ბს-237(2კ-19) 18 იანვარი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ შპს-მ მოითხოვა: სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 14.04.2016წ. N2542358 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. N1-1410 ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება შპს-ს მიერ 18.03.2016წ. წარდგენილი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 03.08.2016წ. N1-1410 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის N2542358 გადაწყვეტილება არქიტექტურის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, სსიპ არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „...-ს“ მიერ წარდგენილ განცხადებასთან მიმართებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. №59 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 21.3 მუხლის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავს: ზონირების ნაწილს, საინჟინრო ნაწილს, ტექსტურ ნაწილს და თემატურ ნაწილს. თავის მხრივ აღნიშნული ნაწილები კიდევ იყოფა სხვადასხვა ნაწილებად, კერძოდ, 21.4-21.8 მუხლები ადგენენ, რომ ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის კონკრეტულ უფლებრივ ზონირებას, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს: მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს, საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით), განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს), განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს), მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს. საინჟინრო ნაწილი შესაძლებელია მოიცავდეს: საპროექტო ტერიტორიაზე წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით, საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით, საპროექტო ტერიტორიაზე ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით, საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკას, კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეების მითითებით, საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელის რუკას. ტექსტური ნაწილი მოიცავს: განაშენიანების რეგულირების გეგმის აღწერას, განაშენიანების რეგულირების გეგმის განმარტებით ბარათს, განაშენიანების რეგულირების გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას, განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას. თემატური ნაწილი, გეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოიცავდეს თემატურ საკითხებს. განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. N441 განკარგულებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ...ის საცხოვრებელ რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი. ნ. ჩ-ემ (დამკვეთი) 18.03.2016წ. განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, ქალაქ თბილისში, ...ში (ს.კ.: ...) პროექტის შეთანხმების თაობაზე. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 14.04.2016წ. გადაწყვეტილებით განცხადება დარჩა განუხილველი, ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთი ს.კ. ... ყვება სამსახურის მიერ შეთანხმებულ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი უბნის (...ო დასახლება) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტში, შესაბამისაად, განმცხადებელს განემარტა, რომ უნდა იმოქმედოს ზემოაღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის ფარგლებში და მიწის ნაკვეთი განავითაროს გრგ-ს გენგეგმის შესაბამისად, სხვა შემთხვევაში უნდა განახორციელოს სამსახურის მიერ შეთანხმებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილება არსებული მდგომარეობის შესაბამისად. მხოლოდ შემოაღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პროექტის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ შეუფასებია წარდგენილი საპროექტო მასალა და ფოტომონტაჟი შეესაბამებოდა თუ არა განაშენიანების რეგულირების გეგმას, კერძოდ, მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტებს, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებს, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტებს, საპროექტო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების განაწილების რუკას (მიწის ნაკვეთის ნომრის და ფართობის ჩვენებით), განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს), განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს), მიწის ნაკვეთებზე შენობათა განთავსების სქემებს და სხვა ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით“ დადგენილების პირობებს. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, თუ რომელ ნაწილს (ზონალური, საინჟინრო, ტექსტური, თემატური) არ შეესაბამებოდა შესაბამისი პროექტი და მხოლოდ ვიზუალური ნაწილი რამდენად ქმნიდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს. სადავო აქტის გამოცემისას სრულად იქნა უგულებელყოფილი სზაკ-ის მოთხოვნები საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათანადოდ დასაბუთების საჭიროების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა წარმოადგენს ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ზონირების ნაწილს, საინჟინრო ნაწილს, ტექსტურ ნაწილს, თემატურ ნაწილს და სხვა პარამეტრებთან ერთად იგი აზუსტებს ობიექტების არქიტექტურულ მახასიათებლებს, მათ შორის მოაზრებულ უნდა იქნეს შენობის ვიზუალიც. ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა დაპროექტდეს აღნიშნული გეგმის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი აქრიქტექტურული პროექტი ექცეოდა განაშენიანების რეგულირების გეგმის მოქმედების არეალში, თუმცა არ შეესაბამებოდა მას, რაც დადგინდა წარდგენილი ფოტომონტაჟისა და გრგ-ს ვიზუალური ურთიერთშედარების შედეგად. ამდენად, დამკვეთს განემარტა, რომ მას უნდა ემოქმედა გრგ-ს შესაბამისად. კასატორმა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარმოებაზე, რომ ს.კ.:... მიწის ნაკვეთმა განიცადა ფორმირება და დაიყო სამ საკადასტრო ერთეულად, რომელთაგან ერთ-ერთი კიდევ სამ საკადასტრო ერთეულად დაიყო. ამჟამად შეცვლილია განმცხადებლის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და მესაკუთრე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კერძოდ, დადგენას საჭიროებს განაშენიანების რეგულირების გეგმასა და წარდგენილ პროექტს შორის არსებული კონკრეტული შეუსაბამობა. სადავო აქტში აღნიშნულია, რომ ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთი ყვება სამსახურის მიერ შეთანხმებულ საცხოვრებელი უბნის (...ო დასახლება) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტში, შესაბამისად განმცხადებელმა უნდა იმოქმედოს ზემოაღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის ფარგლებში და მიწის ნაკვეთი განავითაროს გრგ-ს გენგეგმის შესაბამისად. პალატა იზიარებს განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოქმედების საჭიროების შესახებ მითითებას, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტი არ შეიცავს წარდგენილი პროექტისა და გრგ-ს შეუსაბამობის შესახებ დასაბუთებას. მართალია არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვისას გადაწყვეტილებების მიღების დროს არქიტექტურის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს აქტის დასაბუთების საჭიროებას. განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილი პროექტისა და გრგ-ს ვიზუალური შეუსაბამობის შესახებ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ არგუმენტს არ შეიცავდა სადავო აქტი. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 14.04.2016წ. გადაწყვეტილებიდან ფაქტობრივად შეუძლებელია განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა. როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ასევე სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას და საკასაციო საჩივრებში ადმინისტრაციული ორგანოები უთითებენ, რომ წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში არსებულ ფოტომონტაჟზე ასახული შენობა-ნაგებობა ვიზუალურად არ შეესაბამება აღნიშნულ ტერიტორიაზე შეთანხმებულ კორექტირებულ გრგ-ს, კერძოდ, შენობა-ნაგებობა უნდა იყოს მსუბუქი კონსტრუქციის ბრტყელი გადახურვით, შემინული, ფოტო-მონტაჟზე კი წარმოდგენილია სხვაგვარი შენობა. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელე შპს მიიჩნევს, რომ წარდგენილი პროექტი შემუშავდა არსებულ ტერიტორიაზე შეთანხმებული გრგ-ს საფუძველზე და შეუსაბამობა არ არსებობს. გასათვალისწინებელია, რომ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ პროექტს თანდართული აქვს განმარტებითი ბარათი, რომელშიც ასახულია შენობა-ნაგებობისა და საპროექტო ტერიტორიის კონკრეტული მახასიათებლები, რაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შეფასებული არ ყოფილა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 15.01.2014წ. №59 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21.3 მუხლის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავდა: ზონირების ნაწილს, საინჟინრო ნაწილს, ტექსტურ ნაწილს და თემატურ ნაწილს. თავის მხრივ აღნიშნული ნაწილები კიდევ იყოფოდა სხვადასხვა ნაწილებად. სადავო აქტით და საქმეში დაცული წარმოების მასალებით, არ დგინდება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ რაიმე გარემოების გამოკვლევა, განაშენიანების გენერალურ გეგმასა და წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში ასახული მახასიათებლების ურთიერთშედარება. მითითება მხოლოდ ფოტომონტაჟის ვიზუალურ შედარებაზე არ ქმნის სადავო აქტის სათანადო დასაბუთებას და არ ადასტურებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას.
ამასთანავე, კასატორის მითითება ს.კ.:... მიწის ნაკვეთის რამდენიმე საკადატრო ერთეულად დაყოფის, კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო კოდისა და მესაკუთრის შეცვლის შესახებ, არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან აღნიშნული გარემოებების შესახებ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური არ უთითებდა სააპელაციო საჩივარში, ხოლო საკასაციო პალატა არ არის ფაქტობრივი გარმოებების დამდგენი სასამართლო. ამასთანავე, წარდგენილ განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ხელალხა ჩატარებისას, სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გარდა გამოკვლეულ უნდა იქნეს აგრეთვე ნაკვეთის საკადასტრო კოდისა და მესაკუთრის ცვლილებებთან დაკავშირებული გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაინტერესებულ პირთა ინტერესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2018წ. განჩინება;
3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2019წ. N00199 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე