Facebook Twitter
ბს-362(კ-19) 24 სექტემბერი , 2020წ.
ბს-362(კ-19) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. დ-მ 05.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და მოითხოვა: მოსამართლე გ. გ-ის უვადოდ დანიშვნის პროცესიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის - ა.დ-ის აცილების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 06.02.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსამართლე რ. ნ-ას, მ. ლ-ის, ლ. მ-ის, ი. თ-ას, ნ. მ-ის, ხ. კ-ის და მ. ო-ის უვადოდ დანიშვნის პროცესიდან საბჭოს წევრის - ა. დ-ის აცილების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 07.02.2018წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოსამართლე თ. ს-ს, შ. ს-ის, ი. ბ-ს, მ. ჩ-ის და რ. ხ-ას უვადოდ დანიშვნის პროცესიდან საბჭოს წევრის - ა. დ-ის აცილების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.02.2018წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აცილების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ერთი მხარის განცხადებას, რომ მის მიმართ საბჭოს წევრი არ იქნება ობიექტური, განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული. აცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სახეზე უნდა იყოს კონკრეტული გარემოება, რომელიც არა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის, არამედ ობიექტური დამკვირვებლის თვალში ეჭვქვეშ დააყენებს გადაწყვეტილების მიმღების ობიექტურობას. ა. დ-ის მიერ გაკეთებული ზოგადი შეფასება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში არსებული პრობლემების და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ვერ ჩაითვლება კონკრეტული მოსამართლის საკითხის გადაწყვეტისაგან ჩამოცილების კანონიერ საფუძვლად. ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი ფართო განმარტება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და წარმოადგენს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით თავისუფლად და შეუფერხებლად სარგებლობის შეზღუდვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.06.2018წ. გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ საქართველო სპრეზიდენტის ... განკარგულებით ა. დ-ე ...დან დაინიშნა ... .... „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 794 მუხლის საფუძველზე, 2017 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უვადოდ გამწესების მოთხოვნით, მიმართეს სამი წლის ვადით დანიშნულმა იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ სამწლიანი სამოსამართლო გამოცდილება. 2018 წლის 06, 07 და 08 თებერვალს ჩატარდა გასაუბრება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ მოსამართლეებთან, რომლებმაც გააკეთეს განაცხადი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვის შესახებ.
06.12.2018წ. გამართულ გასაუბრებაზე გ. გ-მა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე იშუამდგომლა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ა. დ-ის აცილების თაობაზე, ინტერესთა შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან მისი მოსაზრებით, ა. დ-ის მიერ საჯარო განცხადებაში მითითებული გარემოებები ეჭვს იწვევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. 2018 წლის 07 და 08 თებერვალს ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობებით საბჭოს მიმართეს მოსამართლეებმა: რ. ნ-ამ, მ. ლ-ემ, ლ. მ-მა, ი. თ-ამ, ნ. მ-ემ, ნ. ო-მა, ხ. კ-მა, მ. ო-მა, თ. ს-ემ, შ. ს-ემ, ი. ბ-მ, მ. ჩ-მა, რ. ხ-ამ. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ა. დ-ის მიერ საჯარო განცხადებებში მითითებული გარემოებები ეჭვს იწვევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 06, 07 და 08 თებერვლის გადაწყვეტილებებით მოსამართლეების - გ. გ-ის, რ. ნ-ას, მ. ლ-ის, ლ. მ-ის, ი. თ-ას, ნ. მ-ის, ნ. ო-ის, ხ. კ-ის, მ. ო-ის, თ. ს-ის, შ. ს-ის, ი. ბ-ს, მ. ჩ-ის და რ. ხ-ას შუამდგომლობები დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ა. დ-ე აცილებული იქნა მოსამართლეების - გ. გ-ის, რ. ნ-ას, მ. ლ-ის, ლ. მ-ის, ი. თ-ას, ნ. მ-ის, ნ. ო-ის, ხ. კ-ის, მ. ო-ის, თ. ს-ის, შ. ს-ის, ი. ბ-ს, მ. ჩ-ის და რ. ხ-ას გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცედურისაგან. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ერთ-ერთ ძირითად უფლებამოსილებას წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათვისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას კონკრეტული მოსამართლის სახელი და გვარი არ მიუთითებია, განცხადება იყო ზოგადი, ამდენად, შუამდგომლობები მისი აცილების თაობაზე არ იყო დასაბუთებული. სასამართლომ მიუთითა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ა. დ-ემ საჯარო განცხადებაში მოახდინა იდენტიფიცირება იმ მოსამართლეებისა, რომლებიც მუშაობდნენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, მიუთითა, რომ მათი გამოცდილება არ იყო საამაყო, ისინი მონაწილეობდნენ უკანონო დაკავება-დაპატიმრების პროცესში და რეპრესიები ხორციელდებოდა მათი საშუალებით, ამდენად, გამოხატა მისი სუბიექტური დამოკიდებულება ამ მოსამართლეების მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული შინაარსის განცხადების მოსმენისას, ობიექტური დამკვირვებელი განმარტავდა, რომ 2004-2012 წლებში სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მომუშავე მოსამართლეების მიმართ ა. დ-ეს ჰქონდა მიკერძოებული და სუბიექტური დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მასზე დაკისრებული ფუნქციის განხორციელებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 06, 07 და 08 თებერვლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. დ-ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2019წ. განჩინებით ა. დ-ის შუამდგომლობა მოსამართლე გ. ტ-ისა და მ. ც-ის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში შედის, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი, სწორედ ამიტომ კანონით გათვალისწინებულია საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლებლობა. „საერთო სასამართოლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ საბჭოს წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, რაც გულისხმობს იმ გარემოებებზე მითითებას, რომელიც საეჭვოს ხდის საბჭოს კონკრეტული წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან მიუკერძოებლობას. ამასთან, საბჭოს წევრის აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს მიუკერძოებლობის არარსებობა, მიუკერძოებლობის არარსებობის საფრთხე ან მხარის ეჭვი მიკერძოების თაობაზე. საბჭოს ფუნქციებისა და მართლმსაჯულების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია საბჭოს წევრმა კონკრეტული პირის მოსამართლედ დანიშვნის (უვადოდ დანიშვნის) საკითხის განხილვისას მიიღოს მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილება. თუკი არსებობს დასაბუთებული ეჭვი საბჭოს წევრის მიუკერძოებლობასთან ან ობიექტურობასთან დაკავშირებით, კონკურსში მონაწილე პირის კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საბჭოს ასეთი წევრი აცილებულ იქნეს. პალატამ აღნიშნა, რომ მიუკერძებლობის საკითხი მოწმდება სუბიექტური და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით. სუბიექტური ტესტით შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული პირის პიროვნულ ქცევას, ხოლო ობიექტური ტესტით შეფასებისას მნიშვნელოვანია კონკრეტული ფაქტების შესწავლა, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ეჭვები მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, აუცილებელი არ არის მათი ერთდროულად არსებობა. განსახილველ შემთხვევაში აცილების თაობაზე მოსამრთლეთა შუამდგომლობები ეფუძნებოდა ა. დ-ის იმ საჯარო განცხადებას, რომლის თანახმად, სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს „ა-ის ნარჩენებისაგან. მათი წუთები დათვლილია“. საქმის მასალების თანახმად (ს.ფ. 76-78) აღნიშნული განცხადება გავრცელდა 06.02.2018წ., ანუ გასაუბრების პროცესის დაწყების დღეს. სწორედ კონკურსის წინ ა. დ-ის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადებების გამო დაისვა მისი აცილების საკითხი. მართალია, განცხადებებში კონკრეტულად არ არის მითითებული მოსამართლეთა სახელები და გვარები, თუმცა განცხადება იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ საბჭოს წევრს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა ნაწილის მიმართ ჩამოყალიბებული ჰქონდა წინასწარი დამოკიდებულება, რის გამო აღნიშნულ კანდიდატთა მხარდაჭერა წინასწარ გამოირიცხებოდა მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებთან უნდა ჩატარებულიყო გასაუბრება და შემდგომში მიღებულიყო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართლზომიერად მიიჩნია ა დ-ის აცილების შესახებ გადაწყვეტილებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. დ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობიდან არსებობდა ორი მოსამართლის აცილების საფუძველი, რადგან ისინი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად. სასამართლო ყოველთვის შექმნილი უნდა იყოს კანონის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს ლეგიტიმაციას (Lavents v. Latvia, 81). კონვენციის 6.1 მუხლის გაგება მოიცავს არა მხოლოდ კანონმდებლობას, რომელიც ეხება მართლმსაჯულების ორგანოების შექმნასა და კომპეტენციებს, არამედ ასევე შიდა კანონმდებლობის ნებისმიერ დებულებას, რომლის დარღვევის შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე მოსამართლის მონაწილეობა კონკრეტული საქმის განხილვაში ჩაითვლება უკანონოდ (DMD Group, A.S. v. Slovakia, 59). აღნიშნული კონკრეტულად მოიცავს სასამართლოს წევრების დამოუკიდებლობას, ვადას, მიუკერძოებლობას და პროცედურულ გარანტიებს (Gurov v. Moldova, 36). „კანონიერი სასამართლოს“ კონცეფციის მიზანი არის იმის უზრუნველყოფა, რომ სასამართლო სისტემის ორგანიზაცია არ იყოს დამოკიდებული აღმასრულებლის დისკრეციაზე და რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც მომდინარეობს პარლამენტისგან (Savino and Others v. Italy, 94). მოსამართლეების დამოუკიდებლობა გულისხმობს, რომ ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები სასამართლო ხელისუფლებაში ადმინისტრაციული უფლებამოსილებებით აღჭურვილი პირების ზეგავლენისგან (Agrokompleks v. Ukraine, 137; Parlov-Tkalcic v. Croatia, 86). სტრასბურგის პრეცენდენტული სამართლის მიხედვით მოსამართლის პერსონალური ინტერესი საქმისადი ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს მიუკერძოებლობას (Langborger v. Sweden, 35; Gautrin and Others v. France, 59). მოსამართლესა და მხარეს შორის პირადი ან პერსონალური კავშირები, ასევე აყენებს სასამართლოს მიკერძოებულობის საკითხს (Pescador Valero v. Spain, 27; Micallef v. Malta, 102). ევროკონვენციის სტანდარტების მიხედვით მოსამართლის ვალდებულებაა და არა უფლება აიცილოს საქმე, ვინაიდან ასეთ დროს სასწორზე დგას სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა, რომელსაც სასამართლო უნდა ნერგავდეს (Micallef v. Malta, 98). საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 02.03.2017წ. განჩინებაში დაადასტურა, რომ იერარქიული, ფინანსური, სამსახურებრივი და სხვ. დამოკიდებულება შესაძლოა გახდეს აცილების საფუძველი. პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ მოსამართლის მიმართ მხარის მიერ დაყენებული აცილების შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს, მხარემ უნდა მიუთითოს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ საქმეში მონაწილე მხარესთან წარსულში ან ამჟამად მოსამართლის უშუალო კავშირს, რაიმე ფორმით დამოკიდებულებას ან კონკრეტული საქმის შედეგით მოსამართლის დაინტერესებას. ამდენად, კასატორი თვლის, რომ არსებობდა იმ მოსამართლეთა აცილების საფუძველი, რომლებიც საბჭოს მიერ დაუდგენელი პროცედურის შედეგად იქნენ წადგენილნი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნად.
კასატორმა აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების დამდგენი წესის მიზანს წარმოადგენს საბჭოს მუშაობის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, სწორედ ამ მიზნით კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს აღჭურავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნის უფლებამოსილებით. პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრისათვის გარანტირებული უნდა იყოს საბჭოს საქმიანობაში, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, დაუბრკოლებლად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო ხელისფულების დამოუკიდებლობა. კონსტიტუციის პირდაპირი მოთხოვნაა, რომ მოსამართლის დანიშვნაში მონაწილეობა მიიღოს საბჭოს იმ წევრმაც, რომელიც ამვე კონსტიუციის საფუძველზე დანიშნა პრეზიდენტმა. საბჭოს წევრისათვის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელის შეშლით იზღუდება ხელისუფლების ერთი შტოს - სახელმწიფო მეთაურის მიერ ხელისუფლების მეორე ორგანოს - სასამართლოს შეკავებისა და გაწონასწორების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ 29.12.2016წ. N3/5/768,769,790,792 საქმეზე განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპის დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, მისი მიზანია აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური, ქმედეთი მექანიზმების უზრუნველყოფა. ნებისმიერი რეგულირება, რომელიც ხელისფულების რომელიმე შტოს კომპეტენციას და საქმიანობას ეხება, უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ ხელისუფლების ამა თუ იმ ორგანოს კომპეტენციის დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპები და ურთიერთშეკავების კონსტიტუციური მექანიზმი.
კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს საბჭოს წევრის აცილების შესძლებლობა მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო იმ პირობებში, როდესც არ მომხდარა მითითება მოსამართლეობის კონკრეტულ კანდიდატზე. გასათვალისწინებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (07.04.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე „მ.კევლიშვილი, ნ. დოთიაშვილი და მ. გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ“) კონსტიტუციის 29.2 მუხლი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. აღნიშნული ნორმით დაცულ სფეროში შეჭრას არა მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა მოხელეს ათავისუფლებენ სამსახურიდან, არამედ მაშინაც, როდესაც მოხელეს თუნდაც დროებით არ აქვს მასზე კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება არის შრომითი ურთიერთობის სპეციფიური სახე, რომელიც, ერთი მხრივ წარმოადგენს პროფესიული თვითრეალიზებს ერთ-ერთ საშუალებას, მეორე მხრივ, კი, საქართველოს მოქალაქისთვის უზრუნველყოფს შესაძლებლობას, უშაულოდ ჩაერთოს სახელმწიფოს მმართველობით საქმიანობაში, რაც მათ შორის მოიცავს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებასა და აღსრულებას სახელმწიფოს სახელით (გადაწყვეტილება საქმეზე „ნ. მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). კასატორი თვლის რომ კანდიდატს აქვს უფლება მოითხოვოს საბჭოს წევრის აცილება, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კანდიდატსა და საბჭოს წევრს შორის ოჯახურ-ნათესაური კავშირები, ფინანსური ან სხვა სახის დამოკიდებულება, პიროვნული მტრობა (მაგ. არიან სამართლებრივი დავის დაპირისპირებული მხარეები). კასატორის მოსაზრებით დაუშვებელია „მიუკერძოებლობას“ მიეცეს იმგვარი ინტერპრეტაცია, როდესაც საბჭოს წევრი კანდიდატის მიმართ „მიკერძოებულია“ არა პირადი წყენის გამო, არამედ წევრს აქვს კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან და კომპეტენციასთან მიმართებით უარყოფითი წამოდგენა. ამ დროს საბჭოს წევრი მოქმედებს არა პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, არამედ ლეგიტიმური საჯარო მიზნით. ეს ლეგიტიმური მიზანია ადამიანების უზრუნველყოფა სამართლიანი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულებით. თუ საბწოს წევრი თვლის, რომ კანდიდატი, მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნისას ვერ იქნება მედეგი გარე ზეწოლის მიმართ, ამ დროს საბჭოს წევრი მოქმედებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველსაყოფად. საბჭოს წევრს ნორმატიულადაც ეკისრება იმის ვალდებულება, რომ შეაფასოს კანდიდატის კეთილსინდისიერება, კომპეტენტურობა და დაწეროს შესაბამისი ქულა. ის, რომ საბჭოს წევრის მოსაზრებით კანდიდატი უვადო მოსამართლედ გამწესების რომელიმე კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, არ შეიძლება გახდეს საბჭოს წევრის აცილების საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს წევრის პოზიცია შეიძლება შეიცვალოს კანდიდატის წარსული საქმიანობის შესწავლის, კანდიდატის მიერ თავისი კეთილსინდისიერების დამდგენი მტკიცებულებების წარდგენის შედეგად.
კასატორმა აღნიშნა, რომ მისი აცილების საფუძველი გახდა მის მიერ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის დაწყებამდე საჯაროდ გაკეთებული კრიტიკული განცხადება, სადავ ის ზოგადად საუბრობდა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლებემზე. საჯარო განცხადება არ იყო მიმართული რომელიმე კონკრეტული მოსამართლისადმი. კასატორი თვლის, რომ აცილების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ერთი მხარის ახსნა-განმარტებას. აცილების შესახებ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად საჭიროა სახეზე იყოს კონკრეტული გარემოება, რომელიც ობიექტური დამკვირვებლის თვალში ეჭვქვეშ აყენებს გადაწყვეტილების მიმღების მიუკერძოებლობას. ა. დ-ის ზოგადი შეფასება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესში არსებული პრობლემებისა და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ვერ ჩაითვლება კონკრეტული მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისაგან ა. დ-ის ჩამოშორობის კანონიერ საფუძვლად. გასათვალისწინებელია, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დაადგინა კონკრეტულად რომელ განცხადებას დაეყრდნო იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს განცხადებაზე, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ არის. კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გააკეთა დასკვნა, რომ ა. დ-ის განცხადებაში კონკრეტულ მოსამართლეთა სახელისა და გვარის მიუთითებლობის მიუხედავად გამოიკვეთა ა. დ-ის წინასწარი დამოკიდებულება, რომელიც იყო მიკერძოებული და ამ კანდიდატების მხარდაჭერას გამორიცხავდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან იმ განცხადების გაკეთება, რომ მხარს არ დაუჭერს იმ მოსამართლეებს, რომელთა ხელითაც ხორციელდებოდა პოლიტიკური რეპრესიები, იგივეა, რაც განცხადება, რომ კეთილსინდისიერების კრიტერიუმში უარყოფითად მოხდება იმ კანდიდატის შეფასება, რომელიც დანებდა პოლიტიკურ წნეხს და ვერ უზრუნველყო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. სხვაგვარად, განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შეასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
საკასაციო საჩივარზე შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს (იხ. მაგ:სუსგ 21.03.2019წ. Nბს-1312(კ-18), 23.06.2017წ. Nბს-496-493(გ-17)), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 8).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის როგორც სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე ამჟამად არსებული რედაქცია ითვალისწინებს დათქმას კონკურსის ობიექტურად ჩატარების (35.7 მუხ.), მოსამართლის საქმიანობის ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად შეფასების (361.2 მუხ.) შესახებ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლად უთითებს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის არარსებობას, ამასთანავე, ნორმა არ განსაზღვრავს მათ შინაარსს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკითხის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპი საჯარო სამართლის ძირითად პრინციპთაგანია, რომლის მიზანია გადაწყვეტილების ადრესატს შეუქმნას გარანტია და რწმენა იმისა, რომ მის მიმართ გადაწყვეტილების მიღება მოხდება არა გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს მიკერძოებული მიდგომით, არამედ ობიექტურად, საქმის გარემოებათა სრული შესწავლის შედეგად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით მიუკერძოებლობა ზოგადად მოიცავს წინასწარგანწყობის ან ტენდენციურობის არარსებობას, წინასწარ შექმნილი შეხედულებებისა და გავლენების არქონას. მიუკერძოებლობის არსებობა შესაძლოა განისაზღვროს სუბიექტური ან/და ობიექტური ტესტის მიხედვით. სუბიექტური ტესტის გამოყენებისას ხდება გადაწყვეტილების მიმღების პირის პირადი მრწამსისა და ქცევის გათვალისწინება, ანუ, გამოხატა თუ არა კონკრეტულ საქმეში გადაწყვეტილების მიმღებმა პერსონალური წინასწარგანწყობა ან ტენდენციურობა, ჰქონდა თუ არა მას წინასწარ შექმნილი უარყოფითი დამოკიდებულება; ხოლო ობიექტური ტესტის მიხედვით ირკვევა, თუ რამდენად გვთავაზობდა ორგანო საკმარის გარანტიებს რათა გამოგვერიცხა ნებისმიერი ლეგიტიმური ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ობიექტურობის ტესტი უმეტესწილად ეხება იერარქიულ ან სხვა კავშირებს გადაწყვეტილების მიმღებ პირსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეებს შორის (იხ. მაგ. „მიქალეფი მალტის წინააღმდეგ“, N17056/06, 15.10.2009წ., §93, 97; „ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ“, N21722/11, 09.01.2013წ., §104; „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“, N45729/05, 28.03.2017წ. §33 და სხვ.). მართალია აღნიშნული განმარტებები გაცემულია სასამართლო შემადგენლობისა და მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით, თუმცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი წევრის მაღალი სტატუსის, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გათვალისწინებით, იმის მხედველობაში მიღებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ხელისუფლების შტოებს შორის გადაკვეთის მიჯნაზე მყოფი ორგანო, რომელიც შექმნილია სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების მიზნით („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47.1 მუხ., საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 25.09.2007წ. N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ 1-ლი მუხ.), აგრეთვე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 17.11.2010წ. მიღებული CM/Rec(2010)12 რეკომენდაციის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, მოსამართლეების არჩევასა და კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან (§46), საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორედ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური პირების მოსამართლეებად გამწესება, საზოგადოებაში სასამართლოს სისტემისა და ინდივიდუალური მოსამართლეებისადმი ნდობის ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებები და მიუკერძოებლობის დადგენილი სტანდარტი უნდა გავრცელდეს აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან მიმართებითაც, საბჭოს წევრი ინტერესთა კონფლიქტის მაღალი დონის სტანდარტებს უნდა იცავდეს.
კანონმდებლობის დანაწესი ობიექტურობის, დამოუკიდებლობის ან მიუკერძოებლობის კუთხით შესაბამისი ეჭვის არსებობისას საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობის შესახებ („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხ., საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ 128 მუხ.) ქმნის მოსამართლის შერჩევისა და მისი უვადოდ გამწესების პროცესის ლეგიტიმაციის საფუძველს. აღნიშნული უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ ნორმატიული საფუძვლებისა და კანდიდატთან დაკავშირებით მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით. მოსამართლის შერჩევის, მათ შორის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის უვადოდ გამწესების პროცესი კომპლექსურია და მოიცავს მოსამართის საქმიანობის შეფასებას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით (ორგანული კანონის 362 მუხ.), რომლებიც თავის მხრივ მოსამართლის საქმიანობის, პიროვნული მახასიათებლების, კომპეტენციის, პროფესიული უნარების და სხვა არა ერთი გარემოების შეფასებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მახასიათებლებია: პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; პიროვნული და პროფესიული ქცევა; პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია (363.1 მუხ.), ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: სამართლის ნორმების ცოდნა; სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; წერის უნარი; ზეპირი კომუნიკაციის უნარი; პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში; აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; პროფესიული აქტივობა (363 .2 მუხ.). ამასთანავე, კანონი გასაზღვრავს თითოეული ამ მახასიათებლის შინაარსს (363 მუხ., მე-3 - მე-14 პუნქტები). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი აფასებს კანდიდატს სწორედ აღნიშნული არაერთი კრიტერიუმის მიხედვით, ითვალისწინებს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების მქონე პირის საქმეთა შეფასების შედეგებს, საბჭოში ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით (ორგანული კანონის 794 მუხ.). საბჭოს წევრის წინანსწარი დამოკიდებულება კონკრეტული კანდიდატის ან იდენტიფიცირებადი კანდიდატთა ჯგუფის მიმართ აზრს უკარგავს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ ნორმატიულად განსაზღვრულ კომპლექსურ პროცედურას და მას მხოლოდ ფორმალურ ხასიათს სძენს, კანდიდატს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მისი შეფასების შედეგების, წარმოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გარემოებების მიუხედავად მის მიმართ იქნება მიღებული ნეგატიური გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის მიუკერძოებლობა გულისხმობს არა მხოლოდ საკითხის გადაწყვეტის მიმართ პირადი ინტერესის არარსებობას, არამედ სხვა ისეთი გარემოებების გამორიცხვასაც, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე. პირადი ინტერესი გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს სარგებლის მომტანი გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის, მისი ოჯახის წევრებისა ან ახლო ნათესავებისთვის, ხოლო საკითხის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე ზეგავლენის მქონე სხვა გარემოებებში მოიაზრება ისეთი შემთხვევები, როდესაც აშკარაა დაინტერესებული მხარისადმი გადაწყვეტილების მიმღები პირის წინასწარი დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე, იკვეთება ტენდეცნციური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპში აისახება ადმინისტრაციული წარმოების არსი, წარმოება და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კარგავს აზრს, თუკი გადაწყვეტილების ადრესატს არ ექნება იმის გარანტია და რწმენა, რომ ორგანომ თავისი უფლებამოსილება მიუკერძოებლად განახორციელა. მართალია სზაკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კოდექსის მოქმედება, გარდა მე-3 თავისა, არ ვრცელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს საბჭოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას და მასზე სასკ-ის მოქმედების გავრცელებას, ამასთანავე, სზაკ-ი ვრცელდება მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობს პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან. სზაკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. პირად ინტერესს გულისხმობს შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სარგებლობა შეუძლია მოუტანოს თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, სზაკ-ის 92-ე მუხლი მოიცავს პირადი ინტერესის ამომწურავ ჩამონათვალს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკეთუ არსებობს სხვა გარემოება, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღები პირის პოზიციაზე, ის არ ჩაითვლება მიკერძოებად. „სხვა გარემოებაში“ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც აშკარაა გადაწყვეტილების მიმღები პირის დაინტერესებული მხარისადმი დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე ტენდენციური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის 1-ლი პუნქტი უთითებს არა პირად ინტერესზე, არამედ ზოგადად ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობაზე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პირად ინტერესებს (სზაკ-ის მე-8, 92-ე მუხ.), არამედ სხვა გარემოებებს, რომლებიც ეჭვს აჩენენ გადაწყვეტილების მიმღები პირის დაინტერესებული მხარისადმი ტენდენციურობაზე, დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის 1-ლი პუნქტი საბჭოს წევრის აცილების პირობად უთითებს საბჭოს წევრის არა პირად ინტერესებზე, არამედ ზოგადად ინტერესთა შეუთავსებლობაზე, ნორმა იქვე აკონკრეტებს ინტერესთა შეუთავსებლობის დეფინიციას, ნორმის (353 მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება) ტექსტის მიხედვით ინტერესთა შეუთავსებლობაში იგულისხმება გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას (ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.10.2009წ. N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ 128 მუხ. 1-ლი პ.). ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ საბჭოს წევრის აცილების საფუძველი შესაძლოა შექმნას მხოლოდ ობიექტურად დადასტურებადმა გარემოებებმა, როგორებიცაა: ოჯახური ან ნათესაური კავშირი, ფინანსური დამოკიდებულება, პირადი დაპირისპირება და სხვ., არ არის დასაბუთებული, რადგან მოსამართლედ გამწესების შესახებ საკითხის მიუკერძოებლად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზანი ვერ მიიღწევა მხოლოდ აცილების ობიექტური საფუძვლების თავიდან არიდების მეშვეობით. საბჭოს წევრის წინასწარ საჯაროდ გავრცელებულმა, ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურმა ან პოზიტიურმა აზრმა, შესაძლოა კანდიდატს გაუჩინოს გონივრული ეჭვი მასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები პირის მიკერძოების შესახებ. მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირების - მოსამართლეების შერჩევის პროცესი არა მხოლოდ ობიექტურად მიუკერძოებელად და დამოუკიდებლად უნდა მიმდინარეობდეს, არამედ უნდა ჩანდეს კიდეც ასეთად, რადგან კანდიდატი უნდა ენდობოდეს მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიკერძოების დამადასტურებელ ერთ-ერთ გარემოებად მიიჩნია მომჩივანის დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე 6 თვით ადრე გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელშიც გადაწყვეტილების მიმღებ პირს კონკრეტულად მომჩივანის მისამართით არ გამოუთქვამს კრიტიკა, თუმცა იკვეთებოდა, რომ იგი არ იწონებდა მომჩვანის საქციელს („ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ“, N21722/11, 09.01.2013წ., §116). ასევე, მიუკეროებლობის დარღვევად იქნა მიჩნეული ისეთი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს წარმომადგენელმა საქმის მოსმენამდე საჯაროდ განაცხადა, რომ უკვე ჩამოუყალიბდა უარყოფითი პოზიცია განსახილველი საკითხის მიმართ („ბუშემი იტალიის წინააღმდეგ“, N29569/95, 16.09.1999წ., §68).
განსახილველ შემთხვევაში ა. დ-ის მიერ განცხადების გაკეთება უშუალოდ დაემთხვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ დანიშვნის სურვილის მქონე მოსამართლეებთან გასაუბრების დაწყებას. განცხადების მიხედვით ა. დ-ე საუბრობდა სასამართლო სისტემის „ა-ის ნარჩენებისაგან“ გათავისუფლების საჭიროებაზე და უთითებდა, რომ „მათი წუთები დათვლილია“. ამდენად, ლოგიკურია, რომ პირებს, რომლებიც ა. დ-ის მიერ მითითებულ პერიოდში ახორციელებდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, წარმოეშვათ გონივრული ვარაუდი, რომ საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ მათ მიმართ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო იმის მიუხედავად, თუ რა გარემოებები გამოიკვეთებოდა მათი საქმიანობის, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას. საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული ვარაუდი შესაძლოა წარმოშობოდა ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს, რადგან უშუალოდ გასაუბრების პროცესის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებაში არსებული ფორმულირება, რომ „მათი წუთები დათვლილია“, იმთავითვე გულისხმობს განცხადების გამკეთებელი პირის გადაწყვეტილებას არ დაუჭიროს მხარი მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების მიერ სამოსამართლო საქმიანობის გაგრძელებას. მართალია აღნიშნული მოსამართლეები სახელობითად არ იყვნენ დასახელებული, თუმცა ფრაზის კონტექსტი და განცხადების სრული შინაარსის გააზრება, იძლეოდა ასეთი მოსამართლეების ჯგუფის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რაც ქმნიდა აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენებისა და მისი დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. რეალური ტენდენციურობის არარსებობის უზრუნველყოფასთან ერთად, მიუკერძოებლობის მოთხოვნა მიზნად ისახავს მიკერძოების რაიმე სახით გამოჩენის თავიდან აცილებასა და დემოკრატიული საზოგადოებაში სასამართლოებისადმი რწმენის გაღრმავებას („მიქალეფი მალტის წინააღმდეგ“, N17056/06, 15.10.2009წ., §99). გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსამართლეების თაობაზე წევრი სახელმწიფოების ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)12 ადგენს, რომ მოსამართლეთა შერჩევისა და მათი სამომავლო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს კანონით ან კომპეტენტური ორგანოს მიერ წინასწარ დაწესებულ ობიექტურ კრიტერიუმს, ამგვარი გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს გარემოებებს და მხედველობაში იღებდეს მოსამართლის კვალიფიკაციას, უნარებს და შესაძლებლობებს, რომლებიც მოითხოვება კანონის გამოყენებისას საქმეების განსახილველად, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს მოსამართლის ღირსება, არ უნდა განხორციელდეს მათი დისკრიმინაცია (§44,45). აღნიშნული დანაწესის დაცვის საჭიროებაზე მიეთითა აგრეთვე „„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე“ ვენეციის კომისიის 14.10.2014წ. N773/2014 დასკვნის §45-ში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტული კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილების მიმღები პირის - საბჭოს წევრის წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი არღვევს ზემოაღნიშნულ დანაწესს, რადგან ეჭვქვეშ დგება საბჭოს წევრის მიერ გადაწყვეტილების მიღება მიუკერძოებლად, მხოლოდ ნორმატიულად განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. „მართლმსაჯულების საბჭო საზოგადოების სამსახურში“ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) 23.11.2007წ., N10 (2007) დასკვნის მე-14 პუნქტის თანახმად, მართლმსაჯულების საბჭო ვალდებულია დაიცვას მოსამართლეები წინასწარი შეხედულებებისაგან.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული აცილების ლეგიტიმური მიზანი არის მოსამართლეობის კანდიდატთა დაცვა საბჭოს წევრის წინასწარ ჩამოყალიბებული დაუსაბუთებელი განწყობისაგან, აღნიშნული მით უფრო საშურია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მოსამართლეთა განწესებაზე უფლებამოსილი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც მოსამართლეთა დანიშვნის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას საკმაოდ ფართო მიხედულება გააჩნია. მოსამართლის თანამდებობაზე განწესების პროცესში შესაბამისი კრიტერიუმების თავისებურებების გათვალისწინებით მიხედულების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, ზოგადად, ემყარება რიგ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტურ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა, ამ გადაწყვეტილების დასაბუთება და გადამოწმება სირთულეებს არ უკავშირდება და გადაწყვეტილების მართებულობის ობიექტური გადამოწმება შესაძლებელი ხდება, თუმცა რიგ სუბიექტურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის საკითხის დასაბუთება და შემდგომში ამ დასაბუთების გადამოწმება რთულ ამოცანას წარმოადგენს. რთულია ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ობიექტური ახსნა, დასაბუთება, ამ დასაბუთების გადამოწმება, ასევე სწორი ან არასწორი გადაწყვეტის დადგენა/გადამოწმება. ამიტომ, ამ ნაწილში განსაკუთრებით მაღალია გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის დისკრეცია და იკლებს დასაბუთებულობის მოთხოვნაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.04.2017წ. N3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „მ. კევლიშვილი, ნ. დოთიაშვილი და მ. გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II თავი, §22-24). ამდენად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის დისრეციის განსაკუთრებით ფართო საზღვრების, დასაბუთებულობის მოთხოვნის ნაკლებობის და მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე სასამართლოს კონტროლის ხარისხის შემცირების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს გადაწყვეტილების მიმღები პირის ყოველგვარი მიკერძოება, მათ შორის წინასწარ ჩამოყალიბებული აზრის არსებობა, რათა კანდიდატმა და საზოგადოებამ არ დაკარგოს მიღებული გადაწყვეტილებისადმი ნდობა, მხოლოდ ფორმალურ პროცესებად არ იქნეს მიჩნეული კანდიდატის შერჩევის კანონით განსაზღვრული პროცედურის გავლა და აღნიშნულიდან გამომდინარე, საფრთხე არ შეექმნას საბჭოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას.
საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას არ ადასტურებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 353 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მიხედვით, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება ჰქონდა, დასაბუთებული შუამდგომლობით მოეთხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობდა ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდიდა საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას (1-ლი პუნქტი). 13.12.2019წ. N5569 ორგანული კანონით 353 მუხლი ახლებურად ჩამოყალიბდა, შენარჩუნდა მუხლის პირველი პუნქტის არსებული ფორმულირება და დაემატა დებულება, რომლის მიხედვით, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა ან მშობელი, იგი არ მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში. ამდენად, განხორციელებული ცვლილებით, შინაარსობრივად 353 მუხლის პირველი პუნქტი არ შეცვლილა, ნორმაში შეტანილი დამატებით მხოლოდ ცალსახად განისაზღვრა და კონკრეტულად დასახელდა საბჭოს წევრის აცილების ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც იმთავითვე იგულისხმებოდა მუხლის ცვლილებებამდე მოქმედ რედაქციაშიც. ამასთან, აცილების ამათუიმ საფუძველზე კანონში ჩანაწერის არარსებობა, ყოველთვის არ გულისხმობს ნორმის არსებული რედაქციის ფარგლებში კონკრეტული რეგულირების მოაზრების შესაძლებლობას. ასეთ დროს უნდა შეფასდეს ნორმის მოქმედი რედაქციისა და განხორციელებელი ცვლილების შინაარსი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 13.12.2019წ. N5569 ორგანული კანონით 353 მუხლის არა მხოლოდ პირველ პუნქტში იქნა შეტანილი ცვლილება, არამედ ნორმას დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო. მსგავსი შინაარსის დებულებას 13.12.2019წ. N5569 ცვლილებებამდე ორგანული კანონი არ ითვალისწინებდა და სწორედ განხორციელებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო საბჭოს წევრის აცილების დაუშვებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ საბჭო საკითხს წყვეტს გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, არსებული ცვლებები და დამატებები კი განხორციელდა სადავო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მეორე მხრივ, განსახილველ შემთხვევაში ა. დ-ის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადების შინაარსისა და განცხადების გაკეთების მომენტის გათვალისწინებით, მისი განცხადება ვერ იქნება მიჩნეული აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებად, რადგან განცხადება გაკეთდა უშუალოდ გასაუბრების პროცესის დაწყების წინ და ამასთანავე, უვადოდ გადანიშვნის სურვილის მქონე მოსამართლე კანდიდატებისგან კონკრეტულად იყო შესაძლებელი იმ პირების განსაზღვრა, რომლებიც სამოსამართლო საქმიანობას ახორციელედნენ ა. დ-ის მიერ მითითებულ პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში არსებობდა კანდიდატთა ადვილად იდენტიფიცირებადი ჯგუფის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულების, ამ გასაუბრებამდე კანდიდატების მხარდაჭერის წინასწარ გამორიცხვის ეჭვის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელემ გამოხატა სუბიექტური დამოკიდებულება იმ მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც 2017 წლის 1 იანვრამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იყვნენ, ჰქონდათ არანაკლებ სამი წლის გამოცდილება, 2018 წლის თებერვალში გადიოდნენ გასაუბრებაზე და 2012 წლამდე მუშაობდნენ მოსამართლეებად.
კასატორის მითითება სადავო აქტებით მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლის და ამდენად, კონსტიტუციური დებულებების დარღვევის შესახებ, არ არის დასაბუთებული. მართალია, კონსტიტუცია იცავს მოქალაქის უფლებას ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე და გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს, მათ შორის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.04.2017წ. N3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „მ. კევლიშვილი, ნ. დოთიაშვილი და მ. გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II თავი, §5, 10), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლების ან მოვალეობის შესრულებისაგან დროებით ჩამოცილების სრულ აკრძალვას. როგორც ზოგადი (მაგ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, სზაკ-ი), ასევე სპეციალური კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების სამსახურიდან გათავისუფლების ან კონკრეტული საკითხის განხილვისაგან ჩამოშორების ნორმატიულ წინაპირობებს. განსახილველ შემთხვევაშიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი ერთმნიშვნელოვნად უშვებს მოსამართლეთა შერჩევისას საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას, უკეთუ არსებობს მის ობიექტურობაში, დამოუკიდებლობაში ან მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის დასაბუთებული საფუძველი (353.1 მუხ.), კანონითვე არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების წესი: აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით (353.3 მუხ.), ხოლო 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული იმ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, განიხილება ფარული კენჭისყრით (794 მუხ.). ამდენად, ა. დ-ის აცილება განხორციელდა ნორმატიულად განსაზღვრული საფუძვლით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნორმატიულადვე განსაზღვრული პროცედურული მოთხოვნების დაცვით მიღებული გადაწყვეტილებებით, რაც ვერ იქნება მიჩნეული ა. დ-თვის საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის ხელშეშლად, მის უფლებებში თვითნებურ ჩარევად. აცილების უფლება, როგორც პროცესის ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის საშუალება, არის კანდიდატის მნიშვნელოვანი უფლება. საწინააღმდეგო იქნებოდა საბჭოს წევრის მიუკერძოებლობის ურყევი პრეზუმფციის და მისი გადაწყვეტილების მიღებამდე სადავოდ გახდომის შეუძლებლობის აღიარება. სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში პირის აცილება არ ლახავს სახელმწიფო სამსახურის შეუფერხებელი განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას, შესაბამისად, არ დასტურდება კასატორის მითითება სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 29.2 მუხლის დარღვევის შესახებ. ამასთანავე, აცილების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ინარჩუნებს თანამდებობას, მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას, სოციალური დაცვის გარანტიებს. საბჭოს წევრის აცილების შესახებ მართლზომიერი გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება არა კონკრეტული წევრისათვის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლის მიზნით, არამედ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სანდოობის, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და კანდიდატთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც საბოლოოდ ასეთი პროცესის შედეგად შერჩეული მოსამართლეების საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ა. დ-ის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების თვითნებურად ან/და განზრახ დაბრკოლების შესახებ კასატორის მოსაზრება ნაკლებ სარწმუნოა აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების მქონე, 2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს სრული შემადგენლობის და არა დამსწრეთა 2/3 უმრავლესობით (794 მუხ.), ანუ საბჭოს 15 წევრიდან 10 წევრის მხარდაჭერის შედეგად, ამდენად, კენჭისყრაში დამატებით საბჭოს ერთი წევრის მონაწილეობა, როგორც წესი, არსებით გავლენას არ ახდენს კენჭისყრის შედეგებზე. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 1 არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე წევრების რაოდენობა შეადგენს რვას, ერთ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47.2 მუხ.). ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ერთი წევრის აცილების შემდგომ, გადაწყვეტილების მიმღებ წევრებს შორის რჩებიან არა მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრები, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრებიც, რაც საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მაინც უზრუნველყოფს ხელისუფლების დაყოფის პრინციპის რეალიზების შესაძლებლობას. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრის დანიშვნა თავისთავად არ გამორიცხავს საბჭოს ამ წევრის აცილების შესაძლებლობას, აცილება არ ადასტურებს ხელისუფლების დანაწილების, ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, მართალია საბჭოს დაკომპლექტება ხდება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიერ, თუმცა ნეიტრალური პირებისგან, როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე საბჭოს წევრები არ არიან პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციის წევრები (CCJE 27.11.2007წ. N10(2007) დასკვნის 23-ე პ.), პარლამენტის მიერ საბჭოში არსებული პირები არიან არა დეპუტატები, არამედ კონკურსის საფუძველზე შერჩეული პოლიტიკურად ნეიტრალური პირები („საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 47-ე მუხ.). კონკურსის შედეგად პირის პროფესიული დანიშვნისას, გადაწყვეტილება თანამდებობაზე განწესების შესახებ არ წარმოადგენს პოლიტიკური პროცესის შემადგენელ ნაწილს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.04.2017წ. N3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მ. კევლიშვილი, ნ. დოთიაშვილი და მ. გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §21).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო/სახელმწიფო სამსახურში დასაქმებით პირი არ კარგავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა სახელმწიფო მოხელე ამ თავისუფლებით სარგებლობს იმ ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა გათვალისწინებით, რომელიც მას თავისი სოციალური როლისა და სამსახურებრივი სტატუსის გათვალისწინებით ეკისრება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (ისევე როგორც მოსამართლის) სტატუსი არ ართმევს მას უფლებას გამოთქვას თავისი აზრი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში, თუმცა სტატუსი განაპირობებს გარკვეულ შეზღუდვებს. წინდახედულების გამოვლენის მოთხოვნა, რომლითაც შებოჭილია სახელმწიფო მოსამსახურე, მოითხოვს თავშეკავებულად და ქცევის წესების დაცვით ინფორმაციის გავრცელებას („კუდაშკინა რუსეთის წინააღმდეგ“ 26.02.2009წ. §93, „გუჟა მოლდოვის წინააღმდეგ“ 12.08.2008წ. §70, 71). საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ 11.3 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისაგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. სახელმწიფო მოხელე უფლებამოსილია სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საჯაროდ გამოხატოს თავისი მოსაზრება კონკრეტული ორგანოს საქმიანობისა და მიმდინარე პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ. ამასთანავე, აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს როგორც უფლებამოსილი პირისათვის/ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებით, ასევე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გონივრული ბალანსი საჯარო/სახელმწიფო მოხელის გამოხატვის თავისუფლებასა და საჯარო/სახელმწიფო ინტერესებს შორის, უნდა არსებობდეს ინფორმაციის სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიწოდების დაშვების სათანადო წინაპირობები. ასეთ დროს გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა, მაგ.: ინფორმაციის შინაარსი, ავთენტურობა, საჯარო ინტერესის სფეროსადმი კუთვნილება, ინფორმაციის გავრცელების საჭიროება და აუცილებლობა, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშედარება და სხვ. („ჰაინეში გერმანიის წინააღმდეგ“, N28274/08, 21.07.2011წ., § 63-69). ამასთანავე, განსხვავებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მისი განხორციელების თანამდევი შედეგები პროფესიული და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო მისი აცილების მართლზომიერება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი არ არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სუბიექტი, იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში (47.13 მუხ.), ამასთანავე, უდავოა, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, თავისი არსით არ არის პოლიტიკური, მოსამართლეები იღებენ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად ახორციელებენ მართლმსაჯულებას, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების პროცესი არც კანონმდებლობით და არც კონსტიტუციით არ არის დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.04.2017წ. N3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „მ. კევლიშვილი, ნ. დოთიაშვილი და მ. გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II თავი, §18). ამდენად, როგორც საბჭოს წევრი, ასევე მოსამართლე პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირია, რის გამო მომეტებული მნიშვნელობა ენიჭება კანდიდატის მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები პირის მიუკერძოებლობას, მოსამართლის თანამდებობაზე განწესების ობიექტურად განხორციელებას. მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესი უნდა აჩენდეს რაც შეიძლება ნაკლებ კითხვის ნიშნებს გამწესებული პირის კვალიფიციურობასთან და მიღებული გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავშირებით, პროცესმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური, თანამდებობის შესაბამისი პირების დაუსაბუთებლად არდანიშვნის გამორიცხვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.04.2017წ. N3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „მ. კევლიშვილი, ნ. დოთიაშვილი და მ. გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II თავი, §30). საჯარო მოხელის ნეიტრალიტეტის და მისი გამოხატვის თავისუფლების ერთმანეთთან კონკურენციის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის დამცავი პრიცპიპის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში დეპოლიტიზაცია, ნეიტრალიტეტი არის მეტად წონადი სიკეთე, ვიდრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პირის აქტივობა. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი, რომელიც ვრცელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე (2.1 მუხ. „რ“ ქვ.პ.), საჯარო მოსამსახურეს ავალდებს ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე, მიიღოს ზომები ინტერესთა შეუთავსებლობის ნებისმიერი შემთხვევის დაუშვებლობისათვის (134 მუხ., მე-2 პ., „ა“, „ბ“ ქვ.პ.). ამდენად, მნიშვნევნელოვანია საბჭოს წევრი არა მარტო მიუკერძოებელი იყოს, არამედ ჩანდეს კიდეც ასეთად. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადრებას ამახვილებს იმაზე, რომ აცილებას საფუძვლად დაედო არა გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, არამედ გადასაწყვეტი საკითხის მიმართ წინასწარგანწყობის გამოვლენა, რომელმაც წარმოშვა ეჭვი საკითხისადმი ტენდენციური, მიკერძოებული მიდგომისა.
კასატორის პრეტენზია კენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით არ ასაბუთებს სადავო აქტების უკანონობას, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობას, რადგან ზოგადად, ფარული კენჭისყრა ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, როგორიცაა გადაწყვეტილების მიმღები პირის/ორგანოს დაცვა გარეგანი ჩარევებისა და ზემოქმედებისაგან. ფარული კენჭისყრა ქმნის, ნების აბსოლუტურად თავისუფლად გამოვლენის საფუძველზე, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების გარანტიას. შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა, ძირითადად, ემსახურება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღები პირის დაცულობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2020წ. N3/1/1459,1491 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II თავი, §51). აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ კენჭისყრის ფარულობის ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული ასეთი კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების არამართლოზმიერების დამდგენ მტკიცებულებად.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გ. ტ-სა და მ. ც-ის აცილების საჭიროების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის ლოგიკის გაზიარების შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას განიხილონ დავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობით, რადგან სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახდენს პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პირების მოსამართლეებად გამწესებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს მიერ პარლამენტში კანდიდატთა წარდგენის შემდეგ, მათი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო საქართველოს პარლამენტს და არა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საკასაციო პალატა იზიარებს ა. დ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახულ მოსაზრებებს სასამართლოს კანონის საფუძველზე შექმნის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის, ადმინისტრაციული უფლებამოსილებებით აღჭურვილ პირთა ზეგავლენისაგან მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილებების მიღებისას პერსონალური ინტერესის გამორიცხვის შესახებ, თუმცა აღნიშნული დებულებები არ ადასტურებს აცილების შესახებ ა. დ-ის შუამდგომლობის მართლზომიერებას. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსამართლე თანამდებობაზე ინიშნება კონკრეტული ორგანოს წარდგინების შედეგად არ გულისხმობს ამ ორგანოს მიმართ მოსამართლის ლოიალობას, მოსამართლეზე ნორმატიულად დაკისრებული ვალდებულებების უგულებელყოფას, გადაწყვეტილების მიკერძოებულად მიღებას, საბჭოს წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღების შეულებლობას. საბჭოს დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ იგი არის კანონის გარეთ და სასამართლო ზედამხედველობისგან დამოუკიდებელი (ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) 23.11.2007წ. დასკვნა „მართლმსაჯულების საბჭო საზოგადოების სამსახურში“, 39-ე პ.). მოსამართლის მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების კონსტიტუციური პრინციპი იცავს მოსამართლეებს არასათანადო შიდაზემოქმედებისაგან. მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას არ არის საბჭოს მიერ დაქირავებული მუშაკი, ის ემსახურება კანონს, საქმის განმხილველი მოსამართლე არ მოქმედებს მესამე პირთა ბრძანების ან მითითების საფუძველზე. კანონიერ სასამართლოზე უფლებისათვის გარანტიას წარმოადგენს მოსამართლის სპეციალიზაცია და მოსამართლის წარმოებიდან საქმის თვითნებურად ამოღების დაუშვებლობა. რაიმე დამატებით გარემოებაზე, რაც მოსამართლეთა მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს წარმოშობდა, ა. დ-ეს არ მიუთითებია. ამასთანავე, საკასაციო განაცხადში არ არის მოთხოვნილი აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 11.01.2019წ. განჩინების გაუქმება. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმის მასალებით დასტურდება აღნიშნული განჩინების მიღებამდე, 14.12.2018წ. და 21.12.2018წ. განჩინებებით მოსამართლეების თ. ძ-ისა და თ. ო-ის აცილების შესახებ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობების დაკმაყოფილება, შემთხვევითი შერჩევის წესით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხვა სპეციალიზაციიდან სხვა მოსამართლეთა შერჩევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.2019წ. განჩინება;
3. მ. ჯ-ას (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს ა. დ-ის საკასაციო საჩივარზე 22.02.2019წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ქ. ცინცაძე