Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1218(კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ბ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „...ი“, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო).

აღწერილობითი ნაწილი:

03.08.2017წ. შპს „...მა“ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 13.06.2017წ. A17021554-011/001 შეტყობინების (სააღსრულებო მოქმედების) უკანონოდ ცნობისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 19.07.2018წ. N3250 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 09.08.2017წ. განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 03.09.2018წ. განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ნ. ბ-ე და ა. მ-ი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 01.10.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 19.07.2018 წ. N3250 ბრძანება და უკანონოდ იქნა ცნობილი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 13.06.2017წ. NA17021554–011/001 შეტყობინება (სააღსრულებო მოქმედება). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - ნ. ბ-ემ და ა. მ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ისა და ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 01.10.2018წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსრულებადი მოთხოვნის ფარგლების დადგენა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სასამართლო აქტის დასკვნითი ნაწილია, რომელშიც საბოლოო სახით არის წარმოდგენილი სასამართლო განხილვის შედეგები, შესაბამისად, იგი ლოგიკურად გამომდინარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შეფასებიდან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, ნ. ბ-ის და ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,...იდან“ გამოთხოვილ იქნა შპს ,,...ის“ სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია. ნ. ბ-ე და ა. მ-ი მიიჩნევენ, რომ შპს ,,...ის“ დირექტორს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სრულყოფილად არ შეუსრულებია, შესაბამისად აღმასრულებელმა მოვალე მხარეს კრედიტორის განცხადების საფუძველზე მოსთხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც მოვალის მიერ არ წარმოდგენილა. მესამე პირების მოსაზრებით, დამატებითი დოკუმენაციის წარდგენის თაობაზე აღმასრულებლის მოთხოვნა შესაბამისობაში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 21.05.2015წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილთან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ აღსრულება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა - განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა. ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან იძულებითი აღსრულება, როგორც წესი, ვერ ხორციელდება უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის გარეშე, აუცილებელია მისი ეფექტური სასამართლო კონტროლი, წარმოების დასაწყისიდან, მის ყველა სტადიაზე. ამასთან, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სამართლებრივი საშუალებები ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოფდეს იძულებითი აღსრულების გაჭიანურების თავიდან აცილებას, ხოლო მეორე მხრივ, კრედიტორის მოთხოვნების შეძლებისდაგვარად სწრაფად და სრულად განხორციელებას. ამასთან, მოვალეს უნდა შეეძლოს კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევისაგან თავის დაცვა. სააღსრულებო ორგანოებს აღსრულების პროცესში ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა კრედიტორის მოთხოვნებსა და მოვალის, ასევე სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე სხვა პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის. სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.5 მუხლზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების პროცესში კრედიტორს აღმასრულებლის მეშვეობით გადაეცა არაერთი საბუღალტრო დოკუმენტი, მათ შორის, იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც ამოღებულ იქნა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 15.06.2017წ. ოქმში შპს ,,...ის“ წარმომადგენელი უდასტურებს აღმასრულებელს საწარმოში არსებული ყველა დოკუმენტის მატერიალური სახით გადაცემას 2017 წლის მდგომარეობით, ამასთან გამოთქვამს მზაობას, კრედიტორს ადგილზეც გააცნოს დოკუმენტები. სააპელაციო სასამართლომ ასევე საგულისხმოდ მიიჩნია, რომ შპს ,,...ის“ წარმომადგენელი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თანხმობას აცხადებდა აღმასრულებლის მონაწილეობით, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შეემოწმებინა და ელექტრონული სახით მიეღო rs.ge-ის ვებ პორტალზე განთავსებული ფინანსური დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული შესაძლებლობა აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების საწყის ეტაპზეც გააჩნდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,...ს“ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გააჩნდა კრედიტორისათვის მატერიალური სახით და საგადასახადო ვებპორტალზე არსებული საწარმოს ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულება. ამასთან, დოკუმენტაციის შეფასებისა და ანალიზის გამარტივებისათვის, საწარმოს არ ევალებოდა მათი ცხრილების, რეესტრების სახით გადაცემა ან ახვა ფორმით დამუშავება. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქმედება უკანონოა. სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, იგი დაეთანხმა მსჯელობას აღმასრულებლის ქმედების უკანონობის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა - ნ. ბ-ემ და ა. მ-მა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან გამოყენებული კანონი განმარტებულია არასწორად. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო სადავო განჩინება, რომელიც იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ შეუძლებელია მისი საფუძვლიანობის შემოწმება. კასატორები მიიჩნევენ, რომ განსახილველი საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრატიკის დამკვიდრებისათვის. სახეზეა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც მხარე თავს არიდებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული სიტყვები: „სრული“ და „ყველა“ გულისხმობს კრედიტორისათვის დოკუმენტაციის სრულად გადაცემას და არა იმ ნაწილს, რომელიც მოვალე მხარისათვის არის მისაღები. 21.05.2015წ. სასამართლო გადაწყვეტილებით შპს „...ისაგან“ გამოთხოვილ იქნა სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, თუმცა მიუხედავად აღმასრულებლის არაერთი მოთხოვნისა, შპს „...მა“ დოკუმენტაცია სრულად არ წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის შესაბამისად, აღმასრულებელმა სააღსრულებო საქმე გადააგზავნა პროკურატურაში.

კასატორების განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ მოვალისაგან საქმის მასალების მიღებისას კრედიტორს პრეტენზია არ განუცხადებია. რეალურად, კრედიტორის წარმომადგენელმა მასალები ჩაიბარა 1498 გვერდად (ამას სასამართლოც მიუთითებს სადავო გადაწყვეტილებაში). შესაბამისად, საქმის მასალების ჩაბარებისას კრედიტორის წარმომადგენელს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, იყო თუ არა მოვალის მიერ დოკუმენტაცია გადაცემული სრულად, ვიდრე არ მოხდებოდა მათი დეტალური გაცნობა. მხოლოდ აუდიტის მიერ შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოვალეს არ გაუცია მთელი რიგი დოკუმენტაცია.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არამარტო დაარღვია სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სავალდებულოობის პრინციპი, არამედ ფაქტობრივად არ შეისწავლა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ იმის გამო, რომ მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, გაიზიარა მსჯელობა აღმასრულებლის ქმედების უკანონობასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარეს თავისი პოზიცია წარდგენილი ჰქონდა როგორც რაიონულ, ისე სააპელაციო სასამართლოში. სადავო განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ იყო ვალდებული, კრედიტორისათვის ცხრილებისა და რეესტრის სახით წარედგინა ფინანსური დოკუმენტაცია, თუმცა ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გარდა აღნიშნული ცხრილებისა, აღმასრულებელმა მოვალისაგან მოითხოვა მთელი რიგი დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ კრედიტორს აღსრულების პროცესში აღმასრულებლის მეშვეობით გადაეცა არაერთი საბუღალტრო დოკუმენტი, მათ შორის, იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას. აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული, რომ შპს „...იდან“ გამოთხოვილ იქნა სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებები, გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია. აღნიშნული ფორმულირება გულისხმობს ყველა სახის დოკუმენტაციას, რომლებიც აღმასრულებლმა კრედიტორის განცხადების საფუძველზე მოსთხოვა მოვალეს. აღმასრულების ყველა მოქმედება იყო კანონიერი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.2020წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ბ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესი უკავშირდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედების კანონიერების შეფასებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 20.2 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას, ხოლო 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი წარმოშობს აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მისი აღსრულების აუცილებლობას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით მკაცრად არის განსაზღვრული აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციები და მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილების კანონთან ზუსტი შესაბამისობით აღსრულებას. აღნიშნული კანონის 17.7 მუხლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ამასთან, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან (კანონის 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს წარმოებაში იყო ნ. ბ-ის და ა. მ-ის სარჩელი, მოპასუხეების - დ. ბ-ას და შპს „...ის“ მიმართ. სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის და ა. მ-ის სარჩელი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის მიხედვით, შპს „...იდან“ გამოთხოვილ იქნა შპს „...ის“ სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, მ/შ ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია. 21.10.2016წ. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო 22.02.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და წარდგენილ იქნა სააღსრულებო ბიუროში, იძულებით აღსრულების მიზნით. აღსრულების კრედიტორები არიან ნ. ბ-ე და ა. მ-ი, ხოლო მოვალე - შპს ,,...ი“.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩატარდა მთელი რიგი სააღსრულებო მოქმედებები:

24.02.2017წ. აღმასრულებელმა კრედიტორს - შპს „...ს“ გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც მოვალეს პირადად ჩაბარდა 27.02.2017წ. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა 14.03.2017წ. ჩაატარა სააღსრულებო მოქმედება - გამოცხადდა შპს ,,...ის“ მისამართზე და კრედიტორს გადასცა დოკუმენტაცია. ამასთან, სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმში მითითებულ იქნა, რომ ორგანიზაციას არ გააჩნია სხვა დოკუმენტაცია, გარდა წარმოდგენილისა და საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნილისა. მასალები გადაეცა კრედიტორის წარმომადგენელს - კ. ზ-ას, რომელსაც აღსრულებასთან დაკავშირებით შენიშვნები და პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

31.03.2017წ. ჩატარებული სააღსრულებო მოქმედების დროს მოვალემ - შპს „...მა“ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოებიდან დამატებით გამოითხოვა საწარმოს დოკუმენტაცია, რომელსაც სრულად გადასცემდა კრედიტორს. მოვალემ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმზე გაკეთებულ შენიშვნაში მიუთითა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დოკუმენტაცია წაიღეს დაუნომრავად და ასეთივე ფორმით დაუბრუნეს, რაც სრულად გადაეცა კრედიტორს. ამავე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების დროს მოვალემ განაცხადა, რომ უკვე გადაცემული დოკუმენტაციის გარდა მას სხვა დოკუმენტაცია არ გააჩნდა. ამასთანავე, იგი ვერ შეასრულებდა კრედიტორის მიერ მოთხოვნილ მოქმედებას, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო ვებ პორტალიდან - rs.ge-დან ელექტრონულ (ექსელის) ფორმატში ინფორმაციის გადაცემას, ვინაიდან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას სააღსრულებო ფურცელი არ ითვალისწინებდა, ხოლო სხვა ყველა დოკუმენტი, რაც მას გააჩნდა ფიზიკურად და ელექტრონულად, კრედიტორს გადაეცა სრულად. მოვალემ ასევე განაცხადა, რომ კრედიტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მზად იყო, ნებისმიერ დროს წერილობით გაეცა ის დოკუმენტაცია, რომელიც შესრულდებოდა ან მექანიკურად იყო გამორჩენილი.

13.04.2017წ. ნ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მიუთითა, რომ 22.02.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შპს „...ს“ დაევალა დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად, მოვალემ წარადგინა არასრული დოკუმენტაცია, კერძოდ არ იქნა მიწოდებული: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი; 2) სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებპორტალიდან RS.ge ექსელის ფორმატში, მათ შორის: ექსპორტის სასაქონლო რეესტრი (ზედნადებების და პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან - ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის, ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები - დეტალურად; აღრიცხვა-ანგარიშგების ექსპორტი; სპეციალური ანგარიშფაქტურები; საგადასახადო შემოწმების აქტები; ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი; 3) მიმწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები; 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი. განმცხადებლის მოსაზრებით, ვინაიდან მოვალემ არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება, სააღსრულებო საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით უნდა გადაიგზავნოს პროკურატურაში.

18.04.2017წ. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შპს „...ს“ მოსთხოვა კრედიტორის 13.04.2017წ. განცხადებაში მითითებული დოკუმენტების წარდგენა, თუმცა მოვალემ განაცხადა, რომ ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებდა, ვინაიდან აღნიშნული ელექტრონული ინფორმაციის ექსელის ფაილების და რეესტრების მომზადება, კრედიტორისთვის გადაცემა სასამართლოს არ დაუვალებია. ამასთან, დოკუმენტები არ დაუმალავს და კრედიტორს სრულად გადასცა აღმასრულებლის თანდასწრებით.

13.06.2017წ. №A17021554–011/001 შეტყობინებით, 22.02.2017წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესასრულებლად აღმასრულებელმა შპს ,,...ს“ მოსთხოვა შემდეგი დოკუმენტების გადაცემა: 1) ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი; 2) სრული ელექტრონული ინფორმაცია საგადასახადო ვებპორტალიდან RS.ge ექსელის ფორმატში, მათ შორის: ექსპორტის სასაქონლო რეესტრი (ზედნადებების და პროდუქციის მიხედვით), ანგარიშფაქტურების რეესტრის ექსპორტი (გამყიდველი, მყიდველი, პროდუქცია), ზოგადი ინფორმაციიდან - ყველა დეკლარაცია, საბაჟო ოპერაციები, ნებართვები, სალარო აპარატის მონაცემები (მათ შორის, ფისკალური მაჩვენებლები), სამართალდარღვევები - დეტალურად; აღრიცხვა-ანგარიშგების ექსპორტი; სპეციალური ანგარიშფაქტურები; საგადასახადო შემოწმების აქტები; ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიღების და ხარჯვის რეესტრი; 3) მიმწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები; 4) საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერი.

ზემოაღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, 14.06.2017წ. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით მიმართა შპს „...ის“ დირექტორმა და მიუთითა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის რეესტრი (შესაძლებელია, იგულისხმებოდა კონკრეტული კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა). ამასთან, სარჩელით არ იყო მოთხოვნილი და სასამართლო გადაწყვეტილებითაც საწარმოს არ დავალებია „პროგრამის რეესტრის“ და პროგრამა „ორისის“ გადაცემა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საწარმოს, როგორც გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე არსებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის „ექსელის“ პროგრამაში სრულად გადატანა შეუძლებელი იყო. შესაძლებელი იყო მხოლოდ ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მოცემული ინფორმაციის გადატანა „ექსელის“ ცხრილებში, თუმცა სასამართლოს არც „ექსელის“ ცხრილების შედგენა და კრედიტორისთვის გადაცემა არ დაუვალებია. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციაში შედის მომწოდებელ პირებთან გაფორმებული შედარების აქტები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ასეთი აქტები არ იყო გაფორმებული, შესაბამისად, კრედიტორს ისინი ვერ გადაეცემოდა. ამასთან, საწარმოს საბანკო ანგარიშების ელექტრონული ამონაწერის მომზადება და მოსარჩელისათვის გადაცემა სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი, შესაბამისად, მისი მომზადება და მოსარჩელისათვის გადაცემა სასამართლო გადაწყვეტილებით საწარმოს არ დავალებია.

15.06.2017წ. ჩატარებული სააღსრულებო მოქმედების შედეგად შედგენილ ოქმში მოვალემ - შპს „...ის“ დირექტორმა დააფიქსირა, რომ მან აღსასრულებელი გადაწყვეტილება შესრულებულია სრული მოცულობით. საწარმოს ევალებოდა დოკუმენტაციის გადაცემა 2015 წლის მაისის მდგომარეობით, თუმცა გადაცემული ჰქონდა 2017 წლის მდგომარეობით. ამასთან, საწარმოს დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაცია გაეცა მომავალშიც. ამასთან, მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, ინფორმაციას ადგილზე გაცნობოდა.

26.06.2017წ. შპს ,,...მა“ აღმასრულებლის ქმედებაზე - 13.06.2017წ. შეტყობინებაზე წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 19.07.2017წ. N3250 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ აღმასრულებლის მოთხოვნა არ სცილდებოდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ფარგლებს.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სააღსრულებო ბიურომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი სააღსრულებო მოქმედების განხორციელება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმასრულებელი გასცდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განსახორციელებელი მოქმედების ფარგლებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „...ისათვის“ დადგინდა მატერიალური სახით და საგადასახადო ვებპორტალზე არსებული საწარმოს ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულება. ამასთან, დოკუმენტაციის შეფასებისა და ანალიზის გამარტივების მიზნით, საწარმოს არ ევალებოდა მათი ცხრილების, რეესტრების სახით გადაცემა ან ახვა ფორმით დამუშავება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირისათვის სასურველი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა დამოკიდებული იყო აღსასრულებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტულ შინაარსზე. ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით არ დადგენილა მოპასუხისათვის ახალი დოკუმენტის შექმნის ვალდებულება, იგი მხოლოდ არსებული დოკუმენტების, ინფორმაციის და პუბლიკაციის გადაცემის უზრუნველყოფაზე მიუთითებდა. ამდენად, აღმასრულებელს არ ჰქონდა უფლება, შესაბამისი ფორმით მოვალისათვის იმ ინფორმაციის გაცემა დაევალებინა, რომლის ვალდებულებაც აღსასრულებელი გადაწყვეტილებით არ იყო გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ აღსრულების პროცესში კრედიტორს აღმასრულებლის მეშვეობით გადაეცა არაერთი საბუღალტრო დოკუმენტი, მათ შორის, იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც ამოღებულ იქნა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში. ამასთან, სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 15.06.2017წ. ოქმში დაფიქსირებული განმარტებით, შპს ,,...ის“ წარმომადგენელი უდასტურებს აღმასრულებელს საწარმოში არსებული ყველა დოკუმენტის მატერიალური სახით გადაცემას 2017 წლის მდგომარეობით და გამოთქვამს მზაობას, სურვილის შემთხვევაში, კრედიტორს ადგილზეც გააცნოს შესაბამისი დოკუმენტები. გარდა ამისა, შპს ,,...ის“ წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თანხმობა განაცხადა, აღმასრულებლის მონაწილეობით შემოწმებულიყო და ელექტრონული სახით მიღებულიყო rs.ge-ის ვებ პორტალზე განთავსებული ფინანსური დოკუმენტაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ. ბ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.2019წ. განჩინება;

3. ლ. მ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ბ-ის და ა. მ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 30.12.2019წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



ნ. სხირტლაძე