საქმე №ბს-254(2კ-20) 23 დეკემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ს“
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2017 წლის 26 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და იმავე სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს №61/2017 თემატური შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სარჩელი, განსჯადობის წესით, განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს №61/2017 თემატური შემოწმების აქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე შემოწმების პერიოდს; ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი იმავე თემატური შემოწმების აქტის ის ნაწილი, რომელიც ეხება №3 დანართის ბენეფიციართა რეესტრის თ. წ-ისა (№666) და ე. მ-ის (№667) შემთხვევებს; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კი დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2017 წლის 20 აგვისტოს შეადგინა შპს „...ის“ (ჭიათურის) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის“ თემატური შემოწმების №61/2017 აქტი;
4.2. თემატური შემოწმების საფუძველი გახდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის №04-182/მ და 31 ივლისის №04-327/მ ბრძანებები. იმავე სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის წერილის თანახმად კი, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 მაისამდე. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 27 ივნისს და დამთავრდა 2017 წლის 20 აგვისტოს. შემოწმების აქტის შედგენისას შემმოწმებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 ოქტომბრის №01/77ნ ბრძანებით;
4.3. ზემოაღნიშნული თემატური შემოწმების აქტით, საჯარიმო სანქციების ოდენობამ და უკან დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 44330,92 ლარი, დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ - 91778,67 ლარი;
4.4. შემოწმების აქტის მიხედვით, კლინიკას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული აქვს სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის 28100 ფორმა (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია მოსარგებლის 355 შეუვსებელი ფორმა. სამედიცინო დაწესებულებას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების საანგარიშო ფორმაში მითითებული ჰყავს 912 ბენეფიციარი (1152 ჩანაწერი) ძირითად კონტიგენტში (მათ შორის, აქტიური პაციენტის ჩანაწერების რაოდენობამ შეადგინა 118, ხოლო პასიური პაციენტის ჩანაწერების რაოდენობამ - 1034). აღნიშნულ მოსარგებლეებზე მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 10191 ლარი, რაც დაექვემდებარა ბიუჯეტში აღდგენას, ხოლო ჯარიმის სახით დარიცხულ იქნა 23221,59 ლარი;
4.5. აქტის №2 დანართის შესაბამისად, წარდგენილია ბენეფიციართა რეესტრი (1152 ჩანაწერი), სადაც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში, დამატებითი კონტიგენტის ნაცვლად, დარეგისტრირებულ იყვნენ ძირითად კონტიგენტში;
4.6. შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმების პერიოდში 1373 შემთხვევაში (2218 ჩანაწერი) აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევა, მათ შორის, 142 შემთხვევაში მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში მოთხოვნის თვეში დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე, 88 შემთხვევაში (141 ჩანაწერი) ბენეფიციარების დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 529 შემთხვევაში (933 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ერთვოდა ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი; 117 შემთხვევაში (168 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარდგენილი; 293 შემთხვევაში (481 ჩანაწერი) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ფორმები გადასწორებულია; 183 შემთხვევაში (237 ჩანაწერი) ბენეფიციარები დარეგისტრირებულნი არიან მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც დაწესებულებას არ ჰქონია მიღებული მიღება-ჩაბარების აქტებით; 21 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ხელს აწერენ არასრულწლოვანი ბენეფიციარები. აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას დაექვემდებარა 34139,92 ლარი, ხოლო ჯარიმის სახით დაწესებულებას დაერიცხა 68557,08 ლარი. გარდა ამისა, №3 დანართში წარდგენილია ბენეფიციართა რეესტრი - 1373 შემთხვევა (2218 ჩანაწერი), სადაც თანხმობის ფორმები შევსებულია სხვადასხვა ხარვეზით; შემოწმების აქტის მიხედვით, 1266 შემთხვევაში (2411 ჩანაწერი) ამბულატორიული მომსახურების მოსარგებლეთა კომპონენტით უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით არის შევსებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები და მონაცემები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში;
4.7. სამედიცინო დაწესებულებამ 2017 წლის 26 ოქტომბერს შემოწმების აქტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაასაჩივრა, თუმცა სამინისტროს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სასამართლოში იხილებოდა საქმე იმავე მხარეებს შორის და იმავე საგანზე;
4.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა - ე. ხ-მა (ჯგუფის ხელმძღვანელი) პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ჯგუფმა შეამოწმა გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების საკითხი. აღნიშნული შემოწმების დროს გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ, აღრიცხვის ფორმაში სოფლის მაცხოვრებელი არ უნდა ყოფილიყო ძირითად კონტიგენტად შეყვანილი, ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, თანხა ორმაგად ჩაირიცხა; მკაცრი აღრიცხვის ფორმებს აკლდა პირადობის ან დაბადების მოწმობების ასლები; რეგისტრაციის თარიღი წინ უსწრებდა თანხმობის ფორმის თარიღს; თანხმობის ფორმის შევსების წესი დარღვეულია ან ნაწერი გადასწორებულია; ზოგიერთ შემთხვევაში შევსებულია ისეთი ფორმები, რომელზედაც მიღება-ჩაბარების აქტი დაწესებულებას არ გააჩნია; ზოგიერთ ფორმაზე დაფიქსირებულია არასრულწლოვნის ხელმოწერა, როდესაც დაფიქსირებული უნდა იყოს მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა. აქტში მოცემული დარღვევების გამო დაწესებულებას დაერიცხა ფინანსური სანქცია ბიუჯეტში თანხის დაბრუნებითა და ჯარიმით. მოცემული აქტის შედგენისას ჯგუფმა იხელმძღვანელა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით, მე-19 მუხლის მე-14 პუნქტით, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით.
5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტი 2014 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 30 მაისამდე პერიოდში, გარდა №3 დანართში არსებული ე. მ-ისა და თ. წ-ის შემთხვევებისა, შედგენილია პროგრამით გათვალისწინებული წესითა და სტანდარტებით. თ. წ-ისა (№666) და ე. მ-ის (№667) შემთხვევების მიმართ კი, სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი წინ უსწრებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებაში 2014 წლის 30 ოქტომბერს ცვლილების განხორციელებას. ამასთან, მაკონტროლებელმაც დაადასტურა, რომ ხსენებული შემთხვევები შეცდომითაა შეყვანილი აქტის №3 დანართში.
6. რაიონულმა სასამართლომ, ასევე, მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 151 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული რედაქციით პროგრამის მე-16 მუხლი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილება არ შეიცავდა დათქმას უკუძალის გავრცელების შესახებ, რაც გამორიცხავს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით შეტანილი ცვლილების მიმართ უკუქცევითი ძალის მინიჭების შესაძლებლობას. ამდენად, სადავო შემთხვევაში შემოწმება და პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს 2014 წლის 30 მაისამდე არსებულ პერიოდზე, ხოლო 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე არსებული შემოწმება კანონთან წინააღმდეგობაშია.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სააგენტომ არ გამოიკვლია შემოწმების ხანდაზმულობის საკითხი, ასევე, არ შეაფასა ე. მ-ისა და თ. წ-ის შემთხვევები, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „...მა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ მომსახურების სააგენტოსა და შპს „...ის“ სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს №61/2017 შემოწმების აქტი სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი და დამატებითი ფინანსური ჯარიმის დარიცხვის ნაწილში, კერძოდ, შემცირდა სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი და დამატებით დარიცხული ფინანსური ჯარიმა შემდეგი სახით: შემოწმების აქტის 8.1 პუნქტში სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენი თანხა, ნაცვლად 44330,92 ლარისა, განისაზღვრა 44305,24 ლარით; შემოწმების აქტის 8.2 პუნქტში დამატებითი ფინანსური დარიცხული ჯარიმა - 91778,67 ლარი შემცირდა და განისაზღვრა 9177,67 ლარით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ, ასევე, აღნიშნა, რომ თ. წ-ისა (№666) და ე. მ-ის (№667) შემთხვევები ეხება 2014 წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ამოქმედებული არ იყო მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების თაობაზე ცვლილება. აქედან გამომდინარე, მაკონტროლებელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული შემთხვევები შეცდომით არის შეყვანილი შემოწმების აქტში.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული რედაქციით რეგულირების სააგენტო მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზიას ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში ახორციელებდა. ამდენად, პალატამ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 30 მაისამდე არსებული პერიოდის 2017 წელს შემოწმება უკანონოდ მიიჩნია.
12. სააპელაციო პალატამ, სამედიცინო დაწესებულებისთვის ფინანსური სანქციის შეფარდების საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომელიც მხარეს ეკისრება იმ დროიდან, როდესაც ვალდებულება უნდა შესრულებულიყო. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა შემდეგ გარემოებებს: ა) პირგასამტეხლოს ფუნქციას, თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება; ე) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას. ამასთანავე, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სადავო შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კლინიკისთვის დარიცხული ფინანსური სანქცია ატარებდა შეუსაბამოდ მაღალ ხასიათს, რის გამოც შეამცირა იგი.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება შპს „...მა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
14. კასატორი სამედიცინო დაწესებულება მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დარღვევების არსებობა არ დასტურდება. ამასთან, შემმოწმებელი თანხის უკან დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების საფუძვლები გათვალისწინებულია იმავე დადგენილების მე-19 მუხლით, რომელზეც შემოწმების აქტში მითითება გაკეთებული არ არის.
15. შპს „...ს“ არ ეთანხმება და გაუგებრად მიიჩნევს შემმოწმებლის მითითებასა და თანხის გადაანგარიშებას, რომ კლინიკას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების საანგარიშგებო ფორმაში, 912 ბენეფიციარის (1152 ჩანაწერი) შემთხვევაში, ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებული აქვს სოფელი, რის გამოც ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ 10191 ლარი შეადგინა.
16. სამედიცინო დაწესებულება მიიჩნევს, რომ დადასტურების პირობებშიც კი, მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღის თანხმობის ფორმის შევსების თარიღთან წინსწრება, ასევე, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების გადასწორება ტექნიკურ ხარვეზს წარმოადგენს, ხოლო ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლების წარუდგენლობა, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების არასრულწლოვანთა მიერ ხელმოწერა - შემთხვევის ანაზღაურებაზე ფინანსურ გავლენას არ ახდენს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია, მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება. გარდა ამისა, კონტროლის ეტაპზე ხდება დოკუმენტაციის შესწავლა და ამ შესწავლის საფუძველზე თანხის ანაზღაურება. იმ შემთხვევაში კი, თუ დოკუმენტაცია ხარვეზიანია, სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია, აღმოფხვრას ეს ხარვეზი, რის შემდეგაც ყოველგვარი დამატებითი ჯარიმის გარეშე მიიღებს თანხებს. განსახილველ შემთხვევაში კლინიკას პირდაპირ დაეკისრა თანხის უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმაც.
17. კასატორი სამედიცინო დაწესებულება, ასევე, მიუთითებს შემოწმების აქტის ჩანაწერზე, რომ 183 შემთხვევაში (237 ჩანაწერი) ბენეფიციარები დარეგისტრირებულნი არიან მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც დაწესებულებას მიღება-ჩაბარების აქტებით არ ჰქონდა მიღებული. კასატორის მოსაზრებით, მითითებული შემთხვევებისთვის სანქციის დაკისრება უსაფუძვლოა, რადგან პაციენტები რეგისტრირებულნი არიან, ხოლო მათი რეგისტრაცია განპირობებულია იმით, რომ სათანადო წესით არ იყო მიწოდებული მიღება-ჩაბარების აქტები.
18. შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ, მართალია, სწორად განმარტა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენების საკითხი, თუმცა შეცდომით მიიჩნია, რომ მხოლოდ ე. მ-ისა და თ. წ-ის შემთხვევებშია გასული შემოწმების ხანდაზმულობის ვადა.
19. კასატორი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „პროგრამის“ მე-3, მე-19, მე-20, 23-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნევს, რომ არსებობდა ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების ყველა წინაპირობა. სათანადოდ შევსებული და გაფორმებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმების არარსებობა განაპირობებს მიმწოდებლის მიერ ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნებას. ასევე, ძირითადი და დამატებითი კონტიგენტის არევამ, განსხვავებული ტარიფების გამო, სამედიცინო დაწესებულებისთვის თანხის გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება გამოიწვია.
20. სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, საჯარიმო სანქციების შემცირება საფრთხეს უქმნის პროგრამის არსებობას და იწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას. ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზიანს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს, აღნიშნული გარემოება აისახება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გამართულ ფუნქციონირებაზე.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით შპს „...ისა“ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივრები განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:
22. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სამედიცინო დაწესებულებისთვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნისა და ჯარიმის დაკისრების კანონიერება.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის სამართლებრივ მოწესრიგებას ახდენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც იმპერატიულად არეგულირებს შემოწმების განხორციელების ხანდაზმულობის ვადას. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, შეაფასებს ვადების დაცულობის საკითხს, რამეთუ შემოწმების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შემოწმება დანიშნოს ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ხოლო კონტროლის ვადის ხანგრძლივობა განსხვავებულად რეგულირდებოდა 2015 წლის 26 ოქტომბრამდე და მას შემდეგ განხორციელებული ცვლილებებით. კერძოდ, „პროგრამის“ 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებული რედაქციის მე-15 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული იყო, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამ) კალენდარულ წელს; იმავე რედაქციის მე-16 მუხლი კი ადგენდა, რომ ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. კონტროლის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა კი პირველად გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით, როდესაც „პროგრამის“ 151 მუხლის მეორე პუნქტით განისაზღვრა, რომ კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს; იმავე „პროგრამის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით კი დადგინდა, რომ გეგმური რევიზია ტარდება ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, რომლის ფარგლებში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა, მართალია, სადავო სამართალურთიერთობისას კონტროლის ხანდაზმულობის ვადების ხანგრძლივობას განსხვავებულად არეგულირებდა 2015 წლამდე და მას შემდეგ პერიოდებში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის განხორციელების ვადის ათვლას ყოველთვის უკავშირებდა შემთხვევის დასრულების მომენტს. ამდენად, ხანდაზმულობის გამოსაყენებელი ვადა შემთხვევის დასრულების მომენტისთვის მოქმედი ნორმით უნდა განისაზღვროს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო 2015 წელს განხორციელებული ცვლილება უკუძალის თაობაზე დათქმას არ შეიცავდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა მისი გამოქვეყნება, შესაბამისად, იგი ეხებოდა არა წინარე პერიოდს - 2015 წლამდე დასრულებულ შემთხვევებს, არამედ 2015 წლიდან განხორციელებულ მომსახურებას. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევა შეიძლება შემოწმებულიყო მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული - ხუთი წლის ვადაში.
26. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ შეამოწმა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 მაისამდე პერიოდი, შემოწმება კი დაიწყო 2017 წლის 27 ივნისს, იმავე სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის №04-182/მ ბრძანების საფუძველზე. ამდენად, შემოწმებამ სადავო შემთხვევაში მოიცვა პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შემოწმების ვადები განსხვავებულად რეგულირდებოდა. სწორედ ამიტომ, შემოწმების დანიშვნისას სააგენტოს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა კონკრეტულ პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის დარღვევაც, შემოწმების სხვა ფორმალური წესების დაცვისა თუ კლინიკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, აცლიდა სააგენტოს დარღვევაზე რეაგირებისა და შესაბამისი სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში სააგენტომ შესამოწმებელი პერიოდის ნაწილში დაარღვია დასახელებული ნორმები. კერძოდ, 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით დასრულებული შემთხვევების შემოწმება, ამავე პერიოდში მოქმედი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დანიშნულიყო არა უგვიანეს 2017 წლის 29 მაისისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით დასრულებული შემთხვევების შემოწმების, დარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების უფლება 2017 წლის 30 მაისს სააგენტოს აღარ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, დასახელებული პერიოდის შემოწმება სააგენტოს 2017 წლის 30 მაისის №04-182/მ ბრძანებით მაინც დაინიშნა. ამრიგად, 2017 წლის 30 მაისისთვის სააგენტო აღარ იყო უფლებამოსილი, დაენიშნა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით პერიოდის შემოწმება. შესაბამისად, დასახელებულ პერიოდთან მიმართებით სააგენტოს მიერ დარღვევების გამოვლენა და სანქციის გამოყენება უკანონოდ მიიჩნევა და სადავო აქტები ამავე პერიოდთან მიმართებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, უშუალოდ საჯარიმო სანქციების გამოყენების მართლზომიერებას კი სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ 2014 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის.
27. საჯარიმო სანქციების გამოყენების კანონიერების შესწავლისას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „პროგრამის“ მე-15 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტითაც, შემთხვევები კლასიფიცირებულია ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. იმავე „პროგრამის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული შემთხვევისთვის თანხის უკან დაბრუნების დავალების კანონიერების შესწავლისას, მნიშვნელოვანია, შეფასდეს გამოვლენილი დარღვევების ფაქტობრივი შემადგენლობა და ხასიათი. სადავო შემთხვევაში, შემოწმების აქტის მიხედვით, გამოვლენილია შემდეგი სახის დარღვევები: 1. კლინიკას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული აქვს სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის 28100 ფორმა (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი). 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალურად გამოყოფილ საცავში შენახულია მოსარგებლის 355 შეუვსებელი ფორმა; 2. ბენეფიციართა ნაწილი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში, დამატებითი კონტიგენტის ნაცვლად, დარეგისტრირებულია ძირითად კონტიგენტში; 3. მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში მოთხოვნის თვეში დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს, ასევე, ბენეფიციარების დარეგისტრირების თარიღი წინ უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 4. მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ახლავს ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი, მათი ნაწილი შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარდგენილი, ხოლო ნაწილი - გადასწორებულია; 5. ბენეფიციარები დარეგისტრირებულნი არიან მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც დაწესებულებას არ აქვს მიღებული მიღება-ჩაბარების აქტებით; 6. აღრიცხვის დოკუმენტს ხელს აწერენ არასრულწლოვანი ბენეფიციარები; 7. შემოწმების აქტის მიხედვით, 1266 შემთხვევაში ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა კომპონენტით უკვე დარეგისტრირებულ ბენეფიციარებზე დამატებით არის შევსებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები და მონაცემები ხელმეორედ არის შეყვანილი აღნიშნულ ბაზაში.
29. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ სწორად უნდა აწარმოოს სამედიცინო დოკუმენტაცია და სააგენტოს უნდა მიაწოდოს რეალური ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ, აღნიშნული ვალდებულების დარღვევა კი კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის ფინანსური გარანტიების შექმნა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა. სწორედ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროგრამის სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, როგორც პაციენტების უფლებების გარანტირებულობისთვის, ისე სამედიცინო დაწესებულებათა უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ განხორციელდეს სათანადო კონტროლი, ხოლო გამოვლენილი დარღვევები შეფასდეს კანონიერად და ადეკვატურად. როდესაც დარღვევა ეხება დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსებას, ან როდესაც სააგენტო მიუთითებს სამედიცინო დოკუმენტაციაში დიაგნოზის არასწორად დაფიქსირებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილ იქნეს გაწეული მომსახურების რეალური სახე, დოკუმენტებში დაფიქსირებული სამედიცინო ჩვენება და სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული ჩარევის სახე, ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შეუსაბამობის ხასიათი და ხარისხი, უნდა გამოირიცხოს მხოლოდ მექანიკური შეცდომის არსებობის გამო სამედიცინო დაწესებულებისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა თუ ანაზღაურებელი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა.
30. საკასაციო პალატა, სადავო შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების შემადგენლობაზე მითითებით, მიიჩნევს, რომ გამოვლენილია ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების არასათანადოდ გაწევის, ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევები არ არის გამოვლენილი, არ დასტურდება, რომ ტექნიკურ ხარვეზებს მოჰყვა სამედიცინო დაწესებულებისთვის დაკისრებული უმთავრესი მოვალეობის - პაციენტთა მდგომარეობაზე სათანადო რეაგირების დარღვევა, არ დასტურდება ისეთი ზიანის არსებობა, რასაც შედეგად აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სამედიცინო დაწესებულების სანქცირება. გარდა ამისა, კონტროლის ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად. საგულისხმოა, რომ მსგავსი დარღვევების გამოვლენის გამო დაწესებულების სანქცირება უსაფუძვლოდ იქნა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 მაისის №ბს-671(კ-19) განჩინებითაც.
31. უშუალოდ მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმების სათანადოდ წარმოების საკითხთან მიმართებით კი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის 26 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს №04-69/ო ბრძანებით დამტკიცდა „2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმა და მისი შევსების წესი“, მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების წესების დარღვევის გამო სანქცია კანონმდებლობით პირველად გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ 2017 წლის 27 იანვრიდან, როდესაც ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ და „პროგრამის“ მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით. ამასთან, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის/ფორმის წარმოების წესების დარღვევის დეტალური აღწერა, იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად, დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება ან მოშორება კორექტორის დახმარებით, განხორციელდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში“ 2017 წლის 2 აგვისტოს შეტანილი ცვლილებებით. ამრიგად, „2013 წლიდან არსებობდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოების ზოგადი წესები - სანქციის გარეშე. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით 2017 წლის იანვრიდან განისაზღვრა საჯარიმო სანქცია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოების წესის დარღვევისათვის, თუმცა განჭვრეტადი დისპოზიცია, თუ კონკრეტულად რა წესის დარღვევა ითვლებოდა სანქციის საფუძვლად არ იყო განსაზღვრული... საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძვლებზე მიმთითებელი, განჭვრეტადი და პირდაპირ განსაზღვრული ნორმა 2017 წლის 3 აგვისტოდან ამოქმედდა, რაც შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საწყის პერიოდად უნდა იქნეს მიჩნეული“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის №ბს-73(კ-20) განჩინება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მითითებული ნორმების, პასუხისმგებლობის დაკისრების მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების პერიოდს და შპს „...ის“ შემოწმების პერიოდის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ კლინიკას სანქცია არ უნდა დაკისრებოდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების არასათანადოდ წარმოებისთვის.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დავა არ არის სწორად გადაწყვეტილი, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი არის საფუძვლიანი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს №61/2017 თემატური შემოწმების აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის გათვალისწინებით, არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სრულად ბათილად ცნობის წინაპირობები. ამდენად, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
33. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
34. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან, სააგენტოს სამედიცინო დაწესებულების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 ლარის ანაზღაურება.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „...სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „...სის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 აგვისტოს „გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის №04/35163 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის“ თემატური შემოწმების №61/2017 აქტი;
6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/ნ 202178927) შპს „...ის“ (ს/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე