№ბს-252(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ი-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეროვნული ბანკი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ი-ამ 2018 წლის 5 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ეროვნულ ბანკის მიმართ, ი. ი-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 92 637 (ოთხმოცდათორმეტი ათას ექვსას ოცდაჩვიდმეტი) ლარის, მათ შორის, ძირითადი თანხის 69 521 ლარის და სარგებლის 23 116 ლარის ანაზღაურების დაკირების მოთხოვნით.
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ შეასრულა კანონისმიერი ვალდებულება და არ განახორციელა ქმედითი ნაბიჯები შპს „ს...ოს“ კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების მიმართულებით, რაც ი. ი-ასთვის ზიანის მიყენების საფუძველი გახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ი-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2008 წლის 20 ივნისს დარეგისტრირდა შპს „ს...ო“ (ს/ნ ...), რომლის დირექტორად განისაზღვრა თ. ლ-ე, ხოლო 100% წილის მფლობელად ლ. ფ-ე. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის გამზ.№151.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 14 აგვისტოს დარეგისტრირდა შპს „ს...ო“ (ს/ნ ...), რომლის დირექტორად განისაზღვრა თ. ლ-ე, ხოლო 100% წილის მფლობელად თ. მ-ი. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ...ი, ს.ჭ-ი.
ი. ი-ასა და შპს „ს...ოს“ (ს/ნ...) შორის 2016 წლის 26 სექტემბერს დაიდო №11975 სესხის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, გამსესხებელი იღებდა ვალდებულებას, მისცეს სესხი მსესხებელს, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაებრუნებინა სესხი გამსესხებლისათვის. 1.2 პუნქტით სესხის ოდენობად განისაზღვრა 28 000 აშშ დოლარი. 1.3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამსესხებელს საგებლიდან ექვითებოდა 5%, რომელსაც „ს...ო“ იხდიდა სახელმწიფო ხაზინაში. 1.4 პუნქტის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი იყო სარგებლიანი. 1.5 პუნქტის მიხედვით, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 35%-ის დარიცხვით. პროცენტის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას. 1.6 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხოლოდ 1.2 პუნქტში დაფიქსირებული თანხის სალაროში გადაცემის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო შპს „ს...ოს“ სალაროს შემოსავლის ორდერზე ფაქსიმილიით და ბეჭდით ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
2016 წლის 26 სექტემბრის №11975 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ი. ი-ამ 2016 წლის 26 სექტემბერს შპს „ს...ოს“ (ს/ნ...) სალაროში შეიტანა 28 000 აშშ დოლარი.
შპს „ს...ომ“ (ს/ნ ...) შპს „რ...ასაგან“ 2016 წლის პირველ თებერვალს, 2016 წლის პირველ მარტს, 2016 წლის 31 მარტს, 2016 წლის 3 მაისს, 2016 წლის 30 ივნისს, 2016 წლის პირველ აგვისტოს, 2016 წლის 22 აგვისტოს, 2016 წლის 3 ოქტომბერს შეიძინა სარეკლამო მომსახურებები. რეკლამაში აღნიშნული იყო „ს...ო - ...ი ...ი ...ის ...ო ...ი“, მისამართი - ...ას 72, ტელეფონის ნომერი ... . საზაფხულო აქცია 33% წლიური სარგებელი. ერთი წლის ვადით წლიური 33%, 6 თვის ვადით წლიური 28%, 3 თვის ვადით წლიური 25%.
სს „პ... ბანკის“ თბილისის ცენტრალური სერვის პუნქტიდან ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 19 ივლისს შპს „ს...ოს“ (ს/ნ ...) მიერ თანხების გატანა მოხდა ინკასოს დასაფარად და გადასახადების ერთიანი კოდის ნაწილობრივი დაფარვის მიზნით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს...ოს“ დირექტორს თ. ლ-ეს, მისამართზე - თბილის, ...ის გამზ. №151, 2016 წლის 14 აპრილს მიმართა №430-1კ წერილით, რომლის თანახმად, საწარმოს დირექტორს ეცნობა, რომ ვინაიდან, სახსრების მოზიდვის მიზნით აქტიურად აწარმოებდა სარეკლამო კამპანიას, მისდამი რწმუნებული ორგანიზაციის საქმიანობა ექცეოდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მოქმედების სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლებოდა ორგანიზაციის დაფინანსების ბიზნეს მოდელი, რაც პირველ რიგში სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობდა და აღნიშნულის თაობაზე არ ეცნობებოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2016 წლის 20 აპრილამდე, ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკი განიხილავდა აღნიშნული ორგანიზაციის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების საკითხს და ინდივიდუალურად განსაზღვრავდა საზედამხედველო მოთხოვნებს. ასევე, მასვე ეთხოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ვადაში წარედგინა მის ხელთ არსებულ ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), სრული შემოსავლის შესახებ ანგარიშგება (მოგება/ზარალის უწყისი) და დეტალური ინფორმაცია ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების თაობაზე, წერილზე თანდართულ დისკზე არსებული „მიღებული სესხების ბაზის“ მიხედვით.
შპს „ს...ოს“ დირექტორის 2016 წლის 19 აპრილის წერილის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ეცნობა, რომ შპს „ს...ო“ დაარსებიდან (2008 წელი) ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი სანდო, კვალიფიციური იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა სრულად შეესაბამებოდა საქართველოს საგადასახადო მოთხოვნებს, ამავე დროს ორიენტირებული იყო ბიზნესის მუდმივად განვითარებასა და მოგების მიღებაზე. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა როგორც სარეკლამო, ასევე სხვადასხვა სახის კამპანიების განხორციელება ცნობადობის ასამაღლებლად. ბიზნეს მოდელის შეცვლასთან დაკავშირებით კი აღნიშნული იყო, რომ რამდენიმე თვეა ეტაპობრივად ხდებოდა მისი შეცვლა. საზოგადოებასა და პარტნიორ კომპანიებში სანდოობის შენარჩუნების მიზნით ეტაპობრივად ხდებოდა სარეკლამო საქმიანობის შეჩერება. რეკლამა გადიოდა რ/მ-ში „დ...ი“, „შ...ი“, „აფ...ა“ და „ა...ო“ (აღნიშნული შინაარსის სატელევიზიო რეკლამები კი იყო შეწყვეტილი). მოცემულ რადიოებთან დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები კი სრულდებოდა 2016 წლის 10 მაისს. შესაბამისად, რეკლამების შეწყვეტასთან დაკავშირებით ითხოვა დრო 2016 წლის 10 მაისამდე. წერილში აღნიშნული იყო, რომ სამომავლოდ იგეგმებოდა რეკლამირება მხოლოდ ავტოლომბარდსა და სესხების გაცემასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს...ოს“ დირექტორს თ. ლ-ეს, მისამართზე - თბილისი, ...ას ქ. №72, 2016 წლის 21 აპრილის №465-1კ წერილით აცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიუღებელი იყო პოზიცია, ორგანიზაციის ბიზნესის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით, რაც ფიზიკური პირების ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის უპირობო შეწყვეტას გულისხმობდა. მიუღებელი იყო, ასევე, სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის შეუწყვეტელობის არგუმენტაცია. ასევე ორგანიზაციის დირექტორს ეთხოვა გაეთვალისწინებინათ ზემოაღნიშნული და არაუგვიანეს 2016 წლის 25 აპრილისა მომხდარიყო დადასტურება ბიზნესის დაფინანსების მოდელის შეცვლისა და სახსრების მოზიდვის ყველა სახის რეკლამების (მათ შორის, რომელიც ვრცელდება რადიომაუწყებლობის, ვებ-გვერდის, სოციალური ქსელების მოკლე ტექსტური შეტყობინებების თუ სხვა საშუალებებით) შეწყვეტის თაობაზე. ასევე ეთხოვა, არაუგვიანეს 2016 წლის 28 აპრილისა წარედგინა ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. ეროვნული ბანკის 2016 წლის 14 აპრილის №430-1კ წერილით მოთხოვნილი ფორმატით.
შპს „ს...ოს“ დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის წერილის თანახმად, 27 აპრილიდან შეწყდა სარეკლამო საქმიანობა სახსრების მოზიდვის მიზნით.
შპს „ს...ოს“ დირექტორის წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით განემარტა, რომ კომპანიის ფინანსური აქტივობები იყო ღია და ყოველთვიურად მიეწოდებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურს, შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაციის საჯაროობის პრობლემა. წერილში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ 2012 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნისამებრ კომპანია სისტემურად გზავნიდა ინფორმაცია კომპანიის კრედიტორებისა და დებიტორების შესახებ. თუმცა კომპანიის კლიენტებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ მათ და მიწოდება ხდებოდა კომპანიის შესახებ არაობიექტური ინფორმაციის, მათ შორის, ხელშეკრულების დარღვევის შეთავაზება. აღნიშნულმა გამოიწვია პანიკა და დათესა ეჭვი კომპანიის სანდოობის მიმართ, რასაც შეიძლებოდა საბოლოოდ გამოეწვია კომპანიის გაკოტრება და კრედიტორების დაზარალება. შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდების საკითხი გადაწყდებოდა დამფუძნებლების ჩამოყალიბებული პოზიციის შეტყობისთანავე.
შპს „ს...ოს“ დირექტორის 2016 წლის 20 მაისის წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვა მოთხოვნილი ინფორმაციის წარსადგენად ვადის გაგრძელება 27 მაისის ჩათლით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს...ოს“ დირექტორს თ. ლ-ეს, მისამართზე - თბილისი, ...ას ქ. №72, 2016 წლის 15 ივნისის №682-1კ წერილით აცნობა, რომ ეროვნული ბანკის 2016 წლის 15 აპრილის წერილობითი მითითების შემდეგ, საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ წარდგენილი ყოფილიყო ინფორმაცია რწმუნებული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. თუმცა ეროვნული ბანკის არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ინფორმაციის დამუშავებისათვის და შესაბამისი ფორმატით სებ-ში წარმოდგენისათვის საჭირო დრო დაეთმო სხვადასხვა ხასიათის მიმოწერას, რაც ეროვნული ბანკის მოსაზრებით, დროის გაჭიანურებას უფრო ისახავდა მიზნად. ეროვნული ბანკის პირველი წერილობითი მითითებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, ინფორმაციის წარსადგენად დამატებით იქნა მოთხოვნილი ვადა, თუმცა ამ ვადაშიც ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ კომპანიაში არ არსებობდა აღრიცხვისა და ანგარიშგების გამართული სისტემა, რაც მეტად საყურადღებო და რისკის შემცველი იყო, ვინაიდან საკითხი ეხებოდა კომპანიის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ ნაწილს, როგორიცაა ფიზიკური პირებიდან სახსრების მოზიდვა. კომპანიის დირექტორს ეთხოვა, დაუყოვნებლივ წარედგინა ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი რწმუნებული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენებდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ინფორმაცია წარდგენილი იქნებოდა მინიმუმ 2016 წლის 30 აპრილის მდგომარეობით არსებული მონაცემების მიხედვით. ასევე, ორგანიზაციას ეცნობა, რომ ეროვნული ბანკი პოზიტიურად აფასებდა მის მიერ სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის შეწყვეტას. ასევე, ორგანიზაციეს ეთხოვა გაეთვალისწინებინათ ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიუღებელი იყო მათი პოზიცია, ორგანიზაციის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №927-1კ განკარგულებით შპს „ს...ო“ (ს/ნ ...) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და დაევალა განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 20 სექტემბრის №931-1კ განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს...ოს“ აეკრძალა სახსრების მოზიდვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის სარეკლამო კომპანიის წარმოება. კვალიფიციურ -საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს...ოს“ მოეთხოვა, არ განეხორციელებინა დაკავშირებული მხარეების მომსახურება მისი საფასურის მიუხედავად, რომელიც, მათ შორის, მოიცავდა მომსახურების გაწევას ან/და მიღებას ნებისმიერი ფორმით; ფინანსური გარიგებების დადებას (ინვესტიციების განხორციელება, სესხების და გარანტიების გაცემა); ტრანზაქციებს მესამე მხარესთან დაკავშირებული პირის გარანტიით; მიმდინარე ხელშეკრულებების ნებისმიერი პირობის გადახედვას (რესტრქუტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათის მიცემა). კომპანიას ეცნობა, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევდა კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
შპს „ს...ოს“ (ს/ნ ...) დირექტორმა 2016 წლის 23 სექტემბერს წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირება. ამასთან, წერილში აღნიშნული იყო, რომ გაუგებარი იყო კომპანიის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები, რადგან კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირების მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ოქტომბრის №954- 8 1კ განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდა შპს „ს...ო“ (ს/ნ ...) და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი .... განკარგულება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე.
2016 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა განმარტება შპს „ს...ოსთვის“ შეზღუდვების და აკრძალვების დაწესებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ნოემბრის №995-1კ განკარგულებით შპს „ს...ო“ (ს/ნ ...) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და დაევალა განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირება საქართველოს ეროვნულ ბანკში.
დადგენილია, რომ 2013 წლის 18 თებერვალს, 2016 წლის 5 აპრილს, 2016 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკი, ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლირდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებდა. საქართველოს ეროვნული ბაკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხებოდა სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის, დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობდა მაღალ რისკს.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ „დაზარალებულად ცნობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, ი. ი-ა დაზარალებულად იქნა ცნობილი შპს „ს...ოში“ (...) სესხის სახით შეტანილ თანხებთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით - თ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
განაჩენის თანახმად, შპს „ს...ო“ (ს/ნ ...) რეგისტრირებული იყო 2013 წელის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი იყო თ. მ-ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ. ლ-ე. შპს „ს...ოს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ. მ-ის მეუღლე - მ. ფ-ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ განახორციელა ფულადი შენატანი, 2013-2016 წლებში. შპს „ს...ომ“ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო - 34 359 020 ლარი, 12 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით. უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ს...ოს“ დირექტორმა თ. ლ-ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ. ფ-ის წაქეზებით და თ. მ-ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ. ფ-ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მ. ფ-ეზე გაცემულ იქნა მსხესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გ...ზე“ - 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც არ იქნა უკან დაბრუნებული და მ. ფ-ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს „ს...ომ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2 343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
განაჩენის თანახმად, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თ. ლ-ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მ. ფ-ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ. მ-მა ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ ფაქტს, რომ შპს „ს...ოს“ დირექტორს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმართა 2016 წლის 14 აპრილს, მისამართზე თბილისი, ...ის გამზ. №151, აღნიშნულ მისამართი კი წარმოადგენდა შპს „ს...ოს“ (ს/ნ ...) იურიდიულ მისამართს. ამასთან, არც ერთ წერილში არ იყო მითითებული კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ არ მომხდარა ღონისძიებების გატარება შპს „ს...ოს“ (ს/ნ ...) მიმართ, რაც გახდა ი. ი-ასათვის ზიანის მიყენების საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითებული არგუმენტაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წერილის გაგზავნა იმ მისამართზე რომელიც მისთვის იყო ცნობილი, არ წარმოადგენდა კანონდარღვევას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავად მიუთითებდა, რომ რეკლამაში საუბარი იყო ს...ოს მიერ ფინანსურ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირების შესახებ. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 13 დეკემბრის №2-08/3768-16 და 2017 წლის 8 მაისის №2-14/1730 წერილებზე, სადაც განმარტებული იყო, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებული იქნა შპს „ს...ო“(ს/კ ...), ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახსრების მოზიდვის სარეკლამო კომპანია გრძელდებოდა ანალოგიური დასახელებისა და იმავე მენეჯმენტის შემადგენლობით სხვა იურიდიული პირის მიერ, 2016 წლის 4 ნოემბერს სებ-მა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, შპს „ს...ოს“ (ს/კ ...) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანიამ დოკუმენტი არ ჩაიბარა და განკარგულება გამოქვეყნდა (გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2016) საკანონმდებლო მაცნეში.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონი ეროვნულ ბანკთან შექმნილ სააგენტოს ანიჭებდა უფლებამოსილებას ზედამხედველობა გაეწია ფინანსური სექტორისთვის, რომელიც მოიცავდა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტსაც, თუმცა აღნიშნულ ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება მისი ზედამხედველობის ფარგლებში მოექცია სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ი. ი-ასათვის ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანთან. ამასთან, სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ იქნა ყველა ის მოქმედება, რაც შესაძლებელს ხდიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას, კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი 2013 წლის 18 თებერვალს, 2016 წლის 5 აპრილს, 2016 წლის 4 ნოემბერს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლირდებოდა ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებდა. საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხებოდა სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობდა მაღალ რისკს.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, არ იკვეთებოდა მიზეზშედეგობრივი კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ი-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ი. ი-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ი-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რაც პირდაპირ კავშირში იყო 2016 წლის 26 სექტემბერს დამდგარ ზიანთან.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ურთიერთობა ჰქონდა 2008 წელს დარეგისტრირებულ შპს ,,ს...ოსთან“ (ს/ნ ...), რომელსაც მოუწოდა ფიზიკური პირებისგან თანხის მოზიდვის სარეკლამო საქმიანობის შეჩერებისკენ, თუმცა, აღნიშნულ სარეკლამო საქმიანობას ახორციელებდა 2013 წელს დარეგისტრირებული შპს ,,ს...ო“ (ს/ნ ...). კასატორი მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 19 სექტემბრის აქტზე, სადაც წერია მხოლოდ 2008 წელს რეგისტრირებული კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი და არ წერია 2013 წელს რეგისტრირებული კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაგზავნილ გამაფრთხილებელ წერილებზე, სადაც არ იყო მითითებული საიდენტიფიკაციო ნომრები, რითაც ისარგებლა კომპანიის მენეჯმენტმა და საპასუხო წერილში ასევე არ მიუთითა საიდენტიფიკაციო ნომერი. აღნიშნულმა კი საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მიუხედავად 2008 წელს რეგისტრირებული შპს ,,ს...ოს“ (ს/ნ ...) კვალიფიციურ სუბიექტად აღიარებისა და 2016 წლის 20 სექტემბერს გამოცემული აკრძალვისა, არ შეჩერებულა სარეკლამო საქმიანობა და 2013 წელს რეგისტრირებული შპს ,,ს...ო“ (ს/ნ ...) იგივე მენეჯმენტით და იგივე მისამართზე განაგრძობდა საქმიანობას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ეროვნული ბანკს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ი-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ი-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ზიანის ანაზღაურების საფუძვლების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება, უპირველესად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი განსაკუთრებული წესი. ხოლო ის საკითხები, რომელთაც არ აწესრიგებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს, პოტენციური რისკების შემცირებას. ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის (2018 წლის 1 მარტამდე მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების რაოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად არის მიჩნეული ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლისგანაც ხდება სახსრების მოზიდვა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე ეროვნული ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს...ოს“ დირექტორს 2016 წლის 14 აპრილს მიმართა წერილით მისამართზე თბილისი, ...ის გამზ. №151 და მოითხოვა სახსრების მოზიდვის მიზანით რეკლამის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლებოდა ორგანიზაციის დაფინანსების ბიზნეს მოდელი. ამასთან, აღნიშნული წერილით განუმარტა აღნიშნული ორგანიზაციის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მოთხოვნილ იქნა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების (ბალანსი) შესახებ ინფორმაცია, სრული შემოსავლის შესახებ ანგარიშგება (მოგება/ზარალის უწყისი) და დეტალური ინფორმაცია ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 21 აპრილს კვლავ მიმართა შპს „ს...ოს“, თუმცა, ამჯერად მისამართზე - თბილისი, ...ას ქ. №72 და აცნობა რომ ეროვნული ბანკისათვის მიუღებელი იყო არგუმენტაცია ბიზნესის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით, ასევე, მიუღებელი იყო არგუმენტაცია სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის შეუწყვეტელობის შესახებ. კომპანიის დირექტორს კიდევ ერთხელ ეთხოვა ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს...ოს“ დირექტორს თ. ლ-ეს 2016 წლის 15 ივნისს, ისევ მიმართა წერილობით და მოითხოვა, რომ ორგანიზაციას დაუყოვნებლივ წარედგინა ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი შესაბამისი ორგანიზაციის მიმართ გამოიყენებდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №927-1კ განკარგულებით შპს „ს...ო“ (ს/ნ ...) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 20 სექტემბრის №931-1კ განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს...ოს“ აეკრძალა სახსრების მოზიდვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის სარეკლამო კომპანიის წარმოება. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ოქტომბრის №954-1კ განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად ასევე დარეგისტრირდა შპს „ს...ო“ (ს/ნ ...) და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი .... განკარგულება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ნოემბრის №995-1კ განკარგულებით შპს „ს...ო“ (ს/ნ ...) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად.
კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ შპს „ს...ოს“ დირექტორს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმართა 2016 წლის 14 აპრილს, მისამართზე თბილისი, ...ის გამზ. №151, აღნიშნულ მისამართი კი წარმოადგენდა შპს „ს...ოს“ (ს/ნ ...) იურიდიულ მისამართს. ამასთან, არც ერთ წერილში არ იყო მითითებული კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ არ მომხდარა ღონისძიებების გატარება შპს „ს...ოს“ (ს/ნ ...) მიმართ, რაც გახდა მისთვის ზიანის მიყენების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და განმარტავს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონი ეროვნულ ბანკთან შექმნილ სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს, რომელიც მოიცავს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტსაც, თუმცა, აღნიშნულ ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება მისი ზედამხედველობის ფარგლებში მოაქციოს სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირები და გამოიყენოს მასზე მინიჭებული საზედამხედველო ფუნქციებიდან გამომდინარე შემზღუდავი ღონისძიებები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი გახდებოდა გამოეყენებინა შემზღუდავი ღონისძიებები მას შემდეგ, რაც კომპანია დარეგისტრირდებოდა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის (2018 წლის 1 მარტამდე მოქმედი რედაქცია) მესამე პუნქტი მიუთითებს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის რეგისტრაციის უფლებამოსილებაზე, რაც თავის მხრივ, არ გულისხმობს ეროვნული ბანკის პირდაპირ ვალდებულებას უზრუნველყოს ყველა პოტენციური კვალიფიკაციური საკრედიტო ინსტიტუტის ავტომატური მოძიება და სავალდებულო რეგისტრაცია. შესაბამისად, პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულების არ არსებობის პირობებში, შეუძლებელია ვისაუბროთ დელიქტური სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანზე და მისი ანაზღაურების საფუძვლიანობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია კასატორისათვის მიყენებულ ზიანთან. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ იქნა ყველა ის მოქმედება, რაც შესაძლებელს ხდიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას, კერძოდ, 2013 წლის 18 თებერვალს, 2016 წლის 5 აპრილს და 2016 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკი, ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდებოდა ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებდა. საქართველოს ეროვნული ბაკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხებოდა სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას, ასევე, თანხის, დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობდა მაღალ რისკს.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ი-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე