Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

№ბს-1123(კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 26 ივლისს შპს „...ის“ დირექტორმა, ს. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 11.04.2017 წლის N9 დადგენილების თანახმად, შპს ,,...ი’’ (ს/ნ ...) დაჯარიმდა 3000 ლარით, ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩის N 3- ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მშენებლობის ნებართვის გარეშე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო. დაჯარიმების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა ,,პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილების მიღებას საფუძვლად დაედო არქიტექტურული გეგმარებითი კომისიის 2017 წლის 05 აპრილის სხდომის N19 ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად, გამოკითხული პირები ადასტურებენ, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩის N3-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 2004 წელს უკვე არ არსებობდა ის მზიდი კედელი, რომლის მოშლას დავობს ბმა-ს თავმჯდომარე ა. კ-ა. არქიტექტურული გეგმარებითი კომისიის 2017 წლის 05 აპრილის სხდომის ოქმით უდავოდ დგინდება, რომ კომისიას არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია მზიდი კედლის მოსარჩელე მხარის მიერ მოშლის სავარაუდო თარიღი. შესაბამისად, შპს ,,...ს’’ ჯარიმა დაეკისრა იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაუდენია. კომისიის მიერ არ დადგენილა კონკრეტულად ვინ განახორციელა მზიდი კედლის მოშლა და ვის მიმართ უნდა გატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 11 აპრილის N9 დადგენილებისა და ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 ივლისის N04-3373 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ზუგდიდში, ...ის/...ის ქ. N3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულს (ერთიან სივრცეში) შპს ,,...ი" იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ, გახსნილი აქვს ...ი. ზემოაღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორ დამოუკიდებელ ქონებად: ა) ს/კ ..., არასაცხოვრებელი ფართი 85.20 მ2, მესაკუთრე - ვ. ყ-ი; ბ) ს/კ ..., არასაცხოვრებელი ფართი 101.5 მ2 , მესაკუთრე - მ. მ-ა. ორივე ფართზე ქირავნობის ხელშეკრულებები (27.10.2016წ.) დადებულია ცალ-ცალკე. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადებისა და ქონების დამქირავებლისთვის გადაცემის მომენტისთვის ამ ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა არ მომხდარა. ასევე დადგენილია, რომ გაქირავებული ფართი მოეწყო სამეწარმეო საქმიანობისთვის, რისთვისაც საჭირო გახდა სარემონტო ხასიათის სამუშაოები. მოპასუხის მტკიცებით ზემოაღნიშნულ ფართზე ნაწარმოებია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ მოშლილია მზიდი კედელი.

საქმეში დაცული ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმით ირკვევა, რომ ფართებს შორის იყო მზიდი კედელი, რომლის (მზიდი კედლის) მოშლის ნებართვა მასალებში არ არის. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა გამქირავებლებმა აღნიშნეს, რომ კედლები გაქირავების დროს და მანამდეც არ არსებობდა. ამ განმარტებას ეწინააღმდეგება მათივე მიცემული ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, მანამდე ფართები გაქირავებული იყო ცალ-ცალკე სხვადასხვა სუბიექტზე და ამ ფართებში ცალ-ცალკე ფუნქციონირებდა ბანკი და ტექნიკის მაღაზია. უდავოა, რომ საინვენტარიზაციო გეგმაზე აღნიშნული მზიდი კედელი ...ის მოწყობამდე არსებობდა. კერძოდ, დამქირავებლის მიერ განხორცილედა შენობის მზიდი კედლის დემონტაჟი. ამგვარ დასკვნას ამყარებს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...ას" თავმჯდომარის, ა. კ-ას 2017 წლის 1 თებერვლის წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს ,,...მა’’ არქიტექტურის სამსახურთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩაატარა სარეკონსტრუქციო-სამონტაჟო სამუშაოები, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა საყრდენი კედლების გადაკეთების ფაქტს... (ს.ფ. 91) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 27 იანვარს შედგა ოქმი N5, რომლის საფუძველზე შპს ,,...ს’’ მიეცა ვადა არაუგვიანეს 2017 წლის 2 თებერვლისა წარედგინა ობიექტზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების სანებასთვო დოკუმენტაცია. ამავე მითითებით მას (შპს ,,...ს’’) განემარტა მითითების შეუსრულებლობის შედეგები. 31.01.2017 წელს შპს ,,...ის’’ დირექტორმა, ს. ი-მა განცხადებით მიმართა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და აღნიშნა, რომ შპს ,,...მა“ ნაქირავებ ფართში განახორციელა გარკვეული შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ შიდა რემონტი, ფასადის მოპირკეთება, სავენტილაციო მილების მოწყობა, გაგრილება-გაცივების აგრეგადების მოწყობა, რისთვისაც არ ესაჭიროებოდათ მშენებლობის ნებართვა ... ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ გეგმარებათა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა შესწავლისა და ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურისათვის შესაბამისი დასკვებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით შექმნილი არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის სხდომის 05.04.2017 წლის N19 ოქმით სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურს მიეცა რეკომენდაცია შპს ,,...ის“ ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე 3000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობანაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დემონტაჟია არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა, ამავე მუხლის 46-ე პუნქტით მზიდი კონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობის კონსტრუქცია, რომლის ძირითადი ფუნქციაა კონსტრუქციების, აღჭურვილობის, თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური, ტექტონიკური და სხვა დატვირთვების მიმართ ამტანუნარიანობა, ამავე მუხლის 50-ე პუნქტით რეკონსტრუქცია განმარტებულია, როგორც არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია განმარტებულია, როგორც შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1მ2-ზე მეტად, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დემონტაჟი გულისხმობს შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევას. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შენობა-ნაგებობის მზიდი კედლის დანგრევის ნებართვა შპს ,,...ს" არ მიუღია, თუმცა მისი დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად, იგი წარმოადგენს სამართალდამრღვევს საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 43-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ შპს ,,...მა“ ნაქირავებ ფართში განახორციელა გარკვეული შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ შიდა რემონტი, ფასადის მოპირკეთება, სავენტილაციო მილების მოწყობა და გაგრილება-გაციების აგრეგადების მოწყობა, რისთვისაც მას დასჭირდა ღიობების გამოჭრა, ამდენად, თუნდაც შპს ,,...ს’’ არ დაენგრია მზიდი კედელი, ღიობის გამოჭრაც საჭიროებდა ნებართვას, შესაბამისად, შპს-ს უნდა მიემართა მერიის შესაბამისი სამსახურებისათვის რეკონსტრუქციის მოთხოვნით.

პალატამ დამატებით განმარტა, რომ რეკონსტრუქცია წარმოადგენს უძრავი ქონების იმგვარ სახეცვლილებას, რომლის შედეგადაც არსებითად იცვლება ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება. რეკონსტრუქციად განიხილება სამშენებლო სამუშაოები შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლის, გადაკეთების, აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით, რომლებიც იწვევს შენობის კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებას. რეკონსტრუქციის დროს, ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება შენობის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების არსებითი შეცვლისა და მისი გამოყენების ეფექტურობის ამაღლების მიზნით. სწორედ იმის გამო, რომ რეკონსტრუქცია წარმოადგენს არსებით სახეცვლილებას, კანონი მას მშენებლობის ერთ-ერთ სახედ (მშენებლობად) მიიჩნევს, რის განხორციელებასაც უშვებს შესაბამის ნებართვის საფუძველზე. ნებართვის გარეშე წარმოებული რეკონსტრუქცია განიხილება როგორც სამშენებლო სამართალდარღვევა - უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის წარმოება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ დადგენილებას საფუძვლად დაედო არქიტექტურულ-გეგმარებითი კომისიის 2017 წლის 05 აპრილის სხდომის ოქმი N19. აღნიშნულ კომისიას უნდა ემსჯელა ვის მიერ მოხდა მზიდი კედლის მოშლა. შპს ,,...ს" ჯარიმა დაეკისრა იმ ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.

კასატორის განმარტებით, სადავო დადგენილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. აუცილებელია დადგინდეს მზიდი კედლის მოშლის დრო და ასევე, განისაზღვროს ვის მიმართ უნდა მომხდარიყო სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

ყოველივევე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე სადავოა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 11 აპრილის N9 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 3 ივლისის N04-3373 გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 11 აპრილის N9 დადგენილება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,...ი" სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს ქ. ზუგდიდში, ...ის/...ის ქ.N3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე (ერთიან სივრცეში), სადაც ფუნქციონირებს ...ი. აღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორ დამოუკიდებელ ქონებად: ა) ს/კ ..., მესაკუთრე - ვ. ყ-ი, არასაცხოვრებელი ფართი 85.20მ2 და ბ) ს/კ ..., მესაკუთრე - მ. მ-ა, არასაცხოვრებელი ფართი 101.5 მ2. 2016 წლის 27 ოქტომბერს ქირავნობის ხელშეკრულებები ორივე ფართზე დადებულია ცალ-ცალკე. 2017 წლის 30 იანვარს შპს ,,...ის“ მიმართ შედგა მითითება ქ.ზუგდიდში, ...ის ქუჩის N3-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მშენებლობის ნებართვის გარეშე ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების გამო. შპს ,,...ს“ 2017 წლის 2 თებერვლამდე მიეცა ვადა განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისათვის სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. დადგენილ ვადაში მითითება არ შესრულდა, რის გამოც, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს ,,...ი" პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის ,,ა" პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 3000 ლარით. თუმცა მოსარჩელე თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, მას ჯარიმა დაეკისრა იმ ქმედებისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, რადგან მზიდი კედელი მას არ მოუშლია. კომისიას უნდა ემსჯელა ვის მიერ მოხდა მზიდი კედლის მოშლა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილება, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევდა კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებულ მშენებლობის ნებართვას (დადგენილების 36.1 მუხლი). აღნიშნული დადგენილების 36.2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, ხოლო დადგენილების 3.74 მუხლის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობაში იგულისხმებოდა მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. ამდენად, აღნიშნული დადგენილება, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის შემთხვევაშიც აუცილებლად მიიჩნევდა კანონით გათვალისწინებული ნებართვის არსებობას, ხოლო რეკონსტრუქციის უნებართვოდ განხორციელების შემთხვევას განიხილავდა როგორც უნებართვო მშენებლობას, რასაც უნდა გამოეწვია კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომელიც ადგენს სამშენებლო სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოების სპეციალურ წესს. აღნიშნული კოდექსის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 25.5 მუხლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს, რომელშიც აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. ამავე კოდექსის 25.9 მუხლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევი კოდექსის 43-ე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა იმ გარემოებების შეფასება, ქ. ზუგდიდში, ...ის/...ის ქ. N3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ფართში მზიდი კედლის მოშლა განხორციელდა თუ არა შპს ,,...ის" მიერ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,...ი“ არ არის სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი სუბიექტი და აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის მიხედვით, სამშენებლო ზედამხედველობის სუბიექტი პირველ რიგში არის პირი, რომლის ქმედებებმაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში („ბ“ ქვ.პ.), ხოლო შემდგომში, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე („გ“ ქვ.პ.). საქმეში არსებული ქ. ზუგდიდში, ...ის ქ. N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საინვენტარიზაციო გეგმაში ფართებს შორის ჩანს მზიდი კედლის არსებობა. დადგენილია, რომ შპს ,,...ის“ დირექტორის ს. ი-ის მიერ ქ. ზუგდიდში, ...ის/...ის ქ. N3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ფართის ქირავნობადე ფართი გაქირავებული იყო ცალ-ცალკე სხვადასხვა სუბიექტზე და ამ ფართებში ცალ-ცალკე ფუნქციონირებდა ...ი და ...ის ...ა. მზიდი კედლის მოშლის ნებართვა მასალებში არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე შეკრებილი ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით დადგენილ გარემოებას, რომ მზიდი კედელი, რაც აღნიშნულია საინვენტარიზაციო გეგმაზე ფაქტიურად არსებობდა ფართში ...ის მოწყობამდე და სახეზეა დამქირავებლის მიერ შენობის მზიდი კედლის დემონტაჟის სამუშაოების წარმოება. ამგვარ დასკვნას ამყარებს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...ას" წერილიც, სადაც აღწერილია სარეკონსტრუქციო დემონტაჟის სამუშაოების პერიოდი და შედეგები.

გარდა ზემოაღნიშნულისა საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოება, რომ შპს ,,...ის“ მიერ ნაქირავებ ფართს ჩატარებული აქვს გარკვეული შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, კერძოდ შიდა რემონტი, ფასადის მოპირკეთება, სავენტილაციო მილების მოწყობა და გაგრილება-გაციების აგრეგადების მოწყობა, რისთვისაც მას დასჭირდა ღიობების გამოჭრა. რაც ასევე წარმოადგენს სანებართვო საქმიანობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ,,...ს“ საკასაციო საჩივარზე 08.11.2019 საგადასახადო დავალებით №1 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს ,,...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.11.2019 საგადასახადო დავალებით №1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინება;
3. შპს ,,...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.11.2019 საგადასახადო დავალებით №1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ნ. სხირტლაძე