Facebook Twitter
საქმე Nბს-326(კ-19) 07 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. ა-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ა-მა 03.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების 1168,78 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. სამინისტროს სისტემაში მუშაობისას, 1998 – 2000 წლებში ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშვა სახელფასო დავალიანება, ჯამში 1168,78 ლარის ოდენობით. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოპასუხემ არ აანაზღაურა არსებული დავალიანება, რითაც უგულებელყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დანაწესი სამსახურში მიღებიდან გათავისუფლების დღემდე მოხელის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების საჭროების შესახებ. სამინისტრო დავალიანების ანაზღაურებაზე უარს აცხადებს შესაბამისი დაფინანსების არარსებობის გამო, თუმცა აღიარებს არსებულ დავალიანებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.08.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ კ. ა-ი ითხოვს მოპასუხისათვის 1998-2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და იყო საჯარო მოხელე. სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და დანამატს, თუმცა სკ-ის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რომლის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. დავალიანების მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან გასულია 10 წელზე მეტი ვადა, რაც ქმნის განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს. ამასთანავე, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხონა - კვების კომპენსაციის ანაზღაურება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და სკ-ის 129.2 მუხლიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც ამ ნაწილშიც ადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს წერილი იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და არ უნდა მიჩნეულიყო ვალის აღიარებად, რადგან წერილი არ შეიცავდა დაპირებას დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.08.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. გადაწყვეტილებით კ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.08.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა კ. ა-ის სასარგებლოდ მისთვის 1998, 1999 და 2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1168,78 ლარის ანაზღაურება. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და იყო საჯარო მოხელე. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ კ. ა-ისათვის შრომითი გასამრჯელოს გაცემა ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულება იყო, ამასთანავე, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გამხდარიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში კ. ა-ი ითხოვს 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების, ჯამში - 1168,78 ლარის ანაზღაურებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 01.06.2018წ. წერილით მოსარჩელეს ეცნობა,რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ იყო გამოყოფილი, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ. ამათანავე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასი შეადგენს 328,1 ლარს, კვება - 636,6 ლარს, ჯილდო - 204 ლარს, სულ ხელზე მისაღები თანხის ოდენობა შეადგენს 1168,78 ლარს. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს 24.05.2018წ. წერილი შინაარსობრივად იყო სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარება. ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს უფლება აღარ აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში ვალის აღიარება მოხდა 24.05.2018წ., ხოლო სარჩელი აღძრულ იქნა 05.07.2018წ., ამდენად, მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, არასწორია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან 2018 წელს მოხდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა, ამდენად გასულია ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადაც. ამასთანავე, თავდაცვის სამინისტროს ვალი არ უღიარებია, გაცემული ცნობა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იყო. მოსარჩელეს დავა აქვს დაწყებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდგმ პერიოდში, მითითებული კანონი ძველი რედაქციისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს წინა წლებში დაგროვილი დავალიანებების ანაზღაურების ვალდებულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე კ. ა-ი დასაქმებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 24.05.2018წ. ცნობის მიხედვით, საავიაციო ბრიგადის ყოფილი მოსამსახურის -კ. ა-ის სახელფასო დავალიანება 1998, 1999,2000 წლებში შეადგენს ჯამში ხელზე ასაღებ თანხას - 1168,78 ლარს, მათ შორის: ხელფასი - 328,14 ლარი, კვება - 636,55 ლარი, ჯილდო (პრემია) - 204,09 ლარი. მოსარჩელე ითხოვს სრული დავალიანების (ხელფასის, კვების კომპენსაციისა და პრემიის) - 1168,78 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა უპირობოდ მოიაზრებს აგრეთვე შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე („საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 37.1 მუხ., „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 57.2 მუხ.). გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული დასაქმებულის სტატუსზე, სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე, ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ ის გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად (საქართველოს საონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „თ. ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-11 პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ ნორმატიული ვალდებულების არსებობის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კ. ა-ს სრულად არ აუნაზღაურა 1998, 1999 და 2000 წლების თანამდებობრივი სარგო, ჯილდო (პრემია) და კვების კომპენსაცია, რამაც წარმოშვა კ.ა-ის მოთხოვნის უფლება მიუღებელი დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ზოგადი ვადები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარის მე-2 თავით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ხანდზმულობის სპეციალური ვადების დადგენის შესაძლებლობას. ამასთანავე, მნიშნელოვანია, რომ ხანდაზმულობის სპეციალურ ვადაზე შეთანხმება არ შეიძლება შეადგენდეს სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტების შეთანხმების საგანს, ხანდაზმულობის სპეციალური ვადა და კონკრეტულ მოთხონებზე მისი გავრცელების გამორიცხვა მხოლოდ ნორმატიულად შეიძლება განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-2000 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დავალიანება მოიცავს სამ კომპონენტს: მიუღებელ სახელფასო თანხას, ჯილდოს (პრემიას) და კვების მიუღებელ კომპენსაციას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სარჩელი აღძრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128-ე მუხ.). მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების საჯარო მოხელისათვის ანაზღაურება ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლი წარმოადგენდა დავალიანების კანონისმიერ აღიარებას, რის შედეგადაც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე არ ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადები. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისიდან და ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებებთან მიმართებით ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ წესს აღარ ითვალისწინებს, რაც ადასტურებს ამჟამად საჯარო მოხელის მიმართ წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. კ. ა-ის მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოშობილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის მოქმედების პირობებში - 1998-2000 წლებში, რაც ადასტურებს ახალი კანონის ამოქმედების მომენტამდე - 2017 წლის პირველ ივლისამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ზოგადი წესების გავრცელების დაუშვებლობას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლით საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით იყო გადავადებული და აღნიშნული კანონის ძალის დაკარგვამ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამ გამოიწვია საჯარო სამსახურში 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყება, რადგან ახალმა კანონმა აღარ გაითვალისწინა სპეციალური, საშეღავათო დათქმა მსგავსი ტიპის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, საქმის მასალებით დგინდება, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის ამოქმედებიდან სარჩელის შეტანამდე გასული იყო დაახლოებით ერთი წელი, რაც ადასტურებს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ კ. ა-ის მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის დაუშვებლობას.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ სახელფასო დავალიანება მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ თანამდებობრივ სარგოს, არამედ ჯილდოსაც (პრემიასაც). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 57.3 მუხლის თანახმად, მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 37.1 მუხლიც, მათ შორის 1998-2000 წლებში მოქმედი რედაქციით. ამდენად, შრომის ანაზღაურების ცნების ქვეშ მოიაზრებოდა მათ შორის ფულადი ჯილდო, პრემია, რადგან თავად კანონი განსაზღვრავდა პრემიის სამართლებრივ სტატუსს და მას ხელფასის შემადგენელ ნაწილად, ხელფასის დანამატად თვლიდა. პრემიის სამათლებრივ სტატუსს არ ცვლის ის, რომ ადმინისტრაციის მიერ მისი გაცემა ხდება პერიოდულად, მოსამსახურის საქმიანობის შედეგების მიხედვით, მუშაკის მატერიალური წახალისების, საქმიანობის ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით. მხედველობაშია მისაღები, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი შეადგენს არა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ანუ თანხის მიღება იმ პერიოდზე, როდესაც მოხელეს ფაქტობრივად არ უმუშავია, არამედ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ანუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით დადასტურებელი გაუცემელი თანხის ანაზღაურება იმ პერიოდზე, როდესაც მოხელე ფაქტობრივად მუშაობდა, ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, გაწეული სამუშაოსათვის დაიმსახურა პრემიის თანხის გამოყოფა, რაც თავის მხრივ უქმნიდა მოსარჩელეს მისი მიღების სამართლიან მოლოდინს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრემიისა და კვების კომპენსაციის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია, რაც მათი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნათა მიმართ განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს განაპირობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს შრომის ანაზღაურება (ხელფასი), მისი შემადგენელი ნაწილი - ფულადი ჯილდო (პრემია) და კვების კომპენსაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ცნების ქვეშ არ მოიაზრებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული კომპენსაციები, უკეთუ მსგავს დათქმას არ შეიცავდა სპეციალური ნორმატიული მოწესრიგება. მაგალითად, „პოლიციის შესახებ“ კანონის 31.2 მუხლის 28.06.2000 წ. საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია ხელფასის ცნებაში მოიაზრებდა, როგორც თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს და წელთა ნამსახურობის დანამატს, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. მსგავსი დათქმის არსებობა სამხედრო მოსამსახურეებთან მიმართებით არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ასეთივე დანაწესს შეიცავდა ნორმის 1998-2000 წლებში მოქმედი რედაქცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებდა და ამჟამადაც იღებს სასურსათო უზრუნველყოფას - ულუფის სახით ან შესაბამის ფულად კომპენსაციას. ამასთან, კვების კომპენსაცია არის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაცია და არა შრომითი ანაზღაურების შემადგენელი ნაწილი: შრომითი გასამრჯელო ან კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებული იყო საჯარო მოსამსახურეზე 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო და არა ყველა სახის დავალიანების ანაზღაურების სპეციალური წესი, ნორმაში არ ხდებოდა მითითება კომპენსაციის გაუცემლობით წარმოშობილ დავალიანებაზე. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან - სასურსათო ულუფისაგან. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს, რაც განპირობებულია მისი სტატუსით, სამხედრო სამსახურის თავისებურებით, სამხედრო მოსამსახურესთან არსებული შრომითი ურთიერთობის სპეციფიკით. სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 12.1 მუხ.), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას მიიღოს სამხედრო მოსამსახურესთნ მიმართებით სოციალური უზრუნველყოფის გარკვეული ღონისძიებები, მაგალითად როგორებიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (კანონის მე-14 მუხ.), სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა (კანონის მე-16 მუხ.) და სხვ., მათ შორის, კვების კომპენსაციის გაცემა. ამდენად, სამხედრო მოსამსახურის მიმართ სოციალური უზრუნვეყოფის ღონისძიებების გამოყენება განპირობებულია მისი სამსახურებრივი სტატუსით, განსხვავებით შრომითი გასამრჯელოსგან, რომლის მიღების უფლებაც მხოლოდ პირის დასაქმების ფაქტით არის წარმოშობილი. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლი არ ვრცელდებოდა სამხედრო მოსამსახურის მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი კვებითი კომპენსაციის დავალიანებაზე, რაც საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა (იხ. მაგ.: სუსგ 22.04.2009წ. Nბს-1650-1604(კ-08), 24.06.2009წ. Nბს-207-201(კ-09), 21.07.2010წ. ბს-424-407(კ-10)). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ეს ნაწილი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, რომელზედაც ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, რომლის ათვლაც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ცალკე ქმნის ხანდაზმულობის ვადას. თითოეული ვალდებულების მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხორციელდება სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია, სარჩელი აღძრულია 2018წ., ამდენად, სარჩელი კვების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გაცემული 24.05.2018წ. ცნობა ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 01.06.2018წ. წერილი არ ქმნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარებულად მიჩნევის საფუძველს, რადგან წერილი ინფორმაციული ხასიათისაა, სამინისტრო ადასტურებს დავალანების არსებობის ფაქტს, თუმცა არ გამოთქვამს მზადყოფნას რაიმე გარემოებების არსებობისას დავალიანების ანაზღაურების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. ამდენად, დავალიანების არსებობის შესახებ ცნობისა და 01.06.2018წ. წერილის გაცემამ არ შექმნა კ. ა-ის მიერ გაშვებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის აღდგენის წინაპირობა, რის გამო არ არის მართებული სააპელაციო პალატის მოსაზრება კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის ვადის დაცულობის შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არსებობს კ. ა-ის სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სამაოდ დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხისათვის კვების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, რომლის ხელზე ასაღები ოდენობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 24.05.2018წ. ცნობის მიხედვით, 1998, 1999 და 2000 წლებში შეადგენს სულ 636,55 (192,64+243,38+200,53) ლარს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეს მოსარჩელის სარგებლოდ თანამდებობრივი სარგოსა და პრემიის დავალიანების - ჯამში 532,23 ლარის ანაზღაურების ნაწილში (საიდანაც 328,14 (97,71+123,53+106,90) ლარი შეადგენს თანამდებობრივი სარგოს, ხოლო 204,09 (56,18+87,34+60,57) ლარი 1998, 1999, 2000 წლების მიუღებელი პრემიის დავალიანებას) უნდა დაკმაყოფილდეს.
სასკ-ის 9.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამასთავე, ფიზიკური პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ხელფასის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე, ხოლო დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველა საქმეზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხ. „ა“, „უ“ ქვ.პ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2018წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. კ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1998, 1999, 2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 532,23 (ხუთასოცდათორმეტი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარის ანაზღაურება;
5. კ. ა-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998, 1999, 2000 წლებში წარმოშობილი კვების კომპენსაციის დავალიანების 636,55 (ექვსასოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ქ. ცინცაძე