Facebook Twitter
#ბს-1125(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 1 დეკემბერს ნ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.
სარჩელის მიხედვით, 2016 წლის ზაფხულში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა მასწავლებელთა საგნის გამოცდა მათემატიკაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნ. პ-მა. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის მას ტესტში უნდა დაეგროვებინა 32 ქულა და მეტი, ინტერნეტით გამოქვეყნებული ცხრილის მიხედვით კი მას 2 ქულა დააკლდა. მოსარჩელის მოსაზრებით, მის ნაშრომში ორი საკითხი არასწორად იყო შეფასებული და დამატებით ორზე მეტ ქულას იმსახურებდა. მოსარჩელის მითითებით, იგი რამდენიმე ექსპერტს დაუკავშირდა და საბოლოოდ დარწმუნდა მისი პრეტენზიების საფუძვლიანობაში, რის გამოც შეფასების გაპროტესტება გადაწყვიტა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე მათემატიკაში (8-12 კლასები) ნ. პ-ის ტესტური ნაშრომის 31-ე დავალების მეორე საკითხის ამოხსნის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ეტაპების და მესამე საკითხის ნაწილებში პირველადი და საპრეტენზიო კომისიის წევრის (წევრების) შეფასებების უკანონოდ ცნობა, ნ. პ-ის ნაწილში 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდის მათემატიკის შედეგების გასაჩირებასთან დაკავშირებით შედგენილი საგნობრივი კომისიის 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ნ. პ-ის ტესტური ნაშრომის 31-ე დავალების შეფასებისათვის მეორე საკითხის ამოხსნის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ეტაპების ნაწილში, თითოეულ ეტაპზე ერთი ქულის (სულ ოთხი ქულის) და მესამე ნაწილში ორი ქულის მომატებისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც ცვლილება შევა 2016 წლის 22 სექტემბრის #192/16 ბრძანებაში - იმ პირთა სიაში, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდა - ნ. პ-ის დამატება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე მათემატიკაში (8-12 კლასები) ნ. პ-ის ტესტური ნაშრომის 31-ე დავალების პირველადი და საპრეტენზიო კომისიის წევრის (წევრების) შეფასებები მეორე საკითხის ამოხსნის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ეტაპების და მესამე საკითხის ნაწილებში; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდის მათემატიკის შედეგების გასაჩირებასთან დაკავშირებით შედგენილი საგნობრივი კომისიის 2016 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. პ-ის ნაწილში; სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა ნ. პ-ის ტესტური ნაშრომის 31-ე დავალების შეფასებისათვის მეორე საკითხის ამოხსნის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ეტაპების ნაწილში, თითოეულ ეტაპზე ერთი ქულის (სულ ოთხი ქულის) და მესამე ნაწილში ორი ქულის მომატება; სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ცვლილება შევა 2016 წლის 22 სექტემბრის #192/16 ბრძანებაში - იმ პირთა სიაში, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2016 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდა - ნ. პ-ის დამატება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებით დამტკიცებულ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე“, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგნის გამოცდის ჩატარების წესზე“ და აღნიშნა, რომ ვინაიდან მასწავლებლის მიერ გამოცდის ჩაბარებას უკავშირდება მასწავლებლის მიერ შესაბამისი ქულების დაგროვება, რაც განაპირობებს პედაგოგისთვის დამატებითი უპირატესობების მინიჭებას, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის საგამოცდო ნაშრომი შეფასებული იქნეს ობიექტურად, სწორად, ადეკვატურად და კვალიფიციურად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. პ-ს 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდაზე (საგანი - მათემატიკა) მინიმალური კომპონენტის ზღვარის დასაძლევად დააკლდა ორი ქულა. ამასთანავე, მოსარჩელე არ ეთანხმება პედაგოგთა საგნის გამოცდაზე მათემატიკაში მისი ნაშრომის 31.2 და 31.3 დავალებების შეფასებებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შეფასების სქემის მიხედვით 31-ე ამოცანის მე-2 საკითხის ამოხსნის ეტაპებია: ა. განმარტა წრფივ ორუცნობიან უტოლობათა სისტემის ამონასხენთა სიმრავლე; ბ. მოიყვანა მაგალითი, როდესაც ამონახსენთა სიმრავლე წარმოადგენს კუთხეს; გ. მოიყვანა მაგალითი, როდესაც ამონახსენთა სიმრავლე წარმოადგენს ნახევარსიბრტყეს; დ. მოიყვანა მაგალითი, როდესაც ამონახსენთა სიმრავლე წარმოადგენს ზოლს; ე. მოიყვანა მაგალითი, როდესაც ამონახსენთა სიმრავლე ცარიელია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ამ ნაწილში მიიღო ერთი ქულა. პალატის მითითებით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სასწავლო-განმავითარებელი ტექნოლოგიების ცენტრ „...ის“ 2017 წლის 16 იანვრის დასკვნის მიხედვით, აპლიკანტს მოყვანილი აქვს ოთხივე მაგალითი, რომელიც პირობით მოეთხოვებოდა. მაგალითები მოყვანილია ადვილად გასაგები სახით, როგორც გეომეტრიულ, ისე ალგებრულ ენაზე, თითოეულ მაგალითში შეფასების სქემა ერთ ქულას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტს ამ ნაწილში სქემის მიხედვით ეკუთვნის ოთხი ქულა. ამასთანავე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. პ-ის ნაშრომის შესაფასებლად შექმნილი კომისიის 2017 წლის 9 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ამონახსენთა სიმრავლის ცნების მოყვანის ნაწილში კონკურსანტი არ იძლევა ზუსტ პასუხს, ამდენად, მისი მხრიდან ამ ნაწილში შესრულებული დავალება, არც ერთ ეტაპზე არ შეიძლება შეფასდეს სრული ერთი ქულით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თ. ვ-ემ აჩვენა, რომ ნახაზები სწორია, პირველს სჭირდება მეტი განმარტება, ხოლო დანარჩენი არ არის ახსნილი.
რაც შეეხება 31-ე ამოცანის მე-3 საკითხს, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის განმარტებით, შეფასების სქემის მიხედვით 31-ე ამოცანის მე-3 საკითხის ამოხსნის ეტაპებია: ა. სწორად მიუთითა მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომა; ბ. გრაფიკულად ამოხსნა სისტემა. საკითხი მთლიანობაში ფასდება ორი ქულით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 31-ე დავალების მე-3 საკითხის პირველ ეტაპთან დაკავშირებით სასწავლო-განმავითარებელი ტექნოლოგიების ცენტრ „...ის“ 2017 წლის 16 იანვრის დასკვნა განმარტავს, რომ აპლიკანტის პასუხი არ შეიცას უცხო ტერმინებს და გაუგებარ ფრაზებს, ბუნდოვან დებულებებსა და მცდარ დასაბუთებას, ავლენს მოსწავლის მიმართ მასწავლებლის კეთილგანწყობას, თან მათემატიკური შინაარსით შეუდარებლად უფრო ღრმაა, ვიდრე სანიმუშო პასუხი; ხოლო მე-2 ეტაპთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ 31-ე ამოცანის მე-3 საკითხი მთლიანობაში შესრულებულად უნდა ჩაითვალოს და ორქულიანი შეფასების პირობებში სრული ორი ქულით შეფასდეს. ამასთანავე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. პ-ის ნაშრომის შესაფასებლად შექმნილი კომისიის 2017 წლის 9 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, კონკურსანტმა სწორად აღნიშნა ბ-ს მსჯელობაში დაშვებული შეცდომა და მიიღო მაქსიმალური ერთი ქულა, ხოლო შემდეგ მას მოეთხოვებოდა სისტემის სწორი ამოხსნის მოყვანა. ამოხსნისას მან შეცდომა დაუშვა. კერძოდ, პირველი უტოლობის შესაბამისი წრფე შეცდომით ააგო და ვერ მიიღო სწორი ამოხსნა, რაც სქემის მიხედვით არ ფასდება სრული ერთი ქულით.
წარმოდგენილ დასკვნათა შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ სასწავლო-განმავითარებელი ტექნოლოგიების ცენტრ „...ის“ 2017 წლის 16 იანვრის დასკვნა ცალსახად უთითებს მოსარჩელის მიერ ამოხსნილი საკითხის სისწორეზე, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. პ-ის ნაშრომის შესაფასებლად შექმნილი კომისიის 2017 წლის 9 აგვისტოს დასკვნა ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს სადავო საკითხის არასწორ ამოხსნაზე. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ „...ის“ დასკვნა შეიცავს მოსარჩელის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას, იმ პირობებში კი, როდესაც სადავო თემასთან მიმართებით ერთმნიშვნელოვანი, ერთადერთი ცალსახა პასუხი არ არსებობს, დაუშვებელია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მოსარჩელის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, მართალია, აპელანტი მიუთითებდა „...ის“ დასკვნის არაობიექტურობაზე, თუმცაღა საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა დასკვნის გამცემი პირის მიკერძოებას ან დაინტერესებას სადავო საკითხთან მიმართებით. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის საასმართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ნ. პ-ის სასარგებლოდ და მისი ტესტური ნაშრომის 31-ე დავალების შეფასებისათვის მეორე საკითხის ამოხსნის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ეტაპების ნაწილში, თითოეულ ეტაპზე ერთი ქულა (სულ ოთხი ქულა) უნდა იქნეს მომატებული, ხოლო ტესტური ნაშრომის 31-ე დავალების შეფასებისათვის მესამე საკითხის ამოხსნის ნაწილში, თითოეულ ეტაპზე ერთი ქულა (სულ ორი ქულა) უნდა იქნეს მომატებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება შეიცავს აშკარა წინააღმდეგობას და უზუსტობას და აღნიშნავს, რომ ექსპერტმა გარკვევით თქვა, რომ 31.2-ში აპლიკანტს ეკუთვნის 0 ქულა. კასატორის მითითებით, სინამდვილეში ნ. პ-ის ნაშრომში 31.2 დავალებით მოთხოვნილი უტოლობათა სისტემის მაგალითები არ არის მოყვანილი. აპლიკანტს წარმოდგენილი აქვს ნახაზები, რომლებზეც მიწერილია უტოლობებში შემავალ რამდენიმე კოეფიციენტზე შეზღუდვები (მაგრამ არა თავად უტოლობათა სისტემა), მაგრამ ეს შეზღუდვები ცალსახად არ განსაზღვრავს ნახაზებზე წარმოდგენილ დაშტრიხულ ფიგურებს. ამიტომ ისინი ვერ ჩაითვლებიან დავალებაში მოთხოვნილ მაგალითების ნიმუშებად. ამასთან, ქულების მომატების საკითხზე სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, სადაც კასატორის მითითებით საკითხი განმარტებულია განსხვავებულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ მათემატიკის გამოცდაზე აპლიკანტი მაქსიმუმ 52 ქულით შეიძლებოდა შეფასებულიყო. საგნის გამოცდა წარმატებით დაძლეულად ჩაითვლებოდა, თუ აპლიკანტი დააგროვებდა მაქსიმალურ ქულათა 60%-ზე მეტს. მათემატიკის გამოცდისთვის მინიმალური გამსვლელი ქულა იყო 32. მოსარჩელე ნ. პ-ს მინიმალური კომპონენტის ზღვარის დასაძლევად დააკლდა ორი ქულა. მოსარჩელე არ ეთანხმება პედაგოგთა საგნის გამოცდაზე მათემატიკაში მისი ნაშრომის 31.2 და 31.3 დავალებების შეფასებებს და წარმოდგენილი აქვს სასწავლო-განმავითარებელი ტექნოლოგიების ცენტრ „...ის“ 2017 წლის 16 იანვრის დასკვნა. ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. პ-ის ნაშრომის შესაფასებლად შექმნილი კომისიის 2017 წლის 9 აგვისტოს დასკვნა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად კი, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას არავითარი მტკიცებულება არ იძენს წინასწარ დადგენილ ძალას. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებებს საკუთარი შინაგანი რწმენით აფასებდეს, რომელიც თავის მხრივ, მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნათა შეფასებისას საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სასწავლო-განმავითარებელი ტექნოლოგიების ცენტრ „...ის“ 2017 წლის 16 იანვრის დასკვნა ცალსახად უთითებს მოსარჩელის მიერ ამოხსნილი საკითხის სისწორეზე, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნ. პ-ის ნაშრომის შესაფასებლად შექმნილი კომისიის 2017 წლის 9 აგვისტოს დასკვნა ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს სადავო საკითხის არასწორ ამოხსნაზე. „...ის“ დასკვნა შეიცავს მოსარჩელის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას. იმ პირობებში კი, როდესაც სადავო თემასთან მიმართებით ერთმნიშვნელოვანი, ერთადერთი ცალსახა პასუხი არ არსებობს, დაუშვებელია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მოსარჩელის საწინააღმდეგოდ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნ. პ-ის სასარგებლოდ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი საქმის გარემოებები განსხვავდება კასატორის მიერ მითითებულ საქმეზე არსებული გარემოებებისგან (სუს 07.03.2019წ. გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-797(კ-18)), რამეთუ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილია დასკვნები, რომელთა შეფასების შედეგადაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ ახდენს მოსარჩელის სპეციალური ცოდნის შეფასებას, არამედ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარმოდგენილი დასკვნების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 22.07.2019წ. #06849 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინება;
3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202198727) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.07.2019წ. #06849 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე