Facebook Twitter
საქმე №ბს-751(კ-19) 2 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ვ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 4 ივლისს ვ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების, ვ. კ-ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის ძალაში დატოვების შესახებ (გამოცემული ზეპირი ფორმით) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ვ. კ-ის 13.04.2018 წელს შევსებული ოჯახის დეკლარაციის ხელახალი შევსება/კორექტირებისა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე სარეიტინგო ქულის მინიჭების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2006 წლიდან 2018 წლის თებერვლის თვემდე უწყვეტად იღებდა სოციალურ დახმარებას. ოჯახი შედგებოდა ექვსი წევრისაგან. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მეუღლე ა. კ-ე გარდაიცვალა 2018 წლის 2 თებერვალს, რის შემდგომაც 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა მისი ოჯახის გადამოწმება, შედგა დეკლარაცია და მას შეუწყდა სოციალური დახმარება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და შესაბამისად, არ ეთანხმება სოციალური დახმარების შეწყვეტას. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს დეკლარაციის „C 3“ გრაფის მე-9 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ფ. კ-ე არ იღებდა 40 ლარს, შესაბამისად მიაჩნია, რომ დეკლარაციაში შეტანილი იქნა არასწორი მონაცემი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით ....
სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს ვ. კ-ის ოჯახში განხორციელდა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად: ვ. კ-ის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება არის ღარიბი - 2 (F1 ბლოკი); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის სანდო - 1 (F2 ბლოკი); ჰყავს ერთი სული ძროხა (D4,1 ბლოკი); შინაური ფრინველი - 3 (D4 ბლოკი, 3 გრაფა); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადახდილია - 165 ლარი (E1 ბლოკი); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის გადახდილია - 72 ლარი (E2 ბლოკი); ფლობს სამეურნეო ნაგებობებს (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა) (A7 ბლოკი, 4 გრაფა); შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართია -220 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში, სულ ოთახების რაოდენობაა 6 (A 9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი არის ხე/ფიცარი (A10 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დასახელებული ოჯახის უფროსი - ვ. კ-ე (ასაკი 80), ა. კ-ე (ასაკი 49), მ. კ-ე (ასაკი 46), მა. კ-ე (ასაკი 26), ფ. კ-ე (ასაკი 15) (B2 ბლოკი და B1 ბლოკი); ა. კ-ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი) (B4 ბლოკი, გრაფა 3); ფ. კ-ე დადის სკოლა/გიმნაზიაში (C1 ბლოკი); განათლების მიღწეული დონე - ვ. კ-ე (საშუალო პროფესიული - 4), ა. კ-ე (საშუალო - 3), მ. კ-ე (საშუალო - 3), მა. კ-ე (საშუალო - 3) (C2 ბლოკი); პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (C3 ბლოკი); ვ. კ-ე - სახელმწიფო პენსია 180 ლარი (C3 ბლოკი 3 გრაფა); ა. კ-ე სოციალური პაკეტი - 100 ლარი (C3 ბლოკი, გრაფა 4); ვ. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მა. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ. კ-ე ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი; (C3 ბლოკი მე-9 გრაფა); სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი (C4 ბლოკი, გრაფა 7).
სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით დადგენილია, რომ ა. კ-ეს 2017 წელს და 2018 წლის იანვარსა და თებერვლის თვეებში შემოსავლების მიღება არ უფიქსირდება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 27 აპრილის №133/ო ბრძანებით დაკორექტირდა 2018 წლის 13 აპრილის ოჯახის დეკლარაციის C4 ბლოკი, გრაფა 7-ში მითითებული არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი და მიეთითა - 0 ლარი (კორექტირებული დეკლარაცია).
სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ვ. კ-ის ოჯახისათვის განკუთვნილმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ 2018 წლის 13 აპრილის დეკლარაციაში არასწორად არის შევსებული C ბლოკის მე-9 გრაფაში მითითებული მონაცემი ფ. კ-ესთან მიმართებში (პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში ფ. კ-ე - თანხა 40 ლარი) და მიუთითა, რომ აღნიშნულ საკითხთან - სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით იმსჯელებდა სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების „სოციალური დახმარების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
სასამართლოს მითითებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 აპრილს შეივსო ვ. კ-ის ოჯახის დეკლარაცია, სადაც C4 ბლოკი, გრაფა 7-ში მიეთითა - სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2018 წლის 27 აპრილის №133/ო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის (C4 ბლოკი, გრაფა 7) კორექტირება სადაც ,,სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი-ის ნაცვლად დაფიქსირდა 0 ლარი“. აღნიშნულის გათვალისწინებით ვ. კ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2018 წლის 13 მაისს განისაზღვრა 66530 ერთეულით.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავოა „C3“ ბლოკის მე-9 გრაფა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი №141/ნ ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „C3“ პუნქტის „პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)“ შევსებისას: ა) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ხელზე მიღებული თანხა. ,,C3“ პუნქტის პირველი გრაფის - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ წინა მეორე თვეში (თვეთა ათვლისას დეკლარაციის შევსების თვის წინა თვე ითვლება პირველ თვედ) ხელზე მიღებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სთხოვს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, რის შემდეგადაც დეკლარაციის ამ გრაფის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში; ბ) იმ შემთხვევაში, თუ „C3“ პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსავალი წარმოადგენს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად რაიმე სახის ფულად სოციალურ გასაცემელს, აღნიშნული დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით; გ) თუ რომელიმე სახის გასაცემელს ან სხვა ფულად შემოსავალს იღებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, მაშინ შესაბამისი თანხა ჩაეწერება არასრულწლოვან წევრს, რომელიც ამ დახმარების/შემოსავლის კანონიერი მიმღებია.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა ვ. კ-ის ოჯახში იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია. დეკლარაციის „C 3“ ბლოკში აგენტმა აჩვენა დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში არსებული შემოსავლი, კერძოდ თებერვლის თვის მონაცემი. თავად მოსარჩელე არ უარყოფს, რომ თებერვლის თვის მონაცემებით მოსარჩელეს მიღებული აქვს სოციალური დახმარება ჯამში 190 ლარის ოდენობით, კერძოდ ვ. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მა. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ. კ-ე ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი; (C3 ბლოკი მე-9 გრაფა); დეკლარაციის დროისთვის მონაცემში არ აისახა ა. კ-ის თებერვლის თვის ფულადი სოციალური დახმარება - 30 ლარის ოდენობით იმ მოტივით, რომ 2018 წლის აპრილში აღნიშნული პიროვნება იყო გარდაცვლილი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. კ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულამ 2018 წლის მაისის მდგომარეობით შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ფ. კ-ეს, როგორც არასრულწლოვანს განესაზღვრა ფულადი სოციალური დახმარება თვეში 10 ლარის ოდენობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ივნისამდე ოჯახს შეჩერებული ჰქონდა სოციალური დახმარების მიღება, ფ. კ-ეს, როგორც არასრულწლოვანს ივნისის თვეში დაერიცხა წინა თვეების დახმარება ჯამში - 40 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მითითებით, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. სასამართლოს მოსაზრებით, ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. კ-ის სარჩელი, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა, რომ ვ. კ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულამ 2018 წლის მაისის მდგომარეობით შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით. ამდენად, ფ. კ-ეს, როგორც არასრულწლოვანს განესაზღვრა ფულადი სოციალური დახმარება თვეში 10 ლარის ოდენობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ივნისამდე ოჯახს შეჩერებული ჰქონდა სოციალური დახმარების მიღება, ფ. კ-ეს, როგორც არასრულწლოვანს ივნისის თვეში დაერიცხა წინა თვეების დახმარება ჯამში - 40 ლარის (30+10) ოდენობით, შესაბამისად, უმართებულო იყო აპელანტის მოსაზრება დეკლარაციაში უსწორო მონაცემების შეტანის შესახებ. პალატის მითითებით, მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს ხელახალი გადამოწმების შედეგად აპელანტის ოჯახს მიენიჭა უფრო მაღალი სარეიტინგო ქულა - 66630. ზემოაღნიშნული გარემოებები, პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია 2006 წლიდან, ოჯახი რამდენჯერმე იქნა გადამოწმებული და სტატუსი არ შეცვლია, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, არამედ პირიქით - მეუღლის ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო უფრო დამძიმდა. კასატორის მითითებით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოხდა გეგმიური გადამოწმება. მეუღლის ავადმყოფობის გამო დახარჯეს შედარებით მეტი ელექტროენერგია, ასევე ოჯახის შრომისუუნარო წევრს არასწორად დაუფიქსირდა შემოსავალი 400 ლარი, რამაც გამოიწვია მათი ოჯახის სოციალურად დაუცველის სტატუსის ეჭვქვეშ დაყენება და შემდგომ სტატუსის მოხსნა.
ამასთან, კასატორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს და მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უნდა გამოეტანათ გადაწყვეტილება და უნდა შეეჩერებინათ საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ როგორც სოციალურად დაუცველმა ოჯახმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა სახაზინო ადვოკატის მომსახურებით. კასატორის მითითებით, საქმეში ადვოკატის მონაწილეობა აუცილებლობას წარმოადგენდა. იგი 80 წელს მიტანებული მოხუცია. სააპელაციო სასამართლომ კი არ იზრუნა, რომ მისთვის, როგორც სოციალურად დაუცველი ხანდაზმულისთვის მოეწვია სახაზინო ადვოკატი და არ დაეტოვებინა მარტო ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. კ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით ....
დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს ვ. კ-ის ოჯახში განხორციელდა იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად: ვ. კ-ის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება არის ღარიბი - 2 (F1 ბლოკი); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის სანდო - 1 (F2 ბლოკი); ჰყავს ერთი სული ძროხა (D4,1 ბლოკი); შინაური ფრინველი - 3 (D4 ბლოკი, 3 გრაფა); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადახდილია - 165 ლარი (E1 ბლოკი); წინა მეორე თვიდან გასული 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის გადახდილია - 72 ლარი (E2 ბლოკი); ფლობს სამეურნეო ნაგებობებს (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა) (A7 ბლოკი, 4 გრაფა); შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართია - 220 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში, სულ ოთახების რაოდენობაა 6 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი არის ხე/ფიცარი (A10 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დასახელებული ოჯახის უფროსი - ვ. კ-ე (ასაკი 80), ა. კ-ე (ასაკი 49), მ. კ-ე (ასაკი 46), მა. კ-ე (ასაკი 26), ფ. კ-ე (ასაკი 15) (B2 ბლოკი და B1 ბლოკი); ა. კ-ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი) (B4 ბლოკი, გრაფა 3); ფ. კ-ე დადის სკოლა/გიმნაზიაში (C1 ბლოკი); განათლების მიღწეული დონე - ვ. კ-ე (საშუალო პროფესიული - 4), ა. კ-ე (საშუალო - 3), მ. კ-ე (საშუალო - 3), მა. კ-ე (საშუალო - 3) (C2 ბლოკი); პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (C3 ბლოკი); ვ. კ-ე - სახელმწიფო პენსია 180 ლარი (C3 ბლოკი, 3 გრაფა); ა. კ-ე სოციალური პაკეტი - 100 ლარი (C3 ბლოკი, გრაფა 4); ვ. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მა. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ. კ-ე ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი; (C3 ბლოკი, მე-9 გრაფა); სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი (C4 ბლოკი, გრაფა 7).
სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობით დადგენილია, რომ ა. კ-ეს 2017 წელს და 2018 წლის იანვარსა და თებერვლის თვეებში შემოსავლების მიღება არ უფიქსირდება.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 27 აპრილის №133/ო ბრძანებით დაკორექტირდა 2018 წლის 13 აპრილის ოჯახის დეკლარაციის C4 ბლოკი, გრაფა 7-ში მითითებული არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი და მიეთითა - 0 ლარი (კორექტირებული დეკლარაცია).
დადგენილია, რომ ვ. კ-ის ოჯახისათვის განკუთვნილმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 66530, ამასთან 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე არ ეთანხმება 2018 წლის 13 აპრილს განხორციელებული გადამოწმების შედეგად განსაზღვრულ სარეიტინგო ქულას და მიუთითებს, რომ იგი 2006 წლიდან 2018 წლის თებერვლის თვემდე უწყვეტად იღებდა სოციალურ დახმარებას. ოჯახი შედგებოდა ექვსი წევრისაგან. მისი მეუღლე ა. კ-ე გარდაიცვალა 2018 წლის 2 თებერვალს, რის შემდგომაც განხორციელდა მისი ოჯახის გადამოწმება, შედგა დეკლარაცია და მას შეუწყდა სოციალური დახმარება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და შესაბამისად, არ ეთანხმება სოციალური დახმარების შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს, ასევე სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა; ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაცია არის სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად. მითითებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ოჯახი ვალდებულია: ა) შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს საქმიანობის სათანადო პირობები მოქმედების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) არ შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს დაბრკოლებები და/ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში (ასეთ გარემოებად განიხილება, მაგ.: ოჯახის საცხოვრებელში შესვლის, საცხოვრებლის რომელიმე ადგილის დათვალიერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი საბუთ(ებ)ის განზრახ დამალვა და სხვა); გ) არ მოახდინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირზე რაიმე ზემოქმედება მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით. მითითებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების - მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ.
დასახელებული ნორმების შესაბამისად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საარსებო შემწეობის ან სხვა ფულადი დახმარების მიღება ოჯახის სარეიტინგო ქულის ოდენობაზეა დამოკიდებული, რომლის გამოთვლა ხდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სპეციალურ კითხვარში - ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად. ამასთან, აუცილებელია, რომ ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისე შემდგომი გადამოწმება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ მოტივად კასატორი ასახელებს მისი ოჯახის შრომისუუნარო წევრისთვის შეცდომით დაფიქსირებულ შემოსავალს, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მართალია, 2018 წლის 13 აპრილს განხორციელებული გადამოწმების შედეგად დეკლარაციის C4 ბლოკი, გრაფა 7-ში - სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი, დაფიქსირდა 440 ლარი, თუმცა ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 27 აპრილის №133/ო ბრძანებით დაკორექტირდა 2018 წლის 13 აპრილის ოჯახის დეკლარაციის C4 ბლოკი, გრაფა 7-ში მითითებული არარეგულარული ფულადი შემოსავალი 440 ლარი და მიეთითა - 0 ლარი (კორექტირებული დეკლარაცია). ამდენად, თავად მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა მის მიერ ოჯახის დეკლარაციაში დაშვებული ზემოაღნიშნული შეცდომა, რის შედეგადაც დააკორექტირა მონაცემები. ამასთან, საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნულ თანხას ვ. კ-ის ოჯახის გადამოწმების შედეგად განსაზღვრული სარეიტინგო ქულის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღია.
საქმის მასალების მიხედვით, ვ. კ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულის მატების ერთ-ერთ საფუძვლად ფიქსირდება ოჯახის მიერ წინა პერიოდთან შედარებით მეტი ელექტროენერგიის მოხმარება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს, მათ შორის, დეტალურად და სრულყოფილად უნდა იქნეს ასახული კომუნალურ გადასახდელებზე გაწეული ხარჯი. აღნიშნული სარეიტინგო ქულის ფორმირების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ 10.1 მუხლის მიხედვით, დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები ოჯახის მიერ ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე წარმოდგენილი გადასახადების ქვითრების ან ასეთ(ებ)ის არქონის შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ ოჯახს ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“.
მოცემულ შემთხვევაში, წინა პერიოდთან შედარებით მეტი ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტს ადასტურებს თავად კასატორიც, შესაბამისად, არ უარყოფს, რომ დეკლარაციის შესაბამისი გრაფა სწორად იქნა შევსებული, თუმცა მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის გახარჯვა გამოიწვია მეუღლის ავადმყოფობამ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული გარემოება არ გამხდარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან კვლევის საგანი, რამეთუ ოჯახის გადამოწმებისას მოხმარებული ელექტროენერგიის მიზნობრიობის კვლევა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას.
ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო სარეიტინგო ქულის გამოთვლისას არასწორად შეივსო დეკლარაციის „C 3“ პუნქტის მე-9 გრაფა, სადაც ფ. კ-ის ფულად სოციალურ დახმარებად მითითებულია 40 ლარი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დეკლარაციის „C3“ პუნქტის ,,პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)“ შევსებისას: ა) სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განმარტოს, რომ მიღებული ან მისაღები ფულადი შემოსავლის ქვეშ იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ხელზე მიღებული თანხა. ,,C3“ პუნქტის პირველი გრაფის - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება კონკრეტული პირის მიერ წინა მეორე თვეში (თვეთა ათვლისას დეკლარაციის შევსების თვის წინა თვე ითვლება პირველ თვედ) ხელზე მიღებული თანხა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემებს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სთხოვს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოადგინოს ცნობა შემოსავლების სამსახურიდან განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, რის შემდეგადაც დეკლარაციის ამ გრაფის კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში) ხორციელდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში; ბ) იმ შემთხვევაში, თუ „C3“ პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსავალი წარმოადგენს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად რაიმე სახის ფულად სოციალურ გასაცემელს, აღნიშნული დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით; გ) თუ რომელიმე სახის გასაცემელს ან სხვა ფულად შემოსავალს იღებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, მაშინ შესაბამისი თანხა ჩაეწერება არასრულწლოვან წევრს, რომელიც ამ დახმარების/შემოსავლის კანონიერი მიმღებია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „C3“ პუნქტის მე-9 გრაფაში - „ფულადი სოციალური დახმარება საარსებო შემწეობა“ - უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია წინა მეორე თვეში მიღებული/მისაღები საარსებო შემწეობის თანხის ოდენობის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 13 აპრილს განხორციელდა ვ. კ-ის ოჯახში იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეივსო ოჯახის დეკლარაცია. დეკლარაციის ,,C 3“ ბლოკში აგენტმა აჩვენა დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში არსებული შემოსავლი, კერძოდ თებერვლის თვის მონაცემი: ვ. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ა. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მ. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; მა. კ-ე - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 30 ლარი; ფ. კ-ე ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 ლარი; (C3 ბლოკი მე-9 გრაფა). დეკლარაციის დროისთვის მონაცემში არ აისახა ა. კ-ის თებერვლის თვის ფულადი სოციალური დახმარება - 30 ლარის ოდენობით იმ მოტივით, რომ 2018 წლის აპრილში აღნიშნული პიროვნება იყო გარდაცვლილი.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით: „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. ამასთან, მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას.
საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 13 აპრილს ვ. კ-ის ოჯახში განხორციელებულ გადამოწმებამდე ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო - 61100, შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ოჯახის ყველა წევრზე საარსებო შემწეობა განისაზღვრებოდა - 30 ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ფ. კ-ე, როგორც არასრულწლოვანი, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად (30 ლარი), იღებდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხას (10 ლარი), ჯამში - 40 ლარი.
ამდენად, სადავო დეკლარაციაში დაფიქსირებული თებერვლის თვეში მიღებული სოციალური დახმარება წარმოადგენს ოჯახის თითოეული წევრისთვის განსაზღვრულ საარსებო შემწეობას (30+30+30+30+40) (დეკლარაციის დროისთვის მონაცემში არ აისახა ა. კ-ის თებერვლის თვის ფულადი სოციალური დახმარება - 30 ლარის ოდენობით იმ მოტივით, რომ 2018 წლის აპრილში აღნიშნული პიროვნება იყო გარდაცვლილი), რაც ყოველთვიურად ჯამურად შეადგენდა 190 ლარს. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის და საქმის მასალებითაც დასტურდება ვ. კ-ის ოჯახის მიერ 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით ყოველთვიურად 190 (30+30+30+30+30+40) ლარის ოდენობით საარსებო შემწეობის მიღების ფაქტი. შესაბამისად, სადავო დეკლარაციის „C 3“ ბლოკის მე-9 გრაფაში დაფიქსირებული თანხები წარმოადგენს ოჯახის წევრთა მიერ რეალურად მიღებულ ფულად სოციალურ დახმარებას - საარსებო შემწეობას და არ დასტურდება დეკლარაციაში მათი არასწორად დაფიქსირების ფაქტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ვ. კ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულამ 2018 წლის მაისის მდგომარეობით შეადგინა 66530 ქულა, რის გამოც 2018 წლის მარტიდან ოჯახმა მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება მხოლოდ ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე თვეში 10 ლარის ოდენობით. ამდენად, ფ. კ-ეს, როგორც არასრულწლოვანს, კვლავ განესაზღვრა ფულადი სოციალური დახმარება თვეში 10 ლარის ოდენობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ივნისამდე ოჯახს შეჩერებული ჰქონდა სოციალური დახმარების მიღება, ფ. კ-ეს, როგორც არასრულწლოვანს, ივნისის თვეში დაერიცხა წინა თვეების დახმარება ჯამში - 40 ლარის ოდენობით. ბუნებრივია, ფ. კ-ის მიერ ივნისის თვეში მიღებულ დახმარებას მონაწილეობა არ მიუღია სარეიტინგო ქულის ფორმირებაში, სადავო დეკლარაციაში „C3“ ბლოკის მე-9 გრაფაში დაფიქსირებულია არა ფ. კ-ის, როგორც არასრულწლოვნის მიერ ივნისის თვეში მიღებული დახმარება ჯამში - 40 ლარი, არამედ ფ. კ-ის ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 40 (30+10) ლარი, რაც შედიოდა ოჯახის მიერ თებერვლის თვეში მიღებულ 190 ლარში (30+30+30+30+30+40).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ვ. კ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში უზუსტო მონაცემების არსებობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია ოჯახის ყოველი შეფასების შედეგად განსაზღვრული სარეიტინგო ქულა დამოუკიდებელი დავის საგანია, მაგრამ საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 13 ოქტომბერს ხელახალი გადამოწმების შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა უფრო მაღალი სარეიტინგო ქულა - 66630.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 6.2 მუხლის მიხედვით კი, კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საკითხის დაყენება სასამართლოს მიხედულებას წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ვ. კ-ის წარმომადგენლის გარეშე საქმის განხილვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახაზინო ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნა აპელანტს სააპელაციო სასამართლოში არ დაუყენებია, ასევე, სააპელაციო სასამართლომ მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა მისცა სხდომაზე გამოცხადებულ ვ. კ-ის რძალს, რომელიც ვ. კ-ესთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლზე (რომლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული დარღვევის არსებობის პირობებშიც, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რამეთუ საქმის მასალებით არ დგინდება ვ. კ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში უზუსტო მონაცემების არსებობა, რის გამოც წარმოდგენილ სარჩელს არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება.





ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და



დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე