Facebook Twitter
№ბს-931(კ-20) 18 მარტი, 2021წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. კ-ამ 03.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მიმართ. ამავე სამართალწარმოების ფარგლებში, საქმის განმხილველი სასამართლოს 08.11.2018წ. განჩინებით, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 28.09.2018წ. განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.022018წ. N608 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ჯესიკა კ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის ანაზღაურების დაკისრება (2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში) - თვეში 45 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2005 წელს მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის გამოც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, 2002 წელს მინიჭებული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 2013 წელს კვლავ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულიდან გამომდინარე, 05.01.2018წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა სამინისტრომ უარი განუცხადა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია მისთვის როგორც დევნილის სტატუსის აღდგენის, ასევე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ჯ. კ-ამ მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 10.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის 12.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.022018წ. N608 ბრძანება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ჯ. კ-ასათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის - 315 ლარის (2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში - თვეში 45 ლარის ოდენობით) ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამავე სამართალწარმოების ფარგლებში, საქმის განმხილველი სასამართლოს 16.10.2019წ. განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის, მოპასუხის მხრიდან ახალი აქტის გამოცემისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებების არსებობის თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა ჯ. კ-ას მიმართ 30.12.2002წ. გაცემული დევნილის მოწმობის დედანი, სადაც ოჯახის ნომერია ..., ასევე საქმის მასალებშია აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 01.05.2018წ. გაცემული N0000008 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან. ამასთან, წარმოდგენილ იქნა ჯ. კ-ას მშობლების - თ. და გ. კ-ების მიმართ 30.12.2002წ. გაცემული დევნილის მოწმობები, სადაც ოჯახის ნომრად ასევე მითითებულია N.... ამასთანავე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის N04-09/10448 და N04-09/10449 ცნობებით დასტურდება ჯ. კ-ას მშობლების - თ. და გ. კ-ების, დევნილთა ერთიან მონაცემთა ბაზაში, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად რეგისტრაციის ფაქტები. დევნილად რეგისტრირებულია ჯ. კ-ას ძმაც. ამასთან, დადგინდა, რომ ჯ. კ-ას მშობლები 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის რაიონის სოფელ ...ში. საქმის მასალების მიხედვით, ჯ. კ-ას მშობლები წარმოადგენდნენ დევნილის სტატუსის მატარებელ პირებს მისი არასრულწლოვანობის პერიოდში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯ. კ-ას სტატუსის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო მისი მშობლების სტატუსიდან გამომდინარე, რადგან მოსარჩელის დაბადების მომენტისთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ფაქტობრივად ვეღარ ხორციელდებოდა. ამასთან, ჯ. კ-ას მიმართ 23.01.2013წ. გაიცა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მხარეთა შორის სადავო არაა რომ ამ პერიოდიდან მოსარჩელე კვლავ არის საქრთველოს მოქალაქე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ არსებობდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ 13.02.2018წ. N608 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. მართალია საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მოპოვება განაპირობებს დევნილის სტატუსის აღდგენას, თუმცა სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დადასტურდა ჯ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მის მიერ მოქალაქეობის ხელახლა მოპოვებამდე. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვებოდა 1996 წლიდან წარმოებულ, იძულებით გადაადგილებული პირების მონაცემთა ბაზაში. ამას გარდა, კასატორი აღნიშნავს, რომ ჯ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი დაუდგენელია. მისი მოსაზრებით, სასამართლოს შეფასება, მოსარჩელის დევნილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლად პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მითითების თაობაზე დაუსაბუთებელია, რადგან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შეწყვეტის ასევე ერთ-ერთი საფუძველია სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობა.
კასატორის მოსაზრებით, ჯ. კ-ა თავად ვერ გახდებოდა იძულებით გადაადგილებული პირი, რადგან იგი დაიბადა 1994 წელს და ასევე ვერც მშობლების დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიიღებდა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, რადგან მისმა მშობლებმა აღნიშნული სტატუსი მოიპოვეს ჯ. კ-ას სრულწლოვანების შესრულების შემდგომ. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სააგენტოს მოსაზრებით არ არსებობდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის არც აღდგენის და არც მინიჭების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.10.2020 განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს 20.12.2019წ. განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მისი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა არსებითად სწორად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ჯ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ვალდებულებების არსებობის დადგენის მიზნით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შესაბამისი ნორმატიული აქტები, მათ შორის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი და მიუთითა მათი გამოყენების მოტივებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც აწესრიგებს დევნილის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგანს, რაზედაც დამოკიდებულია საკითხის გადაწყვეტა, წარმოადგენს ჯ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა შემოწმდეს ჯ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენის და არა სტატუსის თავდაპირველად მინიჭების ნორმატიული საფუძვლების არსებობა. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 10.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის) საფუძველზე და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ დასტურდება ჯ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მის მიერ მოქალაქეობის ხელახლა მოპოვებამდე. საქმის მასალებში წარმოდგენილია, ჯ. კ-ას მიმართ 30.12.2002წ. გაცემული დევნილის მოწმობა, ასევე დადგენილია, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო მას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, რაც თავისმხრივ დევნილის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია, ხოლო 2013 წელს ჯ. კ-ას კვლავ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რასაც კასატორი არ ხდის სადავოდ, და მოქალაქემ 05.01.2018წ. განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსი მოპოვება. შესაბამისად, არსებობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 10.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის აღდგენის წინაპირობები. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ინდივიუდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას არ ადასტურებს სააგენტოს მითითება ჯ. კ-ას მიერ დევნილის სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის თაობაზე. სავალდებულო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, სადავო აქტის მიღების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა დევნილის სტატუსის აღდგენას, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 10.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (წინასწარ გამოცხადებული რეგისტრაციის გაუვლელობის) საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. ამდენად, დევნილის სტატუსის აღდგენის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის წარმოშობა შესაძლებელია პირის მიერ როგორც საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მოპოვების, ასევე წინასწარ გამოცხადებული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო დევნილის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის იმ მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დგინდება ჯ. კ-ას მიმართ 30.12.2002წ. დევნილის მოწმობის გაცემის ნორმატიული წინაპირობების არსებობა. დევნილის სტატუსის მინიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების გარეშე შესაძლოა საფუძვლად დაედოს არა 10.2 მუხლზე დაყრდნობით სტატუსის აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, არამედ დევნილის სტატუსის მინიჭების ბათილად ცნობას, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახორციელებელ საქმიანობას. სზაკ-ის 76.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“ იმავე კოდექსის 601.1 მუხლის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“ ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 16.07.2013წ. N287 ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ 3.1 და 3.3 მუხლებიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის შეწყვეტასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით თავდაპირველად მზადდება დასკვნა, ხოლო შემდგომ ამ უკანასკნელის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, კასატორმა, დადგენილი წესით, არც მტკიცებულების ნამდვილობა გახადა სადავოდ.
ჯ. კ-ას მიმართ დევნილის მოწმობის გაცემის ნორმატიული წინაპიროებების არსებობასთან დაკავშირებით დამატებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შვილის სტატუსი შესაძლოა განისაზღვროს მისი მშობლის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ჯ. კ-ას მიმართ დევნილის მოწმობის გაცემის დროს (30.12.2002წ.) მოქმედი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს 28.06.1996წ. კანონის 1.1 მუხლის თანახმად, „დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.“ იმავე კანონის 4.7 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, „თუ ერთ-ერთი მშობელი არ არის დევნილი, ბავშვს შეიძლება მიენიჭოს დევნილის სტატუსი მშობლების თანხმობის საფუძველზე.“ საქმეზე დადგენილი და უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ჯ. კ-ას მშობლები 1993 წლის 27 სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის რაიონის სოფელ ...ში. მათ მიმართ დევნილის მოწმობები, რომელთა დედნებიც წარმოდგენილ იქნა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, გაცემულია ასევე 2002 წლის 30 დეკემბერს. საკასაციო პალატა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯ. კ-ასა და მისი მშობლების მიმართ გაცემულ სამივე მოწმობაში ოჯახის საიდენტიფიკაციო ნომერი იდენტურია (N...). „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მშობლები - თ. და გ. კ-ები დევნილის სტატუსის მატარებლები იყვნენ მოსარჩელის არასრულწლოვანების პერიოდში, 2002 წელს. ის გარემოება, რომ იძულებით გადაადგილებული პირების მონაცემთა ბაზის მიხედვით სააგენტოს არ მოეპოვებოდა ინფორმაცია ჯ. კ-ას მშობლების მიმართ 30.12.2002წ. დევნილის მოწმობების გაცემის თაობაზე, საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმას, რადგან აღნიშნული გარემობა არ წარმოადგენს 2002 წელს წარმოშობილი სამართალურთიერთობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობას. ამდენად, ჯ. კ-ას სტატუსი განისაზღვრა სწორედ მისი მშობლების დევნილის სტატუსიდან გამომდინარე და საფუძველზე. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მშობლების გარდა, დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს მის ძმასაც.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ნორმების გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და კასატორს გააჩნია ჯ. კ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენის ვალდებულება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი - განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, არსებობს ადმინისტრაციული ორგანოსთვის დევნილისთვის განკუთვნილი შემწეობის კუთვნილი ანაზღაურების დაკისრების საფუძვლით. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობის - 315 ლარის (2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში - თვეში 45 ლარის ოდენობით) ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ქ. ცინცაძე