უარყოფითი დასკვნის საფუძველს წარმოადგენდა არა ის გარემოება, რომ მშენებლობის პროექტი ითვალისწინებდა ბეტონის კონსტრუქციებს და ნაგებობა წარმოადგენდა კაპიტალურს, არამედ ის ფაქტი, რომ პლაჟზე დიდ ფართობზე განთავსებულია ნაგებობა, რომლის საფუძველს წარმოადგენს ლითონის ხიმინჯებზე ანკერებით დამაგრებული ხის იატაკი. ობიექტის პლაჟზე განთავსება, ამ უკანასკნელის პარამეტრების მნიშვნელოვანი შემცირების ხარჯზე, არღვევს ზღვის ტალღების ენერგიის ჩახშობის ბუნებრივ პროცესს, ხის იატაკი კი ზღუდავს ნაშალი მასალის პროპორციულ მიგრაციას სანაპირო ზონის ძირითად დამცავ ელემენტზე - პლაჟზე. აღნიშნული ფაქტორები დროთა განმავლობაში გამოიწვევს უარყოფითი მორფოდინამიკური პროცესების (აბრაზიის) განვითარებას არა მარტო ნაგებობის განთავსების არეალში, არამედ მის მომიჯნავე უბნებზეც. რაც შეეხება პროექტის ავტორისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დასკვნას, რომ საზაფხულო კაფეს შენობა არ არის კაპიტალური და ზამთრის პერიოდში შესაძლებელია მისი დემონტაჟი, დასკვნაში განმარტებულ იქნა, რომ აღნიშნულ გარემოებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან შტორმული ტალღების განვითარება მოსალოდნელია წლის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზულად მოკლე დროში. ზღვის პლაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე დასაშვებია ისეთი მსუბუქი, დროებითი კონსტრუქციების განთავსება, როგორიცაა: საშხაპეები, ბუნგალოები, საჩრდილობლები, ფანჩატურები და სხვა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 თებერვლის #მ/146 ბრძანებით შპს „...-ის“ 2014 წლის 10 თებერვლის #04-02/29848 და 2015 წლის 3 დეკემბრის #4134/01 განცხადებები ქ ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საფუძველად მოპასუხემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 13 იანვრის #2-11/199 წერილით გაკეთებულ უარყოფით დასკვნაზე მიუთითა.
სასამართლომ, აგრეთვე, მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 32-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი განსაზღვრავს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში სამეურნეო საქმიანობის მარეგულირებელ წესებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემის პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს დეპარტამენტი და სავალდებულო დასკვნისათვის გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია.
„ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 53-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 13 იანვრის #2-11/199 წერილობითი დასკვნის შინაარსზე და აღნიშნა, რომ დასკვნაში ასახული ინფორმაცია დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამსახურის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკური პროცესების სამმართველოს უფროსმაც - თ. მ-მა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, რომლის მშენებლობის ნებართვის გაცემასაც შპს „...“ მოითხოვს, განთავსებულია სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში - პირდაპირ პლაჟზე, რომელიც წარმოადგენს მკაცრი ზედამხედველობის ზოლს, სადაც მშენებლობის განხორციელება, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ყოვლად დაუშვებელია. მოწმემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ტალღის ენერგიის ჩასახშობად საკმარისია პლაჟის 70-80 მეტრი სიგანის მანძილი, ხოლო წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მშენებლობის შედეგად ზღვის პლაჟის ფართობი მცირდება, რაც ხელს შეუშლის ზღვის ტალღების ენერგიის ჩახშობის ბუნებრივ პროცესებს, აღნიშნული კი გამოიწვევს უარყოფითი მორფოდინამიკური პროცესების განვითარებას სანაპირო ზოლში (იხ. სხდომის ოქმი).
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „გ...ის“ მიერ შედგენილ დასკვნას, სასამართლომ იგი არ გაიზიარა, რადგან დასკვნა მომზადებული იყო მხოლოდ დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, მტკიცებულებებისა და შეკითხვების ფარგლებში და იგი სრულად არ ასახავდა სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში, მკაცრი ზედამხედველობის ზოლში - პლაჟზე, ჩასატარებელი სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების სრულყოფილ კვლევას. ამდენად, სასამართლო დაეყრდნო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, პლაჟის ბოლოს აშენებული ტურისტული დანიშნულების შენობა არ განახორციელებს გავლენას სანაპირო ზონის პლაჟის მდგრადობაზე, რადგან იქ არსებული 80-70 მეტრიანი პლაჟის სიგანე სრულიად საკმარისია მოსული ძლიერი ტალღების ენერგიის ჩაქრობისთვის. პალატამ მიუთითა საქმეში წარდგენილ საზოგადოებრივი ობიექტის სამშენებლო დოკუმენტის პროექტზე, რომლითაც განსაზღვრულია კაფე-ბარებისა და სხვა დანიშნულების კვების ობიექტების დაშორება ზღვის კიდის საზღვრიდან; კერძოდ, ამ პროექტის მიხედვით, დასაპროექტებელი ობიექტების ნაწილი ექცევა ზღვის ნაპირიდან 80 მეტრიან ტერიტორიაზე, თანაც ობიექტების იატაკს უშუალო შეხება გააჩნია „ოქროს ქვიშის“ პლაჟთან (ნაყართან).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა არის სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან. ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მკაცრი ზედამხედველობის ზოლი არის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის – ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს. კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია ტერიტორიით სარგებლობა დროებითი ნაგებობების განსათავსებლად.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი მართალია განსაზღვარვს მკაცრი ზედამხედველობის ზოლის საწყისს, თუმცა კონკრეტულად არ მიუთითებს მის დასასრულს გამოხატულს მანძილში; კერძოდ, კანონმდებელი აღნიშნავს, რომ მკაცრი ზედამხედველობის ზოლის საბოლოო ზოლი არის ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების ბოლო წერტილი. სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ აღნიშნული მანძილი ცვალებადია იმისდა მიხედვით, თუ რა სიძლიერის ზვირთცემას ექნება ადგილი კონკრეტულ დროს ზღვაზე. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, გადაჭრით იმის თქმა, რომ აღნიშნული მანძილი ზღვის კიდის ხაზიდან შეიძლება დაშორებული იყოს 80 მეტრით, ალოგიკური იყო, რადგანაც არაერთი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ძლიერი ღელვის პირობებში ზღვის ტალღების უშუალოდ სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში და უფრო მეტ მანძილზეც გავრცელების შესახებ.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით დარღვეული იყო „ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნა მკაცრი ზედამხედველობის ზოლში მხოლოდ დროებითი ნაგებობების განთავსების შესახებ, რადგანაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, წარდგენილ პროექტში მოცემული ობიექტების უმეტესი ნაწილი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო დროებით ნაგებობად (წარდგენილი პროექტის მიხედვით, დასაპროექტებელი ობიექტის ხის იატაკი მყარადაა დაკავშირებული ხიმინჯებზე, ნაცვლად ობიექტის თავისი წონით განთავსებისა). ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ობიექტების ამ სახით სანაპირო ზოლში განთავსება ეწინააღმდეგებოდა აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტალღების ტრანსფორმაციის, მათი ენერგიის სრული დახარჯვის და ნაშალი მასალის გადაადგილების ბუნებრივ პროცესს. სასამართლოს შეფასებით, საყურადღებო იყო ისიც, რომ მოსარჩელეს ცალკე დავის საგნად არ გაუხდია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნა, რაც სარჩელის უარყოფის დამატებით წინაპირობას წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდგენილი იყო კვალიფიციური საექსპერტო დასკვნა, სასამართლომ, შესაბამისი მიზეზის მითითებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უპირატესობა მიანიჭა გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის (მოწმის) სიტყვიერ განმარტებას იმის შესახებ, რომ სანაპირო ზოლში ნაგებობის განთავსებით გამოწვეული იქნებოდა უარყოფითი მორფოდინამიკური პროცესები.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით მისი პოზიციის დადასტურება და მიიჩნევს, რომ პირიქით მოპასუხემ და მესამე პირმა ვერ შეძლეს შპს „გ...ის“ საექსპერტო კვლევის საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენა, რადგანაც არც საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის წერილი და არც სხდომაზე დაკითხული პირის (მოწმის) ჩვენება არ შეიძლება იყოს საექსპერტო კვლევის საპირწონე ჯეროვანი და საკმარისი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ თავის დროზე მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი პროექტის შეთანხმებაზე, სწორედ აბრაზიის საფრთხის არსებობის გამო.
ამასთან, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ცალკე აღებული გზების დეპარტამენტის წერილი არ იქნა გასაჩივრებული იმ სახით, რაც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის, აღნიშნული ასევე სარჩელზე უარის თქმის საფუძველია. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, წერილი არის კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს პასუხი მისთვის დასმულ კონკრეტულ შეკითხვაზე. სამართლებრივი შედეგი, რაც გამოიხატა სამშენებლო-არქიტექტურული პროექტის უარის თქმაში, დადგა ბათუმის მერიის, როგორც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით, რაც გასაჩივრდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაინიშნა იმავე დღეს, ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქალაქ ბათუმის მერის 2010 წლის 18 მაისის #220 ბრძანებით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ში #... ...ზე არსებული ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. #...), პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სასყიდლიანი აღნაგობით გადაეცა შპს „...-ს“.
2010 წლის 10 ივნისს ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „...-ს“ შორის გაფორმდა თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ...ში #... ...ზე არსებული ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა შპს „...-ს“, ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის გადახდისა და შესაბამისი პირობებისა და ვალდებულებების შესრულების პირობებით.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ შპს „...-მა“ აღნაგობის უფლებით სარგებლობაში მიღებულ, ქ. ბათუმში, ...ის ... #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით დაიწყო მშენებლობის ნებართვის მოპოვების ღონისძიებები. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 2014 წლის 10 თებერვალს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით, შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა.
ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის #03/330 ბრძანებით, მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რის გამოც შპს „...-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის #3/330 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე #3-91/14) შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 თებერვლის #3/330 ბრძანება და ქ. ბათუმის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილებაში მითითებული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „...-ის“ განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
დადგენილია, რომ 2015 წლის 17 ნოემბერს შპს „...-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე #3-91/14) შესაბამისად, ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით, შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და შესაბამისი ბრძანების გამოცემა მოითხოვა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2015 წლის 19 ნოემბრის #25/22095 წერილით შპს „...-ის“ წარმომადგენელს ეცნობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარედგინა მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების, მათ შორის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად შედგენილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი, ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში მდებარე ... მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...), საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობის თაობაზე. ამასთან, მას განემარტა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა ყოფილიყო როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ, რის გამოც შპს „...-ს“ 15 დღის ვადაში არქიტექტურული პროექტის 5 ეგზემპლარი უნდა წარედგინა.
დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს შპს „...-ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას, წარადგინა სამშენებლო-არქიტექტურული პროექტი 5 ეგზემპლარად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში წარდგენილი პროექტის შეთანხმება მოითხოვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2015 წლის 7 დეკემბრის #4134/01 წერილით შპს „...-ის“ დირექტორს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადა გაგრძელდა 3 თვით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა 2015 წლის 9 დეკემბერს #4134/01 წერილით მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გადაუგზავნა შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი სამშენებლო-არქიტექტურული პროექტი და ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში მდებარე ... მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...), შპს „...-ის“ საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობის დასაშვებობის თაობაზე, ხელმეორედ წერილობითი მოსაზრების წარდგენა მოითხოვა.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 13 იანვრის #2-11/199 წერილით (დასკვნა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში შპს „...-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მოწყობილი შენობა-ნაგებობის დაკანონება. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში შპს „...-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. #..., საერთო ფართობი - ... კვ.მ) და მასზე განთავსებული საზოგადოებრივი (გასართობი დანიშნულების) ობიექტი, რომლის ფართობია ... კვ.მ, მთლიანად მოქცეულია სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მკაცრი ზედამხედველობის ზოლში - პლაჟზე, რომელიც პერიოდულად განიცდის ზღვის წყლის აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. ამასთან, 2014 წლის 4 თებერვლის #2-11/595 დასკვნის შესახებ მითითებულ იქნა, რომ აღნიშნული უარყოფითი დასკვნის საფუძველს წარმოადგენდა არა ის გარემოება, რომ მშენებლობის პროექტი ითვალისწინებდა ბეტონის კონსტრუქციებს და ნაგებობა წარმოადგენდა კაპიტალურს, არამედ ის ფაქტი, რომ პლაჟზე დიდ ფართობზე განთავსებულია ნაგებობა, რომლის საფუძველს წარმოადგენს ლითონის ხიმინჯებზე ანკერებით დამაგრებული ხის იატაკი. ობიექტის პლაჟზე განთავსება, ამ უკანასკნელის პარამეტრების მნიშვნელოვანი შემცირების ხარჯზე, არღვევს ზღვის ტალღების ენერგიის ჩახშობის ბუნებრივ პროცესს, მეორე მხრივ კი - ხის იატაკი ზღუდავს ნაშალი მასალის პროპორციულ მიგრაციას სანაპირო ზონის ძირითად დამცავ ელემენტზე - პლაჟზე. აღნიშნული ფაქტორები დროთა განმავლობაში გამოიწვევს უარყოფითი მორფოდინამიკური პროცესების (აბრაზიის) განვითარებას არა მარტო ნაგებობის განთავსების არეალში, არამედ მის მომიჯნავე უბნებზეც. რაც შეეხება პროექტის ავტორისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დასკვნას, რომ საზაფხულო კაფეს შენობა არ არის კაპიტალური და ზამთრის პერიოდში შესაძლებელია მისი დემონტაჟი, დასკვნაში განმარტებულ იქნა, რომ აღნიშნულ გარემოებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან შტორმული ტალღების განვითარება მოსალოდნელია წლის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზულად მოკლე დროში. ზღვის პლაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე დასაშვებია ისეთი მსუბუქი, დროებითი კონსტრუქციების განთავსება, როგორიცაა: საშხაპეები, ბუნგალოები, საჩრდილობლები, ფანჩატურები და სხვა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 თებერვლის #მ/146 ბრძანებით შპს „...-ის“ 2014 წლის 10 თებერვლის #04-02/29848 და 2015 წლის 3 დეკემბრის #4134/01 განცხადებები ქ ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის საფუძველად მოპასუხემ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 13 იანვრის #2-11/199 წერილით გაკეთებულ უარყოფით დასკვნაზე მიუთითა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების პროცესს არეგულირებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის იყოფა 5 კლასად. მითითებული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
დადგენილების 37-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიებია: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის 10 ივნისს მოსარჩელესა და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა სასყიდლიანი აღნაგობით მიწის ნაკვეთის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს აღნაგობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმში, ...ის ... #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს.კ. #..., საერთო ფართით ... კვ.მ). ხელშეკრულების 4.4.8.1 მუხლის თანახმად, აღნაგობის უფლების მქონე პირს დაეკისრა ვალდებულება, რომ საკუთარი ხარჯით აეშენებინა პირსი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა შეეხება არა პირსის, არამედ მის მომიჯნავედ არსებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. კერძოდ, მოსარჩელე ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე ითხოვდა საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, რა მოთხოვნაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დაკმაყოფილდა სწორედ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 13 იანვრის #2-11/199 დასკვნის საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანაპირო ზოლში ან/და სანაპირო ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია ნებართვის გაცემის პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით ჩართოს დეპარტამენტი და სავალდებულო დასკვნისათვის გადაუგზავნოს სათანადო დოკუმენტაცია, რა მოთხოვნაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულყოფილად იქნა შესრულებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 13 იანვრის #2-11/199 დასკვნის თანახმად, დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ქ. ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში შპს „...-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით მოწყობილი შენობა-ნაგებობის დაკანონება. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ბათუმში, ...ი #..., ...ი …-ში შპს „...-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. #..., საერთო ფართობი - ... კვ.მ) და მასზე განთავსებული საზოგადოებრივი (გასართობი დანიშნულების) ობიექტი, რომლის ფართობია ... კვ.მ, მთლიანად მოქცეულია სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მკაცრი ზედამხედველობის ზოლში - პლაჟზე, რომელიც პერიოდულად განიცდის ზღვის წყლის აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. პროექტით გათვალისწინებული ობიექტების პლაჟზე განთავსება ამ უკანასკნელის პარამეტრების მნიშვნელოვანი შემცირების ხარჯზე არღვევს ზღვის ტალღების ენერგიის ჩახშობის ბუნებრივ პროცესს, ხის იატაკი კი ზღუდავს ნაშალი მასალის პროპორციულ მიგრაციას სანაპირო ზონის ძირითად დამცავ ელემენტზე - პლაჟზე. აღნიშნული ფაქტორები დროთა განმავლობაში გამოიწვევს უარყოფით მორფოდინამიკური პროცესების (აბრაზიის) განვითარებას არა მარტო ნაგებობის განთავსების არეალში, არამედ მის მომიჯნავე უბნებზეც. დასკვნის შესაბამისად, ზღვის პლაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასზე დასაშვები იყო ისეთი მსუბუქი, დროებითი კონსტრუქციების განთავსება, როგორიცაა: საშხაპეები, ბუნგალოები, საჩრდილობლები, ფანჩატურები და სხვა.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, პლაჟის ბოლოს აშენებული ტურისტული დანიშნულების შენობა გავლენას არ იქონიებს სანაპირო ზონის პლაჟის მდგრადობაზე, რადგან იქ არსებული 80-70 მეტრიანი პლაჟის სიგანე სრულიად საკმარისია მოსული ძლიერი ტალღების ენერგიის ჩაქრობისათვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საზოგადოებრივი ობიექტის სამშენებლო დოკუმენტის პროექტზე, რომლითაც განსაზღვრულია კაფე-ბარებისა და სხვა დანიშნულების კვების ობიექტების დაშორება ზღვის კიდის საზღვრიდან. კერძოდ, ამ პროექტის მიხედვით, დასაპროექტებელი ობიექტების ნაწილი ექცევა ზღვის ნაპირიდან 80 მეტრიან ტერიტორიაზე, თანაც ობიექტების იატაკს უშუალო შეხება გააჩნია „ოქროს ქვიშის“ პლაჟთან (ნაყართან).
„ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზღვის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონა არის სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის აკვატორიას 20 მ სიღრმემდე და ხმელეთის არა უმეტეს 500 მ სიგანის სანაპირო ზოლს. იგი შედგება მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი მეთვალყურეობის ზოლებისაგან. ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მკაცრი ზედამხედველობის ზოლი არის სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა წყლების აქტიურ ზემოქმედებას და რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს ტალღების ტრანსფორმაცია, მათი ენერგიის სრული დახარჯვა, სანაპიროს მორფოლოგიის სისტემატური სახეცვლილება და ნაშალი მასალის გადაადგილება. მკაცრი ზედამხედველობის ზოლი მოიცავს: ზღვის სანაპიროსათვის – ზღვის აკვატორიის 20 მ-იან იზობათსა და ხმელეთზე მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ზოლს.
„ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნებადართულია ტერიტორიით სარგებლობა დროებითი ნაგებობების განსათავსებლად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინტერესების ურთიერთდაბალანსებისა და საერთო შეთანხმებების მიღწევის მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთა მორიგების უზრუნველსაყოფად არაერთი სხდომა იქნა გამართული. თავად პროცესში მონაწილე მხარეებმაც თანხმობა გამოთქვეს მორიგებაზე, საკასაციო პალატამ კი მიმართა ყველა შესაძლო საშუალებას მხარეთა ინტერესების ურთიერთდაახლოებისათვის. კერძოდ, თავდაპირველად, მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა თავადვე შეერჩიათ სადავო შემთხვევის გადაწყვეტის მათთვის ყველაზე უფრო მისაღები გზა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეეთავაზათ, მიეღწიათ შეთანხმება უშუალოდ წარდგენილ პროექტში გარკვეული კორექტივების შეტანის კუთხით. თავის მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცათ მითითება, შპს „...-ისათვის“ დეტალურად მიეწოდებინათ ინფორმაცია პროექტში ასახული ხარვეზებისა და მათი გამოსწორების საშუალებების შესახებ. საგულისხმოა, რომ მორიგების პროცესში, მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად, ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან მოთხოვნილ იქნა საექსპერტო დასკვნა, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ პროექტში ასახული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას დაადასტურებდა. აღნიშნული დასკვნის წარდგენის სანაცვლოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოხატა მზაობა, გაეცა თანხმობა სწორედ წარდგენილი პროექტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მხრიდან არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები ადმინისტრაციულ ორგანოთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების დამადასტურებელი მტკიცებულებების ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მიწოდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარ პირობებში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 თებერვლის #მ/146 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომებზე ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან არაერთგზის იქნა დაფიქსირებული შპს „...-თან“ შეთანხმების მიღწევის სურვილი და მზაობა. ამდენად, მიუხედავად განსახილველ სადავო ურთიერთობაში მოსარჩელის ინტერესთა დაკმაყოფილების შეუძლებლობისა, მხარეთა შორის გაფორმებული მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პირობებში, შპს „...“ ინარჩუნებს უფლებას, ადმინისტრაციულ ორგანოებს წარუდგინოს როგორც უშუალოდ საზოგადოებისათვის, აგრეთვე, საზღვაო სანაპირო ზოლისათვის უსაფრთხო სამშენებლო პროექტი და ახალი პროექტის ფარგლებში ეძიოს მშენებლობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული მიზნის მიღწევის გზები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე