საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1048(კ-19) 3 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 28 თებერვალს გ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წელს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ...ში შეიძინა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი. ქონების შეძენისთანავე ოჯახმა შემოღობა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ფართობი და შეუდგა მის გამოყენებას. მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ნაკვეთთან ერთად ქმნიდა საერთო სივრცეს, რაზედაც მოსარჩელემ განათავსა ორი ერთეული ხის კონსტრუქციის ორანჟერია, ასევე მოჰყავდა კარტოფილი და სხვა კულტურა. 2010 წლის ზამთარში ხის ორანჟერიები დაინგრა, 2016 წლის დასაწყისში მიწის მფლობელმა, როგორც იტყვიან ,,დაასვენა“ მიწის ნაკვეთი, სამომავლოდ გამოსაყენებლად.
2017 წლის 1 თებერვალს გ. ფ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის მიერ გატარებული რიგი ღონისძიებების შემდგომ დოკუმენტები გადაეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
2018 წლის 29 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N21 განკარგულებით გ. ფ-ს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ (მომიჯნავე) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2018 წლის 29 იანვრის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთნ არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N21 განკარგულების სადავო საკითხის გადაუწტყვეტლად ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გ. ფ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N21 განკარგულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...ის თემში 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...ის თემში 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ. ფ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი „კანონის“ (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“) მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. მითითებული კანონის პირველი და მეორე მუხლების და ამავე კანონის რეალიზების მიზნით გამოცემული ,,წესის“ („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების) პირველი მუხლის თანახმად, ის არეგულირებს და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესებს.
განსახილველ შემთხვევაში გ. ფ-ის განცხადებაზე კომისიამ წარმოება დაიწყო მას შემდეგ, რაც მას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან გადაეგზავნა დაინტერესებული პირის განაცხადი და სარეგისტრაციო მასალები. „კანონის“ 4.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. „კანონის“ 51.3 მუხლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 1 თებერვალს გ. ფ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის უფლების რეგისტრაცია, მისამართზე: წყალტუბო, სოფ. ...ი. განცხადებასთან ერთად გ. ფ-მა წარადგინა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი დისკთან ერთად.
2017 წლის 10 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ფ-ის მიერ წარმოდგენილი და დამატებით რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. „კანონის“ მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
1) საკუთრების უფლებით გადასაცემ (თვითნებურად დაკავებულ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 2) საკუთრების უფლებით გადასაცემი (თვითნებურად დაკავებული) ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უნდა იყოს და მისი ფართობი ნაკლები უნდა იყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
საქმეში დაცული 08.01.2015 წელს მომზადებული ამონაწერით ირკვევა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით - 6 968 კვ, საკადასტრო კოდი - ... (წინა N..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01 განაშენიანების ფართობი-177.25 კვ.მ., N02-76.74 კვ.მ.), უძრავი ქონების ნასყიდობის N1-2507 ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმებული - 20.06.2006წ) რეგისტრირებულია გ. ფ-ის საკუთრებად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.07.2017 წლის N270645 შუამდგომლობის საფუძველზე „კომისიამ“ გ. ფ-ის განცხადებაზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. გ. ფ-ი ითხოვდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე, მის მიერ თვითნებურად დაკავებული 5 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. გ. ფ-ის განცხადებას დაერთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, გამგებლის წარმომადგენლის - თ. მ-ის 2017 წლის 19 სექტემბრის აქტი, ორთოფოტო, მოწმეების - ზ. კ-ის, ნ. კ-ის და ნ. ჭ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები. უდავოა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ფართობით ნაკლებია გ. ფ-ის კუთვნილ (საკუთრებად რეგისტრირებული) საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და აღნიშნულის მომიჯნავეა. მოწმეების ნ. კ-ის და ნ. ჭ-ის ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ მათი მეზობელი გ. ფ-ი 2006 წლიდან დღემდე (03.11.2017წ. განცხადების შედგენის თარიღი) ნამდვილად ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, მდებარე: 14 წყალტუბო, სოფ. ...ი, ნაკ. №865-ის მიმდებარედ, ფართით - 5 000კვ.მ.
ზ. კ-ის და ნ. ჭ-ის (მოწმეები) განცხადებით კი ირკვევა, რომ მათი მეზობელი გ. ფ-ი 2004 წლიდან დღემდე (18.10.2016წ. განცხადების შედგენის თარიღი) ნამდვილად ფლობს და სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთით, მდებარე: წყალტუბო, სოფ. ...ი, ფართით - 6631კვ.მ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, გამგებლის წარმომადგენლების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის - თ. მ-ის 19.09.2017წ. აქტით ირკვევა, რომ გ. ფ-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თვითნებურად აქვს დაკავებული, მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს, სარგებლობს და შემორაგული აქვს. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს ჯ. ჯ-ე და ნ. კ-ი, რომლებიც გაფრთხილებულ იქნენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. 10.01.2018 წლის მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტში აღნიშნულია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტებმა, თ. ფ-ამ და თ. მ-მა აღიარების კომისიის თავმჯდომარის დავალებით დაათვალიერეს გ. ფ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მიუთითეს, რომ ნაკვეთზე არ დასტურდებოდა მოვლის, ფლობის და სარგებლობის კვალი, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი იყო მოუვლელი და აუთვისებელი. ზემოაღნიშნული აქტით ირკვევა, რომ გამგეობის წარმომადგენლების მიერ მოხდა ფოტო და ვიდეომასალის შეგროვება.
კომისიის 25.01.2018 წლის N2 სხდომის ოქმის ამონაწერით ირკვევა, რომ საოქმო გადაწყვეტილებით გ. ფ-ს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 5 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დასტურდებოდა გ. ფ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არ არის მოვლილი, არ ეტყობა სარგებლობისა და ათვისების კვალი, რამაც კომისიას მისცა საკმარისი საფუძველი, უარი ეთქვა ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
გ. ფ-ის წარმომადგენლის განმარტებით, ირკვევა, რომ მისი მარწმუნებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც გ. ფ-ის მფლობელობაშია ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროიდან. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი შემოღობილია. 2010 წლამდე ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გ. ფ-ს განთავსებული ჰქონდა ხის ორანჟერიები, ხოლო ახლა ამ მიწის ნაკვეთზე მოჰყავს კარტოფილი და კომბოსტო. ნაკვეთი, რომ შემოღობილია ამას ადასტურებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, გამგებლის წარმომადგენლების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის - თ. მ-ის 19.09.2017წ. აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გ. ფ-ს თვითნებურად დაკავებული, მიწის ნაკვეთი შემორაგულია აქვს, ხოლო მოწმეების -ზ. კ-ის, ნ. ჭ-ის და ნ. კ-ის განცხადებებით დადგენილია, რომ გ. ფ-ი ნამდვილად ფლობს და სარგებლობს მისი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, ფართით - 5 000კვ.მ. „კანონის“ 51.7 მუხლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. „კანონის“ 51.5 მუხლის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოს მიხედვით სადავო ტერიტორიის ნაწილზე მოჩანს ნაგებობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული ნაგებობა არის სწორედ იმ ორანჟერიის ნაწილი, რაზედაც სარჩელში მიუთითებდა და ამყარებდა მოსარჩელე თავის პრეტენზიას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომ მათი მხრიდან მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი არ იყო სრულყოფილად გამოკვლეული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც მოცემულ შემთვევაში აპელანტმა ვერ დაამტკიცა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება, რომ გასაჩივრებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 29.01.2018 წლის N21 განკარგულება ეწინააღმდეგება ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს და რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; აღნიშნული კანონი კი ამოქმედდა 2007 წელს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საკუთრება უფლებაასაღიარებელი მიწა დაინტერესებულ პირს დაკავებული უნდა ჰქონდეს 2007 წლამდე და არა მხოლოდ განცხადების წარდგენის მომენტში.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, მიწის ნაკვეთი იყო თუ არა გ. ფ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული, კერძოდ, სარგებლობდა თუ არა იგი 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რაც არ არის საკმარისად დასაბუთებული. რადგან კომისიამ საკითხზე მსჯელობით, საქმეში არსებული მასალებითა და ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, რომ გ. ფ-ის მხრიდან ფაქტობრივ მფლობელობას ადგილი არ ჰქონია. სარგებლობის ფაქტი ადგილზე დათავალიერებით ვერ დადგინდა, მიწის ნაკვეთი არ არის გამოყენებული და ათვისებული.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით რომელშიც უნდა მიეთითოს: მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენების მოკლე აღწერა, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგები; აღნიშნული ნორმა იმპერატიულად მიუთითებს, რომ კომისიამ უნდა მოახდინოს ადგილზე დათვალიერება და შედეგების აღწერა შესაბამის სამართლებრივ აქტში, ამდენად, კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო თ. ფ-ას და თ. მ-ის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად მოკვლეულ გარემოებებს და ადგილზე დათვალიერების აქტს, და უპირატესობა მიანიჭა აღნიშნულ მტკიცებულებას იქედან გამომდინარე, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო რაც შეეხება თ. მ-ის მიერ შედგენილ აქტს, რომლითაც დასტურდება გ. ფ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, იგი შედგენილია მხოლოდ მოწმეთა განმარტების საფუძველზე, მოწმე, მართალია, გაფრთხილებულია ცრუ ჩვენებისთვის, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რა დამოკიდებულებაშია მოწმე დაინტერესებულ მხარესთან -გ. ფ-თან და ამასთან, გასარკვევია მოწმის მოსაზრება მფლობელობის მცნებასთან მიმართებაში, რამდენად ინფორმირებულია იგი თუ რა არის მფლობელობა თავისი არსით, თვლის ის მფლობელობას და სარგებლობას შემოღობვასა თუ მიწის ნაკვეთის სხვაგვარად ათვისებას, გამოყენებას თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე. კასატორის განმარტებით, კანონის მიზანი მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის ხელშეწყობაა და დაცული უნდა იქნეს აღნიშნული მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 29 იანვრის N21 განკარგულების, რომლითაც გ. ფ-ს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...ის თემში 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, კანონირების შემოწმება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას გ. ფ-ის მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად (მომიჯნავედ) დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
2019 წლის 11 დეკემბერს ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელდა ცვლილება, რის შედეგადაც, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება, კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩამოყალიბდა შემდეგი სახით, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესზე“, რომელიც ადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს. აღნიშნული „წესის“ 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული „წესის“ 11.2 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში, ხოლო ამავე „წესის“ 11.4 მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი; გ) ინფორმაცია, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ხარისხობრივი (კარგი და მწირი) მონაცემები; დ) დაინტერესებული პირის ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო თუ დაინტერესებული პირი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლეა, დამატებით სავარაუდო მემკვიდრეობის ან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ დაინტერესებული პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100 000-ზე (ასი ათასზე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სააგენტოში არსებული უახლესი ინფორმაცია მიწის იმ ნაკვეთის თაობაზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხიც განიხილება, კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა მასზე უფლება ან წარდგენილია თუ არა სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რომელზეც მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება ან/და ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.
გასაჩივრებულ განკარგულებაში გ. ფ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მოტივად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდებოდა გ. ფ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში, 2000 წელს შ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსი ავტომატურად გახდა შვილი ზ. კ-ი, რომლის სახელზეც აღირიცხა 0.78 ჰა მიწის ნაკვეთი ს/კ ....
დადგენილია, რომ 2000 წლის 20 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ. კ-მა გ. ფ-ს მიჰყიდა წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ში მდებარე 6968.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, ს/კ .... აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა გ. ფ-ი.
2017 წლის 1 თებერვალს გ. ფ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში, მდებარე თვითნებურად დაკავებულ 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელექტრონული ვერსიით, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლის 2017 წლის 19 სექტემბრის აქტი, ორთოფოტო, მოწმეების - ზ. კ-ის, ნ. კ-ის და ნ. ჭ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები.
2017 წლის 10 ივლისს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ფ-ის მიერ წარმოდგენილი და დამატებით რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 25 იანვრის განკარგულებით გ. ფ-ს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 5 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დასტურდებოდა გ. ფ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არ იყო მოვლილი, არ ეტყობოდა სარგებლობისა და ათვისების კვალი.
საქმეში წარმოდგენილია ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის მიერ შედგენილი აქტი, რომლის მიხედვით, გ. ფ-ს სადავო მიწის ნაკვეთი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში აქვს შემორაგული და სარგებლობს აღნიშნული მიწის ნაკვეთით.
მეზობლების - ნ. კ-ისა და ნ. ჭ-ის განცხადებიდან ასევე დგინდება, რომ მათი მეზობელი გ. ფ-ი 2006 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, მდებარე: წყალტუბო, სოფ. ...ი, ნაკ. №865-ის მიმდებარედ არსებული ფართი-5000კვ.მ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება. ამ მიზნით, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გამოირიცხება უძრავი ქონების სხვა პირის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი. თავის მხრივ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა წარმოშობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე და სადავო აქტი შემოიფარგლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლის ფორმალური მითითებით და არ შეიცავს დასაბუთებას. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმით არ დასტურდებოდა გ. ფ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი არ არის მოვლილი, არ ეტყობა სარგებლობისა და ათვისების კვალი, რამაც კომისიას მისცა საკმარისი საფუძველი, უარი ეთქვა ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ყურადღება უნდა მიქცეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ღობით შემოსაზღვრულ ტერიტორიას, რასაც ადასტურებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლის 2017 წლის 19 სექტემბრის აქტი. მოწმეების განცხადებებით დადასტურებულია, რომ გ. ფ-ი ნამდვილად ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს. საქმეში წარმოდგენილია ასევე სადავო მიწის ნაკვეთის ორთოფოტო, რომელზედაც მოსჩანს ნაგებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, არის სწორედ ორანჟერიის ნაწილი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სპეციალისტების მიერ, უნდა განისაზღვროს ორთოფოტოზე წარმოდგენილი შენობის ნაწილი წარმოადგენს თუ არა ორანჟერიის ნაწილს. კიდევ ერეთხელ უნდა მოხდეს განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა და ადგილზე დათვალიერების შედეგად შესაბამის სპეციალისტებთან ერთად უნდა შეფასდეს სადავო მიწის ნაკვეთს ეტყობა თუ არა დამუშავების კვალი.
საკასაციო სასამართლოს ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე