საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-152(კ-20) 17 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - ი/მ ა. ა-ი, შპს ,,...“, ბორჯომის მუნიციპალიტეტი).
აღწერილობითი ნაწილი:
01.09.2015წ. ნ. გ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. 14.09.2015წ. განჩინებით ნ. გ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე სასამართლოს 05.11.2015წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ N3/7505-15 ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო 26.10.2017წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება. 17.11.2017წ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 04.03.2015წ. N... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.10.2017წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე, მ. ს-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (22.04.2005წ. რეგისტრაცია, ს/კ ..., 139 კვ.მ ფართის ...ა) ამონაწერის განახლების დავალება. 20.11.2017წ. განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს ,,...“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ხოლო 20.12.2017წ. განჩინებით - ი/მ ა. ა-ი.
სარჩელში მითითებულია, რომ ნ. გ-ის, როგორც მ. ს-ის მემკვიდრის ინტერესს წარმოადგენს საჯარო რეესტრში მ. ს-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ბორჯომი, ...ის ქუჩა N5, 139 კვ.მ ფართის ...ა) ამონაწერის განახილება. ამ მიზნით ნ. გ-ემ 13.02.2015წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა 04.03.2015წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააგენტომ მიუთითა, რომ განცხადებაში მითითებულ უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული მ. ს-ის საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში არსებობს მ. ს-ის სახელზე 22.04.2005წ. განხორციელებულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ამონაწერი და 24.10.2007წ. განახლებული ამონაწერი. საჯარო რეესტრის 04.03.2015წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 21.08.2015წ. N... გადაწყვეტილებით სააგენტომ გადადო მითითებულ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო სამსახურში დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება მ. ს-ის სახელზე 22.04.2005წ. განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით (საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო შესაბამის საკითზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე). მოსარჩელის განმარტებით, მ. ს-ის სახელზე 22.04.2005წ. განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ 21.08.2015წ. N... გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.12.2015წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2015წ. N... გადაწყვეტილება. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებული წარმოების დაწყება, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 25.10.2017წ. N... გადაწყვეტილებით ნ. გ-ეს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე: უცვლელად დატოვა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 04.03.2015წ. N... გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს უარი უთხრა მ. ს-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ამონაწერის განახლებაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.03.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 29.03.2018წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 13.02.2015წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მ. ს-ის მემკვიდრემ - ნ. გ-ემ და ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე მ. ს-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადება მოითხოვა. ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 04.03.2015წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შპს „...“-ის საკუთრება.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 04.03.2015წ. გადაწყვეტილება ნ. გ-ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს 21.08.2015წ. გადაწყვეტილებით გადაიდო ნ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება, მ. ს-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ 22.04.2005წ. გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით მიმდინარე წარმოების დასრულებამდე. ამავე თარიღის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 22.04.2005წ. გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.12.2015წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2015წ. N... გადაწყვეტილება, „რეგისტრაციის შესახებ 22.04.2005წ. ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე“. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციებში, დარჩა უცვლელად და შესულია კანონიერ ძალაში. საქალაქო სასამართლომ 02.12.2015წ. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ათი წლის წინ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რაც არ შეესაბამება ასეთი გადასინჯვისათვის შესაძლო გონივრულ ვადას“. სასამართლომ აღნიშნა, რომ „მოცემულ შემთხვევაში, საკუთრების აღიარებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა განხორციელდა როგორც კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, ისე რაიმე ლეგიტიმური მიზნის გარეშეც, რაც მიუთითებს ჩარევის აშკარა არამართლზომიერებაზე“. 25.10.2017წ. N... გადაწყვეტილებით ნ. გ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადების გაცემაზე უარის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 04.03.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან. ამავე კანონის 10.1 მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. მითითებული კანონის მეორე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გულისხმობს საჯარო რეესტრსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფას, ხოლო 6.1 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. ს-ის სახელზე უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი განახლებული ამონაწერის მომზადებისა და გაცემის საფუძველი, ვინაიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სხვა პირების საკუთრების უფლება, კერძოდ, ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქონების სრული ფართობი ამჟამად რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის, შპს ,,...-ისა“ და ი/მ ა. ა-ის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სახეზეა 2005 წლით დათარიღებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, უძრავ ნივთზე მ. ს-ის საკუთრების უფლების შესახებ, რომელიც ძალაშია, თუმცა, მეორე მხრივ, სახეზეა საჯარო რეესტრის ჩანაწერები იმავე უძრავ ნივთზე, რომლებითაც დასტურდება საკუთრების უფლების შემდგომი რეგისტრაციები ბორჯომის მუნიციპალიტეტის, შპს ,,...-ის“ და ი/მ ა. ა-ის სახელზე. უდავოა, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივა, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება მ. ს-ის სახელზე 2005 წელს აღრიცხული საკუთრების უფლების კანონიერების შესწავლის მიზნით, ამასთანავე, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მის ინტერესში შემავალ უძრავ ნივთზე განხორციელებული შემდგომი რეგისტრაციების კანონიერებას.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სასამართლოს მხრიდან სათანადო მითითების მიუხედავად, სადავოდ არ გახადა უძრავ ნივთზე მესამე პირთა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერება, 22.04.2005წ. სარეგისტრაციო ჩანაწერის ძალაში არსებობა და მასში უძრავი ნივთის ფართის შესაძლო არასწორი მითითება არ წარმოშობს საფუძველს, მ. ს-ეზე გაიცეს განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, დაზუსტებული ფართის მითითებით. ამასთანავე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მიღებულია გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გამოირიცხება მოპასუხის ვალდებულება, აანაზღაუროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 22.04.2005წ. მ. ს-ე აღირიცხა ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ (ს/კ ...). აღნიშნული თარიღით გაცემული ამონაწერი ადასტურებს მ. ს-ის საკუთრების უფლებას უძრავი ნივთის 139/4041,10 წილზე. ნ. გ-ეს, როგორც მ. ს-ის მემკვიდრეს, გააჩნია ინტერესი, საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის გაცემის შედეგად, საკუთრებად დაირეგისტრიროს მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, თუმცა საჯარო რეესტრმა მიიღო უსაფუძვლო გადაწყვეტილება, განახლებული ამონაწერის გაცემაზე უარის შესახებ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხი უკავშირდება არა რეგისტრაციის განხორციელებას, არამედ განახლებული ამონაწერის გაცემას, რამდენადაც სადავო უძრავ ქონებაზე 2005 წელს უკვე განხორციელებულია საკუთრების უფლების რეგისტრაცია მ. ს-ის სახელზე. აღნიშნული ფაქტი საჯარო რეესტრისათვის სადავო არ ყოფილა არც ყოფილი ბორჯომის ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის დათმობის დროს და არც ამ ტერიტორიაზე მდებარე ფართების შპს „ვ...ს“ და ი/მ ა. ა-ის მიერ შესყიდვის დროს. ყოველთვის ცნობილი იყო, რომ ბორჯომის ...ის ტერიტორიაზე, ...ის ქუჩა N5-ში არსებული შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა 139 კვ.მ ფართის ...ა, რომელიც ეკუთვნოდა მ. ს-ეს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მესამე პირთა სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრმა 2015 წელს ეჭვქვეშ დააყენა მ. ს-ის სახელზე 2005 წელს განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, იმ პირობებში, როდესაც 2007 და 2009 წლებში, სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს, საჯარო რეესტრისათვის ცნობილი იყო უძრავი ქონების მ. ს-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე. ამდენად, საჯარო რეესტრს არ უნდა დაეშვა უკვე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სხვა პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, მ. ს-ის საკუთრების უფლება აღრიცხულია მხოლოდ 139 კვ.მ ფართის ...აზე, რომელიც მდებარეობს ბორჯომის ყოფილი ...ის ტერიტორიაზე. თავდაპირველად, აღნიშნული ...ი მ. ს-ემ სახელმწიფოსაგან აუქციონის წესით გამოისყიდა, ხოლო შემდგომში, წილობრივად გადასცა შპს „...ს“ და თავისთვის დაიტოვა მხოლოდ 139 კვ.მ ფართის ...ა, რომელიც საჯარო რეესტრში მის საკუთრებად აღირიცხა 2005 წელს. ამასთან, ცნობილი ფაქტია, რომ შპს „...ი“ 2006 წელს მეწილეებმა დათმობის ხელშეკრულებით გადასცეს სახელმწიფოს, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულების მონაწილეს მ. ს-ე არ წარმოადგენდა, იგი აღარ იყო შპს „...ის“ მეწილე. ყოფილი ...ის და შემდგომში - ...ის ტერიტორია 3000 კვ.მ ფართზე მეტია და მოიცავს მითითებულ 139 კვ.მ ფართსაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2020წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
17.02.1998წ. საიჯარო ხელშეკრულებით მ. ს-ეს ქონების შემდგომში გამოსყიდვის უფლებით იჯარით გადაეცა ბორჯომში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციის ...ის ტერიტორია. 06.08.1998წ. ხელშეკრულებით, მითითებულ მისამართზე არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ნაწილი გადაეცათ სხვა პირებს, შემდეგი შეფარდებით: გ. მ-ო - 22%, ხ. მ-ე - 17%, ო. ს-ე - 43,5%, თ. ი-ი - 5%, ე. კ-ე - 5%. თავად მ. ს-ეს დარჩა უფლება-მოვალეობათა 7,5%, რომელიც უკავშირდებოდა ...ის პირველ სართულზე ახლადაშენებულ ...ას, თავისი სათავსოებით, სულ - 156 კვ.მ ფართს. ბორჯომის რაიონული სასამართლოს 24.12.1998წ. გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა შპს „...ის“ სამეწარმეო რეესტრში და მითითებული პირები, მ. ს-ესთან ერთად, შესაბამისი წილებით დაფიქსირდნენ შპს „...ის“ პარტნიორებად.
29.06.1999წ. გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია N...), ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე 2426 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე აღრიცხული იყო შპს „...ის“ საკუთრების უფლება (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: ბორჯომის რაიონული სასამართლოს 24.12.1998წ. გადაწყვეტილება, 17.02.1998წ. იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება).
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის სამმართველოს მიერ 15.03.2001წ. მ. ს-ეზე გაცემულ იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N...-ი, რომლის თანახმად, მ. ს-ეს საკუთრებაში გადაეცა ბორჯომში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სარეალიზაციო ...ის ქონების 51% (მიწის ფართობი - 2426 კვ.მ). 28.03.2001წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მ. ს-ე აღირიცხა 15.03.2001წ. საკუთრების მოწმობაში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N...).
28.03.2001წ. მ. ს-ესა და ო. ს-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში, 2426 კვ.მ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების 51%-ზე 10.05.2001წ. აღირიცხა ო. ს-ის საკუთრების უფლება.
22.04.2005წ. მდგომარეობით, ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 2346 კვ.მ ფართის დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ნაკვეთის წინა N...) განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართად მითითებული იყო 3902,1 კვ.მ. ამავე მდგომარეობით, მითითებულ მისამართზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პირველი და მეორე სართულების (3846,9 კვ.მ) მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი იყვნენ მ. კ-ე (21%), ო. ს-ე (30%) და დ. ჩ-ი (49%) (რეგისტრაციის საფუძვლები: 28.03.2001წ., 22.08.2002წ., 10.06.2003წ., 27.06.2003წ., 23.12.2003წ. ნასყიდობის ხელშეკრულებები).
22.04.2005წ. გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია N...) მ. ს-ე აღრიცხული იყო ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე 4041,10 კვ.მ უძრავი ქონების საერთო ფართიდან - 139 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ (უძრავი ქონების სარეგისტრაციო N..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: 06.08.1998წ. ხელშეკრულება, 12.03.2005წ. შედგენილი ოთახების ტექნიკური პასპორტი და არქიტექტურული სამშენებლო საბჭოს 05.08.1998წ. N7 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ოთახების არქიტექტურული გეგმა). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებლად, მ. ს-ეზე ასევე გაცემულია 25.10.2007წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „...ისა“ და შპს „...-ის" შერწყმის შედეგად, საწარმოს სახელწოდება გახდა შპს „...“.
10.08.2006წ. სანოტარო წესით დამოწმებული წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით დგინდება, რომ მარიამ დევდარიანმა, ო. ს-ემ, დ. ჩ-მა, ნ. მ-ომ, თ. დ-მა და მ. კ-ემ ნებაყოფლობით, უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შპს „...-ში" მათი კუთვნილი წილები, სულ 100%-ის ოდენობით.
საჯარო რეესტრიდან 25.07.2007წ. ამონაწერის მიხედვით, ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს ,,...ი“ (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 2346 კვ.მ, ორსართულიანი შენობა-ნაგებობა: პირველი სართული - 1331,49 კვ.მ, მეორე სართული - 1367 კვ.მ, სხვენი - 52 კვ.მ, აივანი - 121 კვ.მ, სარდაფი - 992 კვ.მ, დამხმარე ფართი - 31,1 კვ.მ, სულ - 3902,1 კვ.მ, მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო N..., სახელმწიფოს 100%-იანი წილი).
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ პირობებით გამოცხადებულ აუქციონში ... დამადასტურებელი 04.10.2007წ. N5ა ოქმით დგინდება, რომ შპს „...“-ის საკუთრებაში (სახელმწიფო საკუთრებაში) არსებული უძრავი ქონების 100%-იანი წილის მესაკუთრე, შემდგომში ქონების პრივატიზების მიზნით, გახდა შპს „ვ...“. საწარმოს აღნიშნული პარტნიორის თანხმობის საფუძველზე, 20.09.2011წ. უძრავი ნივთის ჩუქების (უსასყიდლოდ გადაცემის) ხელშეკრულებით შპს ,,...მა“ გააჩუქა მის საკუთრებაში არსებული, ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი - მეორე სართული, საერთო ფართით - 1645,13 კვ.მ და მე-3 სართული, საერთო ფართით - 58,22 კვ.მ (ს/კ ...). საჯარო რეესტრიდან 04.11.2011წ. გაცემული ამონაწერით დგინდება, რომ ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა შპს ,,...-ის“ (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 2307 კვ.მ, ნაკვეთის წინა N..., სარდაფი და პირველი სართული - 1046,64 კვ.მ და 1331,49 კვ.მ) და ბორჯომის მუნიციპალიტეტის (მეორე და მესამე სართული 1645,13 კვ.მ და 58,22 კვ.მ) საკუთრების უფლება. ამასთან, 01.07.2016წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მითითებულ პირებზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი - ....
25.08.2016წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ 25.08.2016წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონებიდან - 1046,64 კვ.მ ფართის სარდაფზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ი/მ ა. ა-ის საკუთრების უფლება, ხოლო 26.12.2017წ. ამონაწერის მიხედვით - 25.08.2016წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი/მ ა. ა-ზე დარეგისტრირდა ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირველი სართულის საერთო ფართი - 1331,49 კვ.მ (ს/კ ...).
25.10.2018წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონების საერთო ფართი მოიცავს 2307,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელ ფართობს (ნაკვეთის წინა ნომერი ...). ნაკვეთზე რეგისტრირებულია თანასაკუთრების უფლება, რომელიც მოიცავს შემდეგ შენობა-ნაგებობებს: N1 (არასაცხოვრებელი) სარდაფი, საერთო ფართით - 1046,64 კვ.მ, I სართულის საერთო ფართი - 1331,49 კვ.მ, მეორე სართულის საერთო ფართი - 1645,13 კვ.მ, მე-3 სართულის საერთო ფართი - 58,22 კვ.მ; ობიექტი N2; ობიექტი N3; ობიექტი N4).
11.05.2007წ. სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. გ-ე არის მ. ს-ის შვილი და მისი პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონების სახით საკუთრებაში მიიღო ქ. ბორჯომში, ... ქუჩა N16 „ა“-ში მდებარე უძრავი ქონება.
13.02.2015წ. ნ. გ-ის წარმომადგენელმა მ. ტ-ემ N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე მ. ს-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ამონაწერის მომზადება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 04.03.2015წ. N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის მოთხოვნა მ. ს-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით (მის: ქ. ბორჯომი, ...ის ქ. N5) ამონაწერის მომზადების თაობაზე. სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი არ არის აღრიცხული მ. ს-ის საკუთრებად. დღეის მდგომარეობით, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შპს ,,...-ის" საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.04.2015წ. N... გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 04.03.2015წ. N... გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, ხოლო 21.08.2015წ. N... გადაწყვეტილებით გადაიდო ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება, რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე კონტროლის განხორციელების მიზნის გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2015წ. N... გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ადმინისტარციული წარმოების დაწყება, რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის N...; თარიღი: 22.04.05) კანონიერების შესასწავლად. რეგისტრაციის დაწყების ფაქტობრივ საფუძვლად მიჩნეულ იქნა 22.04.2005წ. მ. ს-ის საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში (მის: ქ. ბორჯომი, ...ის ქ. N5, 4041,10 კვ.მ უძრავი ქონების საერთო ფართიდან - 139 კვ.მ ფართი (ს/კ ...), რეგისტრაციის საფუძველი - 06.08.1998წ. ხელშეკრულება, 12.03.2005წ. შედგენილი ოთახების ტექნიკური პასპორტი და არქიტექტურული სამშენებლო საბჭოს 05.08.1998წ. N7 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ოთახების არქიტექტურული გეგმა). ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირებად ჩაბმულ იქნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური, ნ. გ-ე, სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტი და შპს ,,...“.
ნ. გ-ემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 21 აგვისტოს მიღებული N... გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2015 წლის 02 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის N..., თარიღი: 22.04.05) კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ზეპირი მოსმენის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.08.2015წ. N... გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.08.2016წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.12.2015წ. გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.07.2017წ. Nბს-5-4(კ-17) განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.08.2016წ. განჩინება. განჩინებაში მითითებულ იქნა, რომ „..საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჩივრის არსებობის გარეშეც, საკუთარი ინიციატივით, მოახდინოს მის სისტემაში შემავალი სარეგისტრაციო სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საკუთარების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა, მაგრამ საკასაციო პალატა ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი ინიციატივით აქტის კანონიერების გადამოწმებისას დაცული უნდა იყოს უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლის შემოწმების კანონით გათვალისწინებული 10-წლიანი ვადა, რათა არ მოხდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წლების შემდეგ, ყოველგვარი გონივრული ვადის დაცვის გარეშე ბათილად ცნობა და დაინტერესებული მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა...“.
2017 წლის 25 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით ნ. გ-ეს უარი ეთქვა 2015 წლის 01 აპრილის N... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის N... (04.03.2015) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და უძრავ ქონებაზე ამონაწერის გაცემის დავალდებულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გულისხმობს საჯარო რეესტრსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფას. ამავე კანონის 10.1 მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. ამასთან, კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების საჯაროობა რეგისტრირებულ უფლებათა შესახებ ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას იძლევა. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მომზადებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ამსახველი ამონაწერი შეიცავს ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებს. ამასთანავე, ამონაწერი უნდა ასახავდეს მომზადების მომენტისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით განახლებული ამონაწერის გაცემას, რომელიც დაადასტურებს მისი მამკვიდრებლის - მ. ს-ის უფლებას შესაბამის ფართზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონება შედგება 1046,64 კვ.მ სარდაფისაგან, პირველ სართულზე მდებარე 1331,49 კვ.მ კომერციული ფართისაგან, მეორე სართულზე არსებული 1645,13 კვ.მ კომერციული ფართისაგან და მესამე სართულზე მდებარე 58,22 კვ.მ კომერციული ფართისაგან. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ განახლებული ამონაწერის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის - 04.03.2015წ. მდგომარეობით, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართი სრულად იყო გასხვისებული: სარდაფსა და პირველ სართულზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე საჯარო რეესტრში ფიქსირდებოდა შპს „...-ის" საკუთრების უფლება, ხოლო II და III სართულებზე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება (შემდგომში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირველი სართულის საერთო ფართი დარეგისტრირდა ი/მ ა. ა-ის საკუთრებად).
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მ. ს-ის სახელზე ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი, განახლებული ამონაწერის მომზადებისა და გაცემის საფუძველი, რამდენადაც, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის, ქ. ბორჯომში, ...ის ქ. N5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მესამე პირების საკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო თვლის, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართის ნაწილზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დამადასტურებლად საჯარო რეესტრში დაცულია მოსარჩელის მამკვიდრებლის სახელზე 2005 წელს გაცემული ამონაწერი, დღეის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა განახლებული ამონაწერი, რომელიც მოსარჩელის მამკვიდრებლის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა უძრავ ნივთზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს - შეესაბამება თუ არა ნ. გ-ის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა მისი უფლებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად მიმართულ საშუალებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა სხვადასხვა პროცესუალურ საშუალებას ითვალისწინებს. შესაბამისი სარჩელის სახეობის გამოყენება დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომელსაც ისახავს მოსარჩელე. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის ინტერესია ბორჯომში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მისი მამკვიდრებლის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტის დადასტურება, რამაც შემდგომში უნდა წარმოშვას მასზე, როგორც მემკვიდრეზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება სრულად არის გასხვისებული მესამე პირების სახელზე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით არაგონივრულად ჩაითვალა საჯარო რეესტრში 2005 წელს მ. ს-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის კანონიერების შემოწმება და აღნიშნული თარიღით საჯარო რეესტრში კვლავ დაცულია შესაბამისი ამონაწერი, დღეისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, მესამე პირების სახელზე არსებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების გარეშე, გამორიცხავს მოსარჩელის სამომავლო ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. „სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება...მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობის გამო, არამედ მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის სწორად ფორმულირებას..“ (სუს 17.05.2018წ. Nბს-969-965(კ-17) განჩინება).
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებს, რომლებითაც დღეის მდგომარეობით დასტურდება მესამე პირების საკუთრების უფლება, ქ. ბორჯომში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. ამ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განახლებული ამონაწერის გაცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის არსებობა არ ქმნის მოსარჩელის სამომავლო სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საჯარო რეესტრი კანონით შეზღუდულია, გასცეს ამონაწერი არარსებული მდგომარეობით, იმ მესაკუთრეთა მითითების გარეშე, რომლებიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ მესაკუთრეებს ბორჯომში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული საქმის განხილვისას რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა ასკ-ის 281 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული რეგისტრაციების მიმართ მოსარჩელის რეალური ინტერესის გათვალისწინებით, შესთავაზა მას სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნულზე უარი განაცხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება;
3. შ. ქ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. გ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 02.06.2020წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე