Facebook Twitter

ბს- 262 (კ-19) 07 დეკემბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჯ-მა (პ/ნ ...) 26.09.2017წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის, მესამე პირების - ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 855 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთისა და 149,66 კვ.მ. საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის თანასაკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 03.06.2016წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 14.12.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 855 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთისა და 149,66 კვ.მ. საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის თანასაკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 03.06.2016წ. N... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში დაცული გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KF) შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით სახლის სამხრეთით, სახლთან მდებარე მიწის გამყოფ ხაზსა (ორთოფოტოზე აღნიშნულია ყვითელი ფერით) და ამავე ადგილზე მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს (აღნიშნულია წითელი ფერით) შორის არსებული ფართის ნაწილში. გ. ჯ-ის სარჩელი 03.06.2016წ. N... გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ მიწის ნაკვეთების კონფიგურაციისა და საზღვრების დადგენა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს საჯარო რეესტრში დაცული გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KF) შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით (ე.წ. ყვითელი ფენა), რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრში დაცულ ერთადერთ დოკუმენტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის მიერ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და პრინციპებთან. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ქტის ბათილად ცნობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს კასატორთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ზღუდავს საკუთრების უფლებას. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე. სადავო აქტის გამოცემის დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულ იქნა სზაკ-ის 96.1 მუხლით დადგენილი საქმის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპი. კასატორები აღნიშნავენ, რომ ცდომილება ე.წ. ყვითელ ფენასა და ჯ-ის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს შორის იმდენად მცირეა, რომ დაუშვებელია მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ყვითელ ფენაზე დაყრდნობა და მის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. კასატორები „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 და 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავენ, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს დადგენილ იქნა, რომ იგი არ იყო რეგისტრირებული სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 18.1 მუხლის მიხედვით წარმოადგენდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი შინაარსის გათვალისწინებით უნდა უქმნიდეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა. საარქივო ცნობა წარმოადგენს საკუთრების უფლების დადმგენ ერთ-ერთ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს საკუთრების უფლების რეგისტრაციას. საკადასტრო აზომვითი ნახაზით დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ადგლიმდებარეობა და კოორდინატები, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება მესამე პირების სახელზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება პირს მოსთხოვოს იმაზე მეტი დოკუმენტის წარდგენა, ვიდრე ამის მოთხოვნის საშუალებას მას კანონმდებელი აძლევს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა ან/და უფლების დროებითი შეჩერება, წარმოადგენს საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას და მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, მასში ჩარევა უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კონსტიტუციურ-სამართლებრივ პირობებს, როგორიც არის კანონით გათვალისწინებული საფუძელი, ლეგიტიმური მიზანი და პროპორციულობა.

მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ის წინაპირობები, რაც სასკ-ის 32.1 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდებოდა. ამასთანავე, დაცულია სზაკ-ის 96-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ. ჯ-ს (პ/ნ ...) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეგისტრირებული აქვს 2011 წელს იმ კონფიგურაციითა და საზღვრებით, რაც წარდგენილი ჰქონდა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის და 5 წლის განმავლობაში მას პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ამჟამინდელი კონფიგურაციით გამიჯვნის პირობებში გ. ჯ-ის ((პ/ნ ...) შესასვლელი კარი ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებს, რაც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია კანონიერი ნდობის პრინციპზე. კერძოდ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის აღმჭურველი აქტი, რომლის მიმართაც აქტის ადრესატებს აქვთ კანონიერი ნდობა და მათ განხორციელებული აქვთ ასევე გარკვეული იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებები. ჩუქების ხელშეკრულების საფუძვეზე აღნიშნული ქონება წარმოადგენს გ. ჯ-ის ერთპიროვნულ საკუთრებას. შესაბამისად, დაუშვებელია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა, როდესაც სახეზეა კეთილსინდისიერი მხარე, აქტის ბათილად ცნობა ზიანს მიაყენებს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტებს არ წარუდგენიათ დამატებითი მტკიცებულებები, რადგან საქმეში დაცული მტკიცებულებები სრულად ცხადყოფდა დავის რეალურ შინაარსს და ნათელს ჰფენდა რეალურ ვითარებას, არსებული გარემოებები დამატებით მტკიცებას აღარ საჭიროებდა. მტკიცებულებების უკმარისობის პირობებში სასამართლოს ინკივიზიციურობის პრინციპის დაცვით თავად შეეძლო მათი მოძიება და გამოთხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელე გ. ჯ-ის (პ/ნ ...) სახელზე 24.01.2011 წლიდან სააღრიცხვო ცნობის საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 1286 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და 180.16 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი (N- საკადასტრო კოდი). 01.11.2017წ. გ. ჯ-მა განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეჩერდა წარდგენილ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოება მესამე პირების სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან გამოვლენილი ზედდების საფუძვლით. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მესამე პირებს - ლ. ს-ს, გ. ჯ-ს (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ს 2016 წლის 30 მაისიდან ასევე საარქივო ცნობის საფუძველზე რეგისტრირებული აქვთ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 855 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და 149.66 კვ.მ. საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა (N... საკადასტრო კოდი), ხოლო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება 11.07.2016 წ. აღრიცხულია გ. ჯ-ის (პ/ნ ...) სახელზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა უძრავი ქონების როგორც მოსარჩელეზე, ასევე მესამე პირების სახელზე აღრიცხვის კანონიერება. სადავოა რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობა. საქმეში დაცული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დგინდება, რომ მოდავე მხარეთა შორის ეზო გამიჯნული იყო რკინის მავთულბადით და ვენახის ბოძებით, თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობით ზ. ჯ-ის მიერ მოხდა ფაქტობრივი მიჯნის მოსარჩელის - გ. ჯ-ის (პ/ნ ...) მხარეს გადაწევა და მყარი, კაპიტალური მიჯნის მშენებლობის დაწყება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლზე, რომლის მიხედვითაც მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული სარეგისტრაციო განცხადების, ასევე მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის სამსახურს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა. მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელის, ასევე მესამე პირთა სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა მათ მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მარეგისტრირებელ ორგანოს ზუსტად უნდა განესაზღვრა სარეგისტარციოდ წარდგენილი უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და საზღვრები, ამასთანავე სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეედარებინა რეესტრში დაცულ მონაცემებთან. მოცემულ შემთხვევაში რეესტრი ცალმხრივად დაეყრდნო მხარეთა მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებს, რამაც გამოიწვია რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორების (მესამე პირების) სადავო და მოსარჩელის უძრავი ქონების ადგილმდებარეობისა და საზღვრების დასადგენად რეესტრში დაცულ ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის საფუძველზე (KF) შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზები, მართებულია დავის გადაწყვეტა სწორედ ამ ნახაზებზე დაყდნობით, ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მხარეებს არ წარმოუდგენიათ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის და საზღვრების დამადასტურებელი სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება.

დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება გ. ჯ-ის, როგორც კეთილსინდისიერ მხარეზე მითითებით, კანონიერი ნდობის საფუძვლით აქტის ბათილად ცნობის შეუძლებლობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე გ. ჯ-ი სადავო რეგისტრაციის შედეგად იქნა აღირიცხული ერთ-ერთ თანამესაკუთრედ მითითებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად მისთვის თავიდანვე ცნობილი უნდა ყოფილიყო რეგისტრაციის შესაძლო ხარვეზიანობის შესახებ, ამდენად უსაფუძვლოა მის მიმართ კეთილსინდისიერი შემძენის გარანტიების გავრცელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ის, გ. ჯ-ის (პ/ნ ...), ზ. და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.2018წ. განჩინება;

3. მ. ღ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.03.2019წ. N54 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე