კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-708(კს-20) 10 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა რ. ჩ-ს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 20 ნოემბერს სარჩელით მიმართა რ. ჩ-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და მოპასუხისათვის ერთი მილიონი ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით რ. ჩ-ს სარჩელზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ, მოსარჩელეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის დადგენის შესახებ აღნიშნული განჩინება რ. ჩ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ რ. ჩ-ს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ არის სამართლიანი სასამართლოს უფლების აბსოლუტურად დაცული კომპონენტი და დასაშვებია, შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრების უფლების შემზღუდველი ნორმები მოცემულია საპროცესო კანონმდებლობაში. კერძოდ, ნორმატიულად არის გათვალისწინებული, სასამართლოს რომელი განჩინება/გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას, რა ფორმით და რა ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს აქტის გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრით საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო კერძო საჩივრით გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს ასეთი გასაჩივრების შესაძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე რ. ჩ- სადავოდ ხდის ხარვეზის დადგენის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლითაც მხარეს დაევალა გარკვეული ქმედებების შესრულება (სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების დაზუსტება, სახელმწიფო ბაჟის გადახდა). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ კონკრეტული სამართალურთიერთობის გადაწყვეტის შედეგად მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლის სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების უფლებასაც საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს. გარდა ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაზე არც კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას ადგენს. აღნიშნული მოწესრიგება გამოწვეულია იმ გარემობით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არის შუალედური ხასიათის სასამართლო აქტი, რომელიც მხარეს, ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების მიზნით, კონკრეტული ქმედებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამრიგად, ხარვეზის დადგენა არ იწვევს დავის არსებით თუ არაარსებით გადაწყვეტას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეავსებს განჩინებით განსაზღვრულ ხარვეზს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რაზედაც კანონმდებლობა ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. შესაბამისად, მხარისთვის რეალური უარყოფითი შედეგის მომტანი სწორედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაა, რომლის გასაჩივრების დროსაც პირს შეუძლია, იმავდროულად მიუთითოს ხარვეზის დადგენის საფუძვლების კანონიერებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაა გასაჩივრებული სააპელაციო წესით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საქმეზე მიღებული არ არის სხვა, მათ შორის, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, რომლის კანონიერების გადამოწმების დროსაც სააპელაციო სასამართლო ასევე შეაფასებდა ხარვეზის დადგენის საფუძვლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება დამოუკიდებლად არ საჩივრდება, მით უფრო საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოცემული განჩინების კანონიერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ჩ-ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე