საქმე №ბს-361(კ-20) 21 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 27 ივნისს ს. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №61-0118088815 მიმართვის ბათილად ცნობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №... წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ქალაქ თბილისში, ...ის ...ში არსებული ფართის - №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავე 7,35 კვ.მ, 7,69 კვ,მ და 7,62 კვ.მ ფართების ს. ბ-ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის მიმართვის წარდგენის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №... წერილი და ქალაქ თბილისის მერს დაევალა, განიხილოს ს. ბ-ის წარმომადგენელის, ე. გ-ას ადმინისტრაციული საჩივარი და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს მასზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება.
პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივრის ცნება განმარტებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია: ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა და სასამართლოს განტვირთვა.
პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ნიშნავს დაინტერესებული პირის მიერ ასეთი საჩივრის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში არამარტო წარდგენას, არამედ კანონით დადგენილ ვადებში მის განხილვას, გადაწყვეტილების მიღებას და მხოლოდ საჩივრის განხილვის შედეგებიდან გამომდინარე, ან/და ასეთი საჩივრის დადგენილ ვადაში განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლოში დავის დაწყებას.
პალატამ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №610118088815 წერილზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის №... წერილით ს. ბ-ის წარმომადგენელს - ე. გ-ას განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მერია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი, არამედ, დავა იყო სასამართლოს განსჯადი. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის №... წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, პალატის მოსაზრებით, შესაფასებელი იყო აქტის კანონიერება იმ საკითხის გადაწყვეტით, გააჩნდა თუ არა ქალაქ თბილისის მერს ვალდებულება, განეხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ წარდგენილი საჩივარი.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განმარტა, რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) შესაბამისად, სსიპ ქონების მართვის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც, როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამრიგად, ქალაქ თბილისის მერი ვალდებული იყო, განეხილა ს. ბ-ის წარმომადგენელ ე. გ-ას საჩივარი და საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სრულიად მართებულად იქნა ცნობილი ბათილად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის №... წერილი, რადგან იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ქალაქ თბილისის მერს მართებულად დაევალა, ს. ბ-ის წარმომადგენლის, ე. გ-ას საჩივრის არსებითად განხილვა.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის საჭიროებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის ბათილად ცნობისა და დასახელებული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებზე, რადგან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის მიხედვით, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზება განაპირობებს სასამართლოს კომპეტენციას ამ მოთხოვნებზე საკითხის გადაწყვეტაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ერთ-ერთი უფლებამოსილებაა ამ კანონითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენის ორგანიზება.
კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ -ქონების მართვის სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით და ორგანიზაციულად უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №61-0118088815 წერილი მიღებულია სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თბილისის მთავრობა არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას. ამავე კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი“.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედი კანონმდებლობით, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მსჯელობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №61-0118088815 წერილის კანონიერების თაობაზე განეკუთვნება სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უკან დაუბრუნდა მოსარჩელეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 26 აპრილს წარდგენილი №19/0118116458-01 ადმინისტრაციული საჩივარი, თანდართულ მასალებთან ერთად. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №... წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №61-0118088815 წერილი მიღებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში. მხარეს ასევე განემარტა, რომ ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მოქმედი კანონმდებლობით, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლა წარმოადგენს სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 ივლისის №... წერილი ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, არ შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან არ წარმოადგენს რაიმე სახის უფლების ან ვალდებულების წარმოშობის, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურების საფუძველს. შესაბამისად, აღნიშნული წერილი არ შეიძლება რაიმე სახის ზიანს აყენებდეს მოსარჩელეს, მით უმეტეს, რომ იგი საერთოდ არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ვალდებული იყო განეხილა ს. ბ-ის წარმომადგენლის, ე. გ-ას საჩივარი და ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულმა შეფასებამ საბოლოო ჯამში გავლენა იქონია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განჩინების მიღებაზე.
კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს დასაშვებობის წინაპირობებს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე განხილული აქვს მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №61-0118088815 წერილზე წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის 2018 წლის 4 ივნისის №... წერილის კანონიერება წარმოადგენს.
სადავო წერილით ს. ბ-ის წარმომადგენელს - ე. გ-ას განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მერია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი, არამედ დავა იყო სასამართლოს განსჯადი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული მოსაზრების მართებულობაზე კვლავ მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში.
პირველყოვლისა უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებათა თავში შემავალი მე-18 მუხლით გარანტირებულია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება, რაც ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების აუცილებელ წინაპირობად მოიაზრებს, რომ ის განიხილოს უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. საჩივარი შეიტანება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ იქ არსებობს მისი გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო თუ აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ - ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (სზაკ-ის მუხ. 178)
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, ხოლო მე-14 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლითაც დადგენილია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება. მითითებული მუხლის თანახმად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის ფუნქციის განხორიცელების მექანიზმს, რაც გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობას ხელისუფლების იმავე შტოში და არა აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც გამორიცხავს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე