საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-456(კ-20) 6 ნოემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. მ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ-ამ 2019 წლის 1 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოპასუხისა და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, ი. მ-ამ მოპასუხედ დაასახელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და მოითხოვა ამავე სააგენტოს 2019 წლის 11 იანვრის №04-49/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ი. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 11 იანვრის №04-49/ო ბრძანება და ამავე სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. მ-ას ოჯახთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. ისინი განსახლებულნი იყვნენ თბილისში, ...ის ქ. №5-ში, ყოფილი „...ის“ შენობაში, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტს. სააგენტომ აღნიშნული ობიექტის დახურვისა და იქ ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახების, კრიტერიუმების გარეშე, საცხოვრებლებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მოსარჩელის 6-წევრიან ოჯახს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საკუთრებაში გადაეცა 72.76 მ2 სამოთახიანი (საერთო ოთახი და 2 დამოუკიდებელი საძინებელი) გარემონტებული ბინა. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით, გადაცემული ბინა სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტთან და იძლევა ღირსეული ცხოვრების საშუალებას. ის ფაქტი კი, რომ ოჯახის ერთი წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არ ქმნის დამატებითი ფართის მიღების საფუძველს, ვინაიდან კანონმდებლობა მსგავს დათქმას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 22 ივნისს წერილობით განაცხადა თანხმობა მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღებაზე და ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა, თუმცა სასამართლომ არ მიუთითა, კონკრეტულად რომელი გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ი. მ-ას დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით უკვე გადაცემული ფართის სხვა საცხოვრებლით ჩანაცვლებაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის გადაცემული ფართი არ ითვალისწინებს ამავე ოჯახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წევრის საჭიროებებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, კრიტერიუმების შეფასების გარეშე, სახელმწიფომ განახორციელა თბილისში, ...ის №5-ში არსებული, დევნილთა ორგანიზებული განსახლების ობიექტის (...ა) გამოთავისუფლება და იქ ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილთა, მათ შორის, ი. მ-ას ოჯახის, სხვა საცხოვრებლით დაკმაყოფილება. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახი შედგება 6 წევრისგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „სტანდარტების“ (დანართი №8) გათვალისწინებით (5-6-წევრიანი დევნილი ოჯახისათვის მინიმალური საორიენტაციო ფართის ოდენობა შეადგენს 65-80 მ2-ს (სამოთახიანი)), ი. მ-ას გადაეცა 72.76 მ2 საცხოვრებელი ფართი. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ფართის გადაცემისას გაითვალისწინა მოსარჩელის ოჯახის წევრთა რაოდენობა, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, სააგენტოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ი. მ-ას ერთ-ერთი არასრულწლოვანი შვილი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
საკასაციო სასამართლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის საკითხის შესწავლისას, პირველ ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის პრეამბულაშივე გაცხადებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიებსა და პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. იმავე კონვენციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებულ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესაბზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, სათანადო საცხოვრებელი არის დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, დეპარტამენტის ან შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს მიერ, შესაძლებელია საცხოვრებელი ფართი დევნილ ოჯახს გადაეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის გარეშე.
საკასაციო პალატა, ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელიც დამატებით გარანტიებს ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. დასახელებული ნორმატიული აქტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველმყოფი ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის არარსებობა. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ფუნქციონირების მიზნით კი კოდექსით გათვალისწინებულ იქნა სპეციალური პროგრამების ამოქმედების აუცილებლობა. ამასთან, კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ერთ-ერთ მიზნად დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, ასეთი სპეციალური პროგრამები ჯერ კიდევ არ არის შექმნილი და ამოქმედებული, თუმცა ეს არ გამორიცხავს ბავშვის უფლებათა კოდექსის გამოყენებასა და კანონმდებლობის მიზნის მისაღწევად აუცილებელი ქმედებების განხორციელებას ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იმოქმედონ ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. მათ შორის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კოდექსის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა, რომ სახელმწიფო ქმნის შესაბამის პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის, მათ შორის, გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვით. იმავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ისეთივე უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე, როგორიც სხვა ბავშვს. ეს სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ბავშვის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა და ინტერესთა სრულყოფილად დასაცავად, კოდექსის მე-8 მუხლით განმტკიცებულია ბავშვის უფლება, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი კი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია დასახელებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უნდა შეუქმნას გარემო, რომელშიც იგი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სრულყოფილ მონაწილეობას შეძლებს. როდესაც საკითხი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს სათანადოდ განვითარების რეალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. იმ შემთხვევაში კი, როდესაც სახელმწიფო გადასცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილს საცხოვრებელ სახლს, ადმინისტრაციულმა ორგანომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ასეთი პირის ინდივიდუალური საჭიროებანი. ამასთანავე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტურად დასაცავად აუცილებელია, რომ მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსმენილ იქნეს მათი აზრი და უზრუნველყოფილ იქნეს მათი ჩართულობა საკითხის გადაწყვეტაში. აღნიშნული წესი, მით უფრო, უნდა იქნეს დაცული, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის არასრულწლოვანი. ასეთ დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. მხოლოდ მსგავსი წესით წარმართული ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ შეიძლება გადაეცეს პირს სათანადო საცხოვრებელი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. მ-ას არასრულწლოვანი შვილი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. შესაბამისად, მოსარჩელის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა და შეეფასებინა ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებები, რათა მიეღო ყველა ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მით უფრო, არასრულწლოვნის, უფლებების დასაცავად და ოჯახისთვის გადაეცა სათანადო საცხოვრებელი, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის იქნებოდა შექმნილი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები. აღნიშნული გარემოების კვლევისგან ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს ის ფაქტი, რომ ი. მ-ამ ბინის მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მითითებული საკითხი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და ბინის გადაცემისას ყურადღება მხოლოდ ოჯახის წევრთა რიცხვზე გაამახვილა, გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. შესაბამისად, მართებულია სასამართლოთა მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე