ბს-1105 (2კ-18) 08 ივნისი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მ“ 08.05.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 16.01.2014წ. N09 ბრძანებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 04.04.2014წ. Nი-198 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.05.2015წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.07.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს "...ს" მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. გადაწყვეტილებით შპს "...ს" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2016წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს "...ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 16.01.2014წ. N09 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს "...ზე" გრძელვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 12.10.2009წ. N1-1/2308 ბრძანება და მის საფუძველზე შპს "...ზე" გაცემული სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმმართველოს ადიგენის ყოფილი სატყეო უტყისუბნის (...-...., ...-..., ...-..., ...-... კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე, საერთო ფართობით ... ჰა, გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხეტყის დამზადების N... სპეციალური ლიცენზია, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს "...ს" მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 04.04.2014წ. Nი-198 ბრძანება, რომლითაც შპს "...ს" უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სადავო აქტის გამოცემით სათანადოდ უნდა დაესაბუთებინა თუ რატომ უნდა მიჩნეულიყო ლიცენზიის პირობების დარღვევად მასში მითითებული ჭრის სახეობისათვის განსაზღვრული ლიკვიდური მარაგისა და სხვა სახის (ლიცენზიით გაუთვალისწინებელი) ჭრებით მოპოვებული ხე-ტყის ოდენობის შეჯამებით მიღებული შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
კასატორი - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და შეფასებული ტყის დაცვისა და ბუნებრივი რესურსის რაციონალურად/ეფექტურად განკარგვის მიზნით რამდენად ჰქონდა მნიშვნელობა ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით გათვალისწინებული მთავარი ჭრით ასათვისებელი მერქნული რესურსის გარდა თავისი ნებით განეკარგა ასევე სანიტარული ჭრით ასათვისებელი რესურსი. მთავარი ჭრის განხორციელებისას, რომელიც უპირატესად მიმართულია მოგებასა და ეკონომიკურ სარგებელზე, ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებაა მთავარი ჭრების განხორციელების პარალელურად უზრუნველყოს ტყის მოვლისა და დაცვის ღონისძიებები, მათ შორის ამ მიზნით განახორციელოს სანიტარული ჭრა, საიდანაც მიღებული მერქნული რესურსიდან სარგებლის მიღება ეკონომიკური მიზნით დაუშვებელია. სასამართლოს არ შეუფასებია სანიტარული ან/და მოვლითი ჭრით მიღებული მერქნული რესურსის მოგების, ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით განკარგვის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის ან შესაბამისი ლიცენზიის არსებობის საჭიროება.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე განხორციელდა შპს "...ზე" გაცემული სპეციალური ხე-ტყის დამზადების N... ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შედგა N000829 ინსპექტირების აქტი. შემოწმებისას დადგინდა, რომ ლიცენზიანტის მიერ ათვისებული იყო იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე გათვალისწინებული იყო შპს "...ზე" გაცემული N... ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების სრული პერიოდის, 10 წლის განმავლობაში. კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის სრული ოდენობა შეადგენდა ... კუბურ მეტრს, ხოლო შემოწმების პერიოდისათვის შპს "...ს" უკვე მოპოვებული ჰქონდა … კუბური მეტრი მერქანი.
"ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის "ა.ა" ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზია განმარტებულია როგორც ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის უფლება. ამავე კანონის 7.4 მუხლის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით სარგებლობის ლიცენზიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია და მათ შორის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია. კანონმდებელმა ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით დაუშვა ბუნებრივი რესურსით სარგებლობა, რაც შეზღუდულია სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესთა თანაფარდობის განსაზღვრის ვალდებულებით. მნიშვნელოვანია არსებითად შეფასდეს თითოეული ლიცენზიის გაცემის მიზნობრივი მხარე და დანიშნულება. ლიცენზია, როგორც ბუნებრივი რესურსით სარგებლობის უფლება-არამატერიალური სიკეთე, არ წარმოადგენს შეუზღუდავ და აბსოლუტურ უფლებას და მისი გამოყენება ნებადართულია მხოლოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიის ფარგლებში. კასატორი საქართველოს მთავრობის 13.08.2010წ. N241 დადგენილებით დამტკიცებულ "ტყის მოვლის და აღდგენის წესსა" და ტყის კოდექსზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. ტყის კოდექსის 55.1 მუხლის მიხედვით ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტებია ტყითსარგებლობის ლიცენზია, ხელშეკრულება და ბილეთი. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ლიცენზიით გათვალისწინებული რაოდენობის ფარგლებში აითვისოს მერქნული რესურსი. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 22.41 მუხლის თანახმად, თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ან/და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან შპს "...ს" ლიცენზიით სარგებლობის პირობებში უკვე ათვისებული ჰქონდა ლიცენზიით 10 წლის განმავლობაში მოსაპოვებელ რესურსზე მეტი ოდენობა, შესაბამისად მისი დაჯარიმება ვერანაირ სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევდა დარღვევის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. ამდენად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შპს "...ზე" გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიუთითებს, რომ ტყითსარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს უფლებას, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის მფლობელს ეძლევა უფლება დროის წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით მოიპოვოს მერქნული რესურსი, თუმცა მას ასევე ეკისრება ტყის მოვლის და დაცვის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება, რის ერთ-ერთ სახეობასაც წარმოადგენს სანიტარული ჭრა. ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიით გათვალისწინებული ჭრის სახეობაზე (მთავარი სარგებლობის ჭრა) ორჯერ მეტი ოდენობის სანიტარული ჭრა განახორციელა, მაშინ როდესაც სანიტარული ჭრა წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში განსახორციელებელი ჭრის ნაირსახეობას, კერძოდ სანიტარული ჭრა გამოიყენება ტყის მოვლისა და მთავარი ჭრისათვის ხელშეწყობის მიზნით. შპს "...ს" N... სპეციალური ლიცენზიის შესაბამისად, ლიცენზიის მიღებიდან შემოწმების პერიოდისათვის, ლიცენზიით გათვალისწინებულ 10 წელში მოსაპოვებელი ლიკვიდური მარაგის … კუბური მეტრის ნაცვლად ათვისებული ჰქონდა … კუბური მეტრი მერქანი. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 22.41 მუხლის თანახმად, თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ან/და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან შპს "...ს" ლიცენზიით სარგებლობის პირობებში უკვე ათვისებული ჰქონდა ლიცენზიით 10 წლის განმავლობაში მოსაპოვებელ რესურსზე მეტი ოდენობა, მისი დაჯარიმება ვერაიარ სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევდა დარღვევის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით.
მნიშვნელოვანია არსებითად შეფასდეს თითოეული ლიცენზიის გაცემის მიზნობრივი მხარე და დანიშნულება, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც ლიცენზიის მიმღების ინტერესი, ისე ლიცენზიის გამცემის უფლება, მხოლოდ ლიცენზიით გათვალისწინებულ ფარგლებში და მკაცრად დადგენილი პირობების შესაბამისად უნდა იქნეს ათვისებული სახელმწიფო რესურსი. შპს "...ზე" გაცემული ლიცენზიით გათვალისწინებული იქნა მხოლოდ მთავარი სარგებლობის ჭრის ლიკვიდური მარაგი, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განსაზღვრა ტერიტორიაზე არსებული ლიკვიდური მარაგი და მთავარი სარგებლობის ჭრისათვის გადასცა შპს "...ს", ამასთან ტყის მოვლის მიზნით, ლიცენზიის მფლობელს ტყით სარგებლობის გეგმით მიეცა საშუალება განეხორციელებინა სანიტარული ჭრები კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სანიტარული ჭრის დამხმარე როლის ნაცვლად, შპს "...ს" მიერ სანიტარული ჭრებით 4 წლის მანძილზე ათვისებულ იქნა იმაზე დიდი ოდენობით მერქნული რესურსი, ვიდრე გათვალისწინებული იყო 10 წლის მანძილზე ასათვისებელი მთლიანი ლიკვიდური ოდენობით. შპს "...მ" არამართლზომიერად, ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით გაცილებით დიდი ოდენობით აითვისა მერქნული რესურსი სანიტარული ჭრებით. აღსანიშნავია, რომ მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა განმარტებული, თუ რატომ განახორციელა შპს "...მ" სანიტარული ჭრა ამ ოდენობით და იწვევდა თუ არა აღნიშნული სახელმწიფო ტყის რესურსით უკანონოდ, გათვალისწინებული ოდენობის გადაჭარბებით სარგებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 12.10.2009წ. N1-1/2308 ბრძანებით შპს "...ზე" გაიცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ადიგენის ყოფილი სატყეო უტყისუბნის (…, …, …, … კვარტლები) ყოფილ სატყეო უბანზე, საერთო ფართობით … ჰა (მათ შორის საექსპლუატაციო ფართობი …ჰა) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია 10 წლის ვადით, ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ლიკვიდური მარაგი განისაზღვრა მთავარი სარგებლობის ჭრით, ... - … მ3 (სამასალე-… მ3 და საშეშე - … მ3). ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი პირობებით 19.10.2009წ. შპს "...ზე" გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია N..., რის საფუძველზეც დამტკიცდა ასევე ტყითსარგებლობის გეგმა, ტყეკაფის გამოყოფის აქტები და ტყეკაფის მიღება-ჩაბარების აქტები. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები გაცემულია როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის სახეობების, ისე სანიტარული ჭრის სახეობების და ჩახერგილობების გაწმენდის მიხედვით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ტყითსარგებლობის კონტროლის განყოფილების მიერ 10.09.2013წ. ჩატარებული ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ შპს "...ს" მიერ N... სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე ათვისებული მერქანი აღემატებოდა ლიცენზიით გათვალისწინებული ლიკვიდური მარაგის (…მ3 ) მოცულობას. აღნიშნული საფუძვლად დაედო შპს "...ზე" გაცემული გრძელვადიანი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 16.01.2014წ. N09 ბრძანების გამოცემას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს "...ზე" გაცემული ლიცენზიით ხე-ტყის ჭრის სახედ განისაზღვრა მხოლოდ მთავარი სარგებლობის ჭრა. სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ხე-ტყის ლიკვიდური მარაგის დათვლისას მთავარი სარგებლობის ჭრის გარდა გაითვალისწინა ასევე სხვა სახის ჭრებით მიღებული ხე-ტყის მოცულობა, რომლის ჯამურმა მაჩვენებელმაც გადააჭარბა ლიცენზიით გათვალისწინებულ ლიკვიდურ მოცულობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის 21.6 მუხლის თანახმად, ლიცენზიის გამცემი სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შემოწმებით. განსახილველ შემთხვევაში სალიცენზიო პირობას წარმოადგენდა მთავარი სარგებლობის ჭრით ...ს ჯიშის ხე-ტყის მოპოვება, რომლის ლიკვიდური მარაგიც არ უნდა ყოფილიყო 5067 მ3 -ზე მეტი. ლიცენზიაში არ არის მითითებული სხვა სახეობის ჭრის განსაზღვრისა და მთავარი სარგებლობის ჭრისთვის დადგენილ ოდენობასთან ერთად მათი რაოდენობის გათვალისწინების შესახებ. საქმის მასალების მიხედვით მთავარი სარგებლობის ჭრით შპს "...ს" მიერ მოპოვებული მერქნული რესურსის მოცულობა არ აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებულ ოდენობას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი ლიცენზიით გათვალისწინებული რომელი პირობის დარღვევას ჰქონდა ადგილი განსახილველ შემთხვევაში, ასევე დაუსაბუთებელია თუ რატომ მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ ლიცენზიის პირობის დარღვევად მასში მითითებული ჭრის სახეობისათვის განსაზღვრულ ლიკვიდურ მარაგთან ერთად სხვა სახის ჭრებით მოპოვებული ხე-ტყის ოდენობის შეჯამებით მიღებული შედეგები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია ტყითსარგებლობის გეგმა, ტყეკაფის პასპორტები და ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც მთავარი სარგებლობის ჭრის, ისე სანიტარული და ჩახერგილობის ლიკვიდაციის მარაგის მოცულობის გათვალისწინებით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს მთავარი სარგებლობის ჭრის გარდა სხვა სახეობის ჭრების ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებით ხომ არ აქვს ადგილი ლიცენზიით დადგენილი პირობის ცვლილებას.
დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება სხვა სახეობის ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსათვის გადაცემის მიზნით მითითებულ ტერიტორიაზე დასაწყობების ვალდებულების შპს "...ზე" უპირობოდ გავრცელების შესახებ, რამეთუ სადავო აქტებში ამ კუთხით არ არის გამოკვეთილი შპს "...ს" მიერ ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ შპს "...ზე" გაცემული ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სზაკ-ის 95-96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, ადმინისტრაციულ პროცესში დაინტერესებული პირის მონაწილეობისა და მისი მოსაზრებების მოსმენის გარეშე, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე