საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-974(2კ-19) 17 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 29 აგვისტოს შპს ,,..._მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. N15-ში ფლობს უძრავ ქონებას (ს/კ ...), მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა სახელმწიფო. აღნიშნული ქონება 2006 წლის 6 აპრილიდან მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემული აქვს სსიპ ,,...ს''. 2010 წლის 7 ივნისიდან მოსარგებლედ ასევე ფიქსირდება სსიპ ,,შ...ი''.
2017 წლის 31 იანვარს მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს განცხადებით (საჩივარი) მიმართა და მოითხოვა სსიპ ,,შ...ს“ დავალებოდა უნებართვოდ მოწყობილი ღიობების ამოშენება და უნებართვო დაშენების დემონტაჟი; ასევე, შეთანხმებული პროექტის და სათანადო რეკომენდაციების მიხედვით, ატმოსფერული ნალექების მიმღები და გადამყვანი სისტემის მოწყობა; უნებართვოდ მოწყობილი წყალშემკრები სისტემის დემონტაჟი; უნებართვოდ მოწყობილი ღობის დემონტაჟი და უნებართვო მშნებელობის მწარმოებლისათვის დაზიანებული და ავარიული კედლის აღდგენა/გაძლიერების პროექტის შეთანხმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის N17-01171523725 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამართალდარღვევის ფაქტი არ ფიქსირდებოდა, რაც შემდგომ საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2017 წლის 31 ივლისის N10-0117212401 წერილით უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე სრულიად აბსურდული მიზეზით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის N 17-01171523725 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 ივლისის N10-0117212401 აქტების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2017 წლის 31 ივლისის N10/0117031282-17 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი, სსიპ ,,...ი'' და სსიპ ,,შ...ი’’.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,..._ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის N17-01171523725 აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 ივლისის N 10-0117212401 აქტი; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა არსებითი განხილვა გამოკვლევის შედეგად მიიღოს ახალი ინდივდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,... _ს'' მიერ 31.01.2017 წ. N10/0117031282-17 განცხადებასთან დაკავშირებით მასში დასმული საკითხების შესწავლასთან მიმართებაში; მოპასუხეებს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების (თბილისი, ...ის ქუჩა N15) მომიჯნავედ მდებარე სსიპ ,,შ...ის'' სარგებლობაში არსებული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს. მოსარჩელე კომპანია მიიჩნევს, რომ მითითებული ქონების მესაკუთრეს განხორციელებული აქვს გარკვეული სახის სამშენებლო სამუშაოები, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით გაცემული ნებართვის გარეშე, აღნიშნული კი, ზიანს აყენებს მისი, როგორც მომიჯნავედ მდებარე ქონების მესაკუთრის ინტერესს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2017 წლის 31 იანვარს (განცხადების რეგისტრაციის N10/0117031282-17) განცხადებით მიმართა შპს ,,..._ის'' წარმომადგენელმა. განმცხადებელმა მოითხოვა უნებართვოდ მოწყობილი ღიობების ამოშენება და უნებართვო დაშენების დემონტაჟი; შეთანხმებული პროექტის და სათანადო რეკომენდაციების მიხედვით, ატმოსფერული ნალექების მიმღები და გადამყვანი სისტემის მოწყობა, უნებართვოდ მოწყობილი წყალშემკრები სისტემის დემონტაჟი; უნებართვოდ მოწყობილი ღობის დემონტაჟი და უნებართვო მშენებლობის მწარმოებლისათვის დაზიანებული და ავარიული კედლის აღდგენა/გაძლიერების პროექტის შეთანხმების დავალება.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. ამავე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებად მიჩნეულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებაზე''. აღნიშნული დებულების 1.1. მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე - რეკლამის, აბრის, გარევაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ზედამხედველობას. ამავე დებულების 3.1 მუხლის თანახმად, სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად, მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სწორედ მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილებაში შედის შპს „..._ის“ მიერ 31.01.2017წ. განცხადებაში მითითებული სადავო საკითხის განხილვა, შესაბამისად, მას გააჩნდა ვალდებულება, დადგენილი წესით ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა/არარსებობის გამოვლენის მიზნით და მიეღოს სათანადო გადაწყვეტილება. 31.01.2017წ. განცხადებასთან დაკავშირებით გამოცემულ 01.06.2017წ. სადავო აქტში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მიუთითა, რომ ატმოსფერული ნალექების შესაძლო ჩამოდინებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი წარმოადგენს სამეზობლო დავის საგანს და აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ,,..._ს'' შეუძლია მიმართოს სასამართლოს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების შემთხვევაში უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობის გამოყენებას მხარე სადავოდ არ ხდის, კონკრეტულ შემთხვევაში მის ინტერესს წარმოადგენს მესამე პირის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების კანონიერების შეფასება და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მისი გამოსწორება (სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას).
პალატის მოსაზრებით, სადავო 01.06.2017წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, განმცხადებლისათვის ინტერესის მქონე სადავო საკითხზე, რომლის განხილვისა და შეფასების უფლებამოსილებაც უდავოდ გააჩნდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში სწორად მიუთითა სუს 02.07.2013წ. №ბს-60-55(კ-13) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ საქმის გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს. სწორედ ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით კანონმდებელი იმპერატიული შინაარსით ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე''.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.06.2017წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები. ამასთანავე, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში, სახეზეა ასევე მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის 31.01.2017წ. N10/0117031282-17 განცხადებასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო შპს „..._ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის წერილობითი პასუხი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის წერილს, რომლითაც მხარეს განემარტა, რომ არ არსებობდა სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების წინაპირობები. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე კომპანიის ინტერესს წარმოადგენს მისი ქონების მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ ჩადენილი შესაძლო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა, ხოლო სამშენებლო სფეროში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე კონტროლს ახორციელებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, სადაც წარდგენილ იქნა 31.01.2017წ. განცხადება, რომელშიც შპს „..._მა“ მიუთითა შესაძლო უკანონო მშენებლობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე, მის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან მიმართებაში.
პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მისი აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს 01.06.2017წ. წერილი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დოკუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ზაკ-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების'' 1.6 მუხლის თანახმად, სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე. 1.7 მუხლის თანახმად კი, სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.06.2017წ. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, შპს „..._მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ადმინისტრაციულმა ორგანომ 31.07.2017წ. გადაწყვეტილებით შეუძლებლად მიიჩნია საჩივრის ავტორის მოთხოვნის განხილვა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.06.2017წ. წერილი თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, დაინტერესებულმა პირმა - შპს „..._მა“ გამოიყენა მისი კანონით დადგენილი წესით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრების უფლება. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნდა ვალდებულება, არსებითად შეეფასებინა შპს „..._ის“ ადმინისტრაციული საჩივარი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ამდენად, მართებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 31.07.2017წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთი ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება. ამდენად, უნებართვო მშენებლობის გამო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების, უნებართვო ობიექტების დემონტაჟისა და კანონით გათვალისწინებული სხვა ზომების მიზანშეწონილობის შეფასება მიეკუთვნება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კომპეტენციას. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში შეიძლება ჩაერიოს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში საკითხის განხილვის გზით და შეაფასოს აღნიშნული სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ან ქმედების კანონიერება.
კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის წერილობითი პასუხი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის წერილს, რომლითაც მხარეს განემარტა, რომ არ არსებობდა სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების წინაპირობები. ადმინისტრაციული საჩივარი სახეზე არ იყო არც აქტის გამოცემის დავალების თაობაზე წარდგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნით საჩივარი შეიძლება წარადგინოს დაინტერესებულმა მხარემ სამშენებლო სამართალდარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს სამართალდამრღვევი სუბიექტი, სხვა პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნა სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს, როგორც ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მას წარმოეშობა საკითხის შესწავლის ვალდებულება. ამდენად, შპს „...“ ვერ იქნებოდა მიჩნეული დაინტერესებულ მხარედ სსიპ „შ...ის“ მიმართ აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნასთან მიმართებით, შესაბამისად, მისი მოთხოვნა სცდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებს.
კასატორის განმარტებით, ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნაც ასევე არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის საგანს, ვინაიდან, ამგვარი მოთხოვნა შესაძლოა განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ ქმედებასთან მიმართებით, რომელსაც არ მოჰყვება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყება კი, ნებისმიერ შემთხვევაში სრულდება აქტის გამოცემით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ან სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას შპს „..._ის“ მოთხოვნა განეხილა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში. სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა მხარეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის N10-0117212401 წერილით, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან არ ხასიათდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სავალდებულო ელემენტების ერთობლიობით, დამოუკიდებლად არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. აღნიშნული წერილი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარისათვის არ დაუწესებია, არ შეუცვლია, არ გადაუწყვეტია ან დაუდასტურებია გარკვეული სახის უფლებები და მოვალეობები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის N10-0117212401 წერილი ბათილად ცნო, თუმცა გადაწყვეტილება აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მსჯელობას არ შეიცავს, რაც შეუძლებელს ხდის რაიმე დამატებითი შედავების წარდგენას, გარდა ზემოთ დაფიქსირებული პოზიციისა. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ,,..._ის“ 2017 წლის 23 ივნისის განცხადებასთან (საჩივართან) დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა არ დავალებია.
კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. N17-ში (ს/კ ...) არსებული შენობა-ნაგებობის (რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, სადაც განთავსებულია შ...ი) შესახებ სამსახურმა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინა რეაგირება, ობიექტის გადამოწმების შედეგად სამსახურის სპეციალისტების მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფაქტი არ დაფიქსირდა.
ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიცაზიის არქივიდან გადმოგზავნილ გეგმებზე დაფიქსირდა ფანჯრის ღიობი. ამასთან, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან გადმოგზავნილი მასალა არ იძლეოდა შესაძლებლობას იდენტიფიცირებული ყოფილიყო შენობის ყველა ფასადი. ხოლო საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელების გაუმართაობით მიყენებული ზიანის შესახებ მხარეს განემარტა, რომ უფლება ჰქონდა ანაზღაურების უფლებით მიემართა სასამართლოსთვის. კასატორის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნული გულისხმობს, რომ ობიექტის გადამოწმება განხორციელდა დამრღვევი პირის (მწარმოებლის) გამოსავლენად, მაგრამ ვინაიდან, მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევა არ დაფიქსირდა, შეუძლებელია პასუხისმგებლობა დაეკისროს სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს.
სასამართლოებს ასევე არ გამოუკვლევიათ ის გარემოება, რომ სადავო შენობა დაზიანდა 1991-92 წლებში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროს და რეაბილიტაციის სამუშაოების ჩასატარებლად ჩამოყალიბდა სახელმწიფო კომისია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვარს შპს ,,... -ის'' წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა მის მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების, რომლის მოსარგებლესაც წარმოადგენს ,,შ...ი“, დავალებოდა: უნებართვოდ მოწყობილი ღიობების ამოშენება და უნებართვო დაშენების დემონტაჟი; შეთანხმებული პროექტის და სათანადო რეკომენდაციების მიხედვით ატმოსფერული ნალექების მიმღები და გადამყვანი სისტემის მოწყობა; უნებართვოდ მოწყობილი წყალშემკრები სისტემის დემონტაჟი; ასევე მოთხოვნილ იქნა განხორციელდეს უნებართვოდ მოწყობილი ღობის დემონტაჟი და დაევალოს უნებართვო მშნებელობის მწარმოებელს, შეათანხმოს დაზიანებული და ავარიული კედლის აღდგენა/გაძლიერების პროექტი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის N17-01171523725 წერილით შპს ,,..._ს'' ეცნობა, რომ სსიპ ,,შ...ის'' საკუთრებაში არსებული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ'' საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით აკრძალულია ძეგლზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე, ხოლო ატმოსფერული ნალექების შესაძლო ჩამოდინებით მიყენებული სავარაუდო ზიანის საკითხი წარმოადგენს სამეზობლო დავის საგანს და აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. რაც შეეხება ღობის დემონტაჟის საკითხს, ის განთავსებულია საკადასტრო საზღვრებში და შესაბამისად არ დასტურდება სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი.
ზემოაღნიშნული წერილი შპს ,,..._მა'' ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩირა ქ. თბილისის მუნიცპალიტეტის მერიაში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 ივლისის N 10-0117212401 წერილით შპს ,,..._ის'' წარმომადგენელს საჩივართან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის N17-01171523725 წერილობითი პასუხის ბათილად ცნობა და ამავე სამსახურისათვის უნებართვო მშენებლობის გამო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყება, ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ განიხილავდა წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს, ვინაიდან, იგი არ იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და წარმოადგენდა საინფორმაციო ხასიათის წერილს.
განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 1 ივნისის N 17-01171523725 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 ივლისის N10-0117212401 წერილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2017 წლის 31 ივლისის N10/0117031282-17 ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელის სარჩელის მიზანია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე, (თბილისი, ...ის ქუჩა N15) უძრავ ქონებაზე წარმოებული სამშენებლო საუმშაოების შეფასება და სავარაუდო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება.
საკასაციო პალატის მითითებით, პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ - მე-12 მუხლი - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის №ბს-122-115(2კ-13) განჩინება).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. ამავე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებად მიჩნეულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1-2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების'' (სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი) 1.1. მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე - რეკლამის, აბრის, გარევაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ზედამხედველობას. ამავე დებულების 3.1 მუხლის თანახმად, სამსახურის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად, მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სწორედ მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილებაში შედიოდა შპს „..._ის“ მიერ 31.01.2017წ. განცხადებაში მითითებული სადავო საკითხის განხილვა, შესაბამისად, მას გააჩნდა ვალდებულება, დადგენილი წესით ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა/არარსებობის გამოვლენის მიზნით და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული პირის სტატუსთან დაკავშირებით და იმავე ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის პროცესში განსხვავებულადაა მოწესრიგებული დაინტერესებული პირის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა, აღნიშნული შეზღუდვა ვერ გავრცელდება სამშენებლო სამართალდარღვევაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა იწვევს არა მხოლოდ სამართალდამრღვევის დაჯარიმებას, რაც ზოგადად მახასიათებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, არამედ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის გზით იძლევა სამართალდარღვევის აღმოფხვრისა და მე-3 პირის შელახული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირის სტატუსის განსაზღვრის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ადმინისტრაციული წარმოებისა თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ნებისმიერი დაინტერესებული პირის სტატუსის დადგენის თვალსაზრისით განმსაზღვრელია ქმნის თუ არა განხორციელებული ქმედება პირის უფლებებში აღდგენის შესაძლებლობას, რაც მოსარჩელის სტატუსის შეფასების პროცესში იძლევა დადებით პასუხს და რაც გამორიცხავს, კასატორის პრეტენზიას შპს „..._ის“ სტატუსთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებას, იმის თაობაზე, რომ შპს „..._ის“ მიმართვა მერიისადმი არ ითვლება ადმინისტრაციულ საჩივრად, რამდენადაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის წერილობითი პასუხი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არის საინფორმაციო ხასიათის წერილი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია ასახულია სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეუნქტში, აღნიშნული მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის წერილით შპს „..._ის“ განცხადება (საჩივარი) არ დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა სამართალდარღვევის გამოვლენის, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და მისი აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა. ამდენად, წერილმა წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 01 ივნისის წერილის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად მიჩნევის შესახებ, რაც წარმოშობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას განიხილოს ადმინისტრაციული საჩივარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით (XIII) განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, როცა ქვემდგომ ორგანოს დამაჯერებლად არ გამოუკვლევია აქტის გამოცემისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და მათი შეფასება-დადგენის საფუძველზე გადაწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო პალატა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე