საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-125(2კ-20) 17 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; მოსარჩელეები - ჯ. ბ-ე; მ. კ-ი; გ. ჯ-ა; მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - შპს „ა...ი“).
2017 წლის 16 ოქტომბერს ჯ. ბ-ემ, მ. კ-მა და გ. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №3372225 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 16 ოქტომბრის №1-2243 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ა...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ბ-ის, მ. კ-ის და გ. ჯ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 4 ივლისის №3372225 ბრძანების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის საოქმო განჩინებით ჯ. ბ-ის, მ. კ-ისა და გ. ჯ-ას წარმომადგენლის უ. ზ-ის შუამდგომლობა ლ. ჩ-ისა და ნ. შ-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლალი ჩიტაშვილმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ლ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განჩინება ნაწილობრივ ლ. ჩ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში და ლ. ჩ-ი საქმეში ჩაება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით ჯ. ბ-ის, მ. კ-ის, გ. ჯ-ას და ლ. ჩ-ის წარმომადგენლის უ. ზ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად ხ. ნ-ის, ნ. ა-ას, ს. შ-ის, ს. ს-ას, მ. ზ-ას, ლ. კ-ის, შ. ტ-ის, ნ. ნ-ის, ზ. დ-ისა და გ. ბ-ის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის, მ. კ-ისა და გ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ბ-ემ და მ. კ-მა. აპელანტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ბ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ჯ. ბ-ემ, მ. კ-მა და ლ. ჩ-მა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამასთან, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის, მ. კ-ისა და გ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე 2019 წლის 12 აპრილს გაეგზავნა და 2019 წლის 16 აპრილს ჩაბარდა ლ. ჩ-ის წარმომადგენელს უ. ზ-ს (ჩაბარდა მის დედას - ც. ზ-ს პ/ნ ...) (ტომი 5, ს.ფ. 49; ს.ფ. 58).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა ლ. ჩ-ის წარმომადგენელს უ. ზ-ს. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ უ. ზ-ისათვის (როგორც ლ. ჩ-ის წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების გაგზავნისა და ჩაბარების ეტაპზე (2019 წლის 16 აპრილი), ლ. ჩ-ის მიერ უ. ზ-ის მიმართ გაცემული მინდობილობა ძალაში იყო და მოქმედებდა 2020 წლის 25 თებერვლამდე (ტომი 4, ს.ფ. 310). ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების წარმომადგენლისათვის ჩაბარება ლ. ჩ-ისათვის ჩაბარებად უნდა მივიჩნიოთ. რაც შეეხება, საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მან 2019 წლის 23 აპრილს გააუქმა უ. ზ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უ. ზ-ისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ლ. ჩ-მა სასამართლოს წერილობითი ფორმით პირველად 2019 წლის 25 ნოემბერს მიმართა (ტომი 5, ს.ფ. 175-192). ამასთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაგზავნის და ჩაბარების ეტაპზე (2019 წლის 16 აპრილი) მოქმედებდა და ძალაში იყო უ. ზ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, ვინაიდან, მისი გაუქმება 2019 წლის 23 აპრილს განხორციელდა.
ამდენად ცალსახაა, რომ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ჩ-ს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმის განხილვის შედეგს იგი სადავოდ არ ხდიდა. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ჯ. ბ-ე და მ. კ-ი, რაც მათ მიერ გამოიხატა სააპელაციო საჩივრის წარდგენით, ლ. ჩ-ს კი სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მართალია, განსახილველ შემთხვევაში, ლ. ჩ-ი ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია და პრეტენზია არ განუცხადებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს და იმსჯელოს ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე, ვინაიდან, მან სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის პირობებში (ასევე გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პირობებში) დაკარგა საკასაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო უფლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. შ-ას ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე 24.12.2019წ. №8853878251 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.12.2019წ. №8853878251 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-13 მუხლით, მე-16 მუხლით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-74-ე მუხლებით, 99-ე მუხლით, 396-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 447-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს ლ. ჩ-ის საკასაციო
საჩივარი;
2. მ. შ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.12.2019წ. №8853878251 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე