Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-317(2კ-20) 27 ნოემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ-მა 2019 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 14 მაისის №3959303 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 იანვრის №62 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ნ. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს.კ. №...) სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების დადასტურების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 14 მაისის №3959303 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 იანვრის №62 ბრძანება; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ნ. გ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს.კ. №...) სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების დადასტურებაზე (კომერციულ ფართს გაუკეთოს კარ-ფანჯარა, საჩრდილობელი, კიბე, ვიტრაჟები) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, რაც სამსახურის მიერ თანხმობის გაცემას საჭიროებს. სამსახური ამოწმებს დაგეგმილი მშენებლობის შესაბამისობას ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან და მხოლოდ ამ შემთხვევაში ახდენს სამუშაოების განხორციელების წერილობით დადასტურებას. სადავო შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, ფოტომონტაჟით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ არის ქალაქის იერსახისთვის მისაღები.
კასატორი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ სარეკონსტრუქციო ფართი წარმოადგენს ავტოსადგომს, რომლის ფუნქციის ცვლილებაც მას დაუსაბუთებლად მიაჩნია. საკასაციო საჩივრის მიხედვით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე სადავო ფართის კომერციულად მიჩნევა უსაფუძვლოა, რადგან მარეგისტრირებელ ორგანოში ფართის დანიშნულების ცვლილება ხორციელდება მესაკუთრის განცხადებით, დამატებითი გარემოებების შესწავლის გარეშე.
სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური დამატებით მიუთითებს, რომ იგი მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და სასამართლომ შეზღუდა მისი მოქმედების თავისუფლება.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ I კლასის სამშენებლო სამუშაოების დადასტურების მიზნით, არქიტექტურის სამსახურს, კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, განსაზღვროს კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული განაშენიანების, მოქმედი ფუნქციური ზონისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. დისკრეციული უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელება მოითხოვს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში, ნ. გ-ის მიერ წარდგენილი მასალების ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ, არქიტექტურის სამსახურმა კანონიერად მიანიჭა უპირატესობა საჯარო ინტერესს და ქალაქის მხატვრული იერსახის შენარჩუნებისა და მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეუწონლად მიიჩნია სარეკონსტრუქციო სამუშაოების დადასტურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ.


სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. გ-ისათვის I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა ხუთ კლასად. I კლასის სამშენებლო სამუშაოების წარმოება გამოირჩევა იმით, რომ დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 66-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, თუმცა მწარმოებელმა პირმა განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით უნდა აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელმაც 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტების საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამრიგად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 39-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთის საზღვრებში აკრძალულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მათი რეკონსტრუქცია ან/და ფუნქციის ცვლილება, გარდა ქვემოთ მოცემული შემთხვევებისა: ა) თუ ერთიანი პროექტის საფუძველზე დაგეგმილია არსებული დროებითი შენობა-ნაგებობების (გარაჟების) აღება-გადატანა მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის ან/და სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობის მიზნით; ბ) თუ გარაჟების მშენებლობა განხორციელდება რელიეფის(მიწის ქვეშა ავტოსადგომები) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამოყენებით და ამით ხელი არ შეეშლება მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო, გასართობ-დასასვენებელი მიზნებით გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. გ-მა განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ...ას ქუჩა №5-ში მდებარე 12 მ2 ფართზე (ს.კ. №...) სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების - კარ-ფანჯრების, საჩრდილობლის, კიბისა და ვიტრაჟების მოწყობის დადასტურება. აღნიშნული სამუშაოები კი, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „ყ“ ქვეპუნქტების თანახმად, განეკუთვნება I კლასის სამშენებლო სამუშაოებს.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 14 მაისის №3959303 გადაწყვეტილებით ნ. გ-ს უარი ეთქვა სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებაზე, იმ საფუძვლით, რომ სარეკონსტრუქციო ფართი წარმოადგენს ავტოსადგომს, ფოტომონტაჟით გათვალისწინებული სამუშაოები კი გულისხმობს ავტოსადგომის ფუნქციის ცვლილებას, რაც სამსახურის პოზიციით არ იყო მიზანშეწონილი.
სადავო ფართის ფუნქციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საჯარო რეესტრიდან 2018 წლის 16 თებერვლის ამონაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისში, ...ას ქუჩა №5-ში მდებარე 12 მ2 ფართი (ს.კ. №...), 2018 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. გ-ის სახელზე და ფართი კომერციული დანიშნულებისაა. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი კი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავი ნივთის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამასთან, დასახელებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი, მარეგისტრირებელი ორგანოს მონაცემებით დასტურდება, რომ სადავო ფართი არის კომერციული დანიშნულების. რაც შეეხება კასატორთა არგუმენტს, რომ რეესტრიდან ამონაწერი არ ასახავს რეალურ მონაცემებს - ფართის რეალურ ფუნქციას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული რეგისტრირებული მონაცემი ძალაშია, მისი ნამდვილობა არ არის სადავოდ ქცეული, მათ შორის, კასატორთა მიერ არ არის გასაჩივრებული და შესაბამისად, მიიჩნევა სრულად და უტყუარად. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნიდან და გასაჩივრებული აქტების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს საჯარო რეესტრის ამონაწერის ნამდვილობას. ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუკი, კასატორთა მოსაზრებით, ფართის ფუნქციის ცვლილების რეგისტრაცია ხდება ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე და რეალური მონაცემების რეგისტრაციისთვის აუცილებელია კომპეტენტური ორგანოს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ინფორმაციის მიწოდება, აღნიშნული შესაძლებელია გახდეს სამომავლოდ სახელმწიფო ორგანოთა კოორდინირებული მუშაობისა და საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გამომწვევი ფაქტორი, თუმცა მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, მითითებული საკითხი გავლენას ვერ მოახდენს სარჩელის გადაწყვეტაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები გამოიწვევს ავტოსადგომის ფუნქციის ცვლილებას.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრებში დაფიქსირებულ მოსაზრებას, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები არ არის ქალაქის იერსახისთვის მისაღები, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე (ტ. I, ს.ფ. 46-48), რომლებითაც დასტურდება, რომ სადავო შენობის პირველ სართულზე უკვე არის მოწყობილი კომერციული ფართი. აღსანიშნავია, რომ მითითებულ გარემოებაზე მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაშივე ამახვილებდა ყურადღებას (ტ. I, ს.ფ. 13). ასეთ პირობებში კი, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე არის დაუსაბუთებელი და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს.
საკასაციო პალატა, დისკრეციული უფლებამოსილების თაობაზე კასატორთა მითითებებთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი. სადავო შემთხვევაში, ვინაიდან სადავო აქტებში მითითებული და საკასაციო საჩივრებში დაფიქსირებული სამშენებლო სამუშაოების შეთანხმების დადასტურებაზე უარის თქმის ფაქტობრივი საფუძვლები არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არღვევს თანასწორობის პრინციპს და არ არის არგუმენტირებული, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის სათანადოდ გამოყენებული და სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რაც მათი ბათილად ცნობის წინაპირობაა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით ითვალისწინებს, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 მაისის №003108319 დასკვნის მიხედვით, კორპუსის მდგრადობაზე უარყოფით გავლენას არ იქონიებს. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2018 წლის 20 მარტის კრების ოქმი №2, რომლითაც ამხანაგობამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობა გამოთქვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამასთან, ვინაიდან I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საჭიროებს მხოლოდ დადასტურებას და გამოირჩევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის გაცემის მარტივი პროცედურით, რომლის დროსაც ორგანოს მიერ გამოსაკვლელ საკითხთა წრე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად მოხდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და აღნიშნული არ იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში ჩარევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. კასატორს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს/ნ 205270053) დაუბრუნდეს 2020 წლის 29 იანვრის №00173 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ა. წულაძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. ქადაგიძე